კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-14(484)

უხ, შენი, რა გამახსენდა!

„სტროგი“ რეჟიმში იყო ერთი ტიპი, რომელმაც სიმთვრალეში ნაჯახით დაჩეხა მეორე ტიპი და, რომ გათავისუფლდა, ძმაკაცი ლიოხა შეჭამა. არა, უცბად ხომ ვერ შეჭამდა, დაანაწევრა გვამი, უვარგისი ნაწილები მოტეხა და დანარჩენს ასაღებდა, „სამაგონზე“ ცვლიდა. „აპრავდანია“ თავის გაგებაში აქვს...ძაღლის ხორცად ასაღებდა და, რადგან ცნობილია, რომ ძაღლის ხორცი ტუბერკულოზის წამალია, გარშემო კი უამრავი ლაგერნიკია, ლიოხას ხორცი დრიგინით წავიდა. ახალ ვლასტში მოხვდა და ოცდაოთხი წელი მიუსაჯეს. ვა, რა საინტერესოა, ეგეთი გიჟური რაღაცეები ჯერ საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ შორია გურჯისტანამდე?!

– ფისო, გაშრა ყელი!

– კარგი, რა, მაცადე ერთი წუთით, მურაბას ვურევ, ძირზე მიიწვავს, აქეთ ეს საჭმელი კიდევ, – გამომკივის უკვე თავმობეზრებული ფისო.

დედაჩემი ლაგერში რომ ჩამოვიდა, ყველაფერთან ერთად, ნახევარკილოიანი ქილით ვარდის მურაბა ჩამოიტანა. კავკასიელების საკვების შმონზე ცალკე ხომ არ გამოყოფდნენ მომსახურე პერსონალს, მით უმეტეს, რომ ერთი-ორი დავკინკილობდით. საიდანღაც სომეხი „ძაღლი“ იპოვეს და ეუბნებიან, აბა, რა არისო? სომეხმა გასინჯა და დაადასტურა, რომ ვარდის ფურცლების მურაბა იყო, ხოლო დანარჩენი – ნიგოზი და სუნელები. კინაღამ ჭკუიდან გადავიდნენ... ბაჟეს მასალა ჯანდაბას, მაგრამ ვარდის მურაბა გაგონილიც არ ჰქონდათ. ესღა გვაკლდა, რეციდივისტებს ვარდის ფურცლების მურაბა ვაჭამოთო, „კიოდა“ რეჟიმის უფროსი, მაგრამ რას იზამდა, „სვიდანიას“ მურაბის გამო ხომ ვერ გააუქმებდა. ახლა ეს ჩურჩუტელა ქალი რის მურაბას აკეთებს ისეთს, რომ ჩემი ყელის გაშრობად ღირდეს? არადა, თვითონ მიმაჩვია, დამსვამს ფადიშაჰივით და კაიფობს, რომ მაოცებს. არა, თვითონ პლებეი არ არის, მაგრამ ამოუცნობი მოსიარულე ობიექტი კი არის... მე თვითონ არ ვიცი, ვინ არის...

– ფისო!..

ფისუნია შემოდის ლამბაქით, და კოვზით, რომელიც ვიცი, რომ ჩემთვისაა განკუთვნილი.

– ფისო, ეს მალინაა? – ჩავიტკბარუნე პირი, – ამას ჩეფირი, იცი როგორ მოუხდება?

– მეტი საქმე არ მაქვს. ეს საჩეფირო კი არა, გაცივების დროს უებარი საშუალებაა – ეს ერთი, მეორე – ამას ჟოლო ჰქვია, – განმარტა ფისომ და შემომხედა იმის მოლოდინში, როდის ვეტყოდი, აუ, რა კარგიაო.

არ ვაქებ. ქება ქალებს კი არა, ძაღლს უვარდება თავში.

მერე რა, რომ ჩემი სიცოცხლეა, არ შევაქებ. არ ეყოფა, რასაც ვაბლატავებ?

ხანდახან იმაზეც მიფიქრია, რატომ გვენანება კაცებს საყვარელი ქალისთვის მადლობის, „მენატრების,“ „ჩემო კარგოს“ და მსგავსი რამეების თქმა. რა, ჩინ-მედლებს ჩამოგვართმევენ თუ რა! ვიღაც უცნობ ქალს, მეორედ რომ ან შეხვდები და ან არა, ფიანდაზად გავეგებით და ზედ გადავყვებით, მაგრამ საკუთარს – არა, რატომღაც – არა.

– ფისო!

– ჰოო.

– მოდი აქ, სასწრაფოდ!

– რა იყო? – გაოცებული შემოვარდა ფისო, – რა გჭირს!..

– ჩქარა, უნდა გაკოცო, ჩქარა, ჩქარა, ჩამეხუტე!

ასეთ დროს, ასე უაზროდ და ასე დაუფიქრებლად, არავინ მოიქცევა ფისოსავით. ყველა ქალი იკითხავდა: „რა მოგივიდა”?, „მოიცადე, გამოვრთავ და მერე“ ან რამე მსგავსი, მაგრამ ფისო არის ფისო.

რაც მისაწვავ-დასაწვავია დაიწვას, მაგის დედაც...

* * *

„ასობში“, ძალიან ცოტა ხნით მქონდა შეხება, მეგრელი იყო, ზურა, იშვიათი ტიპი. სიგარეტი ჰქონდა მოგებული ერთთან. გაიგო, რომ ამ ტიპმა ფული დაიჭირა, სიგარეტიც, მაგრამ ვიღაცასთან თქვა, ცუციკების მეტი რა არის, ენა, მიუტანეს ჯðóçèí ïîჰîæჰ¸ò-ო. ძველი ბიჭია, ტო! შეიყვანა სამუშაო „ბუტკაში“, შიგნიდან ჩაკეტა კარი და შიგ გულში ჩაარჭო დანა. ზურას დახვრეტას უსჯიდნენ და მერე შეუცვალეს თხუთმეტი წლით. ვაჟკაცი დედა ჰყავდა. მგონი, ნახევარი ოჩამჩირე ჩამოზიდა და შვილი დახვრეტას გადაარჩინა. საწყალი ზურა სვაბოდაზე მოკლეს. მიდის ქუჩაში, თურმე, და ხედავს, სამი 18-20 წლის ბიჭი ბებერ კაცს სცემს. რას შვრებით, თქვენიო... ზურგში ჩაარტყეს დანა და... დედამ ვეღარ უშველა. ერთი ჰქონდა აკვიატებული ცხონებულს, ვაჟკაცი რუსი მე არ გამიგიაო.

– ფისუნია, მარტოს მომწყინდა, ადე, რა?!

– მაცადე, რა, რაღაც უაზროდ მეძინება.

– ჩემი ფისო-ფისო, ადე, რა!

– ოოჰ! – იზმორება ფისო, – ჩაიხვიე?

– ფისო, გინდა იწექი და აქ მოგიტან რამეს?

– ლოგინში რა უნდა მომიტანო, – უხალისოდ მპასუხობს ფისუნა და ვატყობ, ძილი ყველაფერს ურჩევნია.

– ჩაი შენ არ გიყვარს და ყავა, რა მოგიტანო? – მე თვითონ დავიბენი.

სხვა რა შეიძლება მიართვა საყვარელ ქალს ლოგინში.

– ჩაქაფული მომიტანე, ოღონდ, გააცხელე, – თვალი არ გაუხელია, ისე მიპასუხა.

– ჩაფაქული საიდან მოგიტანო? – კინაღამ ტანსაცმლიდან ამოვხტი.

– აბა, რას მეკითხები...

– გოგო, რა უჟმური გჭირს?

– მე რომ გაგაღვიძო, კარგი იქნება? ხომ ხედავ მძინავს – „ადე, რა“?! – გამცინა ინტონაციაზე.

როცა ვიცი, რომ მარტო ვარ, იმდენად არ მაღელვებს მარტოობა, მაგრამ, როცა აქვე, ჩემ გვერდითაა, ოღონდ არ არის – არ შემიძლია...

ერთი თათარი „პრესტუპნიკი“ იყო, კაი ტიპი, მერე მოკლეს. ერთხელ მეუბნება:

– როგორ ასწორებს, ქალს რომ აჭრაჭუნებ, არა?

აზრი გასაგები იყო, მაგრამ ვეღადავები.

– ქალი როგორ იჭრაჭუნებს, რას ამბობ?

– ე, მა საწოლზე რო წევს და შენც იქა ხარ, არ იჭრაჭუნებს?

– ბიჭო, საწოლი ჭრაჭუნობს, ქალი კი არა.

– ე, თუ ქალი არაა, საწოლი როგორ იჭრაჭუნებს მარტოკა?

ერთი ხანობა მოსკოვში ჩალიჩობდა, საკაიფოდ იყო. ერთ დღეს შედის სადარბაზოში და ლიფტი უკვე ჩამომდგარია, ხალხიც შესულია და ესეც შევარდა. ორი მთვრალი მილიციელი და ერთი მთვრალი გოგო არიან. არადა, ეს იარაღს არ ატარებდა, დანას ხმარობდა მაგრად და ყოველთვის თან ჰქონდა დამასკური ყამა. ამ რუსმა როჟებმა რომ შეხედეს ამ ყვავივით შავ თათარს, ეგრევე მიხვდნენ, რომ კავკასიელი იყო და რუსული შოვინიზმი გაუშვეს, რა იციან, ვის ეუბნებიან „ცè, ÷åðíîæîïûé, êóჰჭ òû ëåçåøü!“ ამან ჯერ წყნარად უთხრა, ნორმალურად ილაპარაკეო, მაგრამ იმან რომ კიდევ გააგრძელა შეურაცხყოფა, დააძრო ყამა და გამოუსვა ყელში. ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო და ამან მოხია. იმ მილიციელის თანმხლები გოგო და მეორე მილიციელი ყელგამოჭრილს ეცნენ, ამის დარდი ვის ჰქონდა. ვკითხე:

– ბიჭო, ორივე „ძაღლს“ იარაღი ზედ ჰქონდა, მეორემ რატომ არ დაგიშვა?

– ე, იმან რო ხრიცინი დაიწყო, იმას ეცნენ...

არადა, მაგარი „ისპალნიტელი“ და გულიანი ბიჭი იყო. სადაც საქმე ჰქონდა, იქ სამი სული ქურდი ელოდებოდა ამის მისვლას, ეს არიფი კიდევ ლიფტში ყელს სჭრის ტიპს, თან – ვის, მილიციელს. ატყდა მთელი ამბავი. წავიდა მთელი სადარბაზოს გაშმონვა. ნახეს სამი კავკასიელი, დაასკვნეს, რომ ეს იმათთან მიდიოდა და სამივე ააგდეს. ქურდებს თავი ქუდში აქვთ – თვითონ ლიფტში არ ყოფილან, მაგრამ ეს ხომ არიფია და ნაღვლობს, რომ მის გამო ქურდები ააგდეს. იფიქრა, იფიქრა და მშვენიერი არიფული გადაწყვეტილება მიიღო – ადგა და თავისი ფეხით გამოცხადდა მილიციაში. ეგენი არაფერ შუაში არ არიან, მე ვიყავიო... სიალალით მოუვიდა. რვა წელი მიუსაჯეს. გაოცებული იყო, ე, რა იაფი ყოფილა მილიციელის მოჭრა, რატომ აქამდე არ ვიცოდი, უფრო კარგი მოსაჭრელი მყავდა თბილისშიო...

ერთგან ვართ და ერთის ნათესავი, ყოფილი მილიციელი გაიჩითა. ტიპი დაიბნა, აღარ იცის, რა ქნას, რა თქვას. მაგარი გოიმი ბიძაა, ეტყობა რომ პირველად ნახა ასე ახლოს და ამდენი „შავი“ ერთად. ცოტა რომ შექეიფიანდა, არავის არაფერი უკითხავს, თვითონ დაიწყო დაფიცება, მე მარტო ხულიგნებს ვიჭერდი, ქურდებსა და ძველ ბიჭებს არ შევხებივარო. თავისი ბიძაშვილი ვეღარ აშოშმინებდა. კაცს ტირილი უნდოდა და მიზეზს ვერ პოულობდა. დაბერდა ტიპი და მერე მიხვდა ბევრ რამეს. რაზეც იმას გული უჩუყდებოდა, ის სინანული იყო, რომელიც მაშინ არ განუცდია, როცა ვინმეს ცოლ-შვილსა და დედას უტირებდა... შეიძლება მე ახლა ძალიან გავაკეთილშობილე და სულაც ის ატირებდა, რა კაი ბიჭები არიან, არცა მცემენ, არცა მკლავენო, მაგრამ იმის ნათქვამში ერთი რამ საგულისხმო იყო – „მარტო „ხულიგნებს“ ვიჭერდიო. მართლა გოიმი ბიძა იყო, მაგრამ „Õóëèჯჭíñêჭÿ ìჭñòü“ ქურდულში რომ არ ჯდება, რაღაცნაირად გააზრებული ჰქონდა. ბებიმაგისამ, დანარჩენებზე ხომ ლოცულობდა, რა!

– ფისუნია, სად მისუნსულებ?

– მშია!

– მე არ მაჭმევ?

– ვინც არ მუშაობს – ის არ ჭამს.

– ააუფ! ააუფ!

– რას ყეფ?

– თუ არ მაჭმევ, გიკბენ!

– სად მიკბენ?

– სადაც მოგწვდები... და ნუ მეგლახავები ახლა! არ მიმუშავია, არ ვმუშაობ და არც არასდროს ვიმუშავებ!

– ჰო, აბა, როგორ არა, ისე გაგაჩერებდნენ ლაგერებში, რა! – სიტყვას არ მარჩენს ფისუნია და სამზარეულოდან გამომძახის.

ახია ჩემზე! თუ რამე უკან მიბრუნდება ამ პატარა ჩურჩუტელა ქალისგან, უნდა ავიტანო. რაღაცას ყურს მოჰკრავს და ჰგონია, ყველაფრის აზრზეა.

ლაგერში რაც ხდება, მარტო ლაგერნიკებმა იციან... რაღაცას რომ მოყვები, ის უკვე ამოგლეჯილია ერთი მთლიანიდან, მოსასმენადაც ადვილია და მოსაყოლადაც, იმიტომ, რომ დრო თავისას შვრება, მაგრამ რეალურად სულ სხვაა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაღს გასვამს ტვინზე, ფსიქიკას გირყევს. ვიღაცა რომ სამი წლით რუსთავში გაკატავდება, აუ, რა მაგარი ტიპიაო! მაგრამ ეს – საქმეში ჩაუხედავი გარშემო მყოფებისთვის, თორემ, თვითონ უკეთ იცის, რა ტიპიცაა. ვიღაცას შეიძლება შვიდი ნასამართლეობა ჰქონდეს, რეციდივისტი იყოს, ლაგერნიკი, მაგრამ შინაგანად სულაც არ იყოს „ბლატნოი“...

ფისუნიას როცა ვუთხარი, რომ რეციდივისტი ვიყავი, პასუხად მითხრა – მე კიდევ „მურკა“ ვარო. ვერაფრით დავაჯერე, სანამ ñïðჭâêჭ îñâîხîæჰåíèå და ჩემი სურათი არ ვაჩვენე ზოლიან ტანსაცმელში. გაოცდა. მე რეციდივისტი სულ სხვანაირი წარმომედგინაო. ფისოს ეგონა, რეციდივისტი უნდა ყოფილიყო უზრდელი, უწიგნური, უტვინო, სასტიკი და, საერთოდ, რაც კი რამეა უარყოფითი თვისება, ყველაფერი მას უნდა ჰქონოდა შეთვისებული; რაც მთავარია, რეციდივისტი აუცილებლად მკვლელი უნდა ყოფილიყო. თავიდან ეტირებოდა, რომ მიყურებდა, მეცოდებიო. გამიკვირდა. თურმე, იმიტომ ვეცოდებოდი, რომ სინამდვილემ შეარყია მისი არსება. იმდენად განიცდიდა, რომ იქით ვამშვიდებდი, ნუ მგლოვობ, ქათამს ვერ დავკლავ და შველს ვერ მოვკლავ, თორემ ადამიანს არ დავინდობ-მეთქი. მარტო ფისომ იცის ჩემი სისუსტეები, მარტო ფისომ იცის, როგორ მიხარია, როგორ მწყინს, როგორ მტკივა... დამადგება თავზე და მშვენივრად მაკეთებინებს იმას, რაც თვითონ უნდა; როცა გავაკეთებ და თან დიდი მონდომებითა და სიხარულით, მერეღა ვხვდები, რომ მე კი არ მინდოდა ასე, ფისოს უნდოდა. ქალს თუ ოდნავ მაინც აქვს ჭკუა, ბრძენსაც კი გააბრიყვებს.

– ფისო-ფისო, ვასოს არ დაურეკავს?

– რომელს, შოთას?

– შალვას.

– არა, – იცინის ფისო-ფისო.

ერთი ახლობელი ტიპია, კაი ბიჭი, მომპარავი. საქმეზე ვართ. ნათქვამი გვაქვს, რომ ბაითიდან გამოსვლისას ეგრევე დავიშლებით და სხვადასხვა მხარეს წავალთ. მაშინ ერთი-ორჯერ მყავდა ნანახი, უბრალოდ, კარგი რეკომენდაცია ჰქონდა, თორემ, ორჯერ ნანახ კაცთან საქმეზე რა წამიყვანდა, ისედაც „ნადზორი“ მყავდა, სამ დარღვევაზე უკანვე დამაბრუნებდნენ ჩემს „მშობლიურ“ არხანგელსკში. მოკლედ, დავიშალეთ. რაღაც სასწრაფოდ სათქმელი გამომიჩნდა და უკვე დაახლოებით ოცი მეტრით დაშორებულს გავძახე: ვასია! ტიპმა ხელი ამიქნია და უკანმოუხედავად გააგრძელა გზა. ვა, ვფიქრობ, ეს დეგენერატი ვინმეა, ყურებს ავახევ ამ ლაწირაკს, რა ხელი ამიქნია, ვიღაცაში შეშლა როგორ უნდა ვასწავლი-მეთქი... მეორე დღეა. ველოდებით, უნდა მოვიდეს ტიპი და აგვიანდება. გიჟს ვგავარ. ვრეკავ, მპასუხობენ, რომ შოთა არავინ არ ცხოვრობს. ვისგანაც გაიჩითა, ის ძმაკაცი სახლში არაა. დავდივარ ოთახში და ვიგინები. ძმაკაცი მამშვიდებს, მაგრამ მე რა დამამშვიდებს! გუშინ ხელი ამიქნია, დღეს არ მოდის, ტელეფონი სიაფანდი მომცა... კარზე ზარია. გავხედე „ვალჩოკში“ – ისაა. კარშივე ხომ არ ვეცემოდი, მთელი სადარბაზო გაიგებდა. ისიც წყნარად შემოვიდა და ის არის, პირი გავაღე და თვითონ მეცა: „რა იყო, ძმაო, მწვავ“? ე, ამას უყურე ერთი! ბიჭო, შენ ხელებს ვის უქნევ-მეთქი. მე ჯერ გუშინდელს ვარკვევ, მერე ტელეფონისა უნდა გავარკვიო, მერე ჩემს ძმაკაცს ვიპოვი და იმას უნდა გავურჩიო საქმე ამის გამო...

მე ვიცინე, იმდენი არ მიცინია ცხოვრებაში საღ ჭკუაზე.

მე ხომ ვიცნობ, რომ შოთა ჰქვია, თურმე, პასპორტში ვასილი უწერია, მთელი სანათესაო კიდევ შალვას ეძახის და დედამისს წარმოდგენა არ აქვს, ამას თუ შოთაც ჰქვია. აუ, რა ვიცინე, თირკმელები ლამის ჩამეკეტა. ეს ჩემი ძმაკაცი დივნიდან ჩამოცურდა, ფეხზე ვეღარ დგებოდა. ეს ვასილ-შოთა-შალვა გვიყურებს და ვერ ხვდება, ამ ბებერ ხალხს რა გვაცინებს. მაგარი პრიკოლი იყო... არადა, კაი ბიჭია. ეს ამბავი მოყოლილი მქონდა ფისოსთვის და, პირველად რომ ნახა, საძინებლიდან ვეღარ გამოდიოდა. გააღებს კარს – მიხურავს, კიდე – კიდე. ვიფიქრე, რამეს ხომ არ მანიშნებს-მეთქი. თურმე, უნდა, რომ გამოვიდეს, მაგრამ გაახსენდება ეს ამბავი და სიცილი უტყდება. დარეკვა რომ მოგვინდებოდა, ერთმანეთს ვეკითხებოდით, სანათესაოში რას ეძახიანო?

– ფისო, ხო იცი, კიდევ ვის მოუვიდა ეგეთი იაღლიში, ბადრიას.

– ვის აქვს კიდევ სამი სათაური...

– ტიღას, ჩვენს თენგოს ივანე რქმევია.

– შენც ხომ ორი სათაური გაქვს, სხვაზე რა გაცინებს, – დამეჯღანა ფისო.

– ე, აღარ მახსოვდა.

– რა გამკვირვებია, იცი? თუ შვილს ის არ უნდა დაუძახო, რასაც არქმევ, მაშინ რატომ არქმევ? რატომღაც ჩემს შვილს გიორგის ნაცვლად ტოლიკა რომ დავუძახო.

– ტოლიკა საიდან მოიტანე, გოგო!

– ჰოდა, გიორგი და ტოლიკა რომ ცა და დედამიწასავითაა, სწორედ მაგიტომ მოვიგონე.

– შენ იცი, 1969 წელს გარიკას მამა იჯდა სიდაში და მაგარი ამბავი მოხდა. ზუსტად იმ დღეს გარიკაა ჩასული „პერედაჩით“. ერთი სული აქვს, მამა ნახოს და ამ დროს ატყდა განგაში, ჩაიკეტა ყველაფერი და დარჩნენ მნახველები „პერედაჩით“ ხელში. მერე გარიკას მამამ მოყვა. სიდაა რა, პატიმრები ჩაიში დაჰყავთ სამუშაოდ. ქურდები და ძველი ბიჭები, როგორც წესი, არ მუშაობენ, მათ მაგივრად ბრიგადა უბერავს. ერთი ოდესელი ტიპია „მარიაკი“, სულ ზოლიანი „ტელნიაშკა“, ეცვა, ცოცხალი თავით არ გადის თურმე სამუშაოდ, არადა, „მუჟიკია“, რა! ადმინისტრაციას გამოუცხადა, არ გამიყვანოთ სამუშაოდ, თორემ გავიქცევიო. ადმინისტრაციას სიცილად არ ეყო. ძალაობით წაიყვანეს ტოლიკა. გავიდა ბრიგადა ჩაიში და გაიშალნენ პატიმრები. წავიდა მუშაობა. ცოტა ხანში „სტროიში“ ჩადგომის ბრძანება გაისმა. პატიმრებს კი გაუკვირდათ, მაგრამ ბრძანებას დაემორჩილნენ. მოეწყო ბრიგადა, რომელსაც შეუერთდა განიარაღებული „კანვოი“ და ჰაიდა, შინისაკენ! ოთხი ავტომატი მხარზე აქვს გადაკიდებული „მარიაკს“, ერთი მომარჯვებული და მიაცილებს ბრიგადას. განგაში ატეხილია, ყველა სტარტზეა, მაგრამ ხედავენ, რომ „მარიაკი“ არაფერს აპირებს, ეს ხალხი მძევლად არ ჰყავს აყვანილი. მივიდნენ ადმინისტრაციულ შენობამდე, დაყარა „მარიაკმა“ იარაღი და საქვეყნოდ გამოაცხადა, მეორედ აღარ წამიყვანოთ სამუშაოდ თორემ გავიქცევიო და მორჩილად დადგა. იმ დღის შემდეგ აღარავის უთქვამს, სამუშაოზე გადიო, არხეინად წამოგორებული მიაგორებდა მისჯილ წლებს.

– რა კაი ტიპი ყოფილა? – ლაღობს ფისო.

– კაი ტიპი კოტესთან იჯდა. აბა ის იყო, აი! „გრუსტნის“ ეძახდნენ. რვა წელი ჰქონდა მისჯილი და რვაჯერ არ გაუღიმია, გაცინებას ვინ ჩივის. მეორე სროკი იყო, მაგრამ ბუნებით პრესტუპნიკი არ იყო. თურმე პლანი ევასებოდა მაგრად და, რომ დაბოლდებოდა, მაგარ პრიკოლს იჭერდა. ცოლი საშინლად ბრაზდებოდა, დაბოლილს რომ დაინახავდა, მაგრამ ამას სულ ფეხებზე ეკიდა. „ფòîხ òû çჰîõ,“ – დასძახოდა ცოლი, მაგრამ გაგიგონია? მომარაგებული ჰქონდა პლანი და უბერავდა. მე შენ გეტყვი და, ფულს იხდიდა თუ რა! მძღოლად მუშაობდა კანაპლიას პლანტაციაში. ტანსაცმელს ვინ ჩივის, თუ სადმე რამე გამოწეული ადგილი ჰქონდა კომბაინს, ყველგან პლანის მტვერი იყო დადებული ერთ სანტიმეტრზე. გადაუსვი ხელი და მოაგროვე. „ძაღლებიც“ კაიფობდნენ და იყვნენ ყველანი შეხმატკბილებულები.

– ვის უნდა, კაცო, პლანის პლანტაციები? – თვალები შუბლზე აუვიდა ფისოს.

– ახლა კიდევ არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რომელიღაც ქსოვილს კერავდნენ.

– გადავირიე...

– რა გადარევა უნდა, შე კაი ქალო, ამაზე გადასარევი აღარაფერი გაგიგია?ყველაზე დიდი მაფიოზი სახელმწიფოა... ჩემს ახალგაზრდობაში, პლანი რომ იყო ასაღები, ბარიგას დიდი მცოდნეებივით ვეკითხებოდით: რომელი პოლიადან არის? – ისიც დიდსულოვნად გვეტყოდა: ბომბაა! ძალიან ვიცოდით რა, სულ დანომრილი გვქონდა ყანები და მინდვრები... ჰოდა, „გრუსტნი“ დაბოლილია თურმე და გაახსენდა, რომ ცოლი ჩამოდის იმ ღამეს. გამოაჩოჩა ტახტი შუა ოთახში, თავთან დადგა ტუმბო, მოამზადა სანთელი, თეთრი ზეწარი, ჩაიცვა შარვალ-კოსტიუმი, გაიმზადა ჰალსტუხი, გაიპარსა პირი და ყველაფერი ისე მოაწყო, როგორც ახალ გარდაცვლილს შეეფერება. ტუმბოზე შეკეთებული „ტარიანიც“ დაიდო და ელოდება ცოლის შემობაკუნებას. ტიპი ფიქრობს, რა მაგარი კაიფი იქნება, რომ ნახავს რა ცუდია ჩემი სიკვდილი და როგორ გაუხარდება, ცოცხალს რომ აღმომაჩენს, აღარ დამიშლის პლანის მოწევასო. მიაღწია ცოლმა სახლამდე, საკუთარი სახლი ჰქონდათ, შეაღო კარი და ეძახის ქმარს. ხმას არავინ სცემს, მაგრამ ზალაში შუქი ანთია. როგორც ჩანს, ცოლმა იფიქრა, ისევ კაიფშიაო და გზაშივე დაიწყო ქოთქოთი „ფòîხ òû çჰîõ“! შეაღო კარი და ხედავს, გარდაცვლილ ქმარს თავთან სანთელი უნთია და ხატია დაბრძანებული. ატირდა, მაგრამ რას ატირდა, თურმე. იმასაც ვერ ახერხებს ზეწარი გადასწიოს. ბედია, თორემ, რომ გადაეწია, ხომ დაინახავდა გაღიმებულ ქმარს გამობლეტილი სახით, მაგრამ ქალია, რა, უყვარდა თავისი ქმარი და მოსთქვამს, ტირის სიტყვებით – ჩემი ბრალია, სულ რომ გწყევლიდი, აგიხდა. მოგეწია პლანი, რამდენიც გინდოდა, ოღონდ არ მომკვდარიყავი, ოღონდ ცოცხალი მყოლოდი, ჩემო სიცოცხლეო, და ასე შემდეგ, რა! ამის გაგონება უნდოდა „გრუსტნისაც“. გადაიშვლიპა ზეწარი და ჩაეხუტა ცოლს. ცოლმა ერთი კი შეავლო თვალი საკუბოვედ გამოწყობილ ქმარს, გრძნობა დაკარგა და სული განუტევა. გული გასკდომია საწყალს... „გრუსტნი“ განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. ექსპერტიზის დასკვნით, ცოლი თვე-ნახევრის ფეხმძიმეც ყოფილა და ამან არ იცოდა... ხედავ, კაცს ხუმრობა უნდოდა და რა გამოუვიდა? ამიტომ არ მიყვარს უაზრო ხუმრობები. შენ რომ გამომიხტებოდი ხოლმე იმ უშუქობაში მოულოდნელად სადღაციდან და დამძახებდი ბუო, მაგიტომ გეჩხუბებოდი.

– ვა, მე გეთამაშებოდი, გაშინებდი.

– შენ რა უნდა შემაშინო, გოგო... მე შიშის გამო კი არ ვხტოდი. მოულოდნელად, ჩაფიქრებულ ადამიანს რომ ხმამაღლა მიესალმო, შეიძლება იმასაც გული გაუსკდეს. პახმელიაზე, შიშები რომ აქვს ადამიანს და ქუჩაში მიდის, მანქანა რომ დაასიგნალებს, იცი, რა ემართება? იმიტომ მძულს ის საახალწლო სატკაცუნოები. თან, ეს ლაწირაკები ფეხებში რომ უფეთქებენ ქალებს! თუ ემოციური პიროვნებაა, შეიძლება გარეკოს, ან იქნებ, ფეხმძიმედაა... ფისო, რა ლამაზია ფეხმძიმე ქალი არა?

– რა ვიცი, მე მაგ კუთხით არ შემიხედავს, – დამნაშავესავით შემომხედა ფისომ.

– როგორ მევასება, იცი, კაი ვაჟკაცი ტიპი გვერდზე რომ მიჰყვება ფეხმძიმე ცოლს... აუ, მაგარია! მაგარი სიამაყის გრძნობა იქნება, არა?

– რა ვიცი, კაცო! მე ცოლი არა მყოლია და...

– ვაჟკაცი ხომ იყავი, რა, ფანტაზიის უნარი არ გაქვს? – გავაბანძე ფისო.

– ვინ არის ეს! ბიჭო, ვაჟკაცი თუ არა, ორსული ხომ ვიყავი, რა გინდა, რას გადამეკიდე მაგ შენი კაცური ფანტაზიებით?

რატომღაც გუნება გამიფუჭდა. მე თვითონ არ ვიცი რა მომივიდა. ისეთმა ბოღმამ შემიპყრო, ლამის სანერწყვე ჯირკვლები დამისკდა. რა მინდა, მე ვერ გავრკვეულვარ და ფისოს რას ვერჩი. იქნებ, ბოლომდე სრულყოფილად ვერ ვგრძნობ თავს. მთელი ცხოვრება დაჭიმული ვარ, ვიბრძვი, გაფაციცებული ვარ ყველა და ყველაფერზე, მუდმივ გათვლებში ვარ და ამ ორომტრიალში რაღაც გამეპარა ისეთი, რაც ახლა მღრღნის. წავალ ამ ქვეყნიდან და დარჩება მარტო ეპიტაფია, ჭიქის ამწევი და შენდობის მთქმელი აღარავინ იქნება, ჩემს საფლავსაც შამბი მოედება. რა შევქმენი ამ ცხოვრებაში ისეთი, რაც ფასეულია – არაფერი. აბა, რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე. მე ხომ ერთი ხეც არ დამირგავს, რომ მისი ჩრდილის ქვეშ ვიღაცამ თავი შეაფაროს და შენს დამრგველს გაუმარჯოსო, თქვას... აგური აგურზე არ დამიდევს ჩემი თავისთვის, ლექსი არ დამიწერია, რომ ვიღაცას მაინც ემღერა... აბა, ვინ ვარ მე, დღეის კაცი, რომელიც იმ წუთშივე გაქრება, როგორც კი სული იტირებს და მერე თავის გზას გაუყვება, უსახელო მგზავრი... ფისო რა ჩემი დანატოვარია, მამამისისაა და დედამისის, მე, მე რას ვტოვებ, მარტო სახელს, რომელიც ფოთოლზე სწრაფად გახუნდება, თუ სიცოცხლესთან დამაკავშირებელი არავინ იქნება... უნაყოფო ხე ვარ, რომელიც უნდა მოიჭრას...

– ფისო, უნაყოფო ხე უნდა მოიჭრას, არა?

– რატომ, რას ერჩი ალვის ხეს? – გაოცებულმა შემომხედა ფისომ.

– ალვის ხე რა შუაშია, ადამიანზე ვამბობ.

– უშვილოს გულისხმობ?

– ჰო, რა, ვისაც შვილი არ დაუტოვებია, ვისაც ახალი სიცოცხლე არ შეუქმნია, არ ვიცი, როგორ აგიხსნა, რისი თქმა მინდა, ისიც არ ვიცი.

– არ გინდოდა და არ შეგიქმნია... მაგრამ სიცოცხლე ხომ შეგინარჩუნებია ადამიანისთვის, ეს ხომ იგივე სიცოცხლის ჩუქებაა...

– კარგი, რა! მე არავისთვის შემინარჩუნებია, ღმერთის გაკეთებულ სიკეთეს მე ნუ მომაწერ.

– აბა, რა გიყო?!

მე ხომ დავიგრუზე, ამ ფისოს რაღას ვგრუზავ, რა ეგოისტივით ვიქცევი... მაგრამ გასკდა გულიც, თავიც... ეს რა ნაღველი ავიკიდე მოულოდნელად, რა კარგ გუნებაზე ვიყავი. „გრუსტნის“ გახსენებამ დამგრუზა. ვითომ იმაზე მინდოდა აქცენტის გაკეთება, რა საკაიფო აზრი მოუვიდა თავში-მეთქი და ის ვეღარ მოვტვინე, რომ ტრაგედია დატრიალდა. ამდენი წელია ვიცი „გრუსტნის“ ისტორია და არასდროს განმიცდია, არ გამითავისებია, ახლა რა დამემართა... მე ასეთ რაღაცას არ გავაკეთებდი, აზრად არ მომივიდოდა, მაგრამ შეიძლება, უარესი რამე მექნა. ასეა თუ ისე, შედეგი რომ იგივე ყოფილიყო, ტყვიას დავიხლიდი პირში და გავასხამდი ტვინს...

* * *

– ფისო, გძინავს?

სადაა ფისო, სად გაძვრა ასე შეუმჩნევლად?! ფისო ღიღინებს. რა სასაცილოა მოღიღინე ფისო, ასე მგონია, თანამედროვე ესტრადის „ვარსკვლავებმა“ გარემიქსება ფისოსგან ისწავლეს. აბა, სხვა რა ვიფიქრო, ფისოს სიმღერა ვინ გაიგონა...

– ფისუნია, რას აკეთებ? – თავზე დავადექი სამზარეულოში მოღიღინე ფისოს.

– საჭმელს ვაკეთებ, თან ვრეპავ, – მშვენიერ გუნებაზეა ფისო.

– საღოლ მითქვამს! მაგარი რეპერი ხარ, ფისო, მაგარი! – მეცინება მის შემხედვარეს.

როგორ მიყვარს, ქალს კაცის მაისური რომ აცვია, რაღაც კარგ ადგილზე ჩერდება, შუა ბარძაყზეც არა, ცოტა უფრო ქვემოთ. ძალაუნებურად თვალი გაგირბის, გინდა, ცოტა კიდევ აეწიოს და ელოდები, ოდნავ გადაიხაროს. ანდა, ჩემს ჩუსტებში რომ გაყოფს ფეხს და დადის კლოუნივით. იცის ფისუნიამ რა მიყვარს და ახლა ასე „მოკაზმული“ ამიტომ დგას. დილიდან რომ ასეთ კარგ გუნებაზეა, მთელ დღეს იმხიარულებს. თუ გინდა, ზამთარი იყოს, სუსხი და ტაიგის ქარიშხალი ქროდეს, ფისოს კისკისი მზის სხივებად გამოიტყორცნება...

– ფისო, გინდა სადმე წავიდეთ?

– არაო, არაო...

– რათაო, რათაო...

– ათას ორას ადგილზე მაქვს დასარეკი. თუ გინდა, შენ წადი...

– მარტო სად წავიდე. შენთან ერთად მინდოდა...

– ვერა, რა...

– კაი, ფისო, მეც შენთან ერთად დავრჩები... ყოველთვის ხომ არ ემთხვევა ისე, რომ ორივეს შეგვეძლოს სახლში ერთად ყოფნა.

– ე, იცი რა ხოხმა ანეკდოტი გამახსენდა? ოღონდ, არ დაიწყო, ქალს არ უხდებაო... – წარბების აზიდვით დამმოძღვრა ფისომ.

– არ დავიწყებ, – ვთქვი მტკიცედ.

– მაგარი ნარკომანი მამა-შვილი არიან, დილა-საღამოს კაიფობენ. ოჯახის დიასახლისს ყელში აქვს ამოსული ქმარ-შვილის გამუდმებული კაიფი და არის მუდმივი წივილ-კივილი. ერთხელაც კაიფში არიან და, ისევ რომ ატეხა ქალმა ჩხუბი, შვილი ეუბნება მამას:

– შენა, ამას კიდევ ჟიმავ?

– არა, ბიჭო, სადა მაქვს მაგის თავი...

– აბა, ძუძუს კაი ხანია, მეც აღარ ვწოვ და გადავაგდოთ ფანჯრიდან, მაგისი...

ისეთი ეშხით მოყვა ფისომ, გეგონება, კარგ ჯიგრიან ლექსს კითხულობდა.

– ფისო, შენ ის თუ იცი, ჩემი მანქანით სამი სული საქურდალში რომ ვიყავით, ჩამოვედით და მანქანა მოპარული დაგვხვდა?

– მერე!

– რა მერე! ჯერ გინება ავტეხეთ და მერე – სიცილი.

– მერე, მანქანა?

– მანქანა ერთ საათში დაბრუნდა ხელუხლებლად.

– მილიციას გადაეცით?

– ჰო, თან მაგრად შევეხვეწეთ. შენ ალაოდ ხომ არ ხარ, მილიცია რისი დამბრუნებელი იყო. შენ მილიციის გაკეთებული საქმე გინახავს?

– მინახავს. კაცო, შენ არ გევასება – სხვა რამეა, მაგრამ რაღაცას ხომ აკეთებენ.

– წიგნებში, არა?

– მოიცა, კაცო, ერთი! გინდა, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვები, თელავში მოხდა. მე ხომ იქ წელიწადში ოთხჯერ ჩავდიოდი.

ფისოს უფრო უნდოდა მოყოლა, ვიდრე მე – მოსმენა.

– რამე იდიოტობა არ წამოიწყო, რა, გეხვეწები, არ მინდა, სოფლის იდილიაზე ლაპარაკი.

– რა სოფლის იდილია, თელავი სოფელია?

– რაც არის.

– მე დავიწყებ და თუ, არ დაგაინტერესებს, შემაწყვეტინე, არ მეწყინება, – დიდსულოვნად მაძლევს არჩევნის უფლებას ფისო.

– თელაველმა კაცმა, ერთია, რა, ავტოკატასტროფაში დაეღუპა შვილი და თავის მეზობელს, რომელიც კარიერზე მუშაობდა მძღოლად და რაღაც ასაფეთქებელ ნივთიერებას დაატარებდა, სთხოვა, საქელეხოდ თევზი მინდა და, იქნებ, ცოტა ასაფეთქებელი რამე მომცე, წავალ ალაზანზე უცბად გავჩალიჩდებიო. იმანაც მიუტანა, ამონალი იყო, მგონი. ამ მგლოვიარე კაცმა იყიდა სომხური წარმოების მაღვიძარა საათები, რაღაცები იჩალიჩა და ისე მოაწყო, რომ ყოველ თხუთმეტ წუთში აფეთქებულიყო. თან რა ქნა, თუ იცი, ისეთ ადგილებში დადო, სადაც ხალხი დადიოდა.

– რა მოხელე იყო, ან რა ინტერესი ჰქონდა, მიცვალებული ხომ წინ ედო? – გავოცდი.

– მე რა ვიცი, კაცო, მაცადე! აფეთქდა პირველი საათი, ატყდა პანიკა. რა ატყდებოდა ხომ წარმოგიდგენია? ხალხი აქეთ-იქით გაიფანტა. ახლა აფეთქდა მეორე საათი. ვინც იქით იყო გაქცეული, ხომ წარმოგიდგენია, რა დაემართებოდა. ახლა აქედან სხვა მხარეს გაიქცნენ. აფეთქდა მესამე, მეოთხე, მეხუთე, სულ რამდენი საათი იყო დამონტაჟებული, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ, ერთის გარდა, ყველა აფეთქდა. არავის არაფერი მოსვლია, მაგრამ იმ დროისათვის ეს იყო ისეთი ამბავი, რომ ნუ იტყვი.

– რომელი წელია, რო..

– 1983 წელია. წარმოგიდგენია? მილიციას ვინ დაეყრდნობოდა, ეგრევე უშიშროება ჩაერთო. იმ პაწაწუნა თელავში „ტერორისტი თელაველის“ მოძებნას რა უნდოდა, წუთში იპოვეს, იმან კიდევ ეგრევე ჩაუშვა თავისი მეზობელი. დაიჭირეს ისიც. ახლა რომ ადამიანი ისე ვერ დააცემინებს თუ ჟურნალისტებმა არ გაიგეს, ადრე ხომ ასე არ იყო. კომუნისტები ეძახე შენ და მასების ფსიქიკაზე ასეთ ზეწოლას არ ახდენდნენ, ახლა ხომ ხედავ, ტელევიზორის ყურება კაი ხანია, აღარ მინდა...

– მერე, დახვრიტეს?

– მერე ის, რომ სამედიცინო ექსპერტიზაზე რომ გაგზავნეს, ამ მგლოვიარე კაცს შიზოფრენია აღმოაჩნდა...

– ვა! ის საწყალი მეზობელი გაიჭედებოდა. შიზოფრენია ბრალეულობას გამორიცხავს. ჰა-ჰა, იძულებითი მკურნალობა შეუფარდონ.

– ზუსტად ეგრე მოხდა. მეზობელი აბსოლუტურად ჯანმრთელი აღმოჩნდა. ხომ წარმოგიდგენია, რა ელოდა საცოდავს! გაქანებული საბჭოთა პერიოდია, ვინ შეგარჩენს ტერაქტებს... ხომ საინტერესო ამბავია? – ლამის მუდარით შემომცქერის ფისო.

– ხომ არ შემიწყვეტინებია, ფისო, რა მოგივიდა! – ვეუბნები ნაღდად გაკვირვებული, – რა მიუსაჯეს, გააგრძელე, რა!

– რა ვიცი...ჰოდა, მთავარი რა არის, იცი? ამ საწყალმა კაცმა, ერთი სიტყვა არ იცოდა რუსული, უშიშროების სამინისტროს გამომძიებელმა კიდევ, საერთოდ არ იცოდა ქართული. ხომ წარმოგიდგენია მათი დიალოგი? შედგა ოქმი. მოკლედ, გამომძიებელმა ჯერ ეჭვმიტანილად ცნო, მერე ბრალი წაუყენა. საწყალს მძიმე მუხლი აქვს წაყენებული, მაგრამ ტიპი აზრზე არ არის. გამომძიებელი რუსულად რაღაცას ეკითხება და ეს კიდევ თავს უქნევს ყველაფერზე. შეკითხვაზე – ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ აფეთქების მოწყობაშიო, საწყალი კაცი, რომელსაც რუსული არ ესმის, თავს უქნევს.

– ისე ყვები, თითქოს შენც ესწრებოდი, ფისო! – გამეცინა მე.

– მე კი არ ვესწრებოდი, ჩემი ამხანაგი, იუზა იყო იმ საწყალი კაცის ადვოკატი და იმისგან ვიცი. იუზას რომ არ ემარჯვა და მოსამართლე ობიექტური არ ყოფილიყო, შეიძლება დაეხვრიტათ ორი შვილის მამა ან სულაც თხუთმეტი წლით ჩაესვათ, როგორც პროკურორმა მოითხოვა.

– კაი, გოგო, ერთი სიტყვა გითხარი და არ ათამაშდი ხანჯალივით?

– უშიშროების გამომძიებელი, იცი, რას მიაჯინდა, თურმე? დამნაშავეს შიზოფრენია აქვს, ეს კი – ჯანმრთელია და ამიტომ ამან უნდა აგოს პასუხი, გარდა ამისა, ამან, სავსებით ჯანმრთელმა და სრულ ჭკუაზე მყოფმა კაცმა აღიარა დანაშაული და ყოველგვარი გამოძიება ზედმეტიაო, გესმის?

– მაგისთანები გამიგია?

– რა, აბა?

– ჩემთან ერთად „ასობში“ იჯდა როსტოველი პრესტუპნიკი, გაგრაში ააგდეს მკვლელობისთვის, რომელიც არაფრით შეიძლებოდა, რომ ჩაედინა. ტიპს ნაშა ჰყავდა როსტოვში, იმასთან დადიოდა ხშირად. ზაფხულია. ზუსტად იმ ნაშის კიბის ბაქანზე მოხდა მკვლელობა. ქალს მიადგნენ „ძაღლები“ და ეკითხებიან, შენი კაცი სად არისო. ნაშა გადაირია, ის აქ არ არის, ის რა შუაშიაო, მაგრამ ვინ გისმენს? მერე იფიქრა, ტიპი ცხრა მთას იქით არის, რა ფეხებს მოჭამენო და უთხრა, სადაც იყო. ამ ამბიდან ნახევარ საათში ტიპს გაგრაში იჭერენ მკვლელობისთვის. ფიზიკურად იყო შეუძლებელი, რომ ნახევარ საათში იმას როსტოვიდან გაგრაში ჩაეღწია, აღარაფერს ვამბობ გაგრელ მოწმეებზე, მაგრამ რად გინდა, რა, არ მოინდომონ, თორემ, ყველას ყველაფერს შეტენიან... ამათი გამზრდელი კომკავშირი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3