კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა 130 ადამიანი დახოცა
ამერიკის სასამართლომ სულ ახლახან მკაცრი განაჩენი გამოუტანა სერიულ მანიაკსა და ფსიქოპათს, რომელიც 30 წელზე მეტხანს რჩებოდა დაუსჯელი. უაღრესად განათლებული, პროფესიონალი ფოტოგრაფი ეჭვმიტანილი იყო ათობით გოგონასა და ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში, რომელთა ფოტოებს იგი სახლში ინახავდა. მოკლულთა საერთო რიცხვმა 30-ს მიაღწია.
66 წლის როდნი ალკალას სასიკვდილო განაჩენი კალიფორნიის შტატ ორანჟის საგრაფოს უმაღლესმა სასამართლომ გამოუტანა.
თებერვალში ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ იგი დამნაშავედ ცნო 12 წლის რობინ სამსისა და ოთხი ზრდასრული ქალის მკვლელობაში. უფრო მეტიც, ალკალას სახლში პოლიციამ აღმოაჩინა ათასზე მეტი ქალის ფოტო, რომლებიც, როგორც გამომძიებლები ვარაუდობენ, მკვლელის „ნადავლად“ იქცნენ. მანიაკის მსხვერპლთა სიაში მოხვდნენ ნიუ-ჰემპშირში, ვაშინგტონში, კალიფორნიაში, არიზონასა და ნიუ-იორკის შტატებში მცხოვრები ქალები. პროკურორმა მეტ მერფიმ განაცხადა, რომ მკვლელმა გაცილებით მეტი ქალი დახოცა, ვიდრე ეს გამოძიებამ დაამტკიცა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ალკალა, რომელსაც ინტელექტის განსაკუთრებით მაღალი დონე აქვს, სასამართლოზე თავს თვითონ იცავდა და ორჯერ შეძლო გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გაუქმება. ამჯერად მისი დანაშაული დამატებით დნმ-ის ანალიზმა და პათოლოგანატომიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა.
1970 წლის ბოლოსთვის, თავისი პირველი დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე თვით ადრე, მანიაკი ვარსკვლავიც კი გახდა – პოპულარულ სატელევიზიო თამაშში მიიღო მონაწილეობა და აღიარებაც მოიპოვა.
როგორც გამოძიების მასალებიდან ჩანს, ამ გამარჯვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ როდნი ალკალამ მხეცურად მოკლა 12 წლის გოგონა, ხოლო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში – მინიმუმ, ოთხი ქალი.
როდნი ჯეიმს ალკალა ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინალისტიკის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე საშინელი მანიაკი და მკვლელი. გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ მან 130 ქალი მაინც იმსხვერპლა, თუმცა გამოკვეთილი სამხილის უქონლობის გამო მათ ამის დამტკიცება ვერ შეძლეს. დეტექტივმა კლაიფ შეპარდმა ალკალას „ურჩხული“ უწოდა და განთქმული „ნეილონის მკვლელის“ გვერდითაც კი დააყენა.
და მაინც, ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშინელ მანიაკად ჰენრი ლი ლუკასი რჩება, რომელსაც 4 მკვლელობა დაუმტკიცდა, თუმცა, გამოძიების ვარაუდით, მან 200 ასეთი დანაშაული ჩაიდინა. თავად ლუკასმა სასამართლოზე აღიარა, რომ 600 მკვლელობა აქვს ჩადენილი, მოგვიანებით კი უარყო და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ „სახელის მოსახვეჭად“ თქვა.