როგორ იქორწინა გიორგი გურიელმა საკუთარ სიდედრზე და რას გვიამბობს თამარ დედოფლის შესახებ ჟან შარდენი
მეჩვიდმეტე საუკუნის დასავლეთ საქართველოში, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ერში ადამიანური ფასეულობების დანგრევა იგრძნობა. სწორედ ამ პერიოდს მოიცავს იმერეთის დედოფლის – თამარის და მეფის დის – თინათინის ისტორიაც. ისინი სავსეა ტრაგიზმით, ვნებით, თუნდაც ეროტიზმით. თინათინისგან განსხვავებით, თამარის სილამაზით აღფრთოვანებული ყოფილა ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, თუმცა არა მხოლოდ სილამაზით... ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი გოჩა საითიძე სწორედ ამ პერიოდში გამეფებულ უზნეობებზე გვიამბობს.
გოჩა საითიძე: მეჩვიდმეტე საუკუნის 60-იანი წლებიდან დასავლეთ საქართველოში – იმერეთის, სამეგრელოს, გურიის სამთავროებში საშინელი არეულობის პერიოდი იწყება. 1960 წელს, იმერეთის მეფე ალექსანდრე მესამის გარდაცვალებიდან მოყოლებული, თითქმის 60 წლის განმავლობაში, იმერეთის სამეფომ 12-ჯერ გამოიცვალა მეფე. ზოგი მოკლეს, ზოგი განდევნეს, ზოგიც რამდენჯერმე ავიდა ტახტზე. შედარებით უკეთესი სიტუაცია სუფევს ამ პერიოდისთვის აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი და მისი მემკვიდრეები მეფობენ. რაც შეეხება დასავლეთს, გულწრფელად რომ ვთქვა, მე არ მაგონდება, დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ასეთი სავალალო პერიოდი. ამ დროისთვის ტყვეთა სყიდვამ უდიდეს მასშტაბებს მიაღწია, მაჰმადიანური სახელმწიფოების ბაზრებზე იყიდებოდა ყველა და ყველაფერი. გარდა ამისა, ზნეობა დაეცა. დაივიწყეს, რომ ოდესღაც ქართველები განთქმული იყვნენ თავისი პატიოსნებით. გაბატონებულია ამორალური ჩვეულებები. ჩვეულებრივი ამბავი გახდა ცოლის ჩაგვრა, ღალატი, მრუშობა, კაცისკვლა. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც დედოფალ თამარის ცხოვრებას უკავშირდება.
– რა ვიცით ამ ქალბატონის შესახებ და რა შემთხვევას გულისხმობთ?
– თამარ დედოფალი იყო ქართლიდან, მუხრანბატონთა საგვარეულოდან. ის საოცრად ლამაზი ყოფილა, როგორც იმდროინდელ წყაროებშია გადმოცემული. ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს: „თამარი იყო ფრიად კეკლუცი და აღმატებული სიმშვენიერითა.” თამარი ამ პერიოდში ფრანგ მოგზაურს – ჟან შარდენსაც უნახავს, რომელიც წერს: ბევრი ლამაზი ქალი ვნახე ამ ქვეყანაში, მაგრამ მისი მსგავსი სილამაზისა არავინ მინახავსო.
თამარი ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის ძმისშვილი გახლდათ. როდესაც 1661 წელს ვახტანგ მეხუთემ დასავლეთ საქართველოში ილაშქრა, მან ყველგან თავისი ხალხი დასვა თანამდებობებზე. იმერეთის მეფე, ალექსანდრე მესამის ვაჟი ბაგრატ მეოთხე ტახტიდან გადააყენა და თბილისში წაიყვანა. მანამდე ბაგრატი თავისმა დედინაცვალმა დააბრმავა. დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ვახტანგ მეხუთის კადრი იყო შამადავლე დადიანი, რომელმაც ბიძამისის – ლევან მეორე დადიანის პატივსაცემად გადაირქვა სახელი და გახდა ლევან მესამე დადიანი. ლევანი ვახტანგმა სამეგრელოს მთავრად დასვა და თამარი მიათხოვა. ლევან დადიანზე გათხოვებიდან, მთელი 22 წლის განმავლობაში ეს ქალი ხელიდან ხელში ისე გადადის, რომ არც არავინ არაფერს ეკითხება.
1663 წელს ბაგრატ მეოთხემ იმერეთის ტახტი დაიბრუნა. ამ წელს ბაგრატს თავს დაესხა ლევან მესამე დადიანი, თუმცა დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა ბაგრატს.
– როგორ მოექცა ტყვეს ბაგრატი?
– ბაგრატმა ტყვეს პირველ ყოვლისა, ცოლი წაართვა და თვითონ შეირთო. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ თბილისში, სადაც ბაგრატი ვახტანგ მეხუთესთან იყო, ვახტანგმა მას ცოლად შერთო თავისი მეორე ძმისწული, თამარის და – თითია (თათია).
– ანუ, ბაგრატ მეოთხე გაეყარა თითიას და ცოლად შეირთო საკუთარი ცოლისდა?
– დიახ. ლევან დადიანს კი ბაგრატმა საკუთარი და – თინათინი შერთო ცოლად, რომელიც მისი ერთ-ერთი კარისკაცის, გოშაძის ნაცოლარი გახლდათ.
ჩვენ ვახსენეთ, რომ შარდენი აღტაცებული იყო თამარ დედოფლის სილამაზით. თუმცა არც იმას ფარავს, რომ დედოფალი საკმაოდ მაცდური ქალბატონიც ყოფილა: „მას, რა თქმა უნდა, ბრალი მიუძღოდა იმ გრძნობების აღძვრაში, რომელსაც იგი მნახველში იწვევდა. იგი ვნებიანი, ნაზი, მიბნედილი თვალებით თითქოს მოითხოვდა კიდეც ტრფიალს და იმედსაც გაძლევდა. თამარი ყველას იზიდავდა თავისი გარეგნობითა და საუბრით. ეპისკოპოსმა გენათელმა (გელათის ეპისკოპოსი), რომელიც იმერეთში მეტად მნიშვნელოვანი პიროვნებაა, იგი პირველი ნახვისთანავე უსაზღვროდ შეიყვარა”. შარდენის თქმით, მასთან დედოფალს ისეთი კავშირი ჰქონია, როგორც ცოლ-ქმარს აქვს ერთმანეთთან. შარდენი მიიჩნევს, რომ ეპისკოპოსის ეშმაკობის წყალობით მოხვდა დედოფალი იმერეთში, რადგან მან თამარის სილამაზეზე საუბრით შეაყვარა იგი უსინათლო ბაგრატ მეოთხეს და შემდგომ მისი შერთვა შესთავაზა. ყველამ იცოდა, რომ სამეგრელოს მთავარს ცოლი გაგიჟებით უყვარდა და ის მას არაფრით დათმობდა. ამიტომ, იმერლებმა ხერხს მიმართეს.
– რა ხერხი გამოიყენეს ლევან დადიანისგან ცოლის წასაგვრელად?
– იმერეთის მეფის დას თინათინს სამეგრელოს დედოფლობა შესთავაზეს, თუკი ეს უკანასკნელი ლევან დადიანის შეცდენას მოახერხებდა. მეფის დისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა დატყვევებული დადიანის სარეცელში აღმოჩენა. სწორედ ამ დროს მათ „შეუსწრეს“ და მაშინვე აიძულეს დაქორწინება. იმავე დღეს კი, იმერეთის მეფემ სამეგრელოს დედოფალი შეირთო.
ამის შემდეგ ბაგრატ მეოთხესა და ლევან მესამე დადიანს ახალი მეტოქე გამოუჩნდათ – გურიის მთავარი გიორგი გურიელი, რომელიც ძალიან ეტრფოდა თამარს. ერთი სიტყვით, დასავლეთ საქართველოში არსებული სამივე დიდი პოლიტიკური ერთეულის ლიდერები თავს იკლავენ თამარის ხელში ჩასაგდებად. ვახუშტი ბატონიშვილი შემდეგნაირად ახასიათებს გიორგი გურიელს: „იყო კაცი მხნე, შემმართებელი, უღვთო, მესისხლე და ტყვის მსყიდველი უწყალო”. იმისათვის, რომ ბაგრატ მეოთხეს გიორგის სახით ერთ-ერთი კონკურენტი მოეშორებინა თავიდან, მან გურიის მთავარს თამარისგან ნაშობი საკუთარი ქალიშვილი – დარეჯანი მიათხოვა.
– ანუ, ქალი, რომელსაც გიორგი გურიელი ეტრფოდა, მისი სიდედრი გახდა.
– ასეა. თუმცა, ეს სიყვარულის ისტორია ამ ქორწინებით არ მთავრდება. 1678 წელს იმერეთში გამეფდა ვახტანგ მეხუთის ვაჟი არჩილი. მან ბაგრატი განდევნა იმერეთიდან. ამ დროს თამარ დედოფალს სკანდეს ციხეში ჰქონდა შეფარებული თავი. არჩილმა ეს ციხე აიღო, თამარი კი ლევან მესამე დადიანს დაუბრუნა. თუმცა, ესეც დროებითია. მომდევნო წელს ბაგრატმა იმერეთის ტახტი დაიბრუნა და პირველი, რაც ამის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რომ დაესხა თავს დადიანს და თამარი წაართვა.
– ამის შემდეგ რა მოხდა?
– 1681 წელს იმერეთის მეფე ბაგრატი გარდაიცვალა. მართალია, მას თამართან ტახტის მემკვიდრე – გიორგი ჰყავდა, მაგრამ იმერეთის ტახტი ხელში გიორგი გურიელმა ჩაიგდო. გამეფებისას, პირველი, რაც გიორგი გურიელმა გააკეთა, იყო ის, რომ ცოლი – დარეჯანი გაუშვა და საკუთარ სიდედრზე – თამარზე იქორწინა.
– საბოლოოდ, რა ბედი ეწია თამარს?
– ის 1683 წელს გარდაიცვალა. ამის შესახებ ვახუშტი წერს: თამარი ფეხმძიმედ იყოო, ეტყობა, გიორგი გურიელისგან და შვა ცეცხლი და მოკვდაო. რამდენად დასაჯერებელია, რომ ცეცხლი შვა, მკითხველმა გადაწყვიტოს, მაგრამ ის უდავოა, რომ თამარ დედოფალი მშობიარობას გადაჰყვა.
– რაც შეეხება თინათინს, მას რა ბედი ეწია?
– მოგზაურობის აღწერაში ჟან შარდენმა დიდი ადგილი დაუთმო თინათინსაც, რომელმაც, როგორც სამეგრელოს დედოფალმა, 1672 წელს უმასპინძლა შარდენს. მოგზაური წერს: დედოფალმა ერთხელ თავისთან სტუმრად მიმიწვია, თანაც ძღვენის მირთმევაც მომთხოვაო. შარდენს მისთვის თავი ღვთისმსახურად მოუჩვენებია, თუმცა კი ვარაუდობს, რომ დედოფალმა ეს არ დაიჯერა, რადგან მისი კითხვები ძირითადად სიყვარულს ეხებოდაო. დედოფალმა უბრძანა, რომ ჩემთვის ეკითხათ, განმიცდია თუ არა სიყვარულის გრძნობა, და თუ არ განმიცდია, როგორ გავძელი სიყვარულის და ქალის გარეშე. დიდი კმაყოფილებით მელაპარაკებოდა ის და თავისი ამალა ამის შესახებ. მე სასოწარკვეთილებაში ვიყავი ჩავარდნილი და სურვილი მქონდა, რომ დედოფალი და მისი ამალა ჩემგან ძალიან შორს ყოფილიყოო. სიყვარულსა და ქალებზე საუბარი მეორე დღესაც განუახლებია დედოფალს შარდენთან. მოგზაური მის გარეგნობასაც აღწერს, თამართან შედარებით, თინათინი დიდი ვერაფერი შვილი იყო. თუმცა, წინა დღესთან შედარებით, მოკაზმულიყო, ფერ-უმარილი წაესვა და ცდილობდა, ლამაზად მოგვჩვენებოდაო. შარდენის მონათხრობიდანაც ჩანს, რომ ცოლ-ქმარს თინათინსა და ლევან მესამე დადიანს სძულდათ ერთმანეთი. ისინი არც ცხოვრობდნენ ერთად. ასეა თუ ისე, თამარის და თინათინის მაგალითი გვაჩვენებს, თუ რა მორალური მდგომარეობა სუფევდა მეჩვიდმეტე საუკუნის დასავლეთ საქართველოში – უფრო სწორად, მორალი არ იყო საერთოდ.