ობამა ნავთობის მოპოვებაზე აკრძალვას ხსნის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე არსებულ აკრძალვას მოხსნის. ამის მიზეზად ამერიკის ლიდერი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას ასახელებს. ობამამ განაცხადა, რომ განიხილავს პოტენციური საბადოების დამუშავების პერსპექტივებს ცენტრალურ და სამხრეთ ატლანტასა და მექსიკის სრუტეში. თუმცა, ეკოლოგიურად საფრთხის შემცველი ზონები, როგორიც თუნდაც ალასკაა, კვლავ ხელშეუხებელი დარჩება. ამჟამად არსებული კანონებით, აკრძალვები ატლანტის ოკეანის სანაპიროს, მექსიკის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილსა და ალასკის ჩრდილოეთ სანაპიროს ეხება. ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტის ახალი ინიციატივა უკვე გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა, როგორც ძალიან უმნიშვნელო და ეკოლოგებმა, როგორც – ძალიან საშიში. ბარაკ ობამა გაპრეზიდენტებისთანავე აცხადებდა, რომ ენერგოდამოკიდებულება ამერიკის მომავალს საფრთხეს უქმნის და ვაშინგტონი არავის ენერგეტიკული მძევალი არ უნდა გახდეს. ამერიკაში ნავთობის საბადოების 80 პროცენტის გამოყენებაზე მორატორიუმი კონგრესმა ჯერ კიდევ 1981 წელს შემოიღო, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა 1990 წელს გააფართოვა.