ადამიანის ორგანიზმისთვის მწვანე სალათის ფოთლების ჭამა აუცილებელია
ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარების და ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის კვების რაციონში გარკვეული რაოდენობით მწვანე სალათის შეტანაც სჭირდება. ის მდიდარია ვიტამინებით.
მწვანე სალათის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, კალციუმს, უჯრედისებს. მისი სამკურნალო ეფექტი დაფუძნებულია უჯრედისის იმ თვისებაზე, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს ნაღვლის ევაკუაციას.
სალათის ფოთლები კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლად, რადგან ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს. ის ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ეს ვიტამინი თერმული დამუშავების დროს კარგავს ღირებულ თვისებებს. თუ სალათას უმად მიირთმევთ, მაშინ ამ ვიტამინს კარგად შეითვისებს თქვენი ორგანიზმი. ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ცილების ცვლას ორგანიზმში, საჭიროა ერითროციტების ფორმირებისთვის და შაქრის ასათვისებლად.
განსაკუთრებით კარგია სალათის ფოთლების ჭამა ორსულობის დროს. ამ დროს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეების განვითარება, ფსიქიკური მოშლა. ეს მჟავა ასევე უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს ანემიის პროფილაქტიკას. როცა ადამიანის ორგანიზმი განიცდის ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას, ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებასთან მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობაც ნაკლებია.
კუჭ-ნაწლავის დაავადების თავიდან ასაცილებლად ძალიან სასარგებლოა ფოლიუმის მჟავის და ბეტაკაროტინის მიღება. ამ უკანასკნელების მარაგი კი სწორედ მწვანე სალათის ფოთლებშია. ის ასევე შეიცავს ორგანიზმისთვის არანაკლებ საჭირო მჟავებს, რომლებიც იცავს საშარდე სისტემას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან.
თუ გსურთ, თავი დაიზღვიოთ ამა თუ იმ დაავადებისგან, მაშინ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამეთ მწვანე სალათის გემრიელი და სასარგებლო ფოთლები.