კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გამოიტანა ცნობილმა ქართველმა ავანტიურისტმა სოლომონ აშორდიამ მოსკოვიდან სკამებში და პიანინოს ფეხებში დამალული ოქროს მონეტები


მსოფლიოში ცნობილ ავანტიურისტთა შორის არის ერთი ქართველიც, რომლის შესახებაც მეოცე საუკუნის დასაწყისში უამრავი ლეგენდა და მითი არსებობდა. სოლომონ აშორდია ზუგდიდელი გლეხის ოჯახში დაბადებული ქართველი იყო, რომელიც საკუთარი მოხერხებულობის წყალობით, ჯერ აზნაური გახდა, მერე კი ძალიან ცნობილი ყალბისმქმნელი მთელ რუსეთის იმპერიაში. მის მიერ „მოკვარახჭინებულ“ საქმეთა ნუსხა ძალიან მრავალფეროვანია... სოლომონის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა, მის არაორდინარულობაზე მეტყველებს ისიც, რომ ცნობილი ავანტიურისტი პეტერბურგში ზუსტად იმ სახლში დასახლდა, სადაც განთავსებული იყო სამძებრო სამსახური, რომელიც მას გამალებით ეძებდა... როგორია ქართველი ავანტიურისტის ისტორია, ამის შესახებ მის ძმის შვილიშვილს, პროფესორ მალხაზ აშორდიას გავესაუბრეთ, რომელმაც ცნობილი წინაპრის ცხოვრების შესახებ გამოსცა წიგნი – „სოლომონ აშორდია – ზუგდიდელი ქართველი ავანტიურისტის თავგადასავალი“...



მალხაზ აშორდია: სოლომონ აშორდია, არცთუ შორეულ წარსულში, ცნობილი ავანტიურისტი და ყალბისმქმნელი იყო. მისი სახელი პირზე ეკერა ყველას რუსეთის იმპერიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე და, განსაკუთრებით – საქართველოში. მის შესახებ ხალხში უამრავი ლეგენდა და მითი არსებობდა. სოლომონს ყალბი საბუთების შედგენაში ბადალი არ ჰყავდა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, მისი დახმარებით, ქუთაისის გუბერნიის ორი ათასამდე მცხოვრებმა მიიღო თავადისა და აზნაურის წოდება, თუმცა, ეს ძალიან მცირე ეპიზოდია სოლომონ აშორდიას ავანტიურისტული ისტორიიდან. სოლომონი ისეთი ნიჭის პატრონი იყო, ისე ამსგავსებდა ყალბ საბუთს ნამდვილს, რომ ექსპერტიზასაც კი უჭირდა მისი ყალბად ცნობა. იგი იყო დიდი შესაძლებლობების მქონე, არაორდინარული და წინააღმდეგობებით სავსე ადამიანი; ერთი მხრივ – თაღლითი და ავანტიურისტი, მეორე მხრივ კი – ქველმოქმედი და გაჭირვებულთა დამხმარე. მას ჰქონდა ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება, მუდამ დასაჭერად დასდევდნენ, იჭერდნენ, თუმცა, ის მაინც გარბოდა ციხიდან. იმ პერიოდში ყალბისმქმნელების რამდენიმე დაჯგუფება არსებობდა, მაგრამ სოლომონი ყველაზე ძლიერი იყო, მან დიდი გასაქანი მისცა მაფიას. ბევრ საქმეში ეხმარებოდა ცოლისძმა, რამდენჯერმე უმცროსი ძმის დახმარებითაც ისარგებლა, მაგრამ მას, როგორც ძმას, უფრო ზოგავდა და უფრთხილდებოდა. სოლომონს თავისი აგენტები პეტერბურგის სენატშიც კი ჰყავდა, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა საქმის დაჩქარებით მოგვარებას ახერხებდა. ერთ-ერთმა აგენტმა, გუსევმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როცა მისი და აშორდიას კავშირი გამჟღავნდა. როდესაც სოლომონთან გადასაბირებლად მიდიოდნენ პოლიციის აგენტები, სოლომონი მათ გადმობირებას თავად ახერხებდა. არსებობს დოკუმენტური მასალა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ოფიციალურ პირებს სოლომონთან საუბარიც კი აკრძალული ჰქონდათ. სოლომონი იყო ყველგან, სადაც კი ფულის შოვნა შეიძლებოდა: მას „გამოჰქონდა“ ბანკები, ბეჭდავდა ყალბ ფულს... სოლომონს ჰქონდა ძალიან ბევრი პასპორტი, რუსეთში ცხოვრობდა სხვადასხვა გამოგონილი გვარ-სახელით: ალექსი ანანიევი, ზედგენიძე, საროლ ჯამბატოვი, ვასილ ზახაროვი, იოსებ ჟვანია, ალექსი კიტაევი, ივანე დავიდოვი და ასე შემდეგ.

– რეალურად სად ცხოვრობდა ის და რა ნათესაური კავშირი გაქვთ ცნობილ ავანტიურისტთან?

– ცხოვრობდა ყველგან, სოლომონის სამოქმედო არეალი საკმაოდ დიდი იყო, იგი მალე გასცდა საქართველოს მასშტაბებს: – კიევი, ვლადივოსტოკი, შუა აზია, სამხრეთ კავკასია... სოლომონი მამაჩემის – ტული აშორდიას ბიძა იყო. მამაჩემი ტული ინჟინერ-კონსტრუქტორი გახლდათ, მაგრამ ძალიან უყვარდა ისტორიულ თემებზე მუშაობა. ის რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მრავალი წლის განმავლობაში ეძებდა და აგროვებდა დოკუმენტურ მასალას სოლომონის ცხოვრების შესახებ. მან მოიპოვა უამრავი საგაზეთო პუბლიკაციაც და ძალიან უნდოდა, რომ წიგნი გამოეცა, მაგრამ, ისე გარდაიცვალა, რომ ეს ვერ შეძლო. იმ პერიოდში სოლომონის ავანტიურისტული საქმიანობის ასე სააშკარაოზე გამოტანა შეუძლებელი იყო. მამის ოცნების ასრულება მე მომიწია. წიგნში „სოლომონ აშორდია – ზუგდიდელი ქართველი ავანტიურისტის თავგადასავალი“ – ყველაფერია მოთხრობილი სოლომონის ცხოვრების შესახებ, აქვეა ის დოკუმენტური მასალა, რომლის მოძიებაც მამამ დიდი წვალების შედეგად შეძლო. სოლომონი დაიბადა 1875 წელს, მისი წინაპრები მარტვილის რაიონის სოფელ კურძუდან იყვნენ. სოლომონის ბაბუას იმ მხარის ბატონთან – დადიანთან მოსვლია დაპირისპირება, რის გამოც მათ მარტვილის დატოვება მოუხდათ. სოლომონი ზუგდიდში დაიბადა. სწავლობდა ზუგდიდის ორკლასიან სასწავლებელში ხუთწლიანი სწავლებით. ის ძალიან ნიჭიერი ბავშვი ყოფილა: ჰქონდა კარგი კალიგრაფია, კარგად ხატავდა, მღეროდა. სკოლაშივე შეუსწავლია რუსული ენა – ამ ენაზე ის უშეცდომოდ წერდა და კითხულობდა. პირველი სიყალბე სოლომონს სწორედ სკოლაში ჩაუდენია: მას, გაკვეთილების შემდეგ, ამხანაგების თვალწინ, სუფთა ფურცელზე, სამმანეთიანი დაუხატავს, წასულა ბაზარში და ამ ფულით ცხვარი უყიდია. როდესაც ცხვარი სახლში მიუყვანია, მამამისი დიდხანს ცდილობდა გაეგო, სად იშოვა მისმა შვილმა ფული. სოლომონი ატყუებდა, რომ სამმანეთიანი იპოვა. ამის შესახებ პოლიციასაც შეუტყვია და მამა-შვილი დაუბარებიათ. მათ სოლომონის მამისთვის ხელწერილი დაუწერინებიათ, რომ მისი შვილი ასეთ რამეს აღარ ჩაიდენდა, სოლომონი პოლიციას კი გადაურჩა, მაგრამ სახლში მამისგან გვარიანად მოხვედრია.

სოლომონი ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და არ ჰქონდა საშუალება, რომ კარგი განათლება მიეღო. მან მუშაობა დაიწყო ზუგდიდის სამაზრო სამმართველოში, მომრიგებელ მოსამართლესთანაც მსახურობდა მწერლად. 1892 წელს სოლომონი სამუშაოდ გადავიდა ქუთაისში და მუშაობა დაიწყო ნოტარიუსთან. ის არ იყო კმაყოფილი თავისი სამსახურით და წინსვლაზე ფიქრობდა, რაშიც მას ხელს უშლიდა გლეხური წარმომავლობა. სოლომონმა გადაწყვიტა, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა: მან ისარგებლა თავისი ნაცნობებითა და მდგომარეობით და ქუთაისის დეპუტატთა საკრებულოს კანცელარიაში შეადგინა ყალბი სიგელები, რომლის მიხედვითაც მისი მამა – გვაჩი და ბაბუა – სქვამი, აზნაურული წარმომავლობის იყვნენ. სოლომონმა გააკეთა ჩანაწერი სამეგრელოს მფლობელთა წიგნში იმის შესახებ, რომ თითქოს მათ ეს წოდება სამეგრელოს მთავარმა მიანიჭა. ამ სიგელებზე დაყრდნობით, ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულომ მიიღო დადგენილება აშორდიას გვარის აზნაურული წარმომავლობის შესახებ, სოლომონმა მეტი დამაჯერებლობისთვის თავისი გვარიდან „აშორტია“ ასო „ტ“ ამოიღო და გვარი „აშორდიად“ გადააქცია. მას შემდეგ, რაც გვარის აზნაურული წარმომავლობა მმართველმა სენატმა დაადასტურა, სოლომონმა შეიტანა თხოვნა იმპერატორ ნიკოლოზ მეორის სახელზე და, მას, როგორც აზნაურთა შთამომავალმა, პირველი რიგის მოსამსახურედ განწესება სთხოვა. მისი ეს თხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა, მაინც გლეხებთან დაკავშირებული თემა აღმოჩნდა სოლომონის პირველი დაპატიმრების საფუძველი.

ზღვაში დახრჩობის ინსცენირება

პირველი პატიმრობიდან თავდებით გათავისუფლების შემდეგ, სოლომონი ზუგდიდში, მშობლების სახლში დაბრუნდა. მალე ქუთაისის სასამართლომ გამოსცა განკარგულება მისი კვლავ დაკავების შესახებ. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად სოლომონმა საკუთარი დახრჩობა გაითამაშა: ბათუმში იგი მოეთათბირა გარკვეულ პირებს, მათ შორის, ასლან ბეგ აბაშიძეს. ამ უკანასკნელმა შეურჩია თავისი კაცი, რომელმაც ჩაიცვა სოლომონის ტანსაცმელი, ნაპირზე სხვების დასანახავად გაიხადა სამოსი და ზღვაში შევიდა, შემდეგ კი ისარგებლა ბინდით და სხვა მხარეს შეუმჩნევლად ამოვიდა წყლიდან. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ბერძენმა მარულიდიმ პოლიციას ყურადღება მიაპყრობინა იმ ფაქტზე, რომ ზღვაში მობანავე ერთი ადამიანი აღარ ჩანდა, რათა სოლომონის დახრჩობის ინსცენირება წარმატებით დასრულებულიყო. ამ დროს კი სოლომონი ბათუმიდან ფაეტონით გაემგზავრა, საიდანაც რიზელი თურქი ახმედის ნავით გადავიდა თურქეთში. მაგრამ, ეს ამბავი ბოლომდე საიდუმლოდ მაინც ვერ დარჩა...

სოლომონის გაქცევა ბაქოს ციხიდან

ციხიდან გაქცევის ეს შემთხვევა მართლაც უნიკალურია იმ გაქცევებს შორის, რაც კი ისტორიას ახსოვს. სოლომონმა სხვების დახმარების გარეშე, საკუთარი მოხერხებულობის წყალობით შეძლო ციხიდან თავის დაღწევა. როდესაც სოლომონი ბაქოში დააკავეს, მან წარადგინა ყალბი პასპორტი, რომელიც გაცემული იყო პორუჩიკ ალექსი ანანიევის სახელზე. ერთ დღესაც, დაკითხვის დროს, სოლომონს კანტორაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ციხის ზედამხედველისადმი მიწერილი პოლიცმეისტერის წერილი. სოლომონს ფოტოგრაფიული მეხსიერება ჰქონდა და კარგად დაუმახსოვრებია როგორც ბლანკი, ასევე პოლიცმეისტერის ხელმოწერა. გაქცევის გეგმაც მაშინ შეუმუშავებია: მან ციხეშივე იშოვა ქაღალდი, მელანი და კონვერტი, შეადგინა ყალბი დადგენილება პორუჩიკ ანანიევის გათავისუფლებაზე, რომელიც, თითქოს შეცდომით, აშორდიასთან მსგავსების გამო დააპატიმრეს. დადგენილება შევსებული იყო პოლიცმეისტერის თანაშემწის – გრეჩკინის სახელით. გრეჩკინი „მოითხოვდა“, რომ პორუჩიკი ანანიევი სასწრაფოდ გათავისუფლებულიყო ციხიდან. ბლანკზე სოლომონს რეგისტრაციის ნომერიც კი იმის მიხედვით დაეწერა, რომლითაც სხვისი გათავისუფლების ბრძანება იყო შედგენელი და რომელიც სოლომონმა შემთხვევით დაინახა. სოლომონმა შეარჩია სათანადო დრო და ისე შეუცურა ციხის ზედამხედველს ეს წერილი მაგიდაზე, რომ მან ეს ვერ შენიშნა. ამ განკარგულების საფუძველზე ის გაათავისუფლეს, აშორდიამ თავაზიანად სთხოვა ციხის ზედამხედველს ცნობა იმის შესახებ, თუ რამდენი დღე ჰყავდათ ის უკანონოდ დაპატიმრებული.

– ბატონო მალხაზ, ოჯახი თუ ჰქონდა სოლომონს, შთამომავლობა დარჩა?

– სოლომონი პირად ცხოვრებაში უიღბლო კაცი იყო, რასაც ძალიან განიცდიდა. წლების განმავლობაში ფიქრობდა ოჯახის შექმნაზე, მაგრამ, იმის გამო, რომ, ან ციხეში იყო და, ან დევნიდნენ, ამას ვერ ახერხებდა. ის სიმპათიური კაცი იყო და ქალებიც ბევრი ჰყავდა, თუმცა, ოჯახი გვიან, 42 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე იყო თამარ ჯაჭვაძე. მათ ჰყავდათ ერთი ქალიშვილი, ნათელა, რომლის დაბადებასაც თვითონ ვერ მოესწრო. სოლომონი წლების განმავლობაში იცნობდა თამარის დედას, ნინა ჯაჭვაძეს, რომლის ქალიშვილობის გვარი იაშვილი იყო. სოლომონს მასთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ნინა მოსკოვში სოლომონის ნაყიდ ბინაში ცხოვრობდა. იგი საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, რადგან დიდი დამსახურება ჰქონდა სამოქალაქო ომში ბოლშევიკების წინაშე. ის უფროსი მოწყალების და იყო, ერთ-ერთ ბრძოლაში ტყვედაც კი ჩავარდა, მაგრამ გადარჩა – თეთრგვარდიელებმა არ დახვრიტეს. ნინა კრემლშიც კი თავისუფლად შედიოდა, მის სახლში იკრიბებოდა მოსკოვის ელიტა: მაიაკოვსკი, გორკი, შალიაპინი... ამ ქალმა სოლომონის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. სწორედ მისი შვილი, თამარი შეუყვარდა სოლომონს. თამარი 16 წლის იყო, როცა დედამ ის ძალდატანებით გაათხოვა რაჭაში, ოქრომჭედელ ბენდუქიძეზე. თამარს მისგან ქალიშვილი შეეძინა, მაგრამ ქმართან დიდხანს ვერ გაძლო და მამასთან გაიპარა, რის შემდეგაც ის მოსკოვში მოხვდა და მამამ გიმნაზიაში სასწავლებლად გაუშვა. ნინამ მოსკოვში ჩასული თამარი სოლომონის სახლში გადაიყვანა. იქ გაიცნეს ერთმანეთი თამარმა და სოლომონმა. სოლომონი მას ძვირფას სამკაულებსა და ნივთებს სჩუქნიდა. მან ნინასთან ურთიერთობას ოჯახის შექმნა არჩია, რის გამოც დედა-შვილს შორის დიდი დაპირისპირება და უთანხმოება წარმოიშვა. თამარი და სოლომონი დაქორწინდნენ ქალაქ ოდესაში. სოლომონს ძალიან უყვარდა მეუღლე, მაგრამ მათი იდილია დიდხანს არ გაგრძელდა – სოლომონი ისე გარდაიცვალა, რომ შვილი, ნათელა, ვერ ნახა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ნინამ თამარი ჩვილ ბავშვთან ერთად სახლიდან გააძევა. ნათელა გარდაიცვალა ერთი წლის წინ, მას დარჩა სამი შვილი: ნოდარ, ალექსანდრე და თამარ ჩარკვიანები.

– მდიდარი კაცი იქნებოდა თქვენი წინაპარი..

– ძალიან ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ, ძალიან მხარჯველი იყო. ციმბირის ქართველი კრიმინალები სულ სოლომონს დასდევდნენ, ბევრს ინახავდა, ბევრსაც თავისი სურვილით ეხმარებოდა. მონაწილეობას იღებდა ეკლესიების აღდგენაში. სოლომონის არაორდინარულ ხასიათზე მეტყველებს ისიც, რომ ბინა, რომელიც მან მოსკოვში, ბალშოი გნეზდნიკოვსკის შესახვევის ¹10-ში იყიდა, იყო პირველი რუსული ცათამბჯენი. უცნაურია, რატომ აირჩია სოლომონმა საცხოვრებლად ბინა, რომლის გვერდითაც მოთავსებული იყო ქალაქის მმართველობა და სამძებრო სამსახური. ეს სახლი აშენებული იყო განსაკუთრებული საზოგადოებისთვის: მდიდარი ექიმების, ადვოკატებისა და მემამულეთა შვილებისთვის. ამ სახლში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ: მაიაკოვსკი, შალიაპინი, ცეკას მდივნები და მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის – ლიგაჩოვი. იმ პერიოდისთვის ეს სახლი მოსკოვში ყველაზე პრესტიჟულ სახლად ითვლებოდა და, ბუნებრივია იქ მცხოვრებთა შორის დამნაშავეთა ძებნას არავინ დაიწყებდა, ალბათ, ამიტომაც აირჩია სოლომონმა საცხოვრებლად ეს სახლი. როდესაც სოლომონი მოსკოვიდან გამოიქცა, მას ბინაში ძალიან დიდი სიმდიდრე დარჩა – პიანინოსა და მაგიდის ფეხებში დამალული ჰქონდა ოქროს მონეტები, ხალიჩებსა და წიგნების ყდებში კი ჩაკერებული ჰქონდა ქაღალდის ფული – დაახლოებით 100 ათასი მანეთი. სოლომონმა ვერ შეძლო ამ ფულისა და ძვირფასეულობის წამოღება.

– როგორ გარდაიცვალა სოლომონ აშორდია?

– სოლომონი ახალგაზრდა – 45 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბუნებრივი სიკვდილით. კაცი იმდენ ფათერაკს გადაურჩა და გაციებამ მოკლა. საქართველოში გამოქცეულ სოლომონს უნდოდა მოსკოვში ჩასვლა და იქ დარჩენილი ძვირფასეულობის წამოღება. ის ზღვით ჩავიდა ქალაქ დონის როსტოვში, საიდანაც მოსკოვში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ იმხანად დონის როსტოვი დენიკინს ჰქონდა აღებული და სოლომონს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ამიტომ იგი უკან გამობრუნდა ბათუმში, მაგრამ, გზაში გაციებულა და ცუდად გამხდარა, იგი მალევე გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. დასაფლავებულია ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე. ასე დასრულდა სოლომონის მძიმე, მშფოთვარე და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება..


скачать dle 11.3