ყველაზე სასურველი
ქალები ზედმეტად პრეტენზიული არსებები არიან – მიაჩნიათ მამაკაცებს. მაგრამ, შეიძლება, ისინი ცდებიან, ან, უბრალოდ, მათთვის ასე უფრო მომგებიანია. მაინც, რას მოვითხოვთ მამაკაცებისგან ისეთ განსაკუთრებულს, რისი მოცემაც მათ ასე უჭირთ? პრინციპში, ბევრს არაფერს. უფრო სწორად, არაფერს ისეთს, რასაც საკუთარ თავს თავადაც არ უსურვებდნენ. სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების გამოკითხვის შედეგად შედგა ყველაზე სასურველი მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც ნებისმიერი ქალი ინატრებდა. პორტრეტი ასე გამოიყურება:
მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს კეთილი და მზრუნველი. აუცილებლად ჭკვიანი, სექსუალურიც, რა თქმა უნდა. არც ერთ ქალს არ უნდა, გვერდით მატყუარა კაცი ჰყავდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასურველი მამაკაცის პორტრეტს აუცილებლად დაემატება გულწრფელობა. მამაკაცი საქმიანი უნდა იყოს, ამასთან შრომისმოყვარე, გაბედული და იუმორის გრძნობაც არ აკლდეს. რა თქმა უნდა, ასეთი მამაკაცის პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ, ჩვენ ხომ იდეალური მამაკაცის პორტრეტი დავხატეთ! თქვენ შეგიძლიათ, რაღაცაზე უარი თქვათ. იმაზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ. თუმცა, კიდევ არის რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: იდეალური ადამიანი არ არსებობს და ამას უნდა შეეგუოთ. იდეალური არც თქვენ ხართ და ეს ისეთი ფაქტია, რასაც ვერ უარყოფთ. სილამაზე, კულინარიული მონაცემები, დიასახლისობის ნიჭი – მხედველობაში მისაღები არ არის. მთავარია, მამაკაცს ჰქონდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და არ გაურბოდეს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ეს არის ის, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ანუ, თუ თქვენ გვერდით მყოფ მამაკაცს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, უყვარს და არ ეზარება შრომა, აფასებს თქვენს ღირსებებს და ცდილობს, რაღაცით გასიამოვნოთ – ის უკვე ახლოს არის იდეალურობასთან და ხელიდან არ გაუშვათ!