ვინ ეძებს თავის ჯარის მეგობარს გერმანიიდან საქართველოში
53 წლის ვიქტორ ვასილის ძე სმალცერი ეძებს 52 წლის თამაზ ალექსანდრეს ძე ქეტიშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობარს, 52 წლის თამაზ ალექსანდრეს ძე ქეტიშვილს (გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ, შეიძლება, კეტიშვილიცაა). ძალიან მინდა მისი პოვნა და მასთან დაკავშირება. ჩვენ ვმეგობრობდით ჯარში მსახურობის დროს. უკვე რამდენიმე წელია, რაც მას უშედეგოდ ვეძებ. დიდი მადლობელი ვიქნები, თუ დახმარებას გამიწევთ და მეგობარს მაპოვნინებთ.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი და როდის გადაწყვიტეთ ჯარის მეგობრის მოძებნა?
– მე და თამაზი 1977-1979 წლებში ერთად ვმსახურობდით ჯარში, ქალაქ რანგსდორფში. არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ ჩვენს ახალგაზრდობაში ჯარის მეგობრობა ძალიან ფასობდა. როგორც ხდება ხოლმე, ჯარში, ადამიანები, ვინც მეტად უგებენ ერთმანეთს, ახლოვდებიან და შემდგომ, მსახურობის ორი წლის განმავლობაში, ერთმანეთის გვერდით არიან. ასე ვიყავით მე და თამაზიც. ჩვენ დავმეგობრდით ქალაქ რანგსდორფში, „პ პ ¹53905“ ნაწილში. შარშანწინ გადავწყვიტე თამაზის პოვნა იმ მისამართზე, რომელიც მაშინ მან დამიტოვა, თუმცა ვერ შევძელი. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ, წერილი ადრესატამდე ვერ მივიდა. 1977-1979 წლებში თამაზი ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ორჯონიკიძის ქუჩაზე, ამჟამად ქუჩის სახელწოდება, შეიძლება, შეცვლილიცაა. თამაზი ძალიან კარგი ადამიანი და ღირსეული მეგობარი იყო, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, მაინც დიდი სურვილი მაქვს, რომ ის ვიპოვო და გავიგო, როგორ არის, რა მოხდა მის ცხოვრებაში ამ წლების განმავლობაში, როგორია ის ამჟამად.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი ჯარის მეგობარი თუ გეძებთ ისეთივე მონდომებით, როგორც თქვენ?
– იმედი მაქვს, რომ თამაზსაც ვახსოვარ და გაუხარდება, თუკი გაიგებს, რომ მე მას ვეძებ. ყოველ შემთხვევაში, ის მეგობრობა, რომელიც ჩვენ შორის იყო, არა მგონია, ამ წლების განმავლობაში გამქრალიყო. ნამდვილად კარგი იქნება, თუკი ჩვენ შევძლებთ და ამდენი ხნის შემდეგ აღვადგენთ ჩვენს მეგობრობას, ვიმეგობრებთ ოჯახებით.
– შეიძლება თუ არა, რომ თამაზი საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო ან ქვეყნიდან წასულიყო?
– თამაზი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც თავისი ქვეყნისა და სამშობლოს დიდი პატრიოტები არიან, ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, რომ იგი უცხოეთშიგ წასულიყო საცხოვრებლად, მე მაინც მგონია, რომ, ქუჩამ, რომელზეც ის მაშინ ცხოვრობდა, სახელწოდება შეიცვალა და ამიტომ ვერ მივიდა ჩემი წერილი.
– მეგობრის პოვნის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ მის ნახვას და მასთან შეხვედრას?
– თუკი მეგობარს ვიპოვი, პირველ ყოვლისა, მინდა დავრწმუნდე, რომ მასაც ასევე გაუხარდება ჩემი ნახვა, შემდეგ კი, თუკი ორივე მხრიდან იქნება სურვილი, ალბათ, ჩვენ როგორმე მოვახერხებთ შეხვედრას. საქმე ისაა, რომ მე ამჟამად გერმანიაში ვცხოვრობ, ტერიტორიული სიშორე კი კიდევ ერთი დიდი ფაქტორია, რის გამოც, შეიძლება, ჩვენი შეხვედრა მალე ვერ მოხერხდეს, მაგრამ მისი პოვნა ჩემთვის მთავარია. იმედი მაქვს, ფოტო, რომელზეც თამაზი 19 წლისაა, დაგეხმარებათ მის მოძებნაში.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.