როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ლემონჯავა
მკვლევრები გვარის ეტიმოლოგიას ასეთნაირად ხსნიან: ფუძეა ლემონ-ჯა და ვა; ლემონ-ლიმონია, ჯა კი კოლხურად იგივეა, რაც ხიე-ვა-ძე, ესე იგი, ლიმონის ხე. მიჩნეულია, რომ გვარი სათავეს იღებს მეტსახელისგან ლემონჯა.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნაპოლეონ ლემონჯავას ინფორმაციით, ლემონჯავას გვარი შეიცავს შვიდ თიკუნს (თურს), მოიგმას: თანაფიათური, კოჩათური, მეხელათური, ქორდათური, ფაცუთური, ქუჩიათური, ცრვილა.
გვარის ძირძველი და თავდაპირველი სამოსახლოა ზუმი.
ასევე, გვხვდება გვარი ლემონჯარია.
ლემონჯავათა საგვარეულო 1 293 სულს ითვლის: ჩხოროწყუში – 626, ზუგდიდში – 392, წალენჯიხაში – 275.
75 ლემონჯარიაა.
ყარახანაშვილი-კარახანოვი
კარახანოვის გვარის ადრინდელი ფორმა იყო ყარახანაშვილი. რთულფუძიანი, ორკომპონენტიანი გვარ-სახელია. ყარა თურქთა ენაა და ნიშნავს შავს; ხანი, ხნისა კი იგივეა თურქულად, რაც მებატონე. ყარა, როგორც კი მოხვდა რუსული კალმის ქვეშ, გახდა კარა (ანუ ასო ყ შეცვალა ასო კ-მ).
ყაზარაშვილი გახდა კაზარაშვილი (ყაზაროვი-კაზაროვი). თვით სომხებთანაც ყარახანიანი გახდა კარახანიანი.
კარახანოვები იყვნენ ყარახანოვები (ყარახანაშვილები). იგივე შავხანიშვილები, შავკანიშვილი, შავხელურები. ყარაშვილი რეალურად, იგივე შავიშვილია.
საქართველოში 243 კარახანოვი, ანუ იგივე ყარახანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 149, გარეუბანში – 33, ბოლნისში – 15. არიან სხვაგანაც.
მანაგასძე-მანაგაძე-გოჩიაშვილი
ეს სამი ერთი და იგივე გვარია. მოიხსენიება მეთხუთმეტე საუკუნიდან. საკუთარი სახელიდან მანა გაჩნდა გვარი მანაგაძე – მანა+გა+გოჩია გოჩია მანაგაძე – გოჩიაშვილი.
„მანაგასძე ოძის მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრისას ის ერგო როინსა და მის ბიძაშვილებს“.
„გოჩიაშვილი-მანაგაძე სატივეში მცხოვრებს, ჰყავს ორი ვაჟი, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).
„მანაგაძე (მანაგასძე) მახარობელი, 1607-1609 წლებში იყო მოწმე ფარსადან ჯავახიშვილის მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა“ (1607 წელი).
საქართველოში 2 117 მანაგაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 1 221, წყალტუბოში – 472, თბილისში – 424.
488 გოჩიაშვილი. თბილისში – 225, გურჯაანში – 193, ქარელში – 70.
მაზმანაშვილი-მაზმანიშვილი-მაზმისშვილი-მაზმიშვილი
ერთი და იგივე გვარებია. ფუძედ არის აღებული საკუთარი სახელი მაზია. ამ სახელის საწყისი, პირველადია საკუთარი სახელი მაზანა.
მაზმანიშვილი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საკუნეში ქვემო ქართლში. „მაზმანიშვილი ვარძიელა. იგივე ვარძიელა მაზმისშვილი, 1664-1681 წლებში სახლიკაცია ყანდუა მაზმისშვილისა“.
„მაზმისშვილი ყანდუა, სამწევრისში მცხოვრები, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის 80-90-იან წლებში“.
საქართველოში 27 მაზმანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 20, ადიგენში – 5, ბათუმში – 2.
1327 მაზმიშვილია: თბილისში – 578, გორში – 504, ქარელში – 245.
ვარდოშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ვარდო.
„არის კოდოლს იასე ვარდოშვილი აზნაურიშვილი“.
კისისხევს აზნაურიშვილებად მოიხსენიებიან: ედოშაშვილი, ერდოშვილი, ნაცვლიშვილი, მახარობლიშვილი და ვარდოშვილი.
საქართველოში 448 ვარდოშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 234, თბილისში – 113, ყვარელში – 101.
ესიტაშვილი
კახეთში გაჩენილი გვარია. ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი ესიტა.
1781 წელს საცხენისში აზნაური იყო დათუნა ესიტაშვილი, იქვე სახლთხუცესია აზნაურიშვილი დათუნა. ასევე, იქვე, საცხენისში აზნაურიშვილები არიან პეტრე ქვლივიძე, ავალიშვილი, ფარსადან ბესტოღაშვილი, ხოსია ნაცვლიშვილი.
საქართველოში 134 ესიტაშვილი ცხოვრობს: თელავში – 387, თბილისში – 119, რუსთავში – 15.
გამდლიშვილი
გვარის ფუძეა გამეზარდა. მისგანაა გამზრდელი, გამდელი და ამათგან კი გვარი – გამდლიშვილი.
გამდლიშვილები იყვნენ აზნაურები.
„გამდლიშვილები, თავიანთი ახოთი და ვენახით, დარჩა ნასყიდა დოლმაზაშვილს 1696 წელს“.
გამდლიშვილი ველია, იოსებ და მამუკა მოიხსენიებიან სახუნდარაში მცხოვრებლები, მეჩვიდმეტე საუკუნეში.
კახეთში, კერძოდ კი, ანთოქში მოიხსენიებიან გამდლიშვილის ყმები.
საქართველოში 223 გამდლიშვილი ცხოვრობს: გორში – 102, თბილისში – 78, გურჯაანში – 43.
ალხანაშვილი-ალხანიშვილი
ახლობელი, მამა-შვილი, ბიძაშვილი და ასე შემდეგ. ზოგი წერია ალხანაშვილად, ზოგი კი ალხანიშვილად. სხვათა შორის, გვაქვს ასევე, გვარი ალხანაიძე.
სამივე გვარი, როგორც ფუძემოდენილობით, ისე ნათესაური ნიშნით, ერთი და იგივეა. უხერხულობა ისაა, რომ ხშირად მამა ალხანიშვილია, შვილი კი – ალხანაშვილი.
გვარის ფუძე – ალიხან შედგება თურქულში გავრცელებული ორი სახელისგან – ალი და ხანი. გვაქვს სახელები: ალიხან, ალხან, ალმასხან.
საქართველოში 202 ალხანაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 118, სიღნაღში – 70, თბილისში – 14.
54 ალხანაიძე: ახმეტაში – 43, თელავში – 11.
97 ალხანიშვილი: ახმეტაში – 46, თბილისში – 29, დედოფლისწყაროში – 22.
ყარაგვეზაშვილი-ყარაგოზაშვილი
გვარი ყარაგვეზაშვილის ფუძეა თურქული საკუთარი სახელი ყარაგვეზ. იგივე სახელი დაედო ფუძედ გვარებს ყარაგოზაშვილი და ყარანგოზაშვილი.
ანალოგიური წესითაა ნაწარმოები რიგი ქართული გვარები. ასეთებია: ყარაშვილი, ყარალაშვილი, ყარაბუდახაშვილი, ყარაჯაშვილი, ყარყარაშვილი. გვარი – ყარაშვილი, ყარალაშვილი კახეთის თავად-აზნაურთა საგვარეულო გახლდათ. ყარაბუდახაშვილები, ბუდახაშვილები და ბუდაღაშვილები კი ქვემო ქართლელი მემამულეების გვარებია; ყარაჯაშვილს ფუძედ აქვს გამოყენებული თურქული მეტსახელი ყარაჯა, იგივეა, რაც შავი, შავგვრემანი.
გვარი ყარაბუდახაშვილი იგივეა, რაც შავტოტაშვილი. ბუდახა იგივეა, რაც ტოტი, რტო.
გადმოცემით, ყარყარაშვილთა ძველი გვარი ნაკაშაშვილი იყო. მათი წინაპარი ბატონს გამოქცევია, თან ერთი ყარყარა ლიტრით ოქრო წამოუღია. ამის მიხედვით ყარყარა შეურქმევიათ.
ქართველი კაცი უნდა მიეჩვიოს იდეას, რომ საუკუნეების განმავლობაში არაბები, მონღოლები, თურქები, სპარსელები ხშირად „სტუმრობდნენ“ ქართულ მიწა-წყალს და თავს საკუთარ სახელებს და ტერმინებს გვახვევდნენ. უცხოურ სიტყვათა წყვდიადშია გახვეული მამაკაცთა თუ ქალთა სახელები, ასობით გვარს ფუძედ უდევს უცხოური სიტყვები. ამ საკითხზე ბევრ მეცნიერს აქვს გამახვილებული ყურადღება. სულხან-საბა ორბელიანი კი წერს: „საკუთარზე ხელი აუღიათ და სხვათა სიტყვები მიუღიათ“.
საერთოდ, ყარანგოზაშვილები დუშეთიდან არიან, ფლობდნენ იქ მიწა-წყალს და ყმა-გლეხებს. იქვე იყო მათი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ისინი დიდი სახელითა და გავლენით სარგებლობდნენ. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დუშეთის თავკაცი ერთეოს ყარანგოზაშვილი.
ყარანგოზაშვილი არაგვის ერისთავთა ერთ-ერთი ლამაზი ასულიდან მომდინარეობს. თათართა შემოსევისას მათ წინ შემოხვედრიათ ლამაზი გოგონა, გაკვირვებულებს უკითხავთ, ვინაა ეს გოგო და რა ჰქვიაო და თავადვე გაუციათ პასუხი, ყარანგოზია, ანუ შავთვალა, შავგვრემანიო. სწორედ ეს საბაბი გამხდარა იმისა, რომ გაჩენილიყო ერისთავიდან ყარანგოზაშვილი.
საქართველოში 26 ყარაგოზაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 19, თბილისში – 6, ახალციხეში –
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით