როგორ ათხოვებს ანა სანაია ქალებს და ვინ დატოვა ის იმედგაცრუებული
ახალგაზრდა მსახიობი ანა სანაია, რომელიც საზოგადოებისთვის ტელესერიალ „ჩვენი ოფისით“ გახდა ცნობილი, საკუთარ თავს იღბლიანად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ გამართლება ბავშვობიდან დაებედა. მას თითქმის ყველაფერში უმართლებს – ფორტუნა ზურგს არასდროს აქცევს – კომუნიკაბელურ და ხალისიან ანას, იღბლის დაბევებაში, თურმე, საკუთარი ხასიათიც ეხმარება. მოცემულ შანსებს კი, ხელიდან არასდროს უშვებს...
ანა სანაია: საკუთარი თავი იღბლიან ადამიანად მიმაჩნია. ხელმოცარული არასდროს ვყოფილვარ და ოცდახუთი წელია, იღბალს არ უღალატია ჩემთვის. ხანდახან უმადურობა და უკმაყოფილება შემომეპარება ხოლმე და უფრო მეტს ვითხოვ, როგორც იღბლისგან, ისე საკუთარი თავისგან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ბედის ვარსკვლავი ჩემი ერთგული რჩება (იცინის). საყვედური როგორ უნდა ვუთხრა საკუთარ იღბალს, როცა ის ყოველთვის მაძლევდა შანსს, შეუმჩნეველი არ დავრჩენილიყავი ადამიანებისთვის?! ყოველთვის ვგრძნობდი სიმპათიებს ჩემ მიმართ. კლასში ორმოცი ბავშვი ვიყავით და მასწავლებელი რომ შემოვიდოდა, მაინცდამაინც მე ამომირჩევდა ხოლმე. თუმცა, ჩემზე უკეთესი მოსწავლეებიც იყვნენ. იღბალს ცოტა მეც ვეხმარებოდი. ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ვიყავი. ჩემი აზრით, როცა ადამიანისგან დადებითი ემოციები მოდის, ის აუცილებლად დაიბევებს იღბალს და დაეხმარება მას, რომ გიერთგულოს. ჩემთვის, ალბათ, ყველაზე დიდი გამართლება ჩემი ოჯახია. მე დავიბადე ძალიან კარგ ოჯახში, ჩემმა მშობლებმა კარგად აღმზარდეს. ისინი არ ზღუდავდნენ ჩემს თავისუფლებას. თუმცა, მე ამით ბოროტად არასდროს მისარგებლია. ძალიან დიდ როლს ასრულებს მატერიალური მხარეც – ბავშვობაში ჩვენი ოჯახი განსაკუთრებით შეძლებული არ ყოფილა, თუმცა არასდროს არაფერს მაკლებდნენ. მათი წყალობით დავდიოდი ყველგან, ვისვენებდი კარგად, ვსწავლობდი სხვადასხვა რამეს. მე არ ვარ ისეთ „კლასიკურ“ ქართულ ოჯახში დაბადებული, როცა ადამიანის ცხოვრება იმით წყდება, ვინაა მისი ბებია და ბაბუა, როცა ყურადღებას იმას აქცევენ, ვისი შთამომავალი ხარ. ამის მიუხედავად, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ოჯახით. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი თავისი შრომით მოიპოვეს და ეს მეც გადმომეცა მემკვიდრეობით. ამას გარდა, ისინიც იღბლიანები არიან და ეს ხვედრი მეც მერგო (იცინის).
– პროფესიულ არჩევანში გაგიმართლა?
– ამ მხრივაც იღბლიანი ვარ. როცა საქმე ეხებოდა სწავლა-განათლებას, გამოცდებსა და კონკურსებში ყოველთვის მიმართლებდა. სკოლაში გამოცდების დროს, სანატრელ ბილეთს ვერასდროს ვიღებდი. ის ერთი ბილეთი მხვდებოდა, რომელიც არცთუ ისე კარგად ვიცოდი, მაგრამ იმ ბილეთსაც ისე მოვყვებოდი, თავს იოლად დავიძვრენდი (იცინის). არ არსებობს რამე მოვინდომო და არ გამომივიდეს – თეატრალურ ინსტიტუტშიც საკმაოდ იოლად, ყოველგვარი პროტექციის გარეშე ჩავაბარე. თუმცა, ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული. ამ სფეროში ჩემზე უფრო იღბლიანებიც არსებობენ, მაგრამ ვერც მე დავიწუწუნებ. მაგალითად, თეკლას, არცთუ ისე ჭკვიანი ქალის როლიც, ჩემთვის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა. ამ პროექტში შემთხვევით მოვხვდი, ქასთინგზე მივედი, ოღონდ თავიდან სხვა როლზე გამსინჯეს. წამოსვლის დროს მითხრეს: არ წახვიდე, დარჩიო და მომცეს ძალიან ბევრი ფურცელი. ცოტა ხნის მერე ის ტექსტი წავიკითხე. სამი თვის მერე კი დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე ვიყავი დამტკიცებული.
– ბედისწერის გჯერა?
– კი, მჯერა. ის, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად ხდება. ძალიან ბევრჯერ ახლობლებს წავუყვანივარ სადღაც და იქ ისეთი რაღაც მომხდარა, რასაც ჩემი ცხოვრება შეუცვლია. ბედისწერის ხელი ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის ურევია. ისეც მომხდარა, რომ ბედი კარზე მომდგომია. თუ რამე ძალიან მინდა, ის თავისით მოდის ჩემთან. მაქვს რეალური ოცნებები – არ მინდა „ბენტლი“, ამაზე არ ვოცნებობ. მაგრამ, მაქვს ჩემი „პროგრამა მინიმუმი“ და „პროგრამა მაქსიმუმი“, რომელსაც ვერ გაგანდობთ. მხოლოდ ჩემი საიდუმლოა (იცინის). ერთი უცნაურობა მჭირს – ვინც ვერ მიტანს, დროთა განმავლობაში ცუდი ამბები ემართებათ. ასე ყოფილა ბაბუაც. თურმე, მის სოფელში ყველა გაუბედურდა, ვინც კი მას მტრობდა. ასეთი ბედი აქვთ დეიდაჩემს, დედაჩემს, მეც მათ დავემსგავსე.
– საშიში გოგო ყოფილხარ.
– სამაგიეროდ, თუ ვინმე მცირეოდენ კარგს გამიკეთებს, ათმაგად უბრუნდება უკან (იცინის). მეც ბევრ ადამიანს ვყავარ კარგად დაცდილი. ახალ წელს ახლობლებში სიით დავდივარ მეკვლედ. ძალიან კარგი ფეხი მაქვს. ერთ წელიწადს, სრულიად შემთხვევით, მოვხვდი მეკვლედ ახლობლის ოჯახში. იმ წელიწადს მისი და გათხოვდა, რომელიც უკვე ასაკში იყო. იმ წელსვე ჩემი მეგობრის დედა ქმარს გაშორდა, მაგრამ ორი წლის მერე კიდევ რომ მიმიწვიეს მეკვლედ, ჩემი მეგობარიც გავათხოვე და მისი ქმარგაშორებული – დედაც. მოკლედ, თუ ვინმეს ბარაქა და გათხოვება უნდა, ახალ წელს უნდა მომაკითხონ (იცინის).
– პირად ცხოვრებაში იღბლიანი ხარ?
– რა ვიცი, რატომაც არა?! მე ევროპული სტანდარტებით ვცხოვრობ და სულაც არ ვფიქრობ, რომ 25 წლის ასაკში გათხოვება დაგვიანებულია. პირიქით, ამ ასაკში იწყება პირადი ცხოვრება. დამიჯერეთ, ახლა გათხოვება რომ მინდოდეს, ეს პრობლემა არ არის. ჯერ ამ სფეროში არაფერი არ მინდა, ჩემი ბედი მოვა...
– თაყვანისმცემლებში გიმართლებდა?
– ძალიან მაგარ ადამიანებს ვყვარებივარ. არ ვიცი, ვიღაცის შეფასებით, ისინი, შეიძლება არ იყვნენ მაგარი ბიჭები, მაგრამ ჩემი სტანდარტებით, ნამდვილად მაგრები იყვნენ, მათი სიყვარულის მოპოვება ბევრს გაუჭირდებოდა. ამ მხრივ ბედის ნებიერა ვარ. მართალია, ჩვენი ურთიერთობები, არ დასრულდა ბედნიერი ფინალით, მაგრამ ესეც, ალბათ, ბედისწერა იყო. როგორც არ უნდა მიყვარდეს, გონება არასდროს მებინდება. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ფიქრის გარეშე ვერ მივიღებ. 20 წლის მერე ამ თემაზე ფიქრი რთულდება, ბიჭების შეფასების კრიტერიუმებიც იცვლება. ჩემი გულის მოგება იოლი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა ასმაგად რთულია (იცინის). მეც შემყვარებია ადამიანი, რომლის ხასიათის სირთულეებზე თვალი დამიხუჭავს და დათმობაზეც წავსულვარ, მაგრამ ახლა, სხვაგვარადაა. ახლა ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთვნის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გულს კარგი პატრონი გამოუჩნდება (იცინის).
– როდესაც გიგი დედალამაზიშვილი ქორწილში მიატოვე მაშინაც იფიქრე, თუ ეს სპონტანურად გააკეთე?
– არა, ამაზეც ბევრი ვიფიქრე. ჩვენი სიყვარული თითქმის ორი წელი გრძელდებოდა, მაგრამ მერე რაღაც-რაღაცეები დაგროვდა. რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ყოფილიყო, თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა, საქორწინო კაბაც კი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს მე და გიგის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვიცი, რომ გიგის ტკივილი მივაყენე, მაგრამ ერთად რომ ვყოფილიყავით, უფრო გავირთულებდით ცხოვრებას და უფრო დიდ ტკივილს მივაყენებდით ერთმანეთს. ასე გავუფრთხილდი მე გიგისაც და საკუთარ თავსაც.
– შენთვისაც უტკენიათ ასე ძალიან გული?
– კი, მეც ვყოფილვარ იმედგაცრუებული. ქორწილში არავის მივუტოვებივარ, მაგრამ, როდესაც ადამიანი მგონია კარგი და გარკვეული პერიოდის მერე, ის რადიკალურად სხვა თვისებებს ამჟღავნებს, მერე ძალიან იმედგაცრუებული და გულნატკენი ვრჩები. თუმცა, ცხოვრების რთული პერიოდები დეპრესიაში არ მაგდებს და სირთულეებიდან ძალიან იოლად გამოვდივარ. იმდენი რამ მაქვს გადახდენილი, მინიმუმ, ეს თვისება უნდა შემეძინა (იცინის). ასეთ დროს მარტო ვუვლი საკუთარ თავს და აუტოტრენინგს ვიტარებ. თუმცა, ისე გამოვიბრძმედე, ბოლო დროს ესეც აღარ მჭირდება. საკმაოდ კონტრასტული ხასიათი მაქვს, რამდენადაც სიცოცხლით სავსე ვარ, ისე ხშირად ვარ მელანქოლიურიც.
– თილისმები თუ გაქვს, რომლებიც კარგად გაქვს დაცდილი?
– კი, მაქვს. მინიატურული ლურჯი ცხენი, რომელიც ძალიან კარგად მაქვს დაცდილი და წლების განმავლობაში ყველგან ჩანთით დამქონდა. რაჭაში ვიყავი დასასვენებლად, რაღაც შევიძინე და ეს ცხენი საჩუქრად ამომივიდა. ძალიან ბევრჯერ გამიმართლა, როცა ეს ცხენი თან მქონდა, თუმცა ამ ბოლო დროს სახლში ვტოვებ და შეველიე.
– აზარტულ თამაშებშიც იღბლიანი ხარ?
– კი, ვარ. აგერ „ვა-ბანკში“ ხომ მოვიგე ფული? მართალია, ის მთელი გუნდის მოგება იყო, მაგრამ პირველ ქეისზე დედაჩემს დავურეკე და მან მითხრა რიცხვი, რომელშიც ათი ათასი იდო. ამას წინათ მეგობრებთან ერთად სადღაც მივდიოდი. მეგობრებმა ლატარიის 9-9 ბილეთი იყიდეს, მე – მხოლოდ ერთი. ფხიკეს, ფხიკეს და მათ ვერაფერი მოიგეს. მე გადავფხიკე და ეგრევე ორმოცდაათი ლარი მოვიგე. ვიცი, რომ მოვინდომო და სოლიდურ ლატარიაში ვცადო ბედი, აუცილებლად მოვიგებ. ფული არ მოდის ჩემთან რთულად, ხშირად მჩუქნიან. ასე მგონია, თუ საკუთარ ძალებს ბიზნესში მოვსინჯავ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევ. ინტუიცია მეუბნება ამას. ამ თემაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი და ალბათ, მოვა დრო, როცა ბიზნესს წამოვიწყებ, თანაც ისეთ ბიზნესს, რომელშიც ბევრი ფული იშოვება (იცინის).