კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი კანონიერი ქურდის დასაფლავებაზე იყო ჩამოსული თბილისში კანადაში მცხოვრები კრიმინალი „ტარზანი“


დახვრეტა

საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს საკასაციო პალატის მოსამართლემ, პეტრე კოლოსმა ხალხით სავსე დარბაზს თვალი მოავლო და თქვა: „მოქალაქე ნოდარ სავლეს ძე კობერიძეს, დაბადებულს 1945 წელს, უარი ეთქვას მსჯავრის შემსუბუქებაზე და სიკვდილის განაჩენი ძალაში დარჩეს. განაჩენი საბოლოოა და განხილვას აღარ ექვემდებარება...“

– ვაიმე, ნოდარ, შე უბედურო! ღმერთო, რატომ გამწირე! – დაიკივლა ახალგაზრდა გოგონამ და სასამართლო დარბაზში გული წაუვიდა...

სიკვდილმისჯილი ნოდარ კობერიძე 25 წლის იყო, ხოლო გულწასული გოგონა კი – მისი 21 წლის ფეხმძიმე მეუღლე თამარი. გოგონა ორი თვის წინ ციხეში ნოდართან პაემნების დროს დაფეხმძიმდა. ნოდარ კობერიძე კი დაქორწინებიდან სამი კვირის მერე დააპატიმრეს და უმძიმესი ბრალდება – ყაჩაღობისას ჩადენილი სამი მკვლელობა წაუყენეს.

დანაშაული, რომელსაც ნოდარს აბრალებდნენ, 1969 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გრიგოლიების ოჯახში ორი ნიღბიანი, შეიარაღებული ახალგაზრდა შეიჭრა და ოჯახის წევრებს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვა. 40 წლის პავლე გრიგოლიამ ყაჩაღებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და პურის საჭრელი დანით ერთ-ერთი თავდამსხმელი გულში დაჭრა. მეორე თავდამსხმელმა კი ცეცხლი გახსნა და პავლე გრიგოლია, მისი მეუღლე – ანა გრიგოლია და ვაჟიშვილი – 12 წლის მერაბ გრიგოლია ადგილზევე დახოცა, 65 წლის გივი გრიგოლია კი მხარში დაჭრა.

მკვლელი ყაჩაღი „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან ისროდა და ოთხი ადამიანი რომ დაცხრილა, დანით დაჭრილ მეგობარს მიუბრუნდა, მაგრამ, ის უკვე მკვდარი იყო და ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწაულებრივად გადარჩენილმა გივი გრიგოლიამ საშველად მეზობლებს უხმო, მილიცია გამოიძახა და მოკლულ ყაჩაღს რომ ნიღაბი ახადეს, ის 29 წლის აკაკი ბანძელაძე აღმოჩნდა. ბანძელაძე, ნოდარ კობერიძის დეიდაშვილი იყო და ცოცხლად გადარჩენილმა გივი გრიგოლიამ გამომძიებელს განუცხადა, რომ მეორე ყაჩაღი სწორედ ნოდარ კობერიძე იყოო. ამიტომ, ნოდარი რამდენიმე საათში დააპატიმრეს და იმ დროს აიყვანეს, როდესაც ცოლთან ერთად იწვა... გაჩხრიკეს მისი ბინა და „ტეტეს“ სისტემის, არაკანონიერად შეძენილი პისტოლეტი აღმოუჩინეს. თუმცა, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნოდარ კობერიძის „ტეტე“ და გრიგოლიების ოჯახში გამოყენებული „ტეტე“ სხვადასხვა იარაღი იყო. ნოდარის ალიბს მისი მეუღლე თამარი, ოჯახის სხვა წევრები და ერთ-ერთი მეზობელი, ანზორ კაპანაძეც ადასტურებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ნოდარი მთელი საღამო სახლში იყო და გრიგოლიების ოჯახში საყაჩაღოდ ვერ წავიდოდაო. თუმცა, ნოდარს გივი გრიგოლია ადებდა ხელს და ეს კი მის გასამტყუნებლად საკმარისად სცნეს გამომძიებლებმა. რადგან გივი გრიგოლია ძველი პროკურორი იყო და კობერიძეების ოჯახთან უკიდურესად დაპირისპირებული გახლდათ, თანაც ერთ-ერთი თავდამსხმელი, ნოდარის დეიდაშვილი აღმოჩნდა. ეს სამი მიზეზი საკმარისი აღმოჩნდა, როგორც ძალოვნებისთვის, ასევე სასამართლოსთვისაც. აბსოლუტურად უდანაშაულო ნოდარ კობერიძეს ორმა ინსტანციამ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა და ამ საქმეს არც შეწყალების თხოვნამ უშველა, რომელიც ნოდარმა ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე დაწერა. მასში პატიმარი თავს დამნაშავედ ცნობდა...

– თუ დამნაშავე არაა, მაშინ რატომ დაწერა, რომ დამნაშავეა და შეწყალება რატომ ითხოვა? – ნიშნის მოგებით თქვა გივი გრიგოლიამ სოფლის ცენტრში შეკრებილი თანასოფლელების გასაგონად.

– გივია, შე უბედურო, დიდი ტრაგედია დაგატყდა და მთელი სოფელი გითანაგრძნობთ, მაგრამ ეგ ბავშვი უდანაშაულოა და ტყუილად დაღუპე. იმ საღამოს კობერიძეებთან ვიყავი და ნოდარი სახლში იყო, – უთხრა გივი გრიგოლიას ანზორ კაპანაძემ, – თავი კი იმიტომ სცნო დამნაშავედ, რომ შეეწყალებინათ და ეცოცხლა. შენ კი, ღმერთი არ გაპატიებს...

გივი გრიგოლია გაიძურწა... ნოდარ კობერიძე კი 1970 წლის 31 ოქტომბერს, მოსკოვში, ბუტირკის ციხეში სიკვდილით დასაჯეს... იმავე ღამეს, ნოდარის მეუღლემ, თამარმა ვაჟი გააჩინა და მას ნოდარი დაარქვეს.

შურისძიება

ნოდარ კობერიძის დახვრეტიდან 6 თვის მერე, თბილისში 30 წლის გივი ჩანტლაძე დააპატიმრეს. მას ჩხრეკისას სწორედ ის „ტეტე“ უპოვეს, რომლითაც გრიგოლიები იყვნენ დახოცილები.

გივი ჩანტლაძე ყაჩაღობისთვის დააპატიმრეს და გამომძიებლების წინაშე გრიგოლიების მკვლელობებიც აღიარა, რაც უმალვე ცნობილი გახდა დახვრეტილი ნოდარის თანასოფლელებისთვის. ამიტომ, გივი გრიგოლიას უცნობებმა სახლ-კარი გადაუწვეს და გარიყეს. შეშლილობის ზღვარზე მყოფმა თამარმა კი, რომელიც ჩვილს ზრდიდა, 66 წლის გივი გრიგოლია გადაჭრილი თოფით მისსავე სახლში მოკლა და მიიმალა. თუმცა, მასზე ეჭვი არავის აუღია.

გივი გრიგოლიას მკვლელობიდან სამი კვირის თავზე, თბილისში, უმაღლეს სასამართლოში გივი ჩანტლაძის სასამართლო პროცესი იმართებოდა. წინასწარ იყო ცნობილი, რომ ჩანტლაძეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ და დარბაზში გაძლიერებული დაცვა იყო მობილიზებული. თუმცა, შავებში გამოწყობილმა თამარ კობერიძემ უპრობლემოდ შეაღწია დარბაზში და ის გადაჭრილი თოფიც შეიტანა, რომლითაც გივი გრიგოლია გამოასალმა სიცოცხლეს. როდესაც მოსამართლე წამოდგა და თქვა: „სიკვდილი მიესაჯოსო“, თამარი ფეხზე ადგა და სანამ გაისროდა, შეშლილი სახით დაიყვირა: „განაჩენი ახლავე ასრულდებაო“. შემდეგ გადაჭრილი თოფი მსჯავრდებულს მიუშვირა და თორმეტკალიბრიანი იარაღიდან ორი ჟაკანი ესროლა... ტყვიები, რომლებიც მსხვილ ნადირს კლავდა, გივი ჩანტლაძეს თავში და მკერდში მოხვდა. თავი გაუხეთქა, გულმკერდი შუაზე გაუპო და ადგილზევე მოკლა... თამარმა გადაჭრილი თოფი ძირს დააგდო და იქვე დააპატიმრეს. თუმცა, ქვრივმა და გამწარებულმა ქალმა ციხეში ფანჯრის გისოსზე ჩამოიხრჩო თავი და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. თამარი სულ რაღაც 22 წლის იყო და მან 1 წლის და 3 თვის ობოლი შვილი, პატარა ნოდიკო კობერიძე დატოვა...

„ტარზანი“

ნოდიკო კობერიძე, რომელიც უდედმამო ბავშვთა სახლში იზრდებოდა, საკმაოდ გონიერი, ნებისყოფიანი და ფიზიკურად ძლიერი ბავშვი იყო. მან ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა სპორტული ნიჭი და 10 წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონი გახდა ცურვაში. 12 წლის მოზარდი კი საბჭოთა კავშირის მოცურავე ჭაბუკთა ნაკრების ლიდერი იყო. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა და 1983 წლის ივნისში, სოჭში, შეკრებაზე მყოფ ნოდარს თავს ტრაგედია დაატყდა. ვარჯიშის მერე ნოდიკო და მისი მეგობრები ქალაქში გავიდნენ და ზღვის პირას გაისეირნეს. ცუდი ამინდი იდგა, ზღვა ძლიერ ღელავდა და დამსვენებლები წყალში შესვლას ერიდებოდნენ. თუმცა ერთ-ერთი გოგონა, რომელიც „ვოლნარეზზე“ იდგა, ზღვამ გაიტაცა. ნოდარი დაუფიქრებლად გადახტა ზღვაში და 11 წლის გოგონა სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან, წყლიდან გამოიყვანა და პლაჟზე მდგომ უფროსებს ჩააბარა. თუმცა, ტალღამ არაქათგამოცლილი ნოდარი უკან ჩაითრია, „ვოლნარეზს“ მიანარცხა და მარცხენა ფეხი მოტეხა. მიუხედავად ამისა, ნოდიკომ მაინც მოახერხა წყლიდან ამოსვლა, მაგრამ დიდი სპორტისთვის ის უკვე აღარ ვარგოდა. უაღრესად პერსპექტიული ქართველი მოცურავე ყველასთვის გამოუსადეგარი გახდა. ნოდიკო 13 წლის იყო და ისეთ საშინელ დეპრესიაში ჩავარდა, დანა პირს არ უხსნიდა. შარშანდელი თოვლივით გაქრა მისი პოპულარობა, რაც მის თავმოყვარეობას ლახავდა და 14 წლის ყმაწვილი მრუდე გზას დაადგა...

თავდაპირველად, ნოდარ კობერიძე წვრილმან ქურდობებს სჩადიოდა. შემდეგ ბინის ქურდობაც დაიწყო და 15 წლის მოზარდი ისე დახელოვნდა ამ საქმეში, ქურდებმა „ტარზანი“ შეარქვეს. ნოდარი გამოცდილი მაიმუნივით ძვრებოდა ნებისმიერ კედელზე, ცარიელ ბინებში შედიოდა და იქაურობას პირწმინდად ასუფთავებდა. თავისი სითამამითა და მოხერხებით, ჯერ კიდევ ბავშვმა, დიდი ავტორიტეტი მოიპოვა გამოცდილ ქურდებში და მისი სახელი მთელმა თბილისმა შეიტყო. ეს კი მილიციას არ გამოჰპარვია და 1986 წლის ნოემბერში ნოდიკო კობერიძე, მეტსახელად „ტარზანი“, ქალაქის სამმართველოს ოპერჯგუფმა ვაკეში, ერთ-ერთი მდიდარი ადამიანის ბინაში დააპატიმრა. „ტარზანი“ ერთ-ერთმა მეწყვილემ დააბეზღა, რომელიც მილიციამ თანამშრომლობაზე დაითანხმა და დააჭერინა.

ნოდიკო გაასამართლეს და მისი არასრულწლოვნებისა და საქმეში ქურდების ჩარევის შედეგად, 3 წლით პირობითი სასჯელი გამოუტანეს, მაგრამ, მან შეიტყო, ვინც დააბეზღა და ყოფილი მგეობარი, 18 წლის ტიტე ბობოხიძე დანით დაჭრა მარცხენა და მარჯვენა ბარძაყში. ტიტემ ამ დანაშაულის შესახებ მილიციას შეატყობინა და ნოდიკოზე ძებნა გამოაცხადეს. „ტარზანმა“ კი მორიგი ქურდობა ჩაიდინა და 4 ათასი მანეთი და ოქროულობა მოიპარა. ნაწილი ქურდებს გაუგზავნა, დანარჩენი კი არალეგალური ცხოვრებისთვის დაიტოვა და თბილისიდან გადაიხვეწა...

მოუხელთებელი ქურდი

თბილისიდან გაქცეული „ტარზანი“, რომელსაც ამქვეყნად ნათესავი არ ჰყავდა და იძულებული იყო, საკუთარ თავზე მხოლოდ თავად ეზრუნა, ჯერ რუსეთში გადაიხვეწა და ერთი წელი მოსკოვში „მოღვაწეობდა“, შემდეგ კი – ოდესაში გადაბარგდა. იქაურ ქურდებს დაუკავშირდა და ისე გაიწაფა დანაშაულის ჩადენაში, რომ მოუხელთებელი ქურდი გახდა.

იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“ მძვინვარებდა და ყველა არალეგალური მილიონერი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა, ფულები გამოაჩინა. ამით კი ყველაზე მეტად ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს და მათ უკვე ზუსტად იცოდნენ, თუ სად უნდა მოეპარათ ფული. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ოდესელი ქურდები იყვნენ, რომლებთანაც ნოდარ კობერიძე იმყოფებოდა. ისინი ადგილობრივი „ფაშისტების“ ბინებს დიდი წარმატებით ქურდავდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს 17 წლის ნოდარმა ჩვეული მანევრი გააკეთა და დღისით, მზისით ებრაელი ბიზნესმენის, ვიტალი შიფმანის ფეშენებელურ ბინაში შეძვრა. ინფორმაციით, შიფმანს სახლი ანტიკვარებით ჰქონდა გაძეძგილი, ბინაში კი იმ დროს არავინ იმყოფებოდა. ამიტომ, „ტარზანი“ თამამად შევიდა სახლში და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ნოდიკომ ანტიკვარული კარადა გააღო და ძვირფასეულობის ძებნას შეუდგა. მაგრამ, დაჟინებული მზერა იგრძნო უკნიდან. შეტრიალდა და ტანწერწეტა, პირმშვენიერი გოგონა დაინახა, რომელიც მას უღიმოდა. გოგონამ „ტარზანს“ ჰკითხა:

– ოქროებს ეძებთ?

– ოქროებს, – უტიფრად მიუგო ნოდიკომ და გოგონას შემფასებლური მზერა ესროლა.

– მე თქვენ გიცნობთ, – გაიღიმა გოგონამ.

– საიდან?

– თქვენ სახეს რა დამავიწყებს. თითქმის არ შეცვლილხართ. უბრალოდ, დავაჟკაცებულხართ.

ტანწერწეტა, პირმშვენიერი გოგონა, 16 წლის ალისა შიფმანი იყო. მან ნოდიკოს უთხრა, რომ მამამისი 3 დღით სხვა ქალაქში იყო წასული დედასთან ერთად და სახლში მარტო იმყოფებოდა. გოგონა, რომელიც ნოდიკოს გასაკვირად ქალიშვილი აღმოჩნდა, იმავე ღამეს „ტარზანს“ ჩაუწვა ლოგინში და მათი რომანი დაიწყო... ნოდარ კობერიძე ქურდობას განაგრძობდა და იმდენი ფული იშოვა, რომ უდარდელ ცხოვრებას მიჰყო ხელი. თუმცა, ის კვლავ ძებნილი გახლდათ და ერთ მშვენიერ დღეს, „ტარზანი“ ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში დააპატიმრეს...

გაქცევა

„ტარზანის“ დაპატიმრების მიუხედავად, 17 წლის ალისა შიფმანი, რომელსაც ბევრი ეტრფოდა და მისი ცოლად შერთვა უნდოდა, ნოდიკოს ერთგული დარჩა. გოგონამ მამასაც კი სთხოვა, ნოდიკოს ციხიდან დახსნა და ებრაელი ბიზნესმენი მნიშვნელოვან თანხას იხდიდა მის დასახსნელად. თუმცა, მილიცია გაჯიუტდა და ნოდიკო 1989 წელს გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შემდეგ კი ოდესიდან ეტაპით გაგზავნეს და ნოვოჩერკასკის ციხეში გამოამწყვდიეს, რომელიც თავისი სიმკაცრით და შეუვალობით იყო ცნობილი. ამ პერიოდში დაიღუპა ალისას მამა. დედამისმა კი ქმრის ქონება ხელში ჩაიგდო და ამერიკაში გაემგზავრა. ქალს ალისას წაყვანაც უნდოდა, მაგრამ გოგონა ოდესაში დარჩა და მიზნად დაისახა ნოდიკოს ციხიდან დახსნა...

1990 წლის 4 მარტს ნოვოჩერკასკის ციხიდან საბადრაგო მანქანა როსტოვისკენ მიემართებოდა, რომ „ტარზანი“ სადგურში მიეყვანათ და ეტაპით ციმბირში გაეგზავნათ. თუმცა, მანქანა შეიარაღებულმა ნიღბიანებმა შეაჩერეს, ნოდიკო გამოიხსნეს და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ. საღამოს კი, ნოდიკო უკვე ჩეჩნეთ-ინგუშეთის დედაქალაქ გროზნოში იმყოფებოდა, სადაც ის ნიღბიანებმა ჩაიყვანეს. ნიღბიანები ძმები კანტიმიროვების დაჯგუფების წევრები იყვნენ. ისინი ალისამ დაიქირავა, 50 ათასი მანეთი გადაუხადა და ნოდიკო გაათავისუფლა.

იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის დაშლა იყო დაწყებული და ქვეყანა ირეოდა. ამიტომ, ქალ-ვაჟი ჯერ ოდესაში ჩავიდა. ალისამ ბინა გაყიდა, „ტარზანმა“ კი შავი დღისთვის შენახული 70 ათასი დოლარი და ძვირფასეულობა ამოიღო სამალავიდან. შემდეგ თბილისში ჩამოვიდნენ და 6 თვე არალეგალურად ცხოვრობდნენ. ბოლოს კი თურქეთის გავლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ და იქ დამკვიდრდნენ.

P. S. ნოდარ კობერიძე და ალისა შიფმანი ამჟამად კანადაში ცხოვრობენ. საკუთარი ბიზნესი აქვთ და 4 შვილი ჰყავთ. „ტარზანი“ 2000 წელს საქართველოშიც იყო ჩამოსული და ერთ-ერთი ქურდის დასაფლავებას დაესწრო.


скачать dle 11.3