დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-14(484)
დუშკა კინაღამ გაგიჟდა და მკითხა:
– საიდან გაჩითე ეს ფული, მათე?
– ძია კოტემ მომცა, ზონის ექიმმა, – ვუთხარი მე და სახელოვან ქურდს გავუღიმე, რომლის გაბადრული სახის ყურება დიდ სიამოვნებას მგვრიდა.
– შენი მოვალე ვარ, ძმაო, კაცი ხარ, მაპატიე, – მითხრა დუშკამ, ზურგზე ხელი მომითათუნა და მის თვალებში ცრემლები შევნიშნე.
– რისთვის მიხდი ბოდიშს?
– რისთვის და, ხომ გითხარი, აქ მფარველობა არ მოსულა-მეთქი. თურმე, მოსულა. შენ რომ არა, სიცოცხლის სამარცხვინოდ დასრულება მომიწევდა, ახლა კი მე მაგათ ვუჩვენებ, ვინაა დუშკა და დედებს ვუტირებ. დამნაშავეები უმკაცრესი ქურდული კანონით დაისჯებიან და ყველა თავისას მიიღებს.
დუშკა ისევ ის დუშკა იყო – პირქუში, სასტიკი, მაგრამ, სამართლიანი და, რომ ვუსმენდი, ეჭვიც არ შემპარვია, რომ უსასტიკესად დასჯიდა დამნაშავეებს, არავის დაინდობდა და გაჭყლეტილი მატლებივით გააცამტვერებდა. თუმცა, ჩემ მიმართ აშკარა სიმპათიები ჰქონდა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, რომ არა მე, დუშკას არავინ აცოცხლებდა. დუშკას გარდა, ზონაში კიდევ თორმეტი ქურდი იმყოფებოდა და მათ შორის ნაბოზრის ან ნაბოზრების პოვნა ურთულესი საქმე იყო, მაგრამ, დუშკა გამოცდილი იყო ასეთ საქმეებში და ერთი კომბინაცია მოიგონა.
– სპექტაკლი უნდა დავდგათ და შენი დახმარება მჭირდება, – მითხრა დუშკამ, – მაგრამ, იცოდე, ყველაფერი ზუსტად უნდა შესრულდეს და, იაღლიში თუ მოგვივიდა, უსერიოზულეს პასუხს მოგვთხოვენ.
– რა უნდა გავაკეთო?
– თორმეტივე ქურდთან სათითაოდ უნდა მიხვიდე და ერთნაირი ტექსტი უთხრა: გნიდამ დამაბარა, სასწრაფოდ პრომზონასთან მოვიდეს, თორემ, თუ დააგვიანდა, საკუთარ თავს დააბრალოს-თქო. ახლა მე ქურდებს ვეტყვი, რომ შუადღეზე სხოდკას ვითხოვ, რომ მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. აბა, შენ იცი! ყველასთან შეუმჩნევლად მიდი და ისე დაებაზრე, რომ სხვამ არ დაგინახოს, – მითხრა დუშკამ.
გნიდა ზონის რეჟიმის უფროსი იყო, რომელიც პატიმრების გადაბირებაზე მუშაობდა და თავისი აგენტურული ქსელი ჰყავდა კოლონიაში. სულ მალე პატიმრების გადათვლა უნდა დაწყებულიყო. ქურდები ზონაში გამოვიდნენ და ამით ვისარგებლე – თითოეულ მათგანთან მივედი და დუშკას ფრაზა სიტყვა-სიტყვით ვუთხარი. მე ამით ბოზი გამოვდიოდი და, ჩვენს ხაფანგს რომ არ გაემართლებინა, ანუ, ნაბოზარი ქურდი ვერ აღმოგვეჩინა, უმკაცრეს პასუხს მომთხოვდნენ...
გადათვლა რომ დასრულდა და პატიმრები თავიანთ ბარაკებში დაბრუნდნენ, როგორც დუშკამ დამიბარა, სამრეწველო ზონაში, რომელსაც „პრომზონა“ ეწოდება, ხუთი საიმედო ქურდული მასტის კუნთმაგარი პატიმარი წავიყვანე და დავიმალეთ. დუშკას სიტყვის თანახმად, ყველა ის ქურდი უნდა გაგვეკოჭა და სხოდკაზე მიგვეთრია, ვინც პრომზონასთან მივიდოდა. მისი აზრით, სწორედ ისინი იქნებოდნენ „ბოზი“ ქურდები, მაგრამ პრომზონაში მხოლოდ გროსი გაიჩითა, დადგა და შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით – აშკარა იყო, რომ გნიდას ელოდა... ჩვენ კიდევ ცოტა ხანს მოვიცადეთ და, მეტი რომ არავინ გამოჩნდა, გროსი დავითრიეთ, გავკოჭეთ და ქურდულ ბარაკში მივიყვანეთ. დუშკამ რომ დაგვინახა, ქურდებს მიუბრუნდა და უთხრა:
– აი, ერთი ბოზი, თუმცა, ის მარტო არაა, – შემდეგ უკვე გაშიფრულ გროსს მიუბრუნდა და მშვიდად უთხრა:
– თუ გინდა, იცოცხლო, შენი პაძელნიკები დაასახელე – თქვი, ვისთან ერთად იკისრე ობშჩიაკის ფული.
გროსმა პირი დააღო, რომ მოღალატე დაესახელებინა, მაგრამ ქურდების ჯგუფს ფიშკა გამოეყო და ბარაკიდან მოკურცხლა. დუშკას ესეც გათვალისწინებული ჰქონდა, ბარაკთან მდგარმა კუნთმაგარმა მუჟიკებმა ის ბარაკში შემოათრიეს და გროსის გვერდით დააგდეს. დუშკამ ობშჩიაკის ფული მაგიდაზე დადო და პატიოსან თანამოძმეებს პირქუშად ჰკითხა:
– რისი ღირსები არიან ეს ბოზები?
– სიკვდილის, სიკვდილის, დანებზე ავაგოთ! – აყვირდნენ ქურდები. დუშკამ კი ყველანი გააჩუმა და კბილებში გამოსცრა:
– ამ ბოზებს მე დავსჯი...
გროსი და ფიშკა გარეთ გაიყვანეს „მუჟიკებმა“ და ქურდული ბარაკის უკან, მოფარებულში დაყარეს. დუშკამ ზიზღნარევი მზერა ესროლა მათ და უთხრა:
– ცნობთ თუ არა თავებს დამნაშავეებად?
– ვცნობთ, – ერთდროულად თქვეს დასასჯელად გამზადებულებმა.
– რა გეკუთვნით ასეთი საქციელისთვის?
– სიკვდილი, – თქვა გროსმა და თავი ჩაღუნა, მაგრამ ისევ ასწია და თვალცრემლიანი შეევედრა დუშკას, – მაპატიე დუშკა, დავაშავე, მაგრამ, ნუ მომკლავ! ქურდობა ჩამომართვით და ნუ მომკლავთ!
დუშკამ უარის ნიშნად თავი გააქნია და ცივად მიუგო:
– სიკვდილს იმსახურებ და მოკვდები! მაგრამ, შემიძლია, ერთი შეღავათი გაგიწიო: ძუკნებივით რომ არ დაგკლათ, თქვენ თვითონ გააკეთეთ ეს. აი, ხანჯალი!
ცალხელამ გროსს თვითნაკეთი სამართებელივით ალესილი ხანჯალი მიაწოდა, მაგრამ ფიშკამ მას ხელიდან გამოსტაცა, ქურდების მოუღერა და აღრიალდა:
– არ მომეკაროთ, თქვე ბოზებო, თორემ, აგკუწავთ! ფიშკა ვარ, მგელი და, ერთ-ორს მაინც გაგიყოლებთ იმქვეყნად!
– მგელი კი არა, ტურა ხარ შე ძუკნა, – კბილებში გამოსცრა დუშკამ, ნაბიჯი ფიშკასკენ გადადგა, – ხანჯალი დამიბრუნე, შე ბოზო!
ფიშკამ ხანჯალი აღმართა და დუშკასკენ გაქანდა, ამ დროს მას გროსი სწვდა მაჯაში და შემოატრიალა, მაგრამ ფიშკამ მას გულში ჩასცა ხანჯალი, გაუპო და ძირს დასცა, შემდეგ დუშკას მიუბრუნდა და მთელი ძალით მოუქნია... ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მიშველებაც კი ვერავინ მოასწრო და დუშკას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, რადგან ხანჯალი ყელში ხვდებოდა. მიუხედავად ამისა, ცალხელამ საოცარი მოქნილობა გამოავლინა და მოქნეული ხანჯალი არა მარტო აიცილა, არამედ ფიშკას ფეხებშუა ამოსცხო წიხლი, მიწაზე დასცა და ის ხანჯალზე წამოეგო...
გაძუკნებული მკვდარი ქურდები იქვე დატოვეს. ერთ-ერთმა მუჟიკმა კი ფიშკას სისხლიანი ხანჯალი ამოაძრო გულიდან და დამალა, შემდეგ კი გაანადგურა. ამ დღიდან დუშკამ ძველებური პოზიციები არა მარტო დაიბრუნა, არამედ უფრო განიმტკიცა და ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს კი იმაში გამოიხატებოდა, რომ, რაც არ უნდა ეთქვა და მოენდომებინა, ყველაფერი დაუყოვნებლივ სრულდებოდა. დუშკამ რამდენიმე წესიც შეცვალა. ერთ-ერთი ის იყო, რომ ქურდების ბარაკში ცხოვრების უფლება ეძლეოდათ „სიტყვაზე მყოფ მომავლებს“. ეს მან ჩემთვის გააკეთა, იმავე დღეს თავისთან გადამიყვანა და საუკეთესო ადგილი მომიჩინა, რომელსაც სახელოვანი ქურდებიც კი ნატრობდნენ.
გროსისა და ფიშკას სიკვდილს ლაგერის ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრი რეპრესიები მოჰყვა, თუმცა, ყველაფერს ღირსეულად გავუძელით და სამი კვირის მერე, ჩორნი საბორში დიდი სხოდკა შეიკრიბა, სადაც მე ერთხმად მაღიარეს კანონიერ ქურდად.
– საინტერესო ისტორიაა, – გაეღიმა ჰამოს, – დუშკას ამბავი როგორ იყო?
– გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ცხონებული. მე რომ ჩორნი საბორიდან გავთავისუფლდი, დუშკა სულ მალე „ბელი ლებედში“ გადაიყვანეს, სოლიკამსკში და, ექვსი თვის მერე, ერთ დილას მკვდარი იპოვეს საწოლში. ამბობენ, მოწამლესო, მაგრამ ოფიციალურად ეს არავის დაუდასტურებია, ექსპერტიზა არ ჩატარებულა. დუშკა ბელი ლებედის შორიახლო დაასაფლავეს. მის სიკვდილს ზეკების ისეთი საშინელი ბუნტი მოჰყვა, რომ ციხე ძლივს დააწყნარეს. შეიძლება ითქვას, რომ დუშკა უკანასკნელი ნაღდი ნეპმანელი ქურდი იყო და, ახლა რომ ცოცხალი იყოს, თვითონ ქურდები მოკლავდნენ მკაცრი იდეინობისთვის.
მათემ და ჰამომ დუშკაზე ლაპარაკი რომ დაასრულეს, ლუდაც დაბრუნდა და თქვა:
– მანგუსტმა ერთ-ერთი მრჩევლის თანამდებობა შემომთავაზა, დავეთანხმე და ერთ კვირაში მუშაობა უნდა დავიწყო. მანამდე კი თავისუფალი ვარ და დილით თბილისში მივდივართ.
***
ჰამო, ლუდა, მათე და პითონი უთენია გაემგზავრნენ მოსკოვიდან და მრავალგზის ნაცადი მარშრუტით დაადგნენ გზას. როსტოვისა და სოჭის გავლით, ისინი ზუგდიდში უნდა ჩასულიყვნენ, საიდანაც შემდეგ საქართველოს დედაქალაქში გამოემგზავრებოდნენ.
საჭეს ჰამო მართავდა. ლუდა მის გვერდით იყო მოკალათებული, მათე და პითონი კი უკანა სავარძლებზე ისხდნენ. მთაწმინდელს მინისტრის მიერ გაცემული „ეფესბეს“ საგანგებო რწმუნებულის საბუთი ჰქონდა და მისი ყდის დანახვებაც კი საკმარისი იყო საიმისოდ, რომ არც მანქანა შეემოწმებინა ვინმეს და ზედმეტი კითხვაც კი არ დაესვათ. ამ საბუთით ჰამოს მინისტრის პირადი, საგანგებო წარმომადგენლის მაკონტროლებლის ფუნქცია ენიჭებოდა. ამიტომ მათ დაუბრკოლებლად გაიარეს მოსკოვის გარშემო დადგმული გაძლიერებული პოსტები და ჩქაროსნული გზატკეცილით როსტოვისკენ გაიჭრნენ.
– საქურდეთის დედაქალაქში ვართ, – თქვა მათემ, როდესაც ისინი როსტოვში შევიდნენ, – პაბეგში რომ ვიყავი, ერთი წელი აქ ვიმალებოდი და „ძაღლებს“ ეჭვიც კი არ აუღიათ, რომ აქ ვიყავი. არადა, ბევრმა ვინმემ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი, მაგრამ, არავის ჩავუშვივარ. მაგარი „შავი“ ხალხი ცხოვრობს აქ.
ჰამომ „მერსედესი“ ცენტრალურ ქუჩაზე გაიყვანა და მათეს უთხრა:
– სასტუმრო „ინტურისტში“ შევჩერდეთ. იქ საუკეთესო ნომრებია და კარგად მოვისვენებთ. რას იტყვი, მათე?
– მთავარია, არ „დავიწვათ“ და, სადაც გინდა, იქ შევჩერდეთ, – მხრები აიჩეჩა მათემ.
ჰამომ „ჯიპი“ სასტუმრო ინტურისტის წინ გააჩერა, ლუდას პასპორტი გამოართვა და გადასვლის წინ თქვა:
– თქვენ მანქანაში იყავით, სანამ ნომრებს დავითრევ, შემთხვევით ვინმემ არ „დაგწვათ“. მერე კი დაგიძახებთ და დაგაბინავებთ.
– მიდი, იჩალიჩე, – თავი დააქნია მათემ.
ჰამოს ინტურისტის ჰოლში ნაცნობი პორტიე დახვდა, რომელმაც მთაწმინდელი უმალვე იცნო და ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როდესაც ის „ჯიპიდან“ გადმოვიდა. პორტიემ ჰამოს კეთილგანწყობით გაუღიმა:
– გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? კვლავ ჩვენთან აპირებთ შეჩერებას თქვენ და თქვენი მომხიბვლელი მეუღლე?
– ჩვენ და კიდევ ორი ჩვენი კოლეგა. ამიტომ, მეგობარო, ორი ორადგილიანი „ლუქსი“ გვჭირდება.
– რა თქმა უნდა, – გაიღიმა პორტიემ, – ოთხივეს საბუთები მომეცით, რომ გავაფორმო.
– ორიც გეყოფათ. ერთი ლუქსი ჩემზე გააფორმე, მეორე კი – ჩემს მეუღლეზე, – თქვა ჰამომ, პორტიეს ლუდას პასპორტი და „ეფესბეს“ წიგნაკი გაუწოდა, თან პორტიეზე გაეცინა, რომელსაც საბუთის დანახვაზე სახესთან ერთად ფერიც ეცვალა და ცარცივით გაფითრდა. შემდეგ ძალიან სწრაფად გააფორმა ყველაფერი და, ჯერ კიდევ გაფითრებულმა, მთაწმინდელს ხმის კანკალით უთხრა.
– რამდენ ხანს დარჩებით ჩვენთან?
– ერთი ღამით.
– მაშინ, თქვენზე 800 დოლარის ეკვივალენტი თანხაა, რუბლებში.
– აი, ათასი დოლარი და ბუღალტერია თქვენ თვითონ გაასწორეთ, ხურდა კი დაიტოვეთ.
– არა, რას ბრძანებთ?! ახლავე გიბოძებთ ხურდას...
ჰამომ ხელით გააჩერა პორტიე და უთხრა:
– რომ გეუბნებიან, ხურდა დაიტოვეო, ბიძაჩემო, უნდა დაიტოვო. მე აქ ღამის გასათევად ვარ და არა შენს გამოსაჭერად. ამიტომ, ისე მოიქეცი, როგორც გეუბნები!
ჰამოს სიტყვებმა პორტიე ფერზე მოიყვანა, გამხიარულდა კიდეც და უთხრა:
– დავინახე, „მერსედესით“ გვეწვიეთ და „ბუმერი“ რა უყავით?
– „ბუმერმა“ ჭირი მოგჭამა, ბიძაჩემო, ბანდიტებთან შეტაკებისას დაიწვა.
– გასაგებია. კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ. რესტორანში ხომ არ დაგიჯავშნოთ ადგილი? დღეს თითქმის ყველაფერი დაკავებულია, იქ გენერლები ქეიფობენ და, თუ რესტორანში გნებავთ ვახშამი, თადარიგს ახლავე დავიჭერ.
– არა, ნომერში ვივახშმებთ. ერთ საათში საუკეთესო კერძები მოგვიტანონ, – უთხრა ჰამომ პორტიეს, სასტუმროდან ქუჩაში გავიდა და სამიოდე წუთის მერე ლუდასთან, მათესთან და პითონთან ერთად დაბრუნდა, ლიფტში ჩაჯდა და მეექვსე სართულზე ავიდა, სადაც 606-ე და 608-ე „ლუქსი“ ნომრები მდებარეობდა გვერდიგვერდ.
ჰამო და ლუდა 608-ე ნომერში დაბინავდნენ, მათე და პითონი კი – 606-ში, მაგრამ, ვახშამი 606-ში იყო შეკვეთილი და ჰამო ქურდების ნომერში გავიდა. ლუდა შხაპის მისაღებად შევიდა აბაზანაში და მთაწმინდელს მიაძახა, რომ მოგვიანებით შეუერთდებოდა მათ.
– უჩემოდ დაიწყეთ და მეც მალე მოვალ, ნუ დამელოდებით, – გამოსძახა ლუდამ ჰამოს და კარი მიუხურა.
ვახშამი მალე მოიტანეს და მამაკაცები ჭამას შეუდგნენ. ხუთიოდე წუთის მერე კარზე კაკუნი გაისმა და რადგან ჰამოს ლუდა ეგონა, კარი უკითხავად გააღო, მაგრამ, ნომერში სამი კუნთმაგარი ახალგაზრდა შეიჭრა, რომლებმაც იქ მყოფებს ავტომატური პისტოლეტები მიუშვირეს და ხმის ამოღება აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრნენ. შემოჭრილთაგან ერთს სამკუთხედი ნიკაპი და კეხიანი ცხვირი ჰქონდა; მეორეს – მარცხენა ლოყაზე სქელი იარა; მესამე კი ენას უკიდებდა. მას ვერცხლისფერი ქეისი ეკავა ხელში. სამივე ჩრდილოკავკასიური აქცენტით ლაპარაკობდა და, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ჩეჩნები იყვნენ. მათ სავარძლებში ჩასხდომა უბრძანეს დამხვდურებს, ენაბლუმ კი ვერცხლისფერი ქეისი გახსნა და ოპტიკურსამიზნიანი მაყუჩიანი შაშხანა ააწყო.
ჰამო ჩეჩნებს მისჩერებოდა და ფიქრობდა: „ამის დედაც, ეს რა ბედი მაქვს, ტერორისტებიღა გვაკლდა. სულ ჩვენ როგორ უნდა ვეხვეოდეთ შარში!..“ მთაწმინდელის მზერა კეხიანცხვირიანმა დაიჭირა და დამცინავად უთხრა:
– ალბათ, ფიქრობ, ეს რა შარში გავეხვიეო, არა? მაგრამ, რას იზამ, ზოგი ცხვარია და ზოგიც – მგელი. ახლა შენ ცხვრის როლში ხარ და იძულებული ხარ, მგლებს დაგვემორჩილო.
– ზოგჯერ ადამიანს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს ხოლმე საკუთარ თავზე, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ჰამომ.
– შენ რა, ამას ჩემზე ამბობ? –კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა ჩეჩენმა და ზიზღით შეხედა ჰამოს.
– ადამიანებზე. შენ რა შუაში ხარ, შენ ხომ მგელი ხარ? – სარკაზმით უპასუხა ჰამომ.
– ვის დასცინი, შე ცხვარო?! – გაცხარდა ჩეჩენი და ჰამოს მთელი ძალით მოუქნია პისტოლეტის ტარი, რომ კბილებში ჩაეცხო, მაგრამ მთაწმინდელმა თავის გაწევა მოასწრო, ტარმა მას მხოლოდ ნიკაპის ხორცი გაუჭრა და სისხლი წამოადინა.
კეხიანცხვირიანი საშინლად გამწარდა და მეორედ აღმართა ხელი ჰამოზე, რომ პისტოლეტის ტარი უკვე ცხვირ-პირში ჩაეცხო. მაგრამ სახენაიარევმა მაჯა დაუჭირა და უთხრა:
– თავი დაანებე, რუსტამ, ზედმეტი ხმაური რაში გვჭირდება. ჩვენი მიზანია, რომ ვალი მოვიხადოთ და სწრაფად ავორთქლდეთ აქედან.
– ახმად, – თვალები აენთო რუსტამს, – შენ მე ნუ მასწავლი, როგორ უნდა მოვიქცე. ამ ურჯულომ დამცინა, შეურაცხმყო და შენ კი საკადრისი პასუხის გაცემასაც მიკრძალავ?
– მაშინ, უნდა მოკლა – საკადრისი პასუხი და ნამდვილი ჯიგიტის საქციელი ეს იქნება. მაგრამ, ზედმეტი ტრუპი რაში გვაწყობს? – უკან არ დაიხია ახმადმა.
– ურჯულო თუ გავისტუმრე საიქიოში, ამას უწოდებ შენ ტრუპს? ცხვარი იმისაა, რომ, უნდა დაკლა, – თქვა რუსტამმა და ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ცხვარს ყელს სჭრიდა.
– გეთანხმები, – ჩაეცინა ახმადს, – მაგრამ, შენ აქ გენერლის მოსაკლავად ხარ მოსული თუ ცხვრის დასაკლავად?
ახმადის სიტყვებმა ჰამოს ეჭვი დაადასტურა და ის სიმწრისგან გაფითრდა. რუსტამმა კი ირონიულად გაიცინა და ახმადს უთხრა:
– ხედავ, შიშისგან როგორ გაფითრდა? აბა, ეს რა სიცოცხლეა, კაცს კი ჰგავს, მაგრამ ნამდვილი ცხვარია და ამის ცოცხლად დატოვება ცოდვაა.
– გგეყოფათ ბბბალამუტი და მმმოემზადეთ! – გამოსძახა ახმადსა და რუსტამს ენაბლუმ, რომელიც აივნის ღია კართან იდგა და ქუჩაში იყურებოდა.
– რა გინდა, ჯამბულ? – ჰკითხა ენაბლუს ახმადმა. ჯამბულმა ხელით მიიხმო ის აივნის კართან.
– სამხედროები გროვდებიან და მალე გენერალიც მოვა. ეგენი მიაყუჩეთ და მზად იყავით, როგორც კი გავაგორებ, ეგრევე აქედან უნდა ავორთქლდეთ! – გასცა ბრძანება ჯამბულმა.
ახმადმა და რუსტამმა ხელბორკილები მოიმარჯვეს და მათესა და პითონს დაადეს ხელებზე, ის იყო ჰამოს მიადგნენ, რომ უცებ კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
– ვინ არის? – ჰკითხა ჰამოს ახმადმა და პისტოლეტი მოიმარჯვა.
– ერთი ბოროტი ქალი, – უთხრა ჰამომ.
ახმადი კართან მივიდა და მიაყურადა, ლუდამ კი ჩვეულ სტილში იკითხა:
– რა გჭირთ, გააღეთ, ხომ არ ჟიმაობთ, კაცებო?
ახმადმა კარი გააღო, ლუდა ოთახში შემოათრია, კვლავ მიხურა და იატაკზე დაგდებულ გოგონას მიუბრუნდა:
– ვინ ხარ, შე ძუკნავ?
– შენი მჟიმავი! – ზიზღით მიუგო ახმადს გოგონამ და წამოდგომა დააპირა, მაგრამ, შეურაცხყოფილმა ჩეჩენმა მას იარაღის ტარი ჩასცხო სახეში, ტუჩი გაუხეთქა და დააყოლა:
– ვის უბედავ, შე ნაბოზარო?
ლუდამ გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა და ჰამოს ჰკითხა:
– ეს უხეში კაცები ვინ არიან?
– მგლები, – ირონიით თქვა მთაწმინდელმა.
– მერედა, აქ ზოოპარკია?
– ჩუმად, შე ნაბოზარო! – კბილებში გამოსცრა ახმადმა, – თორემ მოგკლავ!
– რა, ქალები არ გიყვარს? – ჩაეცინა ლუდას და ამ სიტყვებით ახმადი უკიდურესად გააღიზიანა.
– ვის უბედავ, შე ბოზანდარავ? – ხმას აუწია ახმადმა და პისტოლეტის ტარი მოუქნია, რომ თავში ჩაერტყა ლუდასთვის, მაგრამ ამჯერად უკვე რუსტამმა დაუჭირა მას ხელი და ირონიით უთხრა:
– რა დაგემართა, ჯიგიტო, რა დროს ეგეთებია?
– ხელი გამიშვი, რუსტამ, ვერ გაიგონე, რა მითხრა? მოვკლავ ამ ნაბოზარს!
– გვინდა ახლა ჩვენ ტრუპი?! თავი დაანებე, გავკოჭოთ და ჩვენს საქმეს მივხედოთ.
რუსტამმა ჰამოს ხელბორკილები დაადო, ახმადმა კი – ლუდას, თან ჰკითხა:
– ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ?
– მე, რა, გეკითხები, ვინ ხართ და რას აკეთებთ-მეთქი? – კითხვა დაუბრუნა ლუდამ.
– ჩვენ ვინ ვართ, სულ მალე ნახავთ, – მშვიდად უთხრა ახმადმა გოგონას, თან მსუნაგი თვალებით ათვალიერებდა მის სხეულს.
– თქვენც მალე ნახავთ, ვინ ვართ, – ანალოგიური პასუხი გასცა ლუდამ.
– ვინ არიან და, მართლა დასაბრედები ყოფილან, – ჩაისისინა რუსტამმა და ახმადს ჰამოს საბუთი დაანახვა, – „ეფესბეს“ ბობოლა ოფიცერია ეს ბოზანდარა და ეს ძუკნაც „ეფესბეელი“ ყოფილა.
ახმადმა ქალ-ვაჟის საბუთები ყურადღებით დაათვალიერა და ჰამოს მიუბრუნდა:
– წამოდი, ცხვარო, პირველი შენ უნდა დაგკლა!
ჰამო ფეხზე წამოდგა და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ახმადს მიჰყვებოდა, მაგრამ, ბორკილდადებული ხელებით ჯერ პისტოლეტი გააგდებინა, შემდეგ ფეხებშუა ამოარტყა წიხლი და იატაკზე დასცა. იგივე გაუკეთა ლუდამ რუსტამს. ჯამბული კი ისე იყო გართული სნაიპერული შაშხანის სამიზნიდან ცქერით, რომ თანამოძმეების განიარაღება გამოეპარა, მათეს მიერ მოქნეული ბრინჯაოს ქანდაკება მოხვდა კეფაში და გათიშული დაენარცხა ძირს.
ჰამომ ჯერ თვითონ შეიხსნა ხელბორკილები, შემდეგ დანარჩენებსაც შეხსნა და გათიშულ ჩეჩნებს შეაბა, ბოლოს კი მათი იარაღები მაგიდაზე დაალაგა და თქვა:
– ესეც ასე. ახლა კი, შეგვიძლია, ცოტა დავისვენოთ, ვივახშმოთ და ბოლოს ეს მძორებიც დავხოცოთ.
ჰამოს სიტყვებს რუსტამმა მოჰკრა ყური, რომელიც სხვებზე ადრე გამოფხიზლდა და ჰამოს უთხრა:
– რა უფლებით გვკლავთ? „ეფესბეელები“ ხართ და, თქვენი ვალია, კანონიერად მოგვექცეთ. ჩვენ ხომ ტერორისტები ვართ. გენერალი კოშკინის მკვლელობას ვაპირებდით და ეს საქმე უნდა გამოიძიოთ.
– მერედა, რომელი გამომძიებლები ჩვენ გვნახე? – ჰკითხა ლუდამ.
– საბუთებში ხომ წერია, რომ „ეფესბეელები“ ხართ?
– ხომ გითხრეს, რომ საბუთები ლიპაა, შე ცხვარო! – გაეცინა გოგონას, – „ეფესბეელები“ კი არა, პრისტუპნიკები ვართ. ამიტომ, ახლა სააბაზანოში შეგათრევთ სათითაოდ და იმას გიზამთ, რასაც თქვენ გვიპირებდით ამ ცოტა ხნის წინ.
– არ გაქვთ უფლება, – იმეორებდა რუსტამი, – თანახმა ვართ, ხელისუფლებას ჩავბარდეთ და აღიარებითი ჩვენება მივცეთ.
– მაგრამ, ჩვენ არ გვაწყობს აქ ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლა და, ისე უნდა გაგაქროთ, რომ თქვენი კვალიც ვერავინ ნახოს. ამისთვის კი უნდა დაგანაწევროთ და პირადად მე გავაკეთებ ამას. ჯერ ერთ ადგილს მოგაჭრი, მერე მის მეგობარს, შემდეგ კი ნელ-ნელა მივყვები და ნაკუწ-ნაკუწ აგქნი.
გამოფხიზლებული ახმადი გაფართოებული, შეშინებული თვალებით უმზერდა ლუდას და ჰამოს ჰკითხა:
– ვინაა ეს გოგონა?
– ხომ გითხარი, ვინცაა, ერთი ბოროტი ქალია და, რასაც ამბობს, აუცილებლად შეასრულებს.
ახმადი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ოთხი ადამიანის დახოცვას აპირებდა, მოულოდნელად აღრიალდა და ცრემლნარევი ხმით შეწყალებას სთხოვდა ლუდას:
– არა, არა, არ მომკლა, – ცხარე ცრემლით ტიროდა ახმადი და ისეთი ისტერიკა დაემართა, რომ რუსტამი გაოგნებული მიაჩერდა.
– ეს შენ ხარ ტერორისტი, შე ფარჩაკო? – გადაიხარხარა ლუდამ და ხელი აღმართა, რომ თავში ჩაერტყა ახმადისთვის, მაგრამ გადაიფიქრა და უთხრა, – არ ღირს შენზე ხელის გასვრა.
ამასობაში, ჯამბულიც გამოფხიზლდა, რომელსაც კეფიდან სისხლი მოსდიოდა და თანამოძმეებს შეუღრინა:
– ფუი, თქვენი დედაც. ეს რა დღეში ჩავვარდნილვართ თქვენ გამო, თქვე ფარჩაკებო!
– მეც ამას არ ვეუბნები?! – გაეცინა ლუდას.
– როდის იყო, კაცების წინაშე წაკლები ტლიკინებდნენ? მოკეტე, შე ძუკნავ! – თქვა ჯამბულმა და მგლური თვალებით შეხედა ლუდას. მაგრამ, ამან გოგონაში ირონია გამოიწვია, ჯამბულს ერთდროულად შემოუტყლაშუნა ყურებში ხელები და უთხრა:
– წაკლას ხმა მესმის, შე ბრიყვო! შენც ამნაირი ერთი ადგილი ხარ, თორემ, თოფიან კაცს ბრინჯაოს ქანდაკებით როგორ მოგერეოდით?!
– ესეც შენ, ჯამბულ! ეს გოგონა მართალია! – ნიშნის მოგებით უთხრა ჯამბულს ახმადმა, – ჩვენ რომ გვლანძღავ, საკუთარ თავს შეხედე!
– ოჰ, ერთი გაკოჭილი არ ვიყო, მე შენ გიჩვენებდი სეირს, ქაღალდივით დაგჭმუჭნიდი და უკან ამოგისვადმი! – კბილებში გამოსცრა ჯამბულმა.
– გეყოფათ ქალწულებზე ფიქრი, დაივიწყეთ, რომ არ გაგიჟდეთ, ამიერიდან სველ და ბნელ საკანში ვირთხებთან მოგიწევთ ცხოვრება, – უთხრა ლუდამ ტერორისტებს.
– ესე იგი, ცოცხლებს გვტოვებთ? – აღტაცებით წამოიძახა ახმადმა და მადლიერი მზერა მიაპყრო ლუდას. გოგონამ კი მობილური გაშალა, დარეკა და თქვა:
– ფედკა, როგორ ხარ? პახმელიაზე უკვე გამოხვედი თუ გამოყოლილი გაქვს? ძალიან კარგი. ახლა კი მომისმინე: მამას უთხარი, რომ როსტოვში, სასტუმრო „ინტურისტების“ 606-ე ნომერში მე და ჰამომ სამი ტერორისტი „დავითრიეთ“, რომლებიც გენერალ კოშკინს ბრიდავდნენ და ჩვენს ნომერში სნაიპერული პოზიციის შესარჩევად შემოიჭრნენ. მოვიდნენ და წაამსევრონ, მაგრამ, ჩვენ ნუ გაგვიბურღავენ ტვინს. კარგი, ველოდებით, – გოგონამ ტელეფონი დაკეცა და ქურდებს უთხრა, – თქვენ დაისვენეთ. მე და ჰამო კი ამ სირებს გავისტუმრებთ და დავიძინებთ. მძიმე დღე იყო და დავიღალეთ.
ქურდები 608-ე ნომერში გავიდნენ და „ეფესბეს“ თანამშრომლებს გაერიდნენ, რომლებიც წუთი-წუთზე უნდა მოსულიყვნენ. ჯამბულმა კი ლუდას ჰკითხა:
– სად დარეკე?
– მინისტრის თანაშემწესთან.
– მამა რა შუაშია?
– იმ შუაში, რომ მინისტრის შვილი ვარ.
– აკი პრისტუპნიკები ვართო? – ჰკითხა ლუდას რუსტამმა.
– წაგეკაიფეთ თქვე სირებო, – გადაიკისკისა ლუდამ, მაგრამ უცებ სასტუმროს ნომრის კარი გაიღო და ოთახში ექვსი ნიღბიანი, უნიფორმაში გამოწყობილი და სპეციარაღებით აღჭურვილი „სპეცნაზელი“ შემოვარდა, იქ მყოფებს იარაღები მიუშვირეს და იღრიალეს:
– ყველანი იატაკზე და არ გაინძრეთ!
– ეი, ეი, თქვე სირებო! – ხელები გაუშალა ლუდამ სპეცრაზმელებს, – ჩვენ რას გვერჩით, აი, ტერორისტები და, შეგიძლიათ, წაამსეროთ!
– ხმა, კრინტი და იატაკზე! – შეუღრინა ლუდას ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა და გოგონას ავტომატი ნიკაპთან მიუშვირა.
– რას შვრები, შე კრეტინო? მინისტრის შვილი ვარ და აქ ჩემი ზარის მერე გამოგიძახეს! იარაღი გასწიე, თორემ უკან შევატენინებ შენთვის მაგ რკინას მამაჩემს! – უღრიალა ლუდამ სპეცრაზმელს და ავტომატზე ხელი აუკრა.
სპეცრაზმელმა უკან დაიხია და ხელბორკილდადებულ ჩეჩნებს მიუბრუნდა. შემდეგ ლუდას ბოდიში მოუხადა, რაცია ჩართო და თქვა:
– ყველაფერი რიგზეა, ამხანაგო კაპიტანო. ტერორისტები დავაკავეთ და გამოგვყავს, ოპერაცია დამთავრებულია!
– ჰო, სულ თქვენ დააკავეთ, – ჩაეცინა ლუდას, – ჩვენ არ ვყოფილიყავით და ნახავდით, როგორ გააგორებდნენ გენერალ კოშკინს. წაიყვანეთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, მაგრამ, ჩვენ აღარ შეგვაწუხოთ. დავიღალეთ და გვეძინება.
სპეცრაზმელებმა ტერორისტები წაიყვანეს და აღარ დაბრუნებულან. ქურდები კი სავახშმოდ დაბრუნდნენ და, ჭამას რომ მორჩნენ, იქვე დარჩნენ. ქალ-ვაჟმა კი 608-ე ნომერში გადაინაცვლეს.
***
ჰამომ და კამპანიამ როსტოვი უთენია დატოვეს და სოჭისკენ აიღეს გეზი, მაგრამ, მდინარე დონზე გადებული ხიდი რომ გაიარეს, სადაც ქალაქი მთავრდებოდა, „მერსედესის ჯიპს“ სამხედრო „უაზმა“ გადაუღობა გზა და გაჩერება აიძულა.
– ვინ ოხრები არიან? – იკითხა პითონმა და სახე დაეღრიჯა, რადგან საველე კომუფლაჟში გამოწყობილი, ავტომატგადაკიდებული სამხედროები დაინახა.
– გუშინდელის გაგრძელებაა, უთხრა ჰამომ, „ჯიპი“ გააჩერა და ფანჯარა ჩამოსწია.
„ჯიპს“ ახალგაზრდა ულვაშა კაცი მიუახლოვდა, ჰამოს მხედრული სალამი მისცა და უთხრა:
– გამარჯობა! მე კაპიტანი სავინი ვარ!
– გისმენთ, კაპიტანო, სავინ, რაშია საქმე? – მშვიდად ჰკითხა ჰამომ სავინს.
– ძლივს წამოგეწიეთ. როსტოვის ცენტრიდან მოგდევთ. სასტუმრო „ინტურისტში“ რომ მივედი, პორტიემ მითხრა, ხუთი წუთის წინ გავიდნენო. ცოტაც და ალბათ, ვეღარც გნახავდით. ტრასაზე „მერსედესს“ რა დაეწევა...
– რაშია საქმე?
– მე გახლავართ გენერალ-პოლკოვნიკ ივანე კოშკინის ადიუტანტი და თქვენთან ივან ივანიჩმა გამომგზავნა – გუშინდელის გამო მადლობის გადახდა უნდა. წუხელ გვიან იყო და აღარ შეგაწუხათ.
– ჩათვალეთ, რომ ივან ივანიჩის მადლობა მიღებულია. ახლა კი, ნება მიბოძეთ, დაგემშვიდობოთ, რადგან ძალიან გვეჩქარება, – უთხრა ჰამომ კაპიტანს და ძრავა ჩართო, მაგრამ სავინმა მას გაუღიმა და უთხრა:
– არც იფიქროთ, ნაბრძანები მაქვს, რომ ივან ივანიჩთან მიგიყვანოთ. ეს რომ არ გავაკეთო, გენერალი ტყავს გამაძრობს.
– მაგრამ, ჩვენ რომ ძალიან გვეჩქარება?
– ძალიან გთხოვთ, უარს ნუ გვეტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, ძალა გამოვიყენოთ, – სავინმა „უაზისკენ“ გაიშვირა ხელი, – აი, ეს ახალგაზრდები, გენერლის პირადი გვარდიის ჯარისკაცები არიან და დახმარებისთვის მივმართავ!
ჰამო მიხვდა, რომ ბრიყვი სალდაფონის მიერ ღიმილით ნათქვამი სიტყვები სულაც არ იყო ხუმრობა და, შეიძლებოდა, ეს ყველაფერი სერიოზულ კონფლიქტში გადაზრდილიყო. ამიტომ, სავინს გაუღიმა და უთხრა:
– რა გაეწყობა, ძალა აღმართს ხნავს, როგორც იტყვიან. მოვდივართ, გაგვიძეხით წინ!
„უაზმა“ მოუხვია და ქალაქისკენ აიღო გეზი. იგივე გააკეთა ჰამომ და სამხედროებს გაჰყვა.
– ესენიღა გვაკლდნენ, – თქვა პითონმა, ახალი შარი გვინდოდა?
– სხვა რა გზაა, – უთხრა ჰამომ, – შემიძლია, გაქცევა ვცადო და ამათ კი დავუსხლტები, მაგრამ წინ ვინმეს დაგვახვედრებენ და უარესი იქნება. ჯობია, გავყვეთ.
– მე და მათე რომ გვიცნონ?
– გამორიცხული არაა, მაგრამ, არა მგონია, გრიმებში ვინ გიცნობთ? თანაც, იმ კოშკინს მადლობის თქმა უნდა და არა ჩვენი შემოწმება.
– მაინც ძალიან საშიშია.
– ამაზე ვინ დავობს?
– ხომ არ აჯობებდა, რომ გაქცევა გვეცადა? – თავისას არ იშლიდა პითონი.
– თუ ეს აუცილებელია, მე მზად ვარ, – თქვა ჰამომ.
– არავითარ შემთხვევაში, – ლაპარაკში მათე ჩაერია, – სამხედროებს უნდა გავყვეთ. ჰამოსა და ლუდას ქსივები აქვთ, ჩვენ კი ძველ „ეფესბეშნიკებად“ წარვუდგინოთ თავი გენერალს.
მათეს სიტყვა პითონისთვის კანონი იყო და სიტყვა აღარ დაუძრავს. მანქანებმა მთელი ქალაქი გადაკვეთეს და აგარაკების რაიონში შევიდნენ, სადაც მდინარე დონის პირას ფეშენებელური აგარაკები იყო ჩამწკრივებული.
გენერალ-პოლკოვნიკ, ივანე კოშკინის აგარაკი მდიდრულად, მაგრამ უგემოვნოდ იყო მოწყობილი. თავად გენერალი ივანე კოშკინი 60 წელს მიტანებული, დათვური აღნაგობის, ბოხხმიანი მამაკაცი იყო და ლაპარაკის დროს აქტიურად იყენებდა ჟესტიკულაციას. კოშკინს, ისევე, როგორც ყველა დამსახურებულ სამხედრო მაღალჩინოსანს, თავისი წარმატებების ხაზგასმა უყვარდა, რისი დასტურიც მისი ჩინ-მედლებით დახუნძლული მუნდირი იყო. გენერალი მხოლოდ სამხედრო სამოსს ცნობდა და საომარი მოქმედებების დროს საველე ფორმას ატარებდა, სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი – დახუნძლულ მუნდირს. ივან ივანიჩს, თავისი სალდაფონი თანამოძმეების მსგავსად, სიმდიდრისადმი დაუოკებელი სწრაფვა გააჩნდა. თუმცა, მის გარშემო თითქმის ყველა ნივთი, უმეტეს შემთხვევაში, მეშჩანებისთვის დამახასიათებელი უგემოვნობით გამოირჩეოდა. კოშკინს საკმაოდ დიდი ქონების ნაწილი ჩეჩნეთის ომებში ადამიანების ძარცვის შედეგად ჰქონდა მოპოვებული. ივან ივანიჩს, ისევე როგორც ყველა პირსისხლიან ჯალათს, დევნის მანია და სიკვდილის შიში ჰქონდა. ამიტომ, როდესაც ჩეჩენი ტერორისტების დაპატიმრების ამბავი და მისი გადარჩენის ისტორია აცნობეს, მან თავისი მხსნელების გაცნობა გადაწყვიტა და ისინი აგარაკზე მიიწვია...
– გამარჯობა, ძვირფასებო, მოხარული ვარ, რომ მესტუმრეთ! გავიცნოთ ერთმანეთი, – აროხროხდა კოშკინი, ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი და, ეზოში გაშლილ სუფრასთან მიიწვია: – დაბრძანდით, ჭამეთ, სვით, ისიამოვნეთ, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში, როგორც ეს რუსულ სტუმართმოყვარეობას შეეფერება.
კოშკინი ბევრს ლაპარაკობდა და ხშირ შემთხვევაში თავისავე დასმულ კითხვებს თვითონვე პასუხობდა. თვითონ იყო თამადაც და სამადლობელის მთქმელიც. თან, ისეთი უზარმაზარი ჭიქით სვამდა არაყს, რომ მალევე გამოთვრა, სახე წამოუწითლდა და გაუჩერებლად ალაპარაკდა.
გენერალმა მორიგი ჭიქა შეავსო. შემდეგ სკამზე დადგა და თქვა:
– ამ სასმისით, მეგობრებო, ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! ქვეყანას, რომელიც სიდიდით, სიმდიდრით და სიმტკიცით, ყველაზე, ყველაზეა... ჩვენს ორთავიან არწივს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენს პლანეტას დასტრიალებს თავზე, ჩვენს ყველა მტერს ხედავს და ისევე დაუნდობლად ანადგურებს, როგორც მე ვანადგურებდი ჩეჩენ ტერორისტებს!
კოშკინმა არყით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად გამოსცალა და, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამომთვრალი იყო, სკამიდან მშვიდობიანად ჩამოვიდა, კვლავ სუფრას მიუჯდა, მჟავე კიტრი გააქანა პირისკენ და ისეთი ხმაურით გადასანსლა, რომ ღორისგან ვერ გაარჩევდით.
გენერლის შემყურე ჰამოს თვალები სისხლით აევსო და მისი განადგურების დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა. თუმცა, კარგად იცოდა, რომ ასეთი რამ არა მარტო მას დაღუპავდა, არამედ მრავალ უდანაშაულო ადამიანსა და იმ საქმესაც, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ. ამიტომ, მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, რომ ვნებები დაეოკებინა, კოშკინს გაუღიმა და უთხრა:
– ივან ივანიჩ, თუ შეიძლება, თქვენი რომელიმე გმირობის ისტორია მოგვიყევით! მართალია, თავმდაბალი კაცი ბრძანდებით, მაგრამ, მაინც ძალიან გთხოვთ.
გამომტყვრალ კოშკინს გამეორება არ დასჭირვებია. მან ჯერ მორიგი ჭიქა არაყი ჩაისხა სტომაქში, შემდეგ თვალი მოავლო სუფრას და თქვა:
– ეს მოხდა ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. იმ ურჯულოებმა ჩვენი პირველი დესანტი რომ გაანადგურეს, ხელმძღვანელობამ მე დამავალა იქ წესრიგის დამყარება და ჩემს ბიჭებთან ერთად ჩეჩნეთში ჩავედი, სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩავებით და ურჯულოები დავამარცხეთ, გროზნო კი მიწასთან გავასწორეთ. წარმოიდგინეთ, რამხელა სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც „ბეემპეზე“ ზიხარ და დამარცხებული მტრის მიწასთან გასწორებულ დედაქალაქში შედიხარ, სადაც ირგვლივ ყველაფერი იწვის. მოკლედ, გადაბუგული გროზნო მარშით გავიარეთ და გარეუბანში დავბანაკდით, რადგან ქალაქში ერთი წესიერი შენობაც არ იყო გადარჩენილი. მაგრამ, რომც ყოფილიყო, მაინც არ შევიდოდით, რადგან, ღამით ჩვენმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს ქალაქს და, რაც გადარჩენილი იყო, ისიც მიწასთან გაასწორეს. დილით კი ჩემი ბიჭები გავაგზავნე „ზაჩისტკაზე“, რომ ნანგრევებში ჩარჩენილი, შეიარაღებული ბანდიტები გაეწყვიტათ. მოკლედ, ჩემი იქ ჩასვლიდან, სულ რაღაც 72 საათში, გროზნოში მთელი არც შენობა დარჩა და არც სროლისუნარიანი ადამიანი, რომ ჩვენთვის წინააღმდეგობა გაეწია. უმეტესი მათგანი მკვდარი იყო, დანარჩენები კი გაიქცნენ. დანგრეული ქალაქის სრული ბატონ-პატრონი ჩვენ ვიყავით და მე და ჩემები უკვე მოსკოვში დაბრუნებას ვაპირებდით, როდესაც ჩეჩენი ბანდიტების მსხვილი შენაერთი ჩვენს მძიმე მედესანტეებს დაესხა თავს, ალყაში მოაქცია ისინი და 150 ადამიანი მოკლეს, დიდძალი ტექნიკა და შეიარაღება კი გაიტაცეს და მთებში მიიმალნენ. ამის მერე ჩვენი მოსკოვში დაბრუნება გადაიდო და სასწრაფოდ მათი განადგურება დაგვავალეს. მაგრამ, ეს არცთუ ისე ადვილი საქმე იყო – ბანდიტები ისეთ სტრატეგიულ წერტილში იყვნენ გამაგრებულები – ჰაერიდან მათ ვერაფერს დააკლებდი, რადგან გამოქვაბულებს აფარებდნენ თავს და ვერც დესანტს გადასხამდი ზემოდან. ხმელეთიდან კი მათ სიმაგრემდე ერთი გზა იყო და ისიც ისეთი ცეცხლის ქვეშ იყო მოქცეული, რომ ვერ გავივლიდით და ყველას ცხვრებივით გაგვწყვეტდნენ. არადა, ბრძანება გვქონდა შესასრულებელი დრო არ ითმენდა, ჩვენ კი გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა, რუსი ჯარისკაცისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ერთი ეშმაკობა მოვიფიქრე: ერთ-ერთი სოფლიდან, სადაც მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ დარჩენილი, მთელი მოსახლეობა გარეთ გამოვრეკე, ზოგი „ბეემპეზე“, ზოგი „ბეტეერზე“ და ზოგიც მანქანების „კაპოტებზე“ მივაბით და ნელი სვლით გავემართეთ იმ ერთადერთი გზით, რომელიც საიმედოდ გამაგრებული ჩეჩენი ბანდიტების ბუნაგისკენ მიდიოდა. გათვლა უბრალო იყო: დარწმუნებული ვიყავი, რომ ბანდიტები ქალებსა და ბავშვებს არ ესროდნენ, რადგან ისინი მათი ცოლები და შვილები იყვნენ. არც შევმცდარვარ – ბანდიტებმა იარაღი დაყარეს და დაგვნებდნენ, რის შემდეგაც ისინი სამხედრო მდგომარეობის კანონის მიხედვით დავხვრიტეთ. ასე გავანადგურეთ ჩეჩენთა 200-კაციანი ბანდა, – დაასრულა კოშკინმა თხრობა და მორიგი სასმისით რუსი გმირების ხსოვნისა შესვა...
ჰამო და კამპანია უდიდესი ზიზღით იყვნენ გამსჭვალულები გენერლის მიმართ და ერთი სული ჰქონდათ, როდის წავიდოდნენ, მაგრამ, რაც უფრო მეტს სვამდა გენერალი, უფრო მეტ საშინელ ისტორიას ყვებოდა და ვერ ჩერდებოდა. ასე მოატანა შუადღემ. მორიგი სადღეგრძელოს სათქმელად კოშკინი კვლავ სკამზე შედგა და ჭიქა ასწია. თუმცა, აშკარად ეტყობოდა, რომ წონასწორობის შეკავება ძალიან გაუჭირდებოდა. მან პირი დააღო, რომ სადღეგრძელო წარმოეთქვა, მაგრამ სიმძიმემ ქვევით დაქაჩა, თავი ვეღარ შეიმაგრა და მაიონეზმოსხმული ვინეგრეტით სავსე ჯამში ცხვირ-პირით ჩავარდა, შემდეგ ამოტრიალდა, იატაკზე დაეცა და ღორივით ამოსვრილი გაგორდა...
– მე მგონი, გვეშველა, – თქვა ჰამომ. შემდეგ კოშკინის ადიუტანტი იხმო და გენერალზე მიუთითა, რომელსაც, მართალია, თავი ჰქონდა გახეთქილი, მაგრამ მიწაზე იწვა და ხვრინავდა.
– ივან ივანიჩს ჩაეძინა, – თქვა კაპიტანმა, – მაგრამ, ეგ არაფერი, ასე იცის, ერთი საათი იძინებს, მერე ადგება და სუფრას დაუბრუნდება. თქვენ კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
– ესე იგი, ერთი საათი გვაქვს დრო, – თქვა ჰამომ და სხვებთან ერთად სუფრიდან წამოდგა. ჩვენ უნდა წავიდეთ. გენერალს კი, როცა გაიღვიძებს, ჩვენგან მხურვალე მოკითხვა და დიდი მადლობა უთხარი. დიდებული კაცია, ნამდვილი გმირი და გაუფრთხილდით.
კაპიტანმა ჰამოს სიტყვები გულწრფელად მიიღო და სტუმრები დიდი პატივით გამოაცილა, თან აგარაკიდან გასულ „ჯიპს“ დიდხანს უქნევდა ხელს.
ჰამო და კამპანია გულდამძიმებულები წამოვიდნენ კოშკინის აგარაკიდან.
– ფუი, ამის ღორი დედაც, ეგ რა სისხლისმსმელი და ბინძური ვინმე ყოფილა, – თქვა ჰამომ, როდესაც აგარაკიდან გამოვიდნენ, – ვნანობ, რომ იმ ჩეჩნებს მისი მოკვლა არ დავანებეთ.
– კარგი იყო, რომ გეფაიზაღებინათ, – დაეთანხმა ჰამოს პითონი.
– კი, მაგრამ, ისინი ჩვენც დაგვხოცავდნენ, რომ არ დაგვესწრო, – საუბარში მათე ჩაერია.
– კოშკინი რომ დასაბრედია, ორი აზრი არ არსებობს, – თქვა ლუდამ, – მაგრამ ის ტერორისტებიც რომ სირები იყვნენ, ესეც ხომ მართალია? ჩვენ რას გვერჩოდნენ, გაეკეთებინათ საქმე და წასულიყვნენ. იმათმა კი ჩვენი დაბრედვაც მოინდომეს, მაგრამ, ფეხი არ ჩაუვიდათ.
– მაგათი დედაც და იმ კოშკინისაც! – თქვა ჰამომ, – სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
– სწორია, – დაეთანხმა ჰამოს მათე და ისინი კოშკინისა და ჩეჩნების თემას აღარ დაბრუნებიან.
მშვენიერი ამინდი იდგა. ჰამო დიდი სისწრაფით მიაქროლებდა „ჯიპს“ ლარივით გაჭიმულ გზაზე და, ჯერ შებინდებულიც არ იყო, რომ ზღვა გამოჩნდა.
– ერთ საათში სოჭში ვიქნებით, – თქვა ჰამომ და აწკრიალებული ტელეფონი გაშალა.
– როგორ ხარ? – მოესმა ჰამოს პეტიკოს ხმა.
– ხომ მშვიდობაა?
– რა თქმა უნდა. სად ხარ?
– ორ დღეში ჩამოვალ, ზღვას მივუახლოვდი.
– კიდევ კარგი! შენ და ლუდას გელოდებით...
– ჩამოვალთ, – თქვა ჰამომ, ტელეფონი დაკეცა და დანარჩენებს მიუბრუნდა, – რაღაც მოხდა. თქვენ გარეშე უნდა ჩავიდე თბილისში, სადმე გადაგმალავთ. პეტიკომ დამირეკა და „ცინკი“ მომცა, რომ ხიფათი გელოდებათ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში