როგორ დაკარგეს ერთმანეთი სისხლით ნათესავებმა და ვინ ეძებს ბაბუას უკრაინიდან სამტრედიაში
37 წლის ირინა გიორგის ასული ტყეშელოშვილი (ტყეშელაშვილი) ეძებს: 74 წლის გიორგი ნიკოლოზის ძე ტყეშელოშვილს (ტყეშელაშვილს).
ისტორია: ვეძებ ჩემს ბაბუას, 74 წლის გიორგი ნიკოლოზის ძე ტყეშელოშვილს (შესაძლებელია, ტყეშელაშვილს). მე ის არასდროს მინახავს, მაგრამ, მთელი ცხოვრებაა, ვოცნებობ მის პოვნაზე. ვიცი, რომ ბაბუა დაიბადა საქართველოში, ვანის თუ სამტრედიის რაიონიდან იყო წარმოშობით. ბებიაჩემი და ბაბუა დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ უკრაინაში ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ მის გვარს. ჩვენს ოჯახში არის ასეთი ტრადიცია: ქალები ინარჩუნებენ მამის გვარს. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ ბაბუის პოვნაში. ამჟამად მე მასზე ახლო ნათესავი არავინ მყავს.
– როგორ მოხდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ბაბუასთან კავშირი არ გქონიათ და რატომ გადაწყვიტეთ მისი მოძებნა? მოგვიყევით თქვენი ისტორია.
– მე ვცხოვრობ ოდესის მხარეში. დღემდე ბაბუაჩემის გვარს ვატარებ და ვარ ტყეშელოშვილი. საქმე ისაა, რომ ჩვენს, ოჯახს აქვს ასეთი ტრადიცია: ქალები გვარს არ ვიცვლით და მეუღლის გვარზე არ გადავდივართ. ბაბუაჩემმა ბებიაჩემი გაიცნო 1958 წელს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ოჯახიც შექმნეს. 1958 წლის 21 ივნისს ისინი დაქორწინდნენ. მათი ქორწინება დარეგისტრირებულია ილინსკის „სელსკი სოვეტში“. ბებია უკრაინელი იყო, ბაბუა კი – ქართველი, რომელიც იმ დროს მსახურობდა ბელიაევსკის რაიონის დასახლება კოვალევკაში, სადაც გაიცნო კიდეც ბებიაჩემი ირინა მაქსიმის ასული კონანიხინა (დაბადებული 1932 წელს). 1959 წელს ბაბუას და ბებიას შეეძინათ გოგონა, დედაჩემი, სვეტლანა გიორგის ასული ტყეშელოშვილი. სამწუხაროდ, ბებიასა და ბაბუას ურთიერთობა ვერ აეწყო და ისინი ერთმანეთს მალევე დაშორდნენ. ბებია მე ხშირად მიყვებოდა ბაბუაჩემის შესახებ და ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი ბაბუა მყავს.
– რა მიზეზით დაშორდნენ ერთმანეთს ბებია და ბაბუა და დარწმუნებული თუ ხართ გვარის სისწორეში? როგორც ვიცი, ჩვენთან არის გვარი – ტყეშელაშვილი.
– ბაბუაჩემმა არ მოინდომა უკრაინაში ცხოვრება და თავის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ბუნებრივია, ბებიასაც სთავაზობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ბებიას უარი უთქვამს საქართველოში ცხოვრებაზე. ასე დაიკარგა მათ შორის კავშირი. 2009 წელს ბებია გარდაიცვალა და ყველაფერი, რაც მე ბაბუაჩემის შესახებ ვიცი, ნაპოვნი საბუთებიდან გახდა ჩემთვის ცნობილი. მე სახლში ვიპოვე ბებიასა და ბაბუას ქორწინების რეგისტრაციის საბუთი, სადაც გვარი სწორედ ასე წერია „ტყეშელოშვილი“, შეიძლება, აქ, ჩვენთან, უკრაინაში შეეშალათ გვარის დაწერა. 1996 წელს გარდაიცვალა დედაჩემი. შესაძლოა, ბაბუა ჩემი ერთადერთი სისხლით ნათესავიც კი აღმოჩნდეს. მე მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობ მის პოვნაზე და ახლა ამის შანსი მომეცა. რადგან, თვითონ მე უკრაინაში ვცხოვრობ და დამოუკიდებლად მას ვერ ვიპოვი, ამიტომ თქვენი იმედი მაქვს. გვართან დაკავშირებით კი კიდევ ერთი ინფორმაცია მაქვს: მახსოვს, ბებია მიყვებოდა, რომ ბაბუას ჰყავდა მამა (ტყეშელაშვილი), რომელიც დაიღუპა, შემდეგ კი უკვე მას ჰყავდა მამინაცვალი, გვარად თათარაშვილი. ჩვენ ყველანი ბაბუის ღვიძლი მამის გვარს ვატარებთ, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ თათარაშვილის გვარიც სადმე ამოტივტივდეს.
– თუ აღმოჩნდება, რაც, ყოვლად შესაძლებელია, რომ ბაბუათქვენს აქვს მეორე ოჯახი, როგორ ფიქრობთ, ისინი თუ მიგიღებენ, ან, როგორი იქნება თქვენი რეაქცია?
– მე თვითონაც უკვე შვილი მყავს, გოგონა, რომელსაც, ისევე, როგორც მე, ძალიან უნდა თავისი დიდი ბაბუის პოვნა, თუკი ღმერთმა ინება და თქვენ მას მაპოვნინებთ, ამით მთელი ჩემი ცხოვრების ნატვრას ამისრულებთ და უზომოდ ბედნიერი ვიქნები. რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუკი აღმოჩნდება, რომ ბაბუას ჰყავს თავისი დიდი ოჯახი – შვილებიც და შვილიშვილებიც. იმედი მაქვს, ისინიც სიხარულით მიმიღებენ. ჩემშიც ხომ არის ქართული სისხლი. ამიტომ, ძალიან მინდა, ერთხელ მაინც ჩამოვიდე საქართველოში და ჩემი თვალით ვნახო, თუ როგორია ჩემი ბაბუის სამშობლო, რომლის გამოც მან დათმო თავისი ოჯახი. ბებიას ძალიან მოსწონდა ქმრის სამშობლო, მაგრამ, ვერ შეეგუა იქაურ მენტალიტეტსა და ადათ-წესებს, თან, ენაც არ იცოდა და ამიტომ ვერ დარჩა მანდ, თუმცა ბაბუა ამას სთავაზობდა. ბაბუას მხოლოდ ფოტოთი ვიცნობ და უზომოდ მინდა მისი გაცნობა. მან, ალბათ, არც კი იცის, რომ აქ, უკრაინაში, დღემდე გრძელდება მისი გვარი.