როდის მიდის ეკა სამხარაძე დათმობაზე და რის გარეშე არ ხდება არაფერი მის ოჯახში
ჟურნალისტმა ეკა სამხარაძემ თავისი მეორე ნახევარი სამსახურში გაიცნო. ერთ
მშვენიერ დღეს მისი და მაშინდელი „რუსთავი 2-ის“ ფიარ-მენეჯერის
ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი საუბრით არ შემოიფარგლა. შემდეგ იყო ქორწილი,
რომელიც ექსპრომტად დაიგეგმა და ტრადიციულად ჩატარდა. თუ როგორ
ვითარდებოდა ამ წყვილის ურთიერთობა მათი თანაცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე,
ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. ჩვენი რესპონდენტია ეკა სამხარაძე.
ეკა სამხარაძე: მე და ნოემ ერთმანეთი „რუსთავი 2-ში“ გავიცანით, მაშინ ნოე „რუსთავი 2-ის“ ფიარ-მენეჯერი იყო, მე კი – დილის გადაცემის წამყვანი. ჩვენი გაცნობა სამსახურებრივი მიზეზით მოხდა: „რუსთავი 2-ის“ დაბადების დღე ახლოვდებოდა, რასთან დაკავშირებითაც ნოე საზეიმო საღამოს კუს ტბაზე ამზადებდა. ზეიმი შაბათ დღეს უნდა ჩატარებულიყო, მე კი პარასკევისთვის ამ საღამოს ანონსის გაკეთება დამევალა. მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, რადგან ნოემ ჩვენს ოთახში სიარულს მოუხშირა. (იცინის).
– შაბათს როგორ ჩაიარა დღესასწაულმა?
– ძალიან ჩვეულებრივად ჩაიარა ყველაფერმა კუს ტბაზე. თუმცა, ნოემ არ გამაცილა, რაც ძალიან გამიკვირდა. ლოგიკურად, უნდა გავეცილებინე. ამის შემდეგ დაიწყო რეკვები, ჩვეულებრივი ურთიერთობები, რაც ძალიან მალე, რამდენიმე თვეში, ოჯახის შექმნით დამთავრდა.
– როგორი იყო შეყვარებული ეკა?
– გათენება რომ გიხარია, რადგან იცი, რომ საყვარელი ადამიანი ან დაგირეკავს, ან დაგიმესიჯებს, ბოლოს და ბოლოს სამსახურში შეხვდები. რაღაც სხვანაირი გავხდი... თითქოს უფრო ლამაზი, უფრო ხალისიანი, ცხოვრება მიხაროდა.
– ტრადიციულად მოხდა თქვენი ქორწინება თუ ექსპრომტად გადაწყვიტეთ და ძალიან მალევე მოიყვანეთ სისრულეში ეს გადაწყვეტილება?
– იმ ზაფხულს „რუსთავი 2-ის“ წამყვანებმა მთელი საქართველოს რეგიონები მოვიარეთ. ნოემ წაგვიყვანა, როგორც ამ ტურის ორგანიზატორმა. სწორედ იმ მოგზაურობის დროს მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შემდეგ მივედით ჩემს მშობლებთან და ნოემ ჩემი ხელი ითხოვა, ასე ვთქვათ. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, ქორწილი გვქონდა.
– ნოეს მშობლებიც ინფორმირებული იყვნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ?
– ნოე 15 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დედამისი კი მაშინ გავიცანი, როდესაც უკვე გასერიოზულდა ჩვენი ურთიერთობები. ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა, რადგან, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯი ორივეს მშობლებისთვის მოსალოდნელი იყო.
– ნოე როგორ მოხიბლე გასაგებია, მაგრამ დედამთილის მოხიბვლა როგორ მოახერხე?
– ეგ არ ვიცი (იცინის), არაფერი მომიმოქმედებია, რაც ვარ, ის ვაჩვენე. ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ და როდესაც ლილი დეიდა ჩვენთან მოდის, ჩვენს კულინარიულ შედევრებს ვაცნობ ხოლმე.
– კულინარიული მოღვაწეობა გათხოვების შემდეგ დაიწყე თუ მანამდეც გაწაფული გქონდა ხელი?
– კულინარიული მოღვაწეობა გათხოვების შემდეგ დავიწყე, თანაც დიდი კრახით. ქორწინებიდან პირველი ერთი-ორი თვის განმავლობაში, მე და ნოე სახლში არ ვსადილობდით. ერთ მშვენიერ დღესაც, დილას გავიღვიძე და სამზარეულოში დამხვდა 2 კილო ხახვი, 4 კილო კარტოფილი... და გავოგნდი: რისთვის იყო ეს ყველაფერი? „გამოგვადგება“ – იყო ნოეს პასუხი. ცოტა ხანში მკითხა: „სოუზი“ ხომ არ გაგეკეთებინა, ეკა?“ ეს ჩემთვის ელდა იყო, მანამდე არაფერი მომიმზადებია, სადილს ვგულისხმობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდოდა, მეუღლისთვის მომეწონებინა თავი. სასწრაფოდ გადავრეკე დედაჩემთან: ჩქარა მითხარი „სოუზი“ როგორ გავაკეთო-მეთქი.
– „მისტერ მუსკული“ ხომ არ ჩაასხი სადილში?
– არა, „მისტერ მუსკული“ არ ჩამისხამს, მაგრამ ბევრიც არაფერი აკლდა. რაც გავაკეთე სრული საშინელება იყო, ხორცი – მოუხარშავი... ნოეს, რომ მივუტანე, არ მიირთვა. ისე განვიცადე, რომ არ შემაქო იმის გამო, რომ მთელი დღე სამზარეულოში ვიტრიალე... სამაგიეროდ, გამოვსწორდი. ახლა, ნოეს რომ ჰკითხო, გიპასუხებს, რომ მისი მეუღლე საოცარ სადილებს ამზადებს. (იცინის) რას არ გააკეთებ საყვარელი ადამიანისთვის!..
– ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ცოლქმრული წყვილის რამდენიმე ტიპი არსებობს: დედაშვილური, მამაშვილური... თქვენს წყვილს რომელ მათგანს მიაკუთვნებდით?
– ამის თქმა გამიჭირდება, რადგან სულ ეს პოზიცია მაქვს, რომ მამაკაცი უნდა ზრუნავდეს ქალზე. ქალს, რაც უნდა ძლიერი და ჩამოყალიბებული იყო, ყოველთვის გჭირდება ძლიერი „ზურგის“ შეგრძნება. მე ზუსტად ვიცი, რომ ნოე ასეთია და ეს ძალიან დასაფასებელია. სხვა შემთხვევაში, არც შემიყვარდებოდა, იმიტომ რომ ჩემთვის მამაკაცში ეს მთავარი ღირსებაა.
– გჯერა, რომ მისი რჩევა ყოველთვის სწორ გზაზე დაგაყენებს?
– რა თქმა უნდა. ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ: აი, თუნდაც, რაღაცას რომ ვყიდულობ, ყოველთვის გასათვალისწინებელი და მისაღებია ნოეს აზრი. თვითონაც ასეა ჩემ მიმართ. თუ დრო გვაქვს, მაღაზიაშიც ერთად მივდივართ; ან, რამე გადაწყვეტილება რომ აქვს მისაღები, ყოველთვის მოუსმენია ჩემი აზრი. ჩვენ თითქმის ერთ სფეროში ვმოღვაწეობთ და აქედან გამომდინარე, საქმით, ცნობიერებით, გემოვნებით თუ შეხედულებებით, ორივე ძალიან გადაჯაჭვული ვართ ერთმანეთზე, რაც საოცარ კომფორტს მიქმნის, რადგან, ვიცი, რომ გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, რომელიც იმასაც გამიგებს, დილის 5 საათზე რომ გავდივარ ოჯახიდან და იმასაც, რომ სადღაც გადაღება მაქვს. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი უცხო არ არის მისთვის.
– ფეხმძიმობის პერიოდში როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა, მოთმინებით იტანდა ნოე შენს კაპრიზებს?
– ძალიან ჩვეულებრივი ფეხმძიმე ვიყავი, არასდროს არაფერი მომდომებია განსაკუთრებულად. არადა, მანამდე სულ ვფიქრობდი ხოლმე, რა ბედნიერება იქნება, ღამის 3 საათზე რომ გაგეღვიძება და ქმარს გაუშვებ რაღაცის საყიდლად-მეთქი.
– ამბობენ, ბავშვის გაჩენის შემდეგ ბევრი რამ იცვლება წყვილის ცხოვრებაშიო. შენ როგორ ფიქრობ?
– მართალია, ბევრი რამ იცვლება. მე და ნოეს სულ ეს მომენტი გვქონდა, რომ, სადაც წავიდოდა, სულ გვერდით ვყავდი, მგონი, საქმეებზეც კი ერთად დავდიოდით (იცინის). ის, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო ვეღარ დავდიოდით ერთად, ნოესთვისაც და ჩემთვისაც პრობლემა იყო. ახლა ლიზიკო წამოიზარდა და უკვე ხშირად ვუტოვებთ ბებიებს. მართალია სახლში ერთად ვართ, მაგრამ არის რაღაც, რაც წყვილის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. ეს „რაღაც“ არის ცოტა რომანტიკა, ცოტა სიახლე, რომ სადღაც, თუნდაც მეგობრების წრეში გავიდეთ ერთად, ან, თუნდაც კინოში ან თეატრში წავიდეთ. ეს აუცილებელია, რომ წყვილის ურთიერთობა ხანგრძლივი იყოს.
– ბავშვის მოვლა-გაზრდაში ნოე აქტიურად არის ჩართული?
– არიან მამები, რომლებიც შვილებს აძინებენ, აჭმევენ, პამპერსს უცვლიან. ნოე რადიკალურად განსხვავდება მათგან. მისი მამობა შემოიფარგლება იმით, რომ ეტყვის: „ვაიმე, ლიზიკო, რა საყვარელი ხარ, მამიკო გენაცვალოს“, – მოეფერება და ჩაეხუტება. თუმცა დილით, როდესაც მე ტელევიზიაში მივდივარ, ბავშვი ორი საათით ნოესთან რჩება ძიძის მოსვლამდე. რომ დავურეკავ და ვიკითხავ: „რას შვრება ლიზიკო?“ „დასჯილია“, – მპასუხობს ის; „რატომ არის დასჯილი?“ დავინტერესდები ხოლმე და ისიც არ აყოვნებს: „იმიტომ რომ გაიღვიძა“. ლიზიკო არ არის მაინცდამაინც დამჯერი ბავშვი, ჯერ არც ესმის იმდენი, 1 წლისაა მხოლოდ. როცა რამეზე ჭირვეულობს და მე ვეტყვი: „ლიზიკო გაჩუმდი“, რეაქცია არ აქვს, საკმარისია, მამამისმა უთხრას: „ლიზიკო ჩუ!“ მაშინვე წვება და თვალებს ხუჭავს, ვითომ სძინავს. ასეთი ხათრი აქვს ბავშვს მამის (იცინის).
– ოჯახი თუ კარიერა?
– ორივე ერთად. რატომაც არა? გამომდის, ფაქტია, რომ გამომდის. ჩვილბავშვიანი დედა ვმუშაობ ისეთ სამსახურში, რომელსაც არაორდინარული გრაფიკი აქვს თავიდან ბოლომდე.
– როგორი უნდა იყოს კარგი მეუღლე?
– მე არ მესმის, რატომ უნდა იჯდეს ქალი მაინცდამაინც სახლში, ან იყოს მარტო სამსახურში და სახლში ყველაფერი მიტოვებული ჰქონდეს. კარგმა მეუღლემ ყველაფერი უნდა შეათავსოს.
– ვთქვათ, კინკლაობთ და იცი, რომ მართალი ხარ. როგორ მოიქცევი?
– ალბათ, უნდა დავთმო. იგივე ნოესაც გაუკეთებია. ეს ჩვეულებრივი ამბავია. რომელიმემ თუ არ დათმო, რა გამოვა?! არსებობს რაღაც, რასაც ნოე, ვიცი, რომ ვერ დათმობს, ან ისეთი რამ, რაც ნოემ იცის, რომ მე ვერ დავთმობ. თუ ხანდახან კომპრომისზე არ წახვედი, იდეალურად ვერავის შეეწყობი და ყოველთვის გაჩნდება ისეთი საკითხი, რაზეც იკამათებ.
– საჩუქრებს ხშირად გჩუქნის?
– მე უფრო პრაქტიკული საჩუქრები მიყვარს და ვაფასებ. საკმარისია რამე მომეწონოს და ზუსტად ვიცი, რომ მეორე დღეს მექნება. ნოე ზუსტად გრძნობს როდის რა მინდა, იცის, ჩანთა მჭირდება – მიყიდის, სათვალე მინდა – მაჩუქებს. ორივე ასე ვართ. თან, უკვე ცოლ-ქმარი რომ ვართ, აღარ არის თავის მტვრევა საჭირო იმის ამოსაცნობად, ნეტავი როგორი და რა ფერის მოეწონებაო. ამ მხრივ გადასარევად ვიცნობთ ერთმანეთს.
– „იავნანას“ უმღერით ბავშვს?
– როცა შვილს აძინებს, ალბათ, ყველა დედა უმღერის „იავნანას“. ნოე ძალიან მუსიკალურია, ათწლედიც აქვს დამთავრებული და ძალიან კარგად უკრავს. ერთი პერიოდი, ჰქონდა მოთხოვნილება, რომ ბავშვს მოესმინა მისი დაკრული, მაგრამ ამისთვის დრო არასდროს ჰყოფნის, უფრო სწორად, ამას ძალიან იშვიათად ახერხებს.
– ბავშვი როგორ იქცევა ამ დროს?
– სხვათა შორის მოსწონს. ბებოც კომპოზიტორი ჰყავს – ნოეს დედა კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილია და ლიზიკოშიც აშკარად შეიმჩნევა მუსიკალური გენები. ყველაფერზე მღერის, შეუძლია, ბლენდერის ხმაზეც იმღეროს.
– შენი აზრით, რაში მდგომარეობს ქორწინების საიდუმლო?
– სიყვარულში. ყველაფერი მის გარშემო ხდება ოჯახში. სიყვარულის გარეშე არაფერი იქნება, სიყვარულით ყველაფერი მიიღწევა.
ეკა სალაღაია