სად იყენებენ ზაზა ფაჩულიას ემოციებს მის წინააღმდეგ და როგორ შექმნა მან ატლანტაში პატარა საქართველო
ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია „ატლანტა ჰოუკსში“ კვლავ წარმატებით განაგრძობს თამაშს და ამ სეზონზე ის გუნდთან ერთად, ფინალში გასვლის მოლოდინშია. ყოველ სეზონზე 100 თამაშს თამაშობს, რის გამოც ოჯახში ნაკლებ დროს ატარებს. ზაზას პატარა საქართველო მისი ოჯახია, რომელიც ჯერჯერობით 4 წევრისგან შედგება. ესენი არიან – თიკა ალავიძე და სამი ფაჩულია, დათუნა, საბა და ზაზა.
ზაზა ფაჩულია: ოქტომბრიდან მოყოლებული, 14 აპრილს უკვე 90-ე თამაშს ვითამაშებთ. ამდენი თამაშითა და მგზავრობით ვიღლებით, ამიტომ ვარჯიშები მოკლდება და დასვენება იმატებს. მაგალითად, გუშინ დასვენება გვქონდა, დღეს ერთსაათიანი ვარჯიში, ხვალ და ზეგ კი თამაშები გვაქვს. ასეა სულ.
– ფაქტობრივად, სახლიდან სულ გასული ხარ.
– ამის გამო, მალე, ჩემი შვილი რომ დამინახავს, იტყვის, ეს ის კაცია ტელევიზორში რომ არისო.
– ბავშვებს შორის 11 თვეა სხვაობა. უმცროსი ფაჩულია რამდენი თვისაა?
– მალე 7 თვის გახდება.
– შენ და დათუნა ხშირად ერთნაირ ფორმაში იყავით ჩაცმული. მასაც ეცვა შენი სახელობითი მაისურები. საბა თუ განაგრძობს ტრადიციას?
– კი, საბასაც აცვია და უკვე, სამივე ერთ ფორმაში ვართ გამოწყობილი. მეტი როგორ გავმრავლდეთ? ერთი ჩამოვედი და უკვე ოთხნი ვართ.
– საქართველოში როდის გეგმავ ჩამოსვლას?
– ჯერ არ ვიცი. დაველოდები სეზონის ბოლო თამაშს და მერე უკვე ჩამოსვლასაც ადვილად დავგეგმავ.
– აღდგომას როგორ შეხვდი?
– აქ სეზონი რომ იწყება, არც შობა, არც ახალი წელი, არც აღდგომა და არც სხვა დღესასწაულები არ იციან. ასე რომ, ამ მხრივ, ისე განებივრებულები არ ვართ, დღესასწაულები აღვნიშნოთ. NBA დღესასწაულებზე, პირიქით, თამაშებს ამთხვევს, რადგან ხალხი ძირითადად სახლშია და უყურებენ. მე ყველაფერს ერთად ზაფხულში აღვნიშნავ ხოლმე. მიუხედავად ამისა, სახლში კვერცხები შევღებეთ და აღდგომაც ვიდღესასწაულეთ. დათუნამ იხალისა, ყველა კვერცხი დაამტვრია.
– მოკლედ ატლანტაში პატარა საქართველო ნამდვილად გაქვს.
– ჩემი ოჯახის სახით აქ პატარა საქართველო მართლაც მაქვს.
– საკუთარ ბავშვობას რით ამსგავსებ შენს შვილებს? რით ჰგვანან ისინი მამას?
– დედა ხასიათით უფრო საბას მამსგავსებს. საბა ძალიან წყნარია, თავისთვის თამაშობს, გასართობს ყოველთვის პოულობს. ისე, სიმაღლით ორივე მგავს. თავის ასაკთან შედარებით ორივე აშკარად დიდია. თან, თიკაც არ არის დაბალი.
– ბიჭები თუ დაგყავთ შენს თამაშებზე?
– კი, ორივე. საბა პირველად რომ გვყავდა თამაშზე, იმ ღამეს დაძინება გაუჭირდა. ძალიან აჟიტირებული იყო ამდენი ხალხისგან და ხმაურისგან. ამიტომ, მერე ბავშვის „ნაუშნიკი“ ვუყიდე. ყურზე რომ ვუკეთებთ ნაკლები ხმაური ესმის და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. დათუნას რაც შეეხება, უკვე დიდია, მოსწონს კალათბურთის მატჩს რომ ესწრება. მგულშემატკივრობს და სხვათა შორის, უკვე კალათბურთის ტერმინებიც იცის. თიკა და ბავშვები მოედანთან ძალიან ახლოს სხედან. დათუნას რომ გავხედავ, ხელებს იქნევს და მეძახის.
– შენი ბავშვობიდან ყველაზე მეტად რა გენატრება?
– ჩემი ბავშვობიდან არაფერი არ მენატრება. ჩემი ყველაზე მაგარი პერიოდი ალბათ, ეს არის, ოჯახი, შვილები... ასე რომ, არაფერიც არ მენატრება.
– თიკა საბალეტო სკოლის გახსნას გეგმავდა. რა პროცესშია ეს ჩანაფიქრი?
– საბალეტო სკოლა ჯერჯერობით გახსნის პროცესშია. თბილისიდან რომ დავბრუნდებით, მაშინ გახსნის ალბათ.
– ალბათ, ცეკვა ძალიან ენატრება.
– რა თქმა უნდა, ენატრება. ბავშვობიდან ცეკვავდა და ყოველდღიურ რეჟიმში იჯდა. ჩემი თავი წარმომიდგენია, დასვენების დღეებს რომ გვაძლევენ, ვარჯიში მენატრება ხოლმე და თიკას როგორ არ უნდა ენატრებოდეს, უკვე სამი წელია, არ უცეკვია.
– შენი გულშემატკივარი გახარებულია. ბოლო პერიოდი ძალიან კარგ ფორმაში ხარ და მოედანზე თამაშით გამოირჩევი. ცოტა ხნის წინ ფეხის ტრავმა გქონდა მიღებული, რომელიც თამაშში ხელს გიშლიდა.
– ნაკრების თამაშებზე რომ ტრავმა მივიღე, ის კიდევ მაწუხებს და ისე ვთამაშობ. უკვე მეშვიდე წელია, აქ ვარ და საკმაო გამოცდილება მივიღე. განსაკუთრებულ ფორმაში ახლა უნდა ვიყო, 6 თამაში დაგვრჩა და მერე „პლეიოფები“ იწყება. ახლა თუ მაქსიმუმი არ გავაკეთე, თავი არ გამოვიჩინე და გუნდს არ მივეხმარე, სხვა დროს ასეთი შანსი შეიძლება, არც გვქონდეს. კარგია რომ ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში ვარ. რაც NBA-ში ვარ ისეთი შანსი არ მქონია, რომ ფინალამდე ახლოს მივსულიყავით. ყველა მონდომებულია და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რადგან არ ვიცით, ასეთი კარგი სეზონი კიდევ გვექნება თუ არა. გვაქვს შანსი და გვინდა, გამოვიყენოთ, ვნახოთ.
– ფინალი როდის არის?
– ბოლო თამაში 30 ივნისს არის. მართალია, ძალიან დამღლელია, მაგრამ როცა კარგად თამაშობ და წარმატებაც გაქვს, დაღლა ნეიტრალდება და სიხარული ყველაფერს გავიწყებს. უკვე მესამე წელია, სეზონზე 100 თამაშს ვთამაშობ. ეს არის NBA-ს ცხოვრების სტილი. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ NBA-ში თამაში არც ისე ადვილია.
– ალბათ „ატლანტა ჰოუკსი“ კმაყოფილია რომ შენთან დადებულმა ძვირად ღირებულმა კონტრაქტმა გაამართლა.
– იმედი მაქვს, ასე ფიქრობენ. ყოველთვის ვამბობ, არ მინდა, ისეთ ადგილზე ყოფნა, სადაც მიღებული არ ვარ და ჩემი ყოფნა არ უხარიათ. ასეთ გუნდში ნამდვილად, არასდროს მომინდება თამაში. ყველანაირად ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და ხალხს ვათქმევინო, კარგია რომ ზაზა გვყავს!
– სულით მაქსიმალისტი ხარ?
– კი. სპორტსმენი ვარ და ვიცი, რომ სამწუხაროდ, სპორტი სამუდამო არ არის. ისეთ კარგ სიტუაციაში და გუნდში, როგორშიც ახლა ვარ, არ ვიცი, ვიქნები თუ არა ჩემი კარიერის ბოლომდე. მაქვს შანსი და შესაძლებლობა, განსაკუთრებული წელი მქონდეს. ამიტომ, მაქსიმუმი უნდა გავაკეთო და ასეთი შეგრძნებისა და წარმატებისგან მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნო. ყოფილა შემთხვევა, გუნდს მოთამაშე შუა სეზონში, ყველაზე ცუდი გუნდიდან, ყველაზე კარგ გუნდში გაუცვლია, ან პირიქით. მოთამაშის გაცვლა აქ დაშვებულია. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ისიამოვნო იმ პირობებით და სიტუაციით, რომელშიც ხარ.
– კონტრაქტში თუ არის მოთამაშის გაცვლა შეტანილი?
– კი. ოქტომბერში სეზონი რომ დაიწყება, თებერვლამდე ვადა გაქვს. ამ პერიოდში გუნდს შეუძლია, გაგცვალოს. თუ არ გაგცვალეს, მერე უკვე სადაც ხარ, ზაფხულამდე იქ დარჩები, ანუ სეზონის ბოლომდე.
– ყოველ შემთხვევაში, ზაზა ფაჩულია ჯერ არავის გაუცვლია.
– ჯერ არა და იმედი მაქვს, ასეც იქნება.
– მოკლედ, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯები.
– ასეა. სანამ შეგიძლია, უნდა გააკეთო, თორემ მოვა დრო და ვეღარ შეძლებ. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ეცადო, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ კარიერის დასასრულს ამაყად თქვა, კარგი კარიერა მქონდაო. ამის მერე კი, სხვა კარიერაზე უნდა იფიქრო.
– რომელსაც შენ საფუძველს აქედანვე უყრი.
– უკვე რამდენიმე წელია, ამაზე ფიქრი დავიწყე და ვემზადები კიდეც. უცბად არაფერი მოდის, ყველაფერს ნიადაგი სჭირდება.
– ნამდვილად არ ხარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს.
– ნეტავ ყოველთვის შემეძლოს კალათბურთის თამაში, მაგრამ ასე არ არის. მოვა დრო და ეს ეტაპიც დამთავრდება ჩემს ცხოვრებაში. ოჯახი რომ გყავს, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდაც ხარ, მომავალზე უნდა იფიქრო. წლების მიღებული გამოცდილება და ის ხალხი, რომელიც ამ პერიოდში გაიცანი და ურთიერთობა გქონდა არ უნდა უგულებელყო, ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა იფიქრო და გამოიყენო ეს სიტუაცია.
– საკმაოდ ფეთქებადი და ემოციური მოთამაშე ხარ.
– სხვათა შორის, ბავშვობიდან ემოციური ვარ. რა თქმა უნდა, ჩემს ემოციურობას ბევრჯერ უარყოფითადაც უმოქმედია, მაგრამ უფრო მეტი დადებითი და კარგი მოუტანია ჩემთვის. ძალიან ბევრს მოსწონს ჩემი მებრძოლი ხასიათი. იმას არ ვამბობ, რომ ყველაზე საუკეთესო მოთამაშე, ყველაზე კარგი მსროლელი ან ყველაზე ათლეტური ვარ-მეთქი, მაგრამ ჩემმა გუნდმა, გულშემატკივარმა იცის, რომ მოედანზე რამდენ ხანსაც ვიქნები მაქსიმალურად დავიხარჯები. ეს კი მათ ძალიან მოსწონთ და ძალიან აფასებენ. ეს ყველაფერი უფრო მეტ ენერგიას და მონდომებას მაძლევს. დიდი მოტივაციაა ჩემთვის, როცა ხალხი შრომას მიფასებს.
– თუმცა, შენი ემოციური ხასიათი შეიძლება, მოწინააღმდეგემ თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და წყობიდან გამოგიყვანოს.
– კი, ყოფილა მომენტები, როცა ჩემი ემოციურობა მართლაც გამოუყენებიათ. მაგალითად, შარშან, როცა თამაშიდან გამაგდეს. საბედნიეროდ, წელს ასეთი შემთხვევა არ მქონია. უმეტესად, ემოციების გაკონტროლებას ვახერხებ.
– მართალია, გასულ სეზონზე ერთ-ერთი თამაშის დროს გაგაგდეს, მაგრამ ამისგან ერთგვარი შოუ გაკეთდა და შენ კიდევ უფრო მეტი ფანი შეიძინე.
– განზრახ არაფერს ვაკეთებ, ამას მერე ვგრძნობ. იმ მომენტში ფიქრობ, თამაში მოიგო და გუნდს დაეხმარო. ჩემს გულშემატკივარს მოსწონს ის ემოცია და ენერგია, რაც მოედანზე შემაქვს. ასე რომ არ იყოს, ალბათ, აქ არც ვიქნებოდი. შეიძლება, გასწავლონ სროლა, ბურთის გადაწოდება, ივარჯიშო და ფიზიკურად მომძლავრდე, მაგრამ ჯიგრით თამაში თუ არ არის შენში, ამას ვერავინ გასწავლის. ამ შემთხვევაში, საკუთარი თავის ყველაზე კარგი მასწავლებელი და ფსიქოლოგი თავად ხარ.