მოერიდეთ დაგვიანებული ვახშამით კუჭის გადატვირთვას
ადამიანს ზედმეტი კვება და უმოძრაობა ასუქებს, იმას კი, თუ როდის მივირთმევთ საჭმელს დღის განმავლობაში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გაღვიძებისთანავე და უშუალოდ ძილის წინ არ დავნაყრდეთ, რადგან ნაგვიანები ვახშამის შემდეგ ნეგატიური შედეგები გარდაუვალია, მაგალითად, ის უძილობის მიზეზი ხდება.
საკვების გადამუშავება საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური პროცესია. ამ დროს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციის სამი მეოთხედი კუჭისკენ მიემართება. გადამუშავება კი დაახლოებით სამ საათს გრძელდება.
როცა მსუყედ საუზმობთ და შემდეგ საქმეს შეუდგებით, ამით საკვების ნორმალური გადამუშავების პროცესს არღვევთ და ვერც საქმეს აკეთებთ სათანადო ხარისხით.
უმჯობესია, დილის საუზმეზე მიირთვათ ფაფები, წვენი, ბოსტნეული ან ისეთი საკვები, რომელიც კუჭში ადვილად გადამუშავდება. დილიდანვე ხორცით, თევზეულით, შემწვარ-მოხრაკულით დანაყრება არ არის სასურველი. შედარებით მძიმე საკვები, უმჯობესია შუადღეს მიირთვათ, ან დაძინებამდე დაახლოებით ხუთი ან ექვსი საათით ადრე.