გაიძლიერეთ იმუნიტეტი ასკილის ნაყენით
ასკილის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ამიტომ მისი მიღება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ადამიანისთვის უბრალოდ აუცილებელია.
ასკილის პრეპარატები კი გამოირჩევა მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისკლეროზული თვისებებით. ის ამაგრებს ძარღვების კედლებს, აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს, დადებითად მოქმედებს პოტენციაზე, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას.
ასკილის ფესვებისგან დამზადებული წამლები ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ქვების დაშლას. ასევე, ის კარგი ნაღველმდენი და ანტისეპტიკური საშუალებაა.
ჰიპერტონიისა და ნაღველში ქვიშის დაგროვების დროს ხუთი სადილის კოვზ კარგად დანაყილ ასკილის ფესვებს დაასხით სამი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 15-10 წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მისაღებად და ჭამამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა. კურსი გაიმეორეთ სამჯერ, ორკვირიანი შესვენებებით.
ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტის დროს შეგიძლიათ, მიიღოთ ასკილის ნაყოფის წვენი ან ასკილის ნაყოფის ზეთოვანი ექსტრაქტი, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ.
გასტრიტის, ცისტიტის, სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, ბრონქიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ნევროზის დროს კი, სამი სადილის კოვზი დანაყილი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაამატეთ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი ღამე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შემთბარი ნაყენი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენი გრილ ადგილას შეინახეთ.
ქოლეცისტიტისა და ავიტამინოზის დროს, ერთი სუფრის კოვზ დანაყილ ასკილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, დაადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ ორი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ერთი მესამედი ჩაის კოვზი შემთბარი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე თხუთმეტი წუთით ადრე.
უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ასკილით მომზადებული წამლები და ნაყენები არ შეიძლება, მიიღოთ თუ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თრომბოფლებიტი, ენდოკარდიტი ან დაქვეითებული სისხლის მიმოქცევა გაწუხებთ.