როგორ ცხოვრობს მაია ყიფიანი მეგაპოლისური ცხოვრებით და რა ზეიმებს უწყობს მას მეუღლე
მუსიკალური პროდიუსერი, ულამაზესი მაია ყიფიანი, რომელმაც დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად „იურმალის“ გამარჯვება მოგვიტანა, ახლა მოსკოვში ცხოვრობს. „თბილისელების“ მკითხველმა კარგად იცის, რომ მისი მეუღლე კომპოზიტორ არნო ბაბაჯანიანის შვილი, არაიკ ბაბაჯანიანია, რომლის გვერდითაც ახლა მაია ძალიან მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს, თუმცა, მოსკოვშიც საკმაოდ აქტიურად ცხოვრობს და ძალიან საინტერესო გეგმები აქვს.
მაია ყიფიანი: ჩვეულებრივი, მოსკოვური ცხოვრებით ვცხოვრობ. ჯერჯერობით, ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება ყველაფრისგან განსხვავებულია, რაც აქამდე მიკეთებია. ძალიან მენატრება ჩემი სამსახური, ტელევიზია, ჩემი ბავშვები, ხანდახან ისე, რომ ცრემლი მადგება, მაგრამ, მერე ვურეკავ მაკას, რატის, სოფოს და ცოტა ვმშვიდდები. მეუბნებიან, რომ კარგად არიან და, მანდ იყავი, თუ კარგად ხარო. მაკას და რატის უფრო ვენატრები და მეჩხუბებიან, ჩამოდი, გვნახეო. ვცხოვრობ მეგაპოლისური ცხოვრებით და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური საქმე არ მაქვს, მაინც ძალიან დაკავებული ვარ: დილით ადრე ვდგები, მივდივარ ფიტნესკლუბში, მერე პატარა საქმეებს ვაგვარებ, საღამოს კი ყოველთვის სტუმრები გვყავს და ასე გადის დღეები.
– მახსოვს, როგორი ბედნიერი იყავი ქორწილში, მის წინა დღეებში. გამართლდა შენი იმედები შენს მეუღლესთან დაკავშირებით?
– ახლა უფრო ბედნიერი ვარ. თავიდან ძალიან მეშინოდა, ვფიქრობდი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა, რადგან, უნდა დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, შვილი, ოჯახი, წამოვსულიყავი სხვა ქვეყანაში... მეშინოდა, რომ იმედგაცრუება კი არა, უფრო განხიბვლა არ დამმართვოდა. ხომ გახსოვს, როგორი მოხიბლული ვიყავი და, სწორედ განხიბვლის მეშინოდა. სინამდვილეში კი პირიქით მოხდა – რაც დრო გადის, ეს ადამიანი სულ უფრო და უფრო მაოცებს და ამ გრძნობაში უფრო მეტად და მეტად ვიჭრები. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი: ეს იყო ტელევიზიაში, არნო ბაბაჯანიანზე კეთდებოდა გადაცემა, სადაც მე და არაიკი მიგვიწვიეს. გრიმი რომ გამიკეთეს და განათებები ჩაირთო, ვერ აგიწერთ რა დამემართა, ვეღარ ვლაპარაკობდი, ცრემლები წამომივიდა. ვუთხარი კიდეც – თუ შეიძლება, გავალ აქედან-მეთქი. არაიკს ცოტა კი ეწყინა, მაგრამ, ბურთი მქონდა ყელში გაჩხერილი და ხმა ვერ ამოვიღე. მერე დავწყნარდი. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი საშინლად მაქვს მონატრებული. ძალიან გაბრაზებული წამოვედი, აღარანაირ ინტერვიუზე და ჩაწერაზე აღარ წამოვალ-მეთქი.
– ყოველდღიურად მაოცებსო, თქვი. კიდევ რით შეიძლება გაოცდეს მაია ყიფიანი?
– კიდევ უფრო მეტად შეაყვარო ცოლს თავი, რომელსაც ისედაც ძალიან უყვარხარ – ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ შეძლო და, ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარს, არ ვიცი, ეს გრძნობა სადამდე მივა. ყოველ დილით მიყურებს, როგორ ხასიათზე გავიღვიძე, შემომაწვა თუ არა ის ნოსტალგია და მონატრება, ხალისიანად ვარ თუ არა... ჯერ ერთი, აუცილებლად მკითხავს, როგორ გეძინაო. ჩემი პასუხიდან ხვდება, როგორ ვარ. თუ მოწყენა შემატყო, იმ დღეს ყველაფერს გადადებს და მე დამითმობს, რომ არ მოვიწყინო, მარტო არ ვიყო. ახლა ისეთი პერიოდი მქონდა, ჩქარა წავიდეთ თბილისში, ჩქარა წავიდეთ თბილისში-მეთქი, მაგრამ, ძალიან ბევრი საქმე აქვს, ვერ ტოვებს და ამას ძალიან განიცდის. ჩემი გოგოები მეუბნებიან, ცოტა გააკონტროლე საკუთარი თავი, შეიძლება, ადამიანი სულ შენზე ფიქრობდესო?! რა გითხრა, არ ავიწყდება არაფერი, მაგალითად 8 მარტი. ამ დღეს ვერ ვიტანდი, ჩემთვის ეს დღესასწაული არ იყო, რადგან, მიმაჩნია, რომ ყველა დღე ისედაც ქალისაა. მაგრამ, იმ დღეს მამაჩემმა დამირეკა და ვუთხარი, მამა 8 მარტზე ვგიჟდები-მეთქი. ულამაზესი საჩუქრები გამიკეთა, მთელი ჩემი სამეგობრო შეკრიბა, რესტორანში წაგვიყვანა და ზეიმი მოგვიწყო. ძალიან უყვარს სტუმრები და ყოველ საღამოს სტუმარი გვყავს სახლში, რომ არ მომწყინდეს, და, თანაც, ჩემს ამხანაგებთან ურთიერთობა შემინარჩუნოს.
– ბევრი მეგობარი გყავს მოსკოვში?
– საკმაოდ, მათ შორის ბავშვობის მეგობრებიც: დები მჟავანაძეები, ქეთი სანაძე, მიშა მესხის შვილი – მაკა. როდესაც ძალიან მოგვწყინდება ხოლმე, წავალთ იმ რესტორანში, სადაც თემურ თათარაშვილი მუშაობს და ხაჭაპურებს მივირთმევთ (იცინის). თემურს ვუსმენთ ხოლმე და, შენ უნდა ნახო, რა ხდება, როდესაც ის მღერის – ნეტავ, ახლა მასეირნა თბილისის ქუჩებშიო – ყველანი ვტირით. როგორ კომფორტშიც არ უნდა ვიყო, თუნდაც საყვარელი ადამიანის გვერდით, ვისთან ყოფნაც ჩემთვის ბედნიერებაა, ნოსტალგია მაინც საშინლად მაწუხებს. ბევრი გადაცემა მინახავს და ინტერვიუ წამიკითხავს ემიგრანტულ ცხოვრებაზე, მაგრამ, ასეთი რთული თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– ახლა რას საქმიანობ?
– ძალიან დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩავატარე ერევანში. ნანი ბრეგვაძე მოვიწვიე, ჟიურის წევრებს შორის კი არაიკიც იყო. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და კმაყოფილი ვარ. ვემზადები მომდევნო წლისთვის, ნანის ალბათ ისევ დავპატიჟებთ. უკვე დავიწყე სპონსორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, რომ მომავალ წელს როგორც მასშტაბებმა, ისე საპრიზო ფონდმა მოიმატოს და უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთოს. სხვათა შორის, საქართველოდან ვლად არამოვი იყო ჩამოსული და მეორე ადგილი აიღო. დსთ-ს ქვეყნებში, ბევრ მომღერალთან და პროდიუსერთან მაქვს საჭირო კონტაქტები და მომავალში ეს კონკურსი უფრო მასშტაბური იქნება, გაზრდილი საპრიზო ფონდით. ვნახოთ, რა გამოვა.
– მაია, გავიგე, რომ „იურმალის“ ამბებში ისევ აქტიურად ხარ ჩართული, რა ხდება ამ მხრივ?
– აღარ ვარ. უფრო სწორად, ვაპირებდი, შერჩეული მყავდა ერთი სომეხი ბიჭი, ძალიან ნიჭიერი, არაჩვეულებრივი მონაცემებით, რომელიც სომხეთის სახელით მინდოდა „იურმალაზე“ გამოსულიყო, მაგრამ მივხვდი, რომ ჯერ ძალიან პატარაა, კიდევ სჭირდება დრო იმისთვის რომ დაიხვეწოს და კონკურენციას გაუძლოს. მაგრამ, ძალიან მიხარია, რომ ახლა, სულ რამდენიმე დღეში, მოსკოვში, „იურმალის“ შესარჩევ კონკურსზე რუსიკო ბახტაძეს თიკა ჯამბურია ჩამოჰყავს. დღესაც ველაპარაკე რუსიკოს და მოუთმენლად ველოდები. თიკას საქართველოდან კონკურენტი არ ჰყავს და, თუ გადაწყვეტენ, რომ „იურმალაზე„ ერთი კონკურსანტი ქართველი იყოს, ეს აუცილებლად თიკა იქნება. გადარეულები არიან „ჯეირანზე“, ძალიან მოსწონთ და, ვნახოთ, მათ გვერდით ვიქნები. თიკაზე გასულ წელს მეც ვფიქრობდი, მაგრამ, „ჯორჯიას“ ტრიუმფის მერე გადავწყვიტე, ერთი წელი დაგვესვენა, რომელიმე მონაწილის ხელოვნური დაჩაგვრა რომ არ მომხდარიყო. ერთი მომენტიც არის: „იურმალაზე“ ცოტა გული ამიცრუვდა. ძალიან ცუდად წერს პრესაც გავლენების შესახებ. „იურმალიდან“ წავიდა რაიმონდ პაულსიც, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა კონკურსის იმიჯზე, რადგან პაულსი ყველაზე სერიოზული მუსიკოსი იყო მთელ იმ გუნდში.
– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– უფრო ცოლის ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ, ვერც იმას ვიტყვი, რომ საქმე არ მაქვს და არაფერს ვაკეთებ. არაიკმა ფონდის გარკვეული საქმეები გადმომაბარა, რომელიც საავტორო უფლებებს ეხება – ამას აქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. მევალება იურისტებთან ურთიერთობა, არნო ბაბაჯანიანის მუსიკის უკანონოდ გამოყენება რომ აღმოიფხვრას. სხვათა შორის, მისი ნდობა გავამართლე (იცინის). ამას წინათ ბანკის რეკლამაში არნოს მუსიკა იყო გამოყენებული, და მაშინვე დავრეკე. სულ ბოდიშები მიხადეს და მეორე დღესვე გავაფორმეთ ხელშეკრულება. არ მეპარება არაფერი. გარდა ამისა, ელემენტარულად, მაღაზიებში გასვლა რომ გჭირდება, აქ იმხელა მანძილები და ისეთი საცობებია, რომ, მთელი დღე თვალის დახამხამებაში გადის. საღამოს ყოველთვის სტუმრები გვყავს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჩემთან იყვნენ ნუკრი კაპანაძე და ნუცა ჯანელიძე, ახლა რუსიკოს და თიკას ველოდები. მოკლედ, არ ვიწყენ. მთელი ცხოვრება ძალიან დატვირთული ვიყავი, ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებდი ყველაფერს, პრობლემები, უამრავი საკითხი ყოველთვის მე უნდა გადამეწყვიტა, ახლა კი, ვცდილობ, საკუთარ თავზე ნაკლები ავიღო და დავისვენო. ამ ჩემი ხასიათით, დამოუკიდებლობით, ჩემი ბუნებით შემიყვარა ამ ადამიანმა და, შესაბამისად, მხოლოდ სახლში „ჩამჯდარი“ მეუღლე არ სჭირდება. თუმცა, როცა დრო მაქვს, მას გემრიელ სადილებსაც ვუმზადებ და სახლში ფუსფუსიც მსიამოვნებს. გარდა ამისა, რუსეთში და ძალიან ბევრ მეზობელ ქვეყანაში, ხშირად იმართება არნო ბაბაჯანიანის საღამოები, სადაც სისტემატურად დავდივართ. ნოვოსიბირსკშიც კი ვიყავით, მინუს 35 გრადუსში. ოპერაში გაიმართა საღამო. უამრავი მიღებაა, საინტერესო კონცერტები და გამოფენები. პიკასო იყო ჩამოტანილი, რომელიც ვნახე. ახლა როდ სტიუარტი ჩამოდის და, ალბათ, მოვხვდები კონცერტზე.
– თბილისში რა სიხშირით ახერხებ ჩამოსვლას?
– კარგა ხანია, არ ვყოფილვარ, მაგრამ, აპრილის ბოლოს, ალბათ, მოვახერხებთ – არაიკი შემპირდა. თან, ეს ერთ ძალიან სასიამოვნო ამბავს უკავშირდება – ჩემი შვილი ცოტა ხნის წინ მეუღლეს დაშორდა, მიზეზებზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ, ამას საშინლად განვიცდიდი, რადგან ჩემი რძალი უზომოდ მიყვარს და მის გარდა ჩემს ოჯახში ვერავინ წარმომედგინა. ამას არაიკიც ძალიან განიცდიდა, რადგან გრძნობდა როგორ ვნერვიულობდი. მაგრამ ახლა ჩემს შვილს ისევ მოჰყავს ცოლი და ისევ ჩემი რძალი (იცინის), ანუ, მეორედ ქორწინდება თავის ცოლზე და ეს უზომოდ მიხარია. მართლა ძალიან დავმშვიდდი.
– აქ ძალიან ბევრ შრომასა და გულისტკენაში იყავი, მანდ როგორ გრძნობ თავს?
– აქ, იმდენად მშვიდად ვარ, რომ, ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი, მინდა, რამეზე გავბრაზდე, ცოტა ვიჩხუბო-მეთქი, მაგრამ, ეს არაიკმა არ გაიგოს (იცინის). ჩემთვის მთავარია, თბილისში ჩემიანები იყვნენ კარგად, თორემ, მართლა არაფერი მიჭირს, მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.