გამოძვერი „ბუნაგიდან“
გაზაფხული ჯერ კიდევ ძალას იკრებს და იმასვე გთავაზობთ თქვენც. მით უმეტეს, თუ ცხოვრების თანამგზავრი ჯერ კიდევ არ გიპოვიათ. გეყოფათ, რაც ზამთარში დაისვენეთ. გაზაფხული სწორედ რომ შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გამოფხიზლდეთ და „ბუნაგიდან“ გამოძვრეთ. გარეთ ყოფნა ორმაგად სასიამოვნოა. ჯერ ერთი, რომ ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს, ხეები მწვანდება, ყვავილები იშლება. გარდა ამისა, მამაკაცებიც უკეთ ამჩნევენ საპირისპირო სქესს და მისი ყურადღების მიპყრობასაც ცდილობენ.
სასეირნოდ წასული შეეცადეთ, გამოეწყოთ კომფორტულად და მოხერხებულად. სასაცილოდ ნუ გამოიპრანჭებით. თქვენ ხომ სასეირნოდ მიდიხართ და არა ოპერაში. კიდევ ერთი აუცილებლობაა გასათვალისწინებელი: უნდა გაიღიმოთ! შუბლი გახსნათ და მთელი არსებით შეიგრძნოთ ის სიახლე და სიხარული, რაც გაზაფხულის მოსვლას ახლავს თან.
თუ შესაფერის განწყობას შეიქმნით და ეს განწყობა სახეზეც აგესახებათ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. არაფერი ისე არ იზიდავს მამაკაცებს, როგორც სიყვარულისთვის, ურთიერთობისთვის „გახსნილი“ ქალი.
ზამთარში ძნელია, განწყობა შეიქმნა და არ აჰყვე იმ დეპრესიულ ფონს, რომელიც თან ახლავს სიცივეებს, წვიმას, ქარს, ტალახს... ეს ყველაფერი უკან დარჩა. ცაზე მზე ანათებს. ფერებიც უამრავია, ლურჯი... მწვანე... ყვითელი. ეს განწყობის ფერებია და არ შეიძლება, თქვენზე პოზიტიურად არ აისახოს. კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი მიზეზი გაქვთ „ბუნაგიდან“ გამოსაძვრომად. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თქვენი დრო მოვიდა – სიყვარულის დრო და ეს შანსი, ამჯერად მაინც, არ უნდა გაუშვათ ხელიდან.