რატომ უნდა ჭამონ შეყვარებულმა წყვილებმა სიყვარულის გასამყარებლად გაზაფხულზე „ჟეტემი“ და რომელი კუთხის თეთრი ღვინო უხდება სეზონურ ჩაქაფულს
გაზაფხულზე ადამიანის კვების რაციონი მკვეთრად იცვლება. ჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც სწორედ ახლა შემოდის, ჩვენი ორგანიზმის სეზონურ კვებაზე გადაწყობას ითხოვს. ახლა ძირითადად ბოსტნეულის სეზონია და მისგან უამრავი საინტერესო და უცხო საჭმლის მომზადება შეგვიძლია. ასევე, უამრავი რეცეპტი არსებობს, რომლებიც ხორცეულითა თუ თევზეულით მზადდება და მათი მირთმევის შემდეგ ადამიანს კარგა ხანს გაჰყვება ამაღლებული გუნება-განწყობა. როგორც სომელიე თეიმურაზ ბენიძე ამბობს, გაზაფხულზე სასმელიც საგანგებოდ უნდა შევარჩიოთ, რათა გავიორმაგოთ საკვებისგან მიღებული სიამოვნება.
თეიმურაზ ბენიძე: ახალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონი დადგა. ქართველებს რომ ჭამა-სმაში ვერც ერთი ერი ვერ შეგვედრება, ფაქტია, თუმცა, არსებობს ისეთი რეცეპტებიც, რომლებიც მივიწყებულია. ასევე, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომელ კერძს რომელი ალკოჰოლური სასმელი მივაყოლოთ, რომ საკვებისგან მიღებული სიამოვნება გავიორმაგოთ. სეზონური ხილ-ბოსტნეულით ისეთი „ფეშენ“ საკვების მომზადებას შეძლებენ დიასახლისები, ოჯახის წევრებს რომ გადარევენ, თაყვანისმცემლებსა და „ფოე-ფოე“ სტუმრებზე რომ აღარაფერი ვთქვა (იცინის). ხოლო, თუ ისიც გეცოდინებათ, რომელი კერძისთვის რომელი სასმელი მიიტანოთ მაგიდაზე, და რამდენ გრადუსზე ჩაციებული, მერე ნახეთ. დამგემოვნებლების ოვაციები და გამომეტყველება ჭამა-სმის შემდეგ. მოკლედ, ახლა ისეთ რეცეპტებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ტრადიციულიცაა, უგემრიელესიც და „ფეშენიც“. თუმცა, სანამ ამ კერძებისა და მათი მისაყოლებელი სასმელების შესახებ მოგახსენებთ, მინდა, ისიც შეგახსენოთ დიასახლისებს, რომ ახლა ჩაქაფულის სეზონი დადგა და თუ სახლში ნამდვილი მამაკაცი გყავთ, დიდი კუჭითა და დიდი პირით (იცინის), მის გაკეთებას აუცილებლად მოგთხოვთ. ახლა ჩაქაფულის მომზადების წესზე არ მოგახსენებთ, რადან მისი გაკეთება ყველამ იცის, მაგრამ, იმას კი შეგახსენებთ, რომ მას უხდება ახალი ტყემალი, ტარხუნა და იმ მხარეში მოწეული ღვინო, რომელ მხარეშიც ბატკანი იზრდებოდა, კერძოდ კი მშრალი თეთრი ღვინო. იფ, რა ჯობია გაზაფხულზე ბუნებაში ჩაქაფულის „ჩარტყმას“ და ღვინის წრუპვას (იცინის)! ზოგადად, ყველა საგაზაფხულო კერძს უხდება სხვადასხვა სახეობის თეთრი მშრალი ღვინო, ასევე, კერძის მიხედვით – ჭაჭაც.
– ამ სეზონის სასმელი თეთრი ღვინო რამდენ გრადუსზე ჩაციებული უნდა მივიტანოთ სუფრაზე?
– ამ სეზონის, საგაზაფხულო თეთრი ღვინო სუფრაზე 9-11 გრადუსზე ჩაციებული უნდა მიიტანოთ. ეს გადასარევი ტემპერატურაა ამ სეზონის თეთრი ღვინისთვის, თუნდაც ჩაქაფულთან მისაყოლებლად. ახლა, კი როცა გავარკვიეთ ამ სეზონის სასმლის ტიპი და გრადუსი, დროა, კერძების რეცეპტებიც გაგანდოთ. მოკლედ, საგაზაფხულო, ჰაეროვანი, უგემრიელესი და „უპიკესი“ საჭმელია ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით, რომელსაც ჰქვია „ჟეტემ“ და ის ფრანგების უსაყვარლესი კერძია. სხვათა შორის, „ჟეტემს“ შეყვარებული წყვილები უკვეთავენ რესტორანში და კვების პროცესშიც კი თავის გრძნობასა და სიყვარულს უზიარებენ ერთმანეთს. ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300 გრამი ქათმის ხორცი, 100-150 გრამი ქამა სოკო, 2 თავი ხახვი, 30 გრამი კარაქი, 6 სადილის კოვზი არაჟანი, 150 გრამი ჰოლანდიური ყველი და მარილი – გემოვნებით. ეს კერძი ექვს კაცზეა გათვლილი და მზადდება შემდეგნაირად: ქათმის თეთრი ხორცი შეწვით ზეთში ორივე მხრიდან 5-7 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ტაფიდან და გააცივეთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაალაგეთ პატარა ალუმინის ჯამებში, 6 ულუფა. გეტყვით იმასაც, რომ ეს პატარა, ალუმინის ჯამები იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში. შემდეგ ქამა სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად, ხახვიც ასევე თხლად დაჭერით და ყველაფერი ეს დარბილებამდე მოშუშეთ. ცხელ ტაფაზე მოხალეთ ფქვილი, დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. დაამატეთ არაჟანი, ისევ კარგად აურიეთ და აადუღეთ. მომზადებული სოუსი აურიეთ სოკოსა და ხახვის ნაზავში და დაამატეთ მარილი გემოვნებით. ეს ყველაფერი მოასხით ქათმის ხორცს, რომელიც ფორმებშია ჩაწყობილი. ზემოდან დააყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ ყველი კარგად არ გაწითლდება და არ გადნება. ჯამები ნელა გადმოიღეთ და დადგით ლამაზ, დიდ, ოთხკუთხედ თეფშებზე. გვერდით მოუწყვეთ მწვანე სალათის ფოთლები, რომელზეც ლამაზად დააწყობთ ლიმონის ნაჭერსა და ზეთისხილს. მე ეს კერძი არაერთხელ მაქვს გასინჯული და ახლაც ნერწყვი მომადგა (იცინის).
– ამ კერძს რომელი ტიპის და რამდენ გრადუსზე ჩაციებული ღვინო უხდება?
– ამ კერძს, დააყოლეთ 9 გრადუსზე ჩაციებული თეთრი მშრალი ღვინო და ასე გაიასკეცეთ საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობა, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ სასმელი აუცილებლად მაღალფეხიან, ლამაზ, გამჭვირვალე ბოკალში უნდა იყოს ჩასხმული. ახლა გასწავლით სალათა „ტუნფიშის“ რეცეპტს, რომელიც ამ სახეობის თევზის ზეთიანი კონსერვისგან მზადდება: 2 ცალი თევზი (ზეთიანი კონსერვიდან), 200 გრამი ბრინჯი, 200 გრამი მწვანე ბარდა, უნდა შეკაზმოთ გემოვნებით მარილით, წიწაკითა და ნივრით. მოხარშულ ბრინჯს გადაწურავთ და გადაავლებთ ცივ წყალს, შეურევთ თევზის ნაჭრებს, დაამატებთ ბარდას და სუნელებით შეკაზმავთ. ეს სალათა ოდნავ შემთბარი უნდა მიირთვათ, თუ გსურთ, რომ სიამოვნება მიანიჭოთ საკუთარ კუჭს. ამ კერძსაც ჩაციებული თეთრი მშრალი ღვინო უხდება, ან – ერთი ჭიქა ჭაჭა.
– ვისაც ტკბილეული უყვარს, მათ რას შესთავაზებთ?
– ვისაც ტკბილეული უყვარს, მათ შევთავაზებ „ნაზ ღიმილს“. გამოაცხვეთ, დააგემოვნეთ და, თუ სიამოვნებისგან არ გაგეღიმებათ, ნახავთ. თქვენს მეორე ნახევარსაც თუ დაპატიჟებთ „ნაზ ღიმილზე“ საღამოს ჩაიზე, მაშინ, დასხედით და ორივემ გაუღიმეთ ერთმანეთს გემრიელად (იცინის). ახლა გაზაფხულია და დაქვეითებულია იმუნიტეტი, ორგანიზმი კი სასიცოცხლო ძალების მომატებას გვთხოვს. ამისთვის ეს კექსი ნამდვილი წამალია, რადგან იმუნიტეტსაც ამაღლებს და საერთო განწყობასაც გამოგიკეთებთ თავისი შემადგენლობისა და არომატის წყალობით. მოკლედ, 2 ჩაის ჭიქა გახეხილი ვაშლი, 1 ჩაის ჭიქა ზეთი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, დანის წვერით მარილი, ვანილი, 1 ლიმონის ცედრა და 2 ჩაის ჭიქა ფქვილი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ცომი ჩადეთ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოაცხვეთ საშუალო ზომის ცეცხლზე. გამზადებულ ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.
– და, საღამოს, ჩაიზე გემრიელი, სასარგებლო და მეორე ნახევრის გულის მოსაგები მისაყოლებელიც მზად არის?
– (იცინის) დიახ, სწორედ ასეა და, თუ მის ნაჭერს ნატურალურ თაფლში ამოავლებთ და ისე მიირთმევთ დასაგემოვნებლად, მაშინ საკუთარ თავს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებთ. ამ კექსის მომზადება ადვილიც არის, არც დიდი დრო და ბევრი ინგრედიენტი სჭირდება, სამაგიეროდ, ჭიქა ჩაისთან ერთად, მისი მირთმევის შემდეგ, ტკბილი გემო და განწყობა მთელი ღამე, ძილშიც კი გაგყვებათ. ამბობენ, გაზაფხული შეყვარებულთა დროაო და მინდა ერთი მაგარი კოქტეილის რეცეპტიც გაგიმხილოთ, რომელსაც „კარამელიანი ცა“ ჰქვია და რომანტიკული ადამიანებისთვის არის მისწრება: აიღეთ 2 ცალი ბანანი, 100 გრამი ნაყინი, 100 გრამი რძე და კარამელის პუდინგი, რომელიც უკვე ყველა მაღაზიაში იყიდება. დაჭერით ბანანი და ათქვიფეთ ბლენდერში. დაამატეთ პუდინგი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ რძე და ნაყინი და კარგად, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ათქვიფეთ ბლენდერში. ბოლოს, გამზადებული კოქტეილი ჩაასხით ლამაზ ჭიქებში და ჭიქის კიდეზე კი პიტნის ფოთოლი დაამაგრეთ. ულამაზესი შესახედაობის, უგემრიელესი და უნაზესი დასალევია. აი, ისეთი, შეყვარებულ, ეიფორიაში მყოფ ადამიანს რომ მოიყვანს აზრზე (იცინის).