ბლატერი ინგლისელებს დაემუქრა
„ფიფას“ პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა, ინგლისური ფეხბურთის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა. მსოფლიო ფეხბურთის პირველი პირი აშკარად უკმაყოფილოა იმით, რაც ინგლისში ხდება და, თუ ასე გაგრძელდება, საგანგებო წესების შემოღებას აპირებს.
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ინგლისში ორი კლუბია, რომლებსაც ვალი იმიტომ არ აქვთ, რომ ორივეს სოლიდური მეპატრონე ჰყავს – ვგულისხმობ „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“. პირველ შემთხვევაში კლუბს არაბ მილიარდერთა ჯგუფი აფინანსებს, „ჩელსის“ კი სათავეში რომან აბრამოვიჩი უდგას. მათ, ფული, უბრალოდ, საკუთარი ჯიბიდან ამოიღეს, არადა, წესით, შემოსავალი საფეხბურთო ტურნირებიდან და ბილეთების გაყიდვიდან უნდა იყოს. ეს იმის ბრალია, რომ ინგლისში ფეხბურთელებს კოლოსალურ თანხებს უხდიან. მართალია, ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოში უძლიერესად ითვლება, მაგრამ, ეს ტენდენცია იმდენად საშიშ ხასიათს იღებს, რომ, შესაძლოა, ბრიტანულ კლუბებს აკრძალვა და სახელფასო ზღვარი დავუწესოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღეს ყველა კლუბი გაკოტრდება და პრემიერლიგა, უბრალოდ, არსებობას შეწყვეტს“, – განაცხადა ბლატერმა და, სხვათა შორის, მისი სიტყვები სიმართლესთან ძალიან ახლოსაა – თუნდაც ისეთი გუნდის ვალი, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“, ნახევარ მილიარდ ევროს აჭარბებს.