დედის მკვლელს ციხეში ყური მოაჭრეს
დედის მკვლელობის გამო ლევან კ. ციხეში 12 წელს გაატარებს. რატომ მოკლა შვილმა დედა? გამოძიების მასალებში ბევრი კითხვის ნიშანია. ბრალდება ამბობს, რომ ამის მიზეზი დედის ლოთობა გახდა, მაგრამ ციხეში მყოფი პატიმარი ირწმუნება, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია. ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კ. შეურაცხადია, მაგრამ საქმეში ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ მოიპოვება. ამიტომ, ციხეში ის ზუსტად 12 წელს გაატარებს.
პატიმართა უმრავლესობა წაყენებულ ბრალდებას, როგორც წესი, არ ეთანხმება. აცხადებენ, რომ სასჯელს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იხდიან. ასეა ლევან კ-ს შემთხვევაშიც. თავდაპირველად, პატიმარმა დედის მკვლელობა აღიარა, მაგრამ შემდეგ დავა დაიწყო, რომ უმძიმესი ბრალდება ძალით აღიარებინეს. მიზანსაც მიაღწია – 15-წლიანი პატიმრობა 3 წლით შეუმსუბუქეს. მაგრამ, ციხეს თავისი კანონები აქვს, რომელიც ხშირად სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე მკაცრია – დედის მკვლელს ციხეში ყურის ბიბილო ჩამოათალეს და რომ არა ოპერატიული რეაგირება, შესაძლოა, მორიგი ტრაგედია დატრიალებულიყო.
ლევან კ-ს მშობლებმა ოჯახი სიყვარულით შექმნეს. ცოლ-ქმარი სოფელში ცხოვრობდა და სამი შვილიც შეეძინათ. ძმებს შორის ლევანი ყველაზე პატარა იყო. სკოლის დამთავრებისთანავე უფროსმა ძმებმა თავის გზა იპოვეს – რუსეთში წავიდნენ. შემდეგ იქ დაოჯახდნენ და როგორც ირკვევა, მშობლებს არც კითხულობდნენ. მშობლებთან მხოლოდ ლევანი ცხოვრობდა და იმით გაღიზიანებული, რომ ძმებმა სოფელში მარტო „დააგდეს“, ლოთობის მეტს არაფერს აკეთებდა.
მოწმეთა ჩვენებებით, დედა შორს წასული შვილების გამო ძალიან წუხდა და უტყუარადაა დადგენილი, რომ ლიანა კ. ხშირად სვამდა. ამის გამო დედასა და უმცროს შვილს გაუთავებელი დავა ჰქონდათ – დედა-შვილი სასმლის დალევას ერთმანეთს უკრძალავდა. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ შვილი დედას სისტემატურად სცემდა. ოჯახური კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ერთ დღეს ლიანა კ-ს ცხედარი სახლიდან მოშორებით იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ეყარა მისი ტანსაცმელიც.
ვინაიდან მოკლულის სხეულს სისხლის ნაკვალევი არ ჰქონდა, ყველას ეგონა, ასე ლოთობის გამო მოუვიდაო, მაგრამ მომხდარიდან 2 დღეში, გაჩნდა ეჭვი, რომ ქალი მოკლული იყო – ყელის არეში სილურჯე შეენიშნებოდა. ამიტომ, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, სიკვდილის მიზეზი ასფიქსია იყო. ანუ, ის მოახრჩვეს და მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ვინაიდან აწ გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია, მეზობლებისა და მოწმეების დაკითხვის შემდეგ, გაჩნდა ვერსია, რომ მკვლელობა მისივე შვილის ჩადენილი იყო. ლევან კ. დედის პანაშვიდზე დააპატიმრეს...
წინასწარი გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ განსასჯელმა აღიარებით ჩვენებაში მართლაც დაადასტურა დედის მკვლელობა. წერს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არყის სმის გამო, დედასთან ურთიერთობა დაეძაბა და ამაზე ხშირად კამათობდნენ.
ლევან კ-ს ჩვენებიდან: „ხშირად ვჩხუბობდით, რადგან დედაჩემის საქციელი არ მომწონდა. გამუდმებით სვამდა და პრობლემებს მიქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარდა არც ერთი შვილი ყურადღებას არ აქცევდა, მაინც ჩემი ძმების მხარეს იყო. მეზობლებში მამცირებდა, ამბობდა, რომ მათთან შედარებით „უფხო“ ვიყავი, რადგან არც ცოლი მყავდა და არც სამსახური მქონდა. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. ერთადერთი იმაზე ვაფრთხილებდი, რომ არ დაელია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, თითქმის ყოველღამე „ლეიბს ასველებდა“, ლოთობას მაინც არ მოეშვა. იმ დღეს უბნის ბიჭებთან მწყევლა, მაგრამ რადგან მთვრალი არ იყო, არ შევპასუხებივარ. ღამე სახლში რომ მივედი, შევნიშნე, ისევ მთვრალი იყო, თან ნახევრად შიშველი იდგა. მისმა ქცევამ გამაღიზიანა და ისევ წავკამათდით. ვაღიარებ, ხელი ძლიერად ვკარი და იატაკზე წაიქცა. როცა ახლოს მივედი, მივხვდი, რომ ცოცხალი აღარ იყო. დანაშაული რომ დამეფარა, ღამით მისი ცხედარი ეზოს გარეთ, სახლის უკან გავათრიე და იქვე დავტოვე. თან წავიღე მისი ტანსაცმელიც, იქვე დავყარე და ისევ სახლში დავბრუნდი... მომხდარი არავისთვის მითქვამს. მიცვალებული დილით ჩემმა დეიდაშვილებმა იპოვეს, რომლებიც იქვე ცხოვრობენ. როდესაც პოლიცია მოვიდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია“.
მოწმის სტატუსით მოკლულის მეზობლები დაიკითხნენ. ისინი ადასტურებდნენ, რომ დედა-შვილს კონფლიქტი ჰქონდა და მომხდარში ლევანის ბრალს არ გამორიცხავდნენ. თუმცა, მათი პოზიცია კატეგორიული არ ყოფილა.
გამოძიებამ დაზარალებულად მოკლულის და ცნო.
დაზარალებულის ჩვენებიდან: „დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა და ამის თვითმხილველი ბევრჯერ ვყოფილვარ. სულ პატარა რამეზე შეეძლოთ ჩხუბის დაწყება. ლევანი აგრესიული იყო და მის ცემასაც არ ერიდებოდა. ბევრჯერ გამიშველებია ისინი. ვიცი, ჩემს დას დალევა უყვარდა. არაყს სვამდა და ამის შემხედვარე შვილი სულ ეჩხუბებოდა. ხან კი თვითონ ეჩხუბებოდა შვილს და გაბრაზებული სახლიდან გარბოდა. იმ დღეს არ ვიცი, რა მოხდა. სამსახურში მორიგე ვიყავი. ღამე იქ გავათენე. დილით 7 საათი არ იყო რომ დავბრუნდი. შვილებს ეძინათ. ჩემს დასთან გადავედი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. ისევ შინ დავბრუნდი, უფროსი შვილი გავაღვიძე და ვკითხე, ხომ არ იცოდა დეიდა სად იყო. არაფერი ვიციო. ჩემი და რომ არ გამოჩნდა, შევშინდი, რადგან ის არსად დადიოდა. ძებნა დავიწყე, მაგრამ მალე კივილი გავიგონე. თანასოფლელებმა ის სახლის უკანა მხარეს, დაახლოებით, 60 მეტრის მოშორებით იპოვეს. ტანსაცმელი ნახევრად გახდილი ჰქონდა. ხელი რომ მოვკიდე, მივხვდი ცოცხალი აღარ იყო. ყვირილი დავიწყე და შველას ვითხოვდი. ჩემი შვილებიც მოვიდნენ. ლევანს ამ ფაქტზე რეაქცია არ ჰქონია. გულცივად შეხედა დედის გვამს, მისი ქცევა საეჭვო იყო. ჩემმა უფროსმა ვაჟმა ისიც გაიხსენა, რომ იმ საღამოს ლევანი ჩემს დას ეჩხუბებოდა. ექსპერტიზითაც დადასტურდა, რომ ლიანა მოკლული იყო. მალე ლევანი დააპატიმრეს და მან აღიარა დანაშაული. ადრეც ბევრჯერ მომისმენია მისი მუქარა, თუ ისევ ცუდად მოიქცევი და არ გამოსწორდები, იცოდე, მოგკლავო. არ ვიცი, რატომ მოკლა დედამისი. ლევანი თავისებური ბიჭია, ადვილად ღიზიანდებოდა და შეეძლო უმნიშვნელო რამეზეც დაეწყო ჩხუბი“.
დედა-შვილს შორის კონფლიქტს, მოწმის სტატუსით დაკითხული, მეზობლებიც ადასტურებდნენ.
მოწმის ჩვენებიდან: „იმ ღამით ჩხუბის ხმა მომესმა. დედა-შვილი ისევ კამათობდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მათი ჩხუბი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. არავის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ლიანაზე ამბობდნენ, მსუბუქი ყოფაქცევისა იყო და მისმა შვილებმაც იცოდნენ ეს, დედა-შვილს შორის ჩხუბის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოო. თანაც, ლიანას დალევა უყვარდა და ბიჭი ამაზეც ღიზიანდებოდა. თავისებური ბიჭია, თუმცა ის ადრე არასდროს ყოფილა ცუდ რამეში შემჩნეული... მე მომხდარი მეორე დღეს გავიგე. თვითონ ოჯახის ნათესავები მომხდარში ლევანს ადანაშაულებდნენ. პოლიციამ ის სახლში დააპატიმრა. გაქცევა არ უცდია. შემდეგ ითქვა, რომ ყველაფერი აღიარა. არ ვიცი, რამ მიიყვანა იგი ამ მდგომარეობამდე...“
მოგვიანებით საქმეში გაჩნდა დაკავებულის ახალი ჩვენება, სადაც იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. აცხადებდა, რომ პოლიციამ აიძულა დედის მკვლელობა ეღიარებინა. სასამართლო პროცესზე ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ უდანაშაულო იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, პროკურატურამ ბრალდება დადასტურებულად ჩათვალა და ბრალი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წაუყენა განსასჯელს.
განსასჯელის ჩვენებიდან: „დედის მკვლელობაში მადანაშაულებენ, მაგრამ მე დანაშაული არ ჩამიდენია. ამაში ბრალი არ მიმიძღვის. არ ვიცი, რა ვითარებაში დაიღუპა... დედაჩემი დაკრძალული არ იყო, პოლიციამ რომ დამაპატიმრა. სასტიკად მცემეს და მოითხოვდნენ მეღიარებინა მკვლელობა. ბოლოს ჩვენება ძალით დამაწერინეს“.
განსასჯელის ამ ჩვენების შემდეგ, სასამართლო დაინტერესდა, ოჯახის წევრებს რატომ ეპარებოდათ ეჭვი მის სიმართლეში. ამ კითხვას განსასჯელმა ასე უპასუხა: „ძმებთანაც და დედაჩემთანაც ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა და არ ვიცი, რატომ მიმიჩნიეს მკვლელად. მე არ შემიძლია, მომხდარში ვინმე დავადანაშაულო. იმ ღამით სახლში უცხო ადამიანი არ ყოფილა. მე ნასვამი მივედი და მაშინვე დავიძინე. არ ვადასტურებ, რომ იმ ღამეს დედას ვეჩხუბე. თუმცა, ვიცოდი, რომ მთვრალი იყო და ამაზე ძალიან გავღიზიანდი. მისი მოკვლა არასოდეს მიფიქრია. არც ის შემიძლია, მკვლელობა ვინმეს დავაბრალო“.
განსასჯელს დეიდაშვილი დაუპირისპირდა. განაცხადა, რომ იმ ღამით ლევანმა დედამისთან ნამდვილად იჩხუბა: „მათ სახლში ხმაური გავიგე. ლევანი დედას აგინებდა. ამიტომ მათთან მივედი, რომ სიტუაცია განმემუხტა. ლიანა მართლა მთვრალი იყო. ეს არ არის მოსაწონი და მეც არ მომწონდა მისი ქცევა, მაგრამ ამის გამო მკვლელობა გაუმართლებელია. ქალი უკვე ავადმყოფი იყო და თავს ვერ ერეოდა. ყველაფერი რომ მიწყნარდა, სახლში წავედი და დავიძინე... არ ვიცი, ლევანმა როდის მოკლა ის. მე არაფერი დამინახავს, მაგრამ მას სხვა არავინ მოკლავდა...“
ყველა მტკიცებულებაზე დაყრდნობით, პროკურორმა განსასჯელისთვის 18 წელი მოითხოვა, საბრალდებო დასკვნა კი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „ლევან კ-ს ხშირად ჰქონდა ჩხუბი და უსიამოვნება დედასთან. მათი კამათის მიზეზი დედის მხრიდან ალკოჰოლის სისტემატური მიღება იყო. ინციდენტის დღეს, გვიან ღამით, ლევანმა დედამისი მთვრალი, ნახევრად შიშველი შენიშნა და ამის გამო ისევ წაკამათდნენ. ამიტომ, მომხდარით განაწყენებულმა დედის მოკვლა განიზრახა. შურისძიების მოტივით, ფიზიკური ძალის გამოყენებით – პირზე ხელის დაჭერით მისი მოგუდვა გადაწყვიტა. დედას გადაუკეტა სასუნთქი გზები და მოახრჩო. ამის შემდეგ იმის შიშით, რომ ოჯახის წევრებს ეჭვი მასზე არ აეღოთ, მოკლულის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან გაათრია და ხევთან მიაგდო, თვითონ უკან მიბრუნდა და დაიძინა“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსასჯელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს სახაზინო ადვოკატები იცავდნენ, განაჩენი მათ ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრეს. ისინი განაჩენის გაუქმებას ითხოვდნენ. აცხადებდნენ, რომ საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, განაჩენი მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობოდა, მაგრამ, მათ მოსაზრებას სახელმწიფო ბრალმდებელი არ დაეთანხმა. პროკურორი განაჩენის ძალაში დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამრთლომ ლევან კ-ს სასჯელი 3 წლით შეუმცირა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფაქტი დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მსჯავრდებულის აღიარებით, მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მტკიცება, რომ აღნიშნული ჩვენება ზეწოლით იყო მიღებული. საქმეში ამის დამადასტურებელი არაფერი მოიპოვებოდა.