ტეპერმა სოროსს აჯობა
„აპალუზას“ ჰეჯ-ფონდის დამაარსებელმა დევიდ ტეპერმა შარშან 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და შესაბამისად, ჰეჯ-ფონდების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიროვნება გახდა. ჰეჯ-ფონდების ხელმძღვანელების შემოსავლების რეიტინგები ჟურნალმა „აბსოლუტ რეტერნ ალფამ“ გამოაქვეყნა. ტეპერმა მოხსნა რეკორდი, რომელიც 2007 წელს ჯონ პოლსონმა დაამყარა. ტეპერმა განაცხადა, რომ წარმატების მიღწევა თვითდაჯერებულობით შეძლო. „სიმშვიდეს მაშინაც კი ვინარჩუნებდი, როდესაც სხვები პანიკაში იყვნენ“, – განაცხადა მან. 52 წლის დევიდ ტეპერმა ჰეჯ-ფონდი „აპალუზა“ 1993 წელს დააარსა, მანამდე კი 7 წლის განმავლობაში ბანკ „გოლდმან საქსში“ მუშაობდა. მისი ფონდის შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა ინვესტიციების ხარჯზე, რომელსაც ის რისკიან კომპანიებში დებდა. მისთვის წარუმატებელი მხოლოდ 2008 წელი გამოდგა, როდესაც აქტივები 27 პროცენტით შემცირდა. სამაგიეროდ, 2009 წელს ტეპერის ჰეჯ-ფონდის შემოსავლებმა 130 პროცენტით მოიმატა. მან ფული მსხვილ ბანკებში – „სიტი გრუპში“, „ბენკ ოფ ამერიკასა“ და „ეიჯის“ ობლიგაციებში ჩადო. მილიარდერი განმარტავს, რომ ის მიხვდა, ამერიკის ხელისუფლება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების გაკოტრებას არ დაუშვებდა. რეიტინგში მეორე ადგილი ფონდის, „ქუანტინ ენდოუმენტის“ დამფუძნებელმა, ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა დაიკავა. გასულ წელს მისი ფონდის შემოსავლები 29 პროცენტით გაიზარდა. მან 3,3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.