კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იხდიდნენ ქართველები თითო მიცვალებულზე 3 მანეთს და რა ვერ შეძლო სოლომონ მეორემ


სოლომონ მეორე დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, იმერეთის ბოლო მეფეა, რომელმაც თავისი ხელისუფლების შენარჩუნება ნაპოლეონის საშუალებითაც კი სცადა. თუ როგორ მოახერხა მან ეს და, საბოლოოდ, რა ბედი ეწია ამ მეფეს, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს


ვაჟა კიკნაძე: 1784 წელს, აპრილში, გარდაიცვალა იმერეთის არცთუ ასაკოვანი მეფე, სოლომონ პირველი. ამის შემდეგ, იმერეთში რთული ვითარება შეიქმნა, გაჩნდა სხვადასხვა ბანაკი და ტახტის პრეტენდენტი.

– რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

– ამ არეულობის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სოლომონ პირველს მემკვიდრე არ ჰყავდა. მისი ძე, ალექსანდრე, მცირეწლოვანი გარდაიცვალა და, ამდენად, იმერეთის ტახტი ცარიელი აღმოჩნდა. თუმცა, სოლომონს თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ ტახტზე აეყვანა ერეკლე მეორის შვილიშვილი – დავით არჩილის ძე, რომელიც, ამავე დროს, მისი ძმისშვილი იყო. ამ პერიოდში იმერეთის წამყვან საზოგადოებაში ისეთი მოსაზრება გაჩნდა, რომ ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება. ამ მიზნით, 1790 წელს, დიდი დელეგაცია გაიგზავნა ერეკლე მეფესთან, ცნობილი სამღვდელო პირების – ქუთათელისა და გაენათელის მეთაურობით.

– რა მოჰყვა შედეგად ამ წამოწყებას?

– თითქოს იმერეთისა და ქართლ-კახეთის გაერთიანებას აღარაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ, ბოლოს, ერეკლე მეორემ უარი თქვა ამ გაერთიანებაზე. როგორც მაშინდელი ისტორიკოსები მოგვითხრობენ, ამ საქმეში დარეჯან დედოფალს უთამაშია დიდი როლი. როდესაც დარბაზში გაერთიანების საკითხი განიხილებოდა, ამ იდეის ძირითად მოწინააღმდეგედ დარეჯანი გამოსულა. უარის სანაცვლოდ, ერეკლემ დაბეჯითებით მოითხოვა თავისი შვილიშვილის იმერეთში გამეფება, რაც ერთგვარად გაზრდიდა ამ სამეფოზე მის გავლენას. ამის შემდეგ, იმერეთის ტახტზე ადის დავით არჩილის ძე, რომელსაც საკმაოდ დიდი, მათ შორის, სამხედრო მხარდაჭერაც ჰქონდა ერეკლე მეორისგან. დავითი, ანუ სოლომონი მართლაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა დიდი ბაბუის ერთგული, ის არასდროს გამოსულა მის წინააღმდეგ არც სიტყვით და არც საქმით. სოლომონ პირველის პატივსაცემად, დავით არჩილის ძემ დაირქვა სახელი სოლომონი. ასე გახდა ის სოლომონ მეორე. დამეთანხმებით, ასეთი ფაქტი, საკმაოდ იშვიათია ქართულ რეალობაში.

– როგორი მონარქი გამოდგა სოლომონ მეორე?

– სოლომონ მეორე საკმაოდ ჭკვიანი, დიპლომატი და პატრიოტი გამოდგა, თუმცა, ის მაინც სუსტი მმართველი იყო, რადგან ძალიან ბევრი რამ მასზე არ იყო დამოკიდებული ქვეყანაში. იმერეთის ამ მეფეს დიდი ოპოზიცია ჰყავდა. სოლომონი, განსაკუთრებით, სამეგრელოს დამორჩილებას ცდილობდა, თუმცა, გრიგოლ დადიანმა დაასწრო და რუსეთის მფარველობაში შევიდა. სოლომონ მეორესაც სხვა გზა აღარ დარჩა და 1804 წელს თვითონაც შეეცადა რუსეთთან მორიგებას. იმ სახის ხელშეკრულების დადება მოინდომა, როგორიც გეორგიევსკის ტრაქტატი იყო. თუმცა, სოლომონ მეორე ამ პოზიციაზე ძალიან მცირე ხანს იყო. იმერეთის მეფემ მალევე აღმოაჩინა, რომ რუსეთის ხელისუფლება ძალიან ვერაგულად იქცეოდა.

– ანუ, დროულად დაინახა სოლომონ მეორემ ერეკლე მეორის სამფლობელოში გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები და ამან პოზიცია შეაცვლევინა რუსეთთან დამოკიდებულებაში?

– პოზიცია შეაცვლევინა, თანაც ძალიან მკვეთრად. თუმცა, თავიდან იძულებული შეიქნა, თვითონვე ეთხოვა რუსეთის მფარველობა, მაგრამ მისი მთავარი მოთხოვნა იყო, მკაცრად ყოფილიყო დაცული შიდა ჩაურევლობის პრინციპი რუსეთის მხრიდან. გურიაში ახალი გურიელი გამოჩნდა, რომელიც მის წინააღმდეგ იყო განწყობილი და გრიგოლ დადიანმა კი პირდაპირ ზურგიდან ჩასცა ლახვარი. ასე რომ, სოლომონ მეორეს, ფაქტობრივად, სხვა გზა არც დარჩენოდა იმის გარდა, რომ რუსეთისგან მკაცრად მოეთხოვა, ტრაქტატის პუნქტების დაცვა, მათ შორის იმერეთის მიმართაც. შედეგად, რუსეთმა იქით ახვეწნინა სოლომონს, რომ მასთან ხელშეკრულება დაედო. რუსეთის დიპლომატები სოლომონს არწმუნებდნენ, არ არის ახლა ხელსაყრელი ვითარება, თურქეთთან ომია და ამ სიტუაციაში იმერეთთან ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებთო. ეს მოჩვენებითი თავშეკავება იყო რუსეთის მხრიდან. 1804 წელს, ელაზნაურის ხელშეკრულება რომ დაიდო, ასეთი სოფელი არსებობს დასავლეთ საქართველოში, ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ რუსეთი დანაპირებს არ ასრულებდა. რუსეთი სოლომონს დაჰპირდა, რომ გურიასა და სამეგრელოს დაუმორჩილებდა, მაგრამ ეს არ შეასრულა. პირიქით, სოლომონმა დაინახა, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება სრული ფიქცია იყო და რუსები მისთვის ხელისუფლების ჩამორთმევას გეგმავდნენ. ამიტომ, მან ანტირუსული პოზიცია დაიკავა და იმერეთის გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა.

როგორც კი სოლომონ მეორემ დაინახა, რომ ელაზნაურის ხელშეკრულება ჩაიშალა, ახალციხის საფაშოში გაიქცა და იქიდან ამზადებდა აჯანყებას. მიზანი იყო, იმერეთი ხელახლა დაექვემდებარებინა. 1810 წელს რუსებმა კიდევ ერთი ვერაგული ნაბიჯი გადადგეს. სოლომონ მეფეს ფიცით აღუთქვეს, ჩამოდი იმერეთში, აქ აღმოსავლეთ საქართველოს მთავარმართებელი ტორმასოვი შეგხვდება და ყველაფერზე მოვილაპარაკოთო. ამასთანავე, უვნებლობის ურყევი ფიცი მისცეს. თუმცა, როგორც კი სოლომონ მეორე ტორმასოვს შეხვდა, იგი მაშინვე დააპატიმრეს.

– რა ბედი ეწია ამის შემდეგ იმერეთის მეფეს?

– რუსებმა, იგი სასწრაფოდ თბილისში გადმოიყვანეს რადგან ფიქრობდნენ, იმერეთში ძალიან ბევრი თანამოაზრე ჰყავს და მის გათავისუფლებას მოახერხებენო. თბილისიდან სოლომონ მეორე ეტაპით რუსეთში უნდა გადაესახლებინათ, როგორც საერთოდ ბაგრატიონთა გვარის ყველა წარმომადგენელი და ამგვარად, ისიც ჩამოეცილებინათ საქართველოსთვის. თუმცა, სოლომონ მეორეს მომხრეები და კეთილისმყოფელები თბილისშიც უხვად აღმოჩნდნენ. დაეხმარნენ მას და ციხიდან გამოაპარეს. მეფე კვლავ ახალციხის საფაშოში გაიქცა. ყველაზე საინტერესო და აქტიური დიპლომატიური მოღვაწეობა სოლომონ მეფისა, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. მეფე იმერეთში გზავნიდა ხალხის გამოსაფხიზლებელ მიმართვებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მანიფესტი 1810 წელსაა შედგენილი. მეფე წერს: „მე მეფე სრულიად იმერთა ძმებრივ სიყვარულით მოგიკითხავთ“. შემდეგ ის იმერლებს შეახსენებდა, „რომ თქვენც საქართველოსავით (გულისხმობს აღმოსავლეთ საქართველოს) არ დაიღუპნეთ. პირველად, ისინიც ტკბილი სიტყვით, ფიცითა და ოქროთი მოატყუეს და დღეს მკვდარზედაც 3 მანეთი ხარაჯა დაუდვიათ და ართმევენ ამ ფულს“. ესე იგი, მეფე იმერელთ შეახსენებდა, რომ დასაფლავების უფლებაც კი აღარ აქვთ ქართველებს, თუ 3 მანეთი არ გადაიხადეს თითოეულ მიცვალებულზეო. წერილი დიდია, ერთგან იმასაც ვკითხულობთ: სახლისა და ცოლ-შვილის უპატიობისათვის ქართველები მწარედ ოხრავენ და კვნესიანო.

– „უპატიობაში“ რას გულისხმობდა იმერთა მეფე?

– ყოვლად დამცირებულ მდგომარეობას. შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც გავიგოთ. ოჯახის შერყვნა ხდებოდა და რუსი მოხელეების მხრიდან ქალების გაუპატიურება. მართლაც, ასე იყო. აღმოსავლეთ საქართველოში ჩაყენებული რუსის ჯარები ყოველგვარ უკანონობას ჩადიოდნენ.

სოლომონ მეფის მსგავსმა წერილებმა გარკვეულწილად მოსახლეობაც შეამზადა. მას ჰქონდა მცდელობები თავის სამეფოში შეჭრილიყო, გარედან დახმარების იმედიც ჰქონდა, მაგრამ რუსეთი უკვე იმდენად ფეხგამაგრებული იყო დასავლეთ საქართველოშიც, რომ სოლომონ მეფის მცდელობები არანაირი შედეგით არ დამთავრდა.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სოლომონ მეფის ერთი, მეტად საინტერესო წერილი, რომელიც იმერეთის მეფემ ნაპოლეონ ბონაპარტეს გაუგზავნა და რომელმაც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ადრესატამდე მიაღწია. ეს უნიკალური და საინტერესო შემთხვევაა, თუ როგორ ცდილობს ქართველი მეფე ნაპოლეონის ძლიერების გამოყენებას, ქართულ საქმეებში მის ჩარევას და ტახტის აღდგენას. წერილი ჯერ თურქულად უთარგმნიათ, შემდეგ ფრანგულად და როგორც ფიქრობენ, ის ნაპოლეონსაც წაუკითხავს. სოლომონი თავიდანვე უდიდესი ეპითეტებით ამკობს ნაპოლეონს: „მის საიმპერატორო უდიდებულესობას, უძლიერეს და დიად მმართველს, დიდი რომის იმპერატორს, საფრანგეთის კეისარს – ნაპოლეონს, დიდ დომინატორსა და დასავლეთის ქვეყნების მოწყალე იმპერატორს. მის უავგუსტოესობას, მოწყალე იმპერატორს, უფლის შემდეგ მეფეთა მეფეს“. ცხადია, სოლომონი ასე იმიტომ მიმართავდა მას, რომ როგორმე გული მოელბო ნაპოლეონისთვის. შემდეგ რამდენიმე საინტერესო მომენტია, სადაც იმერეთის მეფე წერს, რომ როგორც კი გავიგეთ, რომ თქვენ გახდით რესპუბლიკის მოთხოვნით იმპერატორი, ჩვენ მაშინვე გადავწყვიტეთ, თქვენთვის მოგვემართა რამდენიმე დაბალი თხოვნით. აქედან ჩანს, რომ სოლომონ მეფეს, მანამდეც რამდენჯერმე გაუგზავნია ნაპოლეონისთვის წერილები. თუმცა, ისინი არ შემონახულა. შემდეგ სოლომონი განაგრძობს: „ამ წერილით თქვენ მოგმართავთ, როგორც ქრისტიანული სამყაროს უზენაეს მმართველს და ვითხოვთ თქვენს მეოხებას, რადგან მოსკოვის იმპერატორმა უსამართლოდ და არაკანონიერად ჩამოგვართვა ჩვენი სამეფო, თანაც ამ იმპერატორს საერთოდ არ აქვს კანონიერი ტიტული“.

– რას გულისხმობდა მეფე სოლომონი რუსეთის იმპერატორის არაკანონიერ ტიტულში?

– როგორც ჩანს, სოლომონი აქ გულისხმობს არა იმას, რომ რუსული ტიტულები არ აქვს იმპერატორს; საქმე ისაა, რომ რუსეთის მეფეებმა საქართველოს მფლობელის ტიტული ადრიდანვე მიიღეს მრავალ სხვა ტიტულებთან ერთად, ისინი „ივერიის მეფეებსაც“ უწოდებდნენ თავს. როგორც ჩანს, ამას გულისხმობს იმერეთის მეფე უკანონო ტიტულის მფლობელობაში, თორემ, რუსეთის სხვადასხვა მხარის ტიტული კანონიერი იყო თუ არა რუსეთის მეფისთვის, ამაში ნამდვილად არ ჩაერეოდა სოლომონი. წერილში აღწერილ ამ მინიშნებაშიც, როგორც ჩანს, სწორედ ამაზეა საუბარი. შემდეგ სოლომონი წერს: „მე არც სამართლებრივი საშუალება მაქვს, რომ ჩამოვართვა საქართველოში შემოჭრილ რუსეთის იმპერატორს მეფობა და არც ძალა შემწევს იმდენი, რომ ეს გავაკეთო, ამიტომ მოგმართავთ თქვენ, როგორც ქრისტიანთა უზენაეს გამგებელს, როგორმე ის უსამართლობა და უმოწყალო ძარცვა, რომელსაც დაუნდობლად სჩადის იმპერატორი ჩვენს მიმართ, როგორმე შეაჩეროთ“. სოლომონი ბოლოში კიდევ ერთხელ მიმართავს ნაპოლეონს, რომ გაათავისუფლოს, თვითონ სოლომონი და ასევე მილიონობით ქრისტიანის სული უმოწყალო რუსეთის იმპერატორის უღლისგან. აგრეთვე დასძენს, რომ არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ მისი თხოვნა, ჯერ ერთი როგორც უზენაესი მბრძანებლისადმი, და მეორეც, როგორც კანონიერების უზენაესი დამცველისადმი, იმპერატორისადმი, რომელიც აგრეთვე მიიღებს აზიის იმპერატორის ტიტულსაცო; ანუ მეფე გულისხმობდა, რომ ნაპოლეონს საქართველოც კიდევ ერთ ტიტულს შეჰმატებდა. ასე რომ, იმერეთის უკანასკნელი მეფის ეს წერილი დიპლომატიის საინტერესო მაგალითია.

– რა შედეგი მოუტანა საქართველოს ამ მიმოწერამ ნაპოლეონთან?

– წერილს შედეგი არ მოჰყოლია. ნაპოლეონს, რომ გაემარჯვა 1812 წლის ომის დროს რუსეთთან, მაშინ შესაძლოა, სულ სხვაგვარად წარმართულიყო საქართველოს ბედი.

სოლომონ მეორე 1815 წელს, ყველასაგან გარიყული, ტრაპიზონში გარდაიცვალა. იქვე დაკრძალეს ბერძნულ ეკლესიაში და მხოლოდ ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს იგი საქართველოში. სოლომონის საყვარელი იმერეთი რუსეთის ჩვეულებრივი უუფლებო ნაწილი გახდა და „ქუთაისის გუბერნია“ ეწოდა.


скачать dle 11.3