როდის ატარებს მამაკაცს საკუთარ ჭკუაზე ქეთი წოწკოლაური
23 წლის ქეთი წოწკოლაური პროფესიით – მხატვარ-გამფორმებელი, დიზაინერი და დამწყები მომღერალია. თუმცა, 12 წლისამ, მოდელობა დაიწყო, მუშაობს სამოდელო სააგენტო „მაქსიმუმში“, როგორც მასწავლებელი და დირექტორის თანაშემწე.
ქეთი წოწკოლაური: ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება, შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ ახალი რაღაც გავაკეთო, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს ჩემი ცხოვრება. ამიტომ, სულ ახალ-ახალ გეგმებს ვსახავ და ნელ-ნელა ვახორციელებ კიდეც. რაც მთავარია, ვცდილობ, აკრძალული ხერხების გარეშე მივაღწიო დასახულ მიზანს. შედეგებით ყოველთვის კმაყოფილი ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა.
– სხვადასხვა სფეროში გიწევს მუშაობა და მაინც, რისგან უფრო იღებ დიდ სიამოვნებას?
– დიზაინის ფაკულტეტზე ჩემი სურვილით ჩავაბარე, მაგრამ მოდელობა და მომღერლობა უფრო მიტაცებს. სცენაზე რომ ვდგავარ და მიკროფონი მიჭირავს, ამაზე ჭკუა მეკეტება. პოდიუმზეც რომ გამოვდივარ, ვგიჟდები, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და დიდ სიამოვნებას ვიღებ მისგან.
– როგორ დაახასიათებ, საკუთარ თავს?
– ჩემს დადებით თვისებად მივიჩნევ იმას, რომ ალალად შემიძლია ადამიანთან მეგობრობა. თუმცა, დღემდე ვერ ვისწავლე ჭკუა, ყველას ვენდობი და უცხოსთანაც ძალიან ვიხსნები. მერე ამას სხვანაირად იგებენ, განსაკუთრებით ბიჭები. თავისუფალი კი ვარ, მაგრამ ზედმეტს არავის გავაბედვინებ.
– პრეტენზიული და მომთხოვნი ხარ მამაკაცების მიმართ?
– მამაკაცის მიმართ ყველა გოგონა პრეტენზიულია და არც მე ვარ გამონაკლისი. ძირითადად, მომწონს მამაკაცური, უხეში ტიპები, ლამაზები და ნაზები არ მიყვარს. ხასიათით ძლიერი უნდა იყოს და ისე უნდა მოიქცეს, რომ გამაკეთებინოს ის, რაც მას უნდა. საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ. ჯერჯერობით შეყვარებული არ მყოლია, თუმცა ამჟამად არსებობს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას ვიწყებ. ის პროექტ „ესემეს სკოლის“ მონაწილე, დამწყები მომღერალი აკაკი მერაბიშვილია. მას ვაფასებ იმიტომ, რომ ჩემს პროფესიას პატივს სცემს და უყვარს. მომწონს ისეთი მამაკაცები, მე რომ მიგებენ.
– რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა იმისთვის, რომ შენი გული დაიპყროს და მასზე იფიქრო?
– მამაკაცმა უნდა მაიძულოს, რომ მასზე ვიფიქრო. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები მყავს, როცა უარს ვეუბნები, ცოტა ხანს გადამეკიდებიან, მაგრამ მერე თავს მანებებენ. ანუ, მთავარია, სწორად მომიდგეს და ჩემი საქმითაც დაინტერესდეს, მხოლოდ ჩემდამი ინტერესი არ კმარა. ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩემთვის, „საქმენი საგმირონიც“ უნდა ჩაიდინოს.
– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს აიტან?
– აკრძალვაზე საშინელი რეაქცია მექნება. რომც მიყვარდეს, მირჩევნია თვითონ ის დავთმო, ვიდრე საყვარელი საქმე. ჩემმა საყვარელმა და სასურველმა მამაკაცმა არ უნდა დამიშალოს იმის გაკეთება, რაც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს.
– ქალები ხშირად ცდილობენ მამაკაცის საკუთარ ჭკუაზე ტარებას?
– რატომაც არა, უნდა ატაროს კიდეც, თუ ამას კაცი ვერ მიხვდება, ცუდად არ მიიღებს და ეს კონფლიქტის მიზეზი არ გახდება. უბრალოდ, მამაკაცმა თავი შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს, ან სხვამ არ უნდა თქვას რამე.
– როგორ ფიქრობ, შეყვარებული მამაკაცების მართვა მართლა ადვილია?
– არ ვიცი, ჯერ არ მყოლია შეყვარებული. როცა ბიჭს ვუყვარვარ და ამას მეუბნება, მაშინვე ვწყვეტ მასთან ურთიერთობას. არ მინდა, ეს ადამიანი დავტანჯო, იმედი მივცე. როცა ვიცი, რომ ბიჭს ვუყვარვარ და არ შემიძლია, ამის საპასუხოდ რაიმე გავაკეთო, ამ დროს ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ამიტომ, მირჩევნია ჩათვალონ, რომ უხეში ვარ, უზრდელი და თავხედი, ვიდრე ვიღაც დავტანჯო.
– მამაკაცებს ქალების მხრიდან კონტროლი სჭირდებათ?
– როდესაც ადამიანი გიყვარს, მას ენდობი. მთავარია, ჩემს საყვარელ მამაკაცს პარალელურად არ ჰყავდეს ვინმე, თან მუდმივად. შეიძლება, გაიაროს ქალთან, მაგრამ მირჩევნია, მე არ გავიგო. თუმცა, გააჩნია, ვისთან მიღალატებს. რომ გავიგო, ვინმე გოგონას ჩემი საყვარელი ადამიანი მოსწონს, შევუფუთავ და გავუგზავნი, თუნდაც იმ ბიჭის გრძნობებში დარწმუნებული ვიყო. არავის ვათქმევინებ, ქეთის იმ ბიჭისთვის „დაბრო“ რომ არ მიეცა, მე მოვეწონებოდიო. არ არის პრობლემა, სხვა გოგონას თავისუფლად დავუთმობ ჩემს საყვარელ მამაკაცს. არ მინდა, თუნდაც უბრალო ნაცნობთან მყავდეს მამაკაცი გასაყოფი.
– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?
– თავიდან ქალი ეპრანჭები ყველას და შემდეგ უკვე მხოლოდ იმ ერთ მამაკაცს, რომელიც მოგწონს და მთელი ყურადღება მინდა მასზე გადაიტანოს. მერე, როდესაც მის ყურადღებას მიიქცევ, უკვე დუნდები და თავსაც აღარ უვლი სათანადოდ. ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს – მრავალფეროვანი.
– მამაკაცმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქალის გულის დასაპყრობად?
– როდესაც ბიჭთან ურთიერთობა მინდა, არას არ ვეტყვი. მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემთან ურთიერთობა ჰქონდეს და შანსი გაუჩნდეს. ზოგი ამ ყველაფერს ვერ ხვდება და შენც იმედი გიცრუვდება. ხვდები, რომ მასთან ურთიერთობა აღარ ღირს.
– როგორ ფიქრობ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს?
– არ უნდა გამოაჩინოს ქალმა ის, რაც ლამაზი აქვს. როდესაც მოდელი ხარ, მაშინ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს შენი პროფესიაა. ჯობია, ყურადღება სხვა რამით მიიპყრო, ვიდრე სიშიშვლით.