სად გადარია გოგონები ოხშივარიანი ცეკვით მიშა არჯევანიძემ და როგორ გაიტეხა მან თავი ღორის საჭმლით
მსახიობი მიშა არჯევანიძე სატელევიზიო სერიალ „ჩვენი ოფისის“ ყველაზე ბუნჩულა, მიამიტი და გურმანი მსახიობია. მართალია, ის რეალურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გურმანია, მაგრამ, მიამიტობისა და ბუნჩულობისა კი რა მოგახსენოთ. მიშა ძალიან დაკავებულია, თუმცა ძმაკაცებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დრო ყოველთვის რჩება და ვერც სახალისო, უხერხულ და სასაცილო ისტორიებს არიდებს თავს. ეს მისი ცხოვრების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
მიშა არჯევანიძე: კურიოზულ სიტუაციაში იმდენად ხშირად ვხვდები, რომ უკვე ვეღარც ვამჩნევ – ეს ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენა მგონია. მე რუსულ თეატრშიც ვთამაშობ და ქართულშიც. ყოფილა შემთხვევა, რუსულ სპექტაკლში ტექსტი დამვიწყებია და ქართული შემირევია. თან, ამ დროს ჩემი გამომეტყველება უნდა ნახოთ, – დარბაზი სიცილით იგუდება ხოლმე.
– ისეთი აღნაგობა გაქვს, კაცი რომ შემოგხედავს, აუცილებლად იფიქრებს, ეს კარგი სმა-ჭამის მოყვარული ადამიანიაო. დალევა თუ გიყვარს და პირველი დათრობა თუ გახსოვს – რა ხდებოდა მაშინ, დედამიწამ არ დაიწყო წაღმა-უკუღმა, აჩქარებით ტრიალი?
– უი, ეგ რა გამახსენეთ! პირველი დალევისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, პირველი დათრობა კი არასდროს დამავიწყდება. მაშინ 19 წლის ვიყავი. ყველა ამბობდა, დავლიე დავთვერი, ასე ვქენი, ისე ვქენიო. ვიფიქრე, ავდგები, მეც დავლევ, გამოვცდი, კაცო, რა არის ეს დალევა და რას მოვიმოქმედებ-მეთქი. თავისუფლების მოედანზე კაფეში შევედი ჯგუფელებთან ერთად. დავსხედით და დავიწყეთ დალევა. იმათ თავები დააწყვეს მაგიდაზე, მე კიდევ, ვისხი და ვისხი სასმელი მუცელში, მაგრამ, ვერ დავთვერი (იცინის) – არ მომეკიდა სასმელი. ბედი არ გინდა?! წლები ვცდილობდი საკუთარი თავის დათრობას და, ერთხელაც, ყურები რომ გამიხურდა და ნელ-ნელა მოვიდა ღვინის „პრიხოდი“, როგორც იქნა, მივხვდი, რომ დავთვერი. (იცინის). ისე, სიმართლე გითხრათ, დალევა მაინცდამაინც არ მიყვარს. სულ კარგ განწყობაზე ვარ, გინდა ნასვამი ვიყო და გინდა – ფხიზელი. ჭამაზე გამახსენდა ერთი ამბავი: „თბილისობაზე“ მეგობართან ერთად წავედი. გავიხედეთ, მაგარი ნამცხვარი იყიდებოდა. ეს ჩემი მეგობარი მივიდა, ჩუმად მოიპარა და გაიქცა. ვიფიქრე, ამაზე ნაკლები მჭამელი ვარ თუ რა-მეთქი. ავდექი, მეც მივიპარე, ჩუმად ავიღე ნამცხვრის ნაჭერი, გავიხედ-გამოვიხედე და ისე მოვძუძგე ამ ჩემი მოპარული ნადავლით, ვინ დამეწეოდა! (იცინის) კარგადაც შევირგე – ხომ იცით, მოპარულს სხვა გემო აქვს. ერთხელ კი გერმანიაში დამპატიჟეს დაბადების დღეზე. მასპინძელმა რომ დამინახა, ჩემი ჰაბიტუსიდან გამომდინარე, იფიქრა, ეს ნამეტანი მჭამელი ადამიანიაო, ხორცის დიდი ნაჭერი მომიჭრა და თეფშზე გადმომიღო. მეც, მეტი რა მინდოდა, თან მაგრად მშიოდა, მოვიმარჯვე დანა-ჩანგალი, მაგრამ, პირიც ვერ დავაკარე.
– რატომ?
– ნახევრად უმი იყო, იმას რა მაჭმევდა? შემეკრა კრიჭა. იფიქრა, ეტყობა ხორცი არ ესიამოვნაო და ყველი გადმომაწოდა. მეც ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მიყვარს ყველი. დავაღე პირი, უნდა გავიქანო და ჩავკბიჩო და, რას ვხედავ – ობიანი არ არის?! ამაზრზენობა იყო, საერთოდ შემეკრა კრიჭა. სალათას დავწვდი – ტკბილი აღმოჩნდა. მოკლედ, რასაც ხელი მოვკიდე, პირამდე ვერ მივიტანე. კუჭი სართულებიანს მაგინებდა (იცინის).
– სულ გადარბენაზე ხარ. ამის გამო კურიოზულ სიტუაციებში არ ვარდები?
– როგორ არა. ამას წინათ გიჟივით გამოვვარდი ქუჩაში, ძალიან მეჩქარებოდა. 46 ნომერ სამარშრუტო ტაქსის ველოდებოდი და სიჩქარისგან და დაბნეულობისგან 86 ნომერში ჩავჯექი. დაიძრა „მარშრუტკა“, მე კიდევ, საათს დავცქერი, გრიბოედოვის თეატრში რეპეტიციაზე მივასწრებ მისვლას-მეთქი და, თავისუფლების მოედნის ნაცვლად, საბურთალოზე არ ამოვყავი თავი?! გზას რომ აკეთებენ გმირთა მოედანზე, ვიფიქრე, ეტყობა, შემოვლითი გზით მიდის-მეთქი და, რომ „გაუბერა“, იმხელა ვუყვირე მძღოლს, გააჩერე-მეთქი, კინაღამ საჭეს გაუშვა ხელი და ფეხზე წამოხტა. (იცინის). ისე, საერთოდ, დაბნეული ადამიანი ვარ. კიდევ კარგად ვაზროვნებ, ამდენი საქმის გადამკიდე. ერთხელ, ტურბულენტურ ზონაში მოვხვდი ფრენის დროს და, აი, მაშინ უნდა გენახათ ჩემი პანიკა. გული გამეპარა, ძლივს მოვაბრუნე საგულეს. სტიუარდესას ვეხვეწებოდი, გააჩერეთ თვითმფრინავი, გააღე კარი, უნდა ჩავიდე, აღარ მინდა ფრენა-მეთქი. (იცინის). აი, მაშინ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. ბავშვობაში კი ისეთ ავარიაში მოვყევი, ძლივს გადავრჩი. მამაჩემს სოფელში ღორები ჰყავდა. აქ მეზობლები უგროვებდნენ ძველ პურებს და მერე მამას სოფელში მიჰქონდა ეს სურსათ-სანოვაგე თავისი ღორებისთვის. მოკლედ, მანქანაში უკან ჩამსვა და იქვე დადგა ეს პურებიანი ვედრო. უცებ ავარია მოუვიდა, თავი ვერ შევიკავე და ამ ვედროში აღმოვჩნდი. მერე იცინოდნენ, პურით როგორ გაიტეხე თავიო.
– ვიცი, ცეკვა გიყვარს და, ისიც გავიგე, ერთხელ იმდენი იცეკვა მიშამ, ბოლი აუვიდაო. მართალია?
– ცეკვა მართლა მიყვარს. მუსიკა რომ მესმის, უკვე კარგ ხასიათზე ვდგები და ხელებს ვშლი. არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. მიყვარს დისკოთეკაზე ცეკვა და რა ვქნა! მთავარია მუსიკა და – წავიდა!.. არ დამავიწყდება, ერთხელ, გერმანიაში, დისკოთეკაზე წავედი. გახურდა მუსიკა, გავხურდი მეც, თან, ცხელოდა. უამრავი ხალხი იყო, შენს გემოზე ვერ გაინძრეოდი. ქართველი რისი ქართველია – ავხტი სცენაზე და „შევუბერე“. ძალიან რომ დამცხა, ვიფიქრე, ცოტას შევისვენებ, გარეთ გავალ და გავგრილდები-მეთქი. გარეთ რომ გამოვედი, ზოგი კოცნაობდა, ზოგი ეწეოდა, ვინ ვის აბამდა, კაცმა არ იცის. უცბად, ყველა გაჩერდა და მე დამიწყეს ყურება. გერმანელი გოგონები პირდაღებულები მიყურებდნენ. დავიხედე მხრებზე და, გეფიცებით, მართლა ორთქლი ამდიოდა (იცინის). ალბათ, ის გოგონები ფიქრობდნენ, რა იცეკვა ამ მამაცხონებულმა, ასეთი ოხშივარი რომ ასდისო. კიდევ კარგი, სახანძრო არ გამოიძახეს და „პაჟარნიკებმა“ წყლის ჭავლი არ მომიშვირეს. რაღას ვიზამდი? ვითომც არაფერი, მხრებზე სულის შებერვა დავიწყე.
– მიშა, ცნობილი სახე გახდი. ქუჩაში, ალბათ, ყველა გცნობს. რა რეაქცია აქვთ შენს დანახვაზე?
– ყოველდღე ტელევიზორში ვარ და, მცნობენ, მა რა! ქუჩაში რომ შემხვდებიან, ახლობლებივით მიღიმიან და მესალმებიან. ხანდახან ჩავფიქრდები ხოლმე – ვა, კაცო, ხომ არ ვიცნობ-მეთქი. მერე ვხვდები, რომ ტელევიზორიდან მცნობენ. ერთხელ, ჩემი პედაგოგი შემხვდა, იმას ნამდვილად ვიცნობდი და ისიც მიცნობდა. მივესალმე, გადავკოცნე და მოვიკითხე. ვიღაც ქალი ახლდა, იმ ქალს მიუბრუნდა და უთხრა – ვერ იცანი? ეს ვასიკოა, ვასიკოო. გადავირიე – არა, კაცო, რა ვასიკო, მიშა ვარ-მეთქი. ასე რომ, საკუთარ პედაგოგს სხვაში შევეშალე, უცნობები ნამდვილად მცნობენ და არავისში არ ვეშლები. ბაზრობაზე კი გამვლელებს გამყიდველი ვგონივარ ხოლმე. ერთხელ, ელიავას ბაზრობაზე, მანქანის ნაწილების დახლთან შევჩერდი. ვიღაც მომიახლოვდა და გასაღების ტრიალითა და „ბლატნოი“ კილოთი მკითხა, რა ღირს „კალოდკაო“. გამეცინა და ვუპასუხე, რა ვიცი, ჯიგარო, რა ღირს-მეთქი. გაუკვირდა – ვა, გადამრევს ეს ხალხი, აბა, რისი გამყიდველი ხარ, თუ ფასები არ იციო (იცინის).
– ის თუ არის მართალი, ფილმის „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ გადაღებების დროს, მიშას სულ დახეული ტანსაცმელი ეცვაო? ეს ფილმისთვის იყო გათვლილი?
– ფილმისთვის კი არ იყო გათვლილი, მე ვერ მოვირგე ვერც ერთი პერანგი, ყველა ვიწრო მქონდა. ავდექი, ზურგზე ჩავხიე და პიჯაკი ისე შემოვიცვი. ნახევარი თბილისი ვერ მიხვდა ამას და თქვენ საიდან გაიგეთ? (იცინის) რას ვიზამთ, როცა გამოუვალი სიტუაციაა, გამოსავალი ხომ უნდა მოვძებნოთ? ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი: ჩავხიე ზურგზე პერანგები, მშვენივრად მოვირგე დახეულ-დაპრეწილი და თავისუფლადაც ვითამაშე ჩემი როლი.