კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა ნივთიერებები შედის დამცავ კრემში?
პასუხი: დამცავი კრემის დამზადებისას გამოიყენება სპეციფიკური შენაერთები: ქინაქინა ან სალოლი, სალიცილის მჟავა; ბენზოლის მჟავა; ასევე, სპერმაცეტი, თაფლის სანთელი, კაკაოს ცხიმი, ზეითუნის ზეთი, ბორაქსის ხსნარი და ვიტამინები.
კითხვა: რა განსხვავებაა მათეთრებელსა და ამქერცლავ კრემებს შორის და რა ფუნქცია აკისრია მათ?
პასუხი: მათეთრებელი კრემი იგივე ამქერცლავი კრემია. ის წვავს სახის კანის ეპიდერმისს (გარეგან კანს), რის შედეგადაც ზედა ფენა ძვრება და ჩნდება ახალი კანი. ამ კრემის გამოყენება შეიძლება, მხოლოდ ზამთარში და მხოლოდ საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. მისი მოხმარების შემდეგ აუცილებელია დამცავი კრემის წასმა.
კითხვა: რა არის სკონდილომა?
პასუხი: ჩვენ ამ კითხვაზე უკვე გავეცით პასუხი. სკონდილომა არის წვეტიანი მეჭეჭები. ის, ძირითადად, ჩნდება ვენერიული დაავადებების დროს და ყოველთვის განლაგებულია ლორწოვანი გარსის მახლობლად: ტუჩის კუთხეებში, ცხვირის ნესტოში (ნაპირებზე) და ქუთუთოების ნაპირებზე.
კითხვა: სხეულის ზოგიერთ მონაკვეთზე, ძირითადად კი კიდურებზე, მაქვს ხორკლიანი კანი. რისი ბრალია ეს და როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: ხორკლიან კანს „ბატის კანსაც“ უწოდებენ. ასეთი კანი გვხვდება ძირითადად მკლავებზე, ბარძაყებზე, დუნდულებზე, ფეხებზე, ძალიან იშვიათად – სახეზე. გამოწვეულია კანის ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევის შედეგად.
ასეთი კანის შემთხვევაში საჭიროა, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ რბილი პილინგი (აქერცვლა), შემდეგ კი შეურჩიოთ ისეთი ნელსაცხებელი, რომელიც დაარბილებს კანს და ფიზიოლოგიურ პროცესებს თავის კალაპოტში ჩააყენებს. მაგრამ, არ გირჩევთ დამოუკიდებლად მოქმედებას. უმჯობესია, მიმართოთ კოსმეტოლოგს.
კითხვა: რა არის ლიქენიოსი და არის თუ არა ის ალერგიული გამოვლინება?
პასუხი: ლიქენიოსი, იგივე სირსველი არის ვირუსული ინფექციური დაავადება. ალერგიასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. ლიქენიოსი კანზე გამოიხატება შემოფარგლული მოვარდისფრო ან მოყავისფრო ლაქებით. შეიძლება, იყოს ჩირქოვანი, ან, ოდნავ წამოწეული და სველდებოდეს. მის სამკურნალოდ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-ინფექციონისტს და არა კოსმეტოლოგს.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ლოსიონის რეცეპტი ცხიმიანი კანისთვის.
პასუხი: მოცემული თანმიმდევრობის დაცვით მინის ბოთლში ჩაასხით: 15 მილილიტრი გლიცერინი, 125 მილილიტრი გამოხდილი წყალი, 50 მილილიტრი ღვინის სპირტი, 50-გრადუსიანი, ან კარგი არაყი, 7-8 წვეთი მენთოლი, 15 მილილიტრი ქაფურის სპირტი. ეს ყველაფერი კარგად აანჯღრიეთ, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ ადგილას.
კითხვა: რა განსხვავებაა ტონიკსა და ლოსიონს შორის?
პასუხი: ტონიკი არის გარდამავალი ეტაპი ლოსიონსა და ნელსაცხებელს შორის. ეს არის არა გამწმენდი, არამედ მატონიზებელი საშუალება (ტონერი). ტონიკი აშორებს ლოსიონის ან გამწმენდის ნარჩენებს, ის ავიწროებს ფორებს, აგრილებს კანს, აწესრიგებს მჟავურ-ტუტოვან რეაქციას და ამზადებს კანს ნელსაცხებლის მისაღებად.
ტონიკის ჩამობანა ან მოწმენდა საჭირო არ არის, ის სახეზე უნდა შეგვაშრეს.
კითხვა: როგორც ვიცი, სიმსუქნე ხარისხებად იყოფა. სულ რამდენი ხარისხის სიმსუქნე არსებობს და როგორ ხდება მისი კლასიფიკაცია?
პასუხი: არსებობს სიმსუქნის 4 ხარისხი:
პირველი: როდესაც სხეულის მასა მის იდეალურ წონას აღემატება არაუმეტეს 29 პროცენტისა;
მეორე – როცა სხეულის მასა მის იდეალურ წონაზე 30-40 პროცენტით მეტია;
მესამე – როცა 50-90 პროცენტით მეტია;
მეოთხე – როცა სხეულის მასა იდეალურ წონას 100 და მეტი პროცენტით აღემატება.
კითხვა: ტერფებზე გამიჩნდა კოჟრები. არსებობს თუ არა მათი მკურნალობის ხალხური საშუალება?
პასუხი: გასწავლით კოჟრის სამკურნალო ყველაზე იოლ მეთოდს: საღამოს, ძილის წინ, ჩაყავით ფეხები ცხელ წყალში. დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, კოჟრზე დაიდეთ ლიმონის ნაჭერი და შეიხვიეთ. 4-5 დღის შემდეგ კოჟრი მთლიანად მოძვრება. თუ კოჟრი ძალიან ღრმაა და ერთი პროცედურა არ ეყო, კიდევ გაიმეორეთ.
კითხვა: რომელი მცენარის ნახარშის ან ნაყენის დალევაა რეკომენდებული სახის მუწუკოვანი გამონაყარისგან გაწმენდის მიზნით?
პასუხი: პირველ ყოვლისა, მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ნაღვლის ბუშტის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოამზადეთ შემდეგი სახის ნახარში: 4 ჩაის კოვზი ჟოლოს ფოთოლი ან ნაყოფი ჩაყარეთ მომინანქრებულ (ემალის) ჭურჭელში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და თავდახურული ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, 5 საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. დალიეთ მხოლოდ თბილ მდგომარეობაში.