ლუდი გინებით
ავსტრიაში ბაზარზე გამოდის ლუდი, მარკით Fucking Hell. იგი ნამდვილად გაახალისებს ინგლისურენოვან მომხმარებელს, რადგან ლუდის დასახელება, რომელიც გერმანელებისთვის სრულიად უწყინარი სიტყვებია, ინგლისელებისთვის, ფაქტობრივად, უხეში გინებაა.
ფუკინგი პატარა ქალაქია, რომელიც ზალცბურგიდან ჩრდილოეთით, 35 კილომეტრში მდებარეობს. სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა ლუდს სახელი; სიტყვა Hell კი გერმანული ენის ერთ-ერთ დიალექტზე, რომელზეც ბავარიასა და ავსტრიაში ლაპარაკობენ, „ნათელ ნაძვს“ ნიშნავს.
ინგლისურ ენაზე კი, სიტყვები Fucking Hell – გამოიყენება გაღიზიანების ან გაკვირვების უხეში ფორმით გამოსახატავად. დიახ, ეს ისეთი სიტყვათა წყობაა, რომელიც ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს, მაგრამ მასში არ ჩანს, ვის წინააღმდეგაა ის მიმართული. არ შეიძლება, გასაკიცხი იყოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა ენებში მათ, შეიძლება, საეჭვო მნიშვნელობა ჰქონდეთ, – აღნიშნავენ საზედამხედველო ორგანოები.
ამ სავაჭრო მარკის უფლება ეკუთვნით გერმანელებს – სტეფან ფელენბურგსა და ფლორიან კრაუზეს. სამარკეტინგო სააგენტომ განაცხადა, რომ ლუდი არის მხოლოდ ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ამ Fucking Hell-ის მარკით გამოვა. მალე ამ მარკით სხვა საქონელიც გამოვა, მათ შორის ტანსაცმელიც.
ჯერჯერობით უცნობია, სად მოხარშავენ ახალი მარკის ლუდს, სავარაუდოდ, არა ფუკინგში, რადგან, ქალაქის მერის ფრანც მაინდელის განცხადებით, იქ არ არის არავითარი ლუდსახარში და არც მსგავსი ობიექტის მშენებლობის შესახებ სმენია რამე. სხვათა შორის, ქალაქის მცხოვრებლები ძალზე უკმაყოფილონი დარჩნენ, მათი ქალაქის სახელი რომ ლუდს დაარქვეს, მით უმეტეს, მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს მოქალაქეები, რომელთაც თუნდაც საყველპურო ინგლისური იციან, მას გინებად აღიქვამენ.