კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ინგრევა ცოლ-ქმრის ურთიერთობა და როგორ უბიძგებენ ისინი ერთმანეთს ღალატისკენ


ყოველთვის, როცა ჩვენს რეალობაში პრობლემები ჩნდება და ცხოვრებაც ჩვეული რიტმიდან ვარდება, ვცდილობთ, მიზეზი საკუთარ თავში კი არ ვეძებოთ, არამედ, ვიპოვოთ „განტევების ვაცი“. თითქოს, ასე უფრო ადვილია, მაგრამ ეს პრობლემას აშკარად არ შველის. ოჯახის ერთიანობა და ჰარმონიული არსებობა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ესმით მეუღლეებს ერთმანეთის, შეუძლიათ თუ არა, დაუთმონ და მიუტევონ ერთმანეთს.

როდის ვუშვებთ შეცდომას, როდის გამოგვრჩება ხოლმე რაღაც მთავარი – ის, რაც ჩვენი ბედნიერებისთვის არის აუცილებელი? რატომ ხდება ისე, რომ ზოგჯერ სწორედ ჩვენ ვინგრევთ ცხოვრებას საკუთარი ხელით, მერე კი ვნანობთ და ნამსხვრევების შეკოწიწებას ვცდილობთ?.. ვჩხუბობთ, ვყვირით, ვბრაზობთ და, გვავიწყდება, რომ ჩვენ წინ ის ადამიანია, რომელიც ერთ დროს ძალიან გვიყვარდა და, შესაძლოა, ახლაც ისევ გვიყვარს.



თეონა (34 წლის): ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეიძლება, როცა მართლა გაქვს ამისი სურვილი და ხვდები, რომ, ის ადამიანი, რომელიც გვერდით გყავს, შენთვის ყველაზე ძვირფასია. სამწუხაროდ, ჩვენ ხელის ერთი მოსმით ვანადგურებთ სწორედ იმას, რაც ყველაზე ღირებული გვაქვს, თანაც, ისე, რომ არც ვფიქრობთ, რა მოჰყვება ამას. ცხოვრება არც ისეთი რთულია, ჩვენ თვითონ რომ არ ვართულებდეთ. საკუთარი თავისთვის უცხო თვალით შეხედვა და დაკვირვება რომ შეგვეძლოს, ძალიან ბევრ პრობლემას ავირიდებდით თავიდან.

– მაგალითად?

– მაგალითად, ფაქტია, რომ ცოლები ბევრ შეცდომას ვუშვებთ ქმრებთან და, როცა მერე სხვა ქალთან გარბიან, თავს კი არ ვიდანაშაულებთ, მთელ პასუხისმგებლობას ისევ მათ ვაკისრებთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ხშირად „სხვა ქალი“ საერთოდ არც არსებობს და ჩვენ, ჩვენი დაუფიქრებლობით, წინდაუხედაობითა და გაუწონასწორებლობით, კაცს ვუბიძგებთ, ეძებოს ის.

– უცნაური მოსაზრებაა. ანუ, ცოლები ვუბიძგებთ ქმრებს ღალატისკენ?

– დიახ. ისევე, როგორც ქმრები უბიძგებენ ხოლმე ცოლებს, სითბო და ყურადღება სხვა კაცთან ეძებონ. იმას დავეძებთ, რაც გვაკლია. ხომ მართალია?

– გინდათ თქვათ, რომ კაცებს ცოლებისგან ყურადღება აკლიათ და იმიტომ გარბიან საყვარლებთან?

– გააჩნია, თქვენ რას გულისხმობთ ყურადღებაში. კაცს შენი არც დაუთოებული პერანგი სჭირდება, არც გემრიელად მომზადებული კერძი და არც დალაგებული სახლი, თუკი ამ სახლში თავს მყუდროდ, კომფორტულად არ გრძნობს. ადრე ამაზე არასდროს მიფიქრია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ქმარს ყველაფერს ვაძლევდი. სანაცვლოდ კი არაფერს ვიღებდი. თურმე, უნდა გასცე, რომ მიიღო, არ გაქვს პრეტენზიების გამოთქმის უფლება. არ უნდა ითამაშო იმ ადამიანის ნერვებზე, რომელიც გიყვარს. საერთოდ, ჩვენ, ადამიანები, ყველაზე ხშირად სწორედ იმათ ვტკენთ გულს, ვინც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ეს უსამართლობაა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

– გეთანხმებით. იმიტომ, რომ ყველაზე ახლო ურთიერთობა მასთან გვაქვს.

– ჰო. მაგრამ ეს ურთიერთობა ვალდებულებად არ უნდა იქცეს. რატომ ხარ კაცთან, თუ ის არც გიყვარს და არც პატივს სცემ? მხოლოდ იმიტომ, რომ გათხოვილის სტატუსი გქონდეს და სიბერეში მარტო არ დარჩე? ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის უპატივცემულობაა. ათი წლის წინ გავთხოვდი, დიდი სიყვარულით. დარწმუნებული ვიყავი, რომ შევხვდი ჩემი ცხოვრების მამაკაცს. მაგრამ, იმაზე არასოდეს დავფიქრებულვარ, რა არის საჭირო, რომ ოჯახი მშვიდი და ბედნიერი იყოს.

ნუ მოვთხოვთ მამაკაცს იმაზე მეტს, რისი მიცემაც თავად არ შეგვიძლია მისთვის. ხშირად ცოლებს მეტისმეტი მოგვდის ხოლმე. გასაგებია, რომ ადვილი ცხოვრება არ გვაქვს და ხშირად ლამის ოცდაოთხსაათიან რიტმში გვიწევს მუშაობა, მაგრამ ჩვენ ხომ ოჯახს იმიტომ ვქმნით, რომ ერთმანეთს ცხოვრება გავუადვილოთ, და არა – გავურთულოთ. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?

– ანუ, მამაკაცს შევუქმნათ სასათბურე პირობები?

– რატომაც არა, თუ ეს ის ადამიანია, რომელიც გიყვარდა და გიყვარს? მოდი, სულ ცოტა ხნით, შევეცადოთ, სხვა თვალით დავინახოთ ის სიტუაცია, რომელიც თითქმის ყველა ოჯახშია. გეთანხმებით, რომ ყოფითმა პრობლემებმა და ამ ყოველდღიურობამ, შეიძლება, ჭკუაზე შეგშალოს. ვინ არის, სულ რომ ულხინდეს – ძალიან იშვიათი გამონაკლისები. მაგრამ ქალს ბევრი რამე შეუძლია. ჩვენ ვართ ურთიერთობის „დამლაგებლები“. კაცს რა უნდა? – მოფერება და სიმშვიდე. მას ძალიან უმნიშვნელო მოთხოვნილებები აქვს. ქალის მოთხოვნილებებთან შედარებით, კიდევ უფრო ცოტა. თუ არ შეაწუხებ, დაჯდება ტელევიზორის წინ და იქნება, საერთოდ არ შეგაწუხებს.

– და არც არაფერს გაგიკეთებს.

– გაგიკეთებს, თუ მოთმინებას გამოიჩენ და მშვიდად დაელაპარაკები. მოფერებით კაცს ყველაფერს გააკეთებინებ, იმასაც კი, რისი გაკეთებაც არ უნდა. მოკლედ, წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი სიტუაცია, მე ვიტყოდი, სტანდარტული: ქმარი მოდის სახლში და ხვდება მთელი დღის განმავლობაში „დაგრუზული“ ცოლი, რომელიც პირდაპირ ზღურბლიდანვე აყრის საყვედურების კორიანტელს... წუწუნსაც, რომ ის მთელი დღე მარტოა. ჯერ სამსახურში იყო (თუკი მუშაობს), მერე ბავშვებს დასდევდა უკან, საჭმელი მოამზადა, დაალაგა, საყიდლებზე ირბინა, მთელი შავი საქმე მარტომ გააკეთა... ქმარს კი, ერთხელაც არ დაურეკავს სახლში და არ უკითხავს, ხომ არაფერი სჭირდებოდათ. თუ ქმარი გაჩუმდა და „გაატარა“ ცოლის საყვედურები, კიდევ არა უშავს, მაგრამ, ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებს დიდხანს ასეთ გარემოში ცხოვრებას. სიბინძურესაც აიტანს, შიმშილსაც, დისკომფორტსაც, მაგრამ, მუდმივად მოჯაჯღანე, მოწუწუნე, შუბლშეკრულ და პრეტენზიებით სავსე ცოლი აუცილებლად ამოუვა ყელში და წავა იქ, სადაც მოეფერებიან და კომფორტს შეუქმნიან. სულაც არ არის აუცილებელი, ის „სხვა ქალი“ ცოლზე ლამაზი და ჭკვიანი იყოს, მაგრამ კაცისთვის ისიც საკმარისია, რომ გულს არ გაუწყალებენ, თავზე ხელს გადაუსვამენ და მოუსმენენ.

– ალბათ, არ არის ადვილი, სულ ეფერო ვიღაცას, როცა შენც არანაკლებ გჭირდება თანადგომაც და ისიც, რომ, თუნდაც, მოგისმინონ.

–„ეფერო ვიღაცას“ – ასე არ არის. ეს „ვიღაცა“ – შენი ქმარია. მქონდა მომენტები, როცა ვფიქრობდი, ნეტავი, წავიდეს სახლიდან, კისერიც უტეხია, მის გარეშეც კარგად ვიცხოვრებ-მეთქი. ბოლო დროს სულ ვკამათობდით, ყველაფერზე, ყველა წვრილმანზე. საკმარისი იყო, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, რომ მაშინვე ვფეთქდებოდი. დაწყვეტაზე მქონდა ნერვები და მშვიდად ცხოვრების საშუალებას იმასაც არ ვაძლევდი. ვეღარც მის იუმორს ვიგებდი.

– რა იყო ამის მიზეზი?

– მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ქმრის ცხოვრებაში „სხვა ქალი“ გაჩნდა, რომ მე აღარ ვჭირდებოდი. რატომ გავაკეთე ასეთი დასკვნა?! – როგორ გითხრათ, კლასიკური, ბანალური მინიშნებებით: სახლში დაგვიანებას მოუხშირა, ისეთი ყურადღებიანი აღარ არის, მობილურში გზავნილებს შლის, ჩემი ყველა სიტყვა აღიზიანებს, ერთი სული აქვს, სახლიდან გავარდეს, ჩემი პრობლემები არ აინტერესებს“ – მგონი, ნაცნობი სიტუაციაა, ბევრისთვის ნაცნობი... მაგრამ, ამ ყველაფრის მიზეზი, შეიძლება, თქვენ იყოთ და არა ვიღაც „სხვა ქალი“. კაცს თუ სახლში მოსვლა აღარ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქაური სიტუაცია არ მოსწონს. მერე, როცა კარგად გავაანალიზე და გავიაზრე სიტუაცია, მივხვდი, რომ ჩემი ქმრის დაგვიანებების მიზეზი თავად ვიყავი და ჩემი ასეთი საქციელით მას სხვა ქალისკენ ვუბიძგებდი. როცა მამაკაცს ცოლთან არეული ურთიერთობა აქვს, უკვე ფიქრობს, შეცდომა ხომ არ არის ჩვენი ერთად ყოფნაო, ამ დროს კი გამოჩნდება ქალი, რომელიც სითბოს აგრძნობინებს და კაცი აუცილებლად მას მიეკედლება. ხშირ შემთხვევაში სწორედ ცოლები ვართ დამნაშავენი იმაში, რომ ქმრები საყვარელს იჩენენ.

– მამაკაცებსაც სწორედ ის უნდათ, რომ ეს ბრალდებაც მოვუხსნათ.

– მე ვამბობ იმას, რაც რეალობაა. არ არის საჭირო, მამაკაცის ორგულობაში დადანაშაულება და ჭიქაში ქარიშხალი არ უნდა ავტეხოთ. სხვათა შორის, ზუსტად იგივე ხდება, როცა ქალი ეძებს ნუგეშს ოჯახის გარეთ. თუ მას ვერ უგებენ, თუ არავინ უსმენს და არავინ ცდილობს, ყოველდღიურობით გამოწვეული სტრესი მოუხსნას, ერთხელაც, გამოჩნდება კაცი, რომელიც მას ამის დეფიციტს შეუვსებს. იმიტომაც ვთქვი, ცოლი და ქმარი შეუცნობლად უბიძგებენ ერთმანეთს ღალატისკენ-მეთქი. მაგრამ, უფრო ხშირად, მამაკაცები იყენებენ ამ ბიძგს, რადგან მათ მეტი შანსი აქვთ, იპოვონ მანუგეშებელი. პრინციპში, მე შემთხვევის წყალობით გადავრჩი, თორემ, დღეს ჩემი ქმარი სხვასთან იქნებოდა წასული. ის უკვე იდგა არჩევნის ზღვარზე. არავინ თქვას, თუ კაცს მართლა უყვარხარ, სხვაში არ გაგცვლის და არ მიგატოვებსო. თუ ცხოვრებას გაუსაძლისს გაუხდი, აუცილებლად მიგატოვებს. შეიძლება, ძალიანაც უყვარდე, მაგრამ, მაინც წავა. არასოდეს თქვათ, ნეტავი, ვის სჭირდება ეს უვარგისი, ვინ გაუძლებს ამასო. მოიძებნება ვიღაც, ვინც გაუძლებს კიდეც და თავზე ხელსაც გადაუსვამს. შეიძლება, რაღაც პერიოდის შემდეგ, იმასთანაც ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს თქვენთვის, მიტოვებული ცოლისთვის, შეღავათი ვერაფრით ვერ იქნება. უნდა ვისწავლოთ წვრილმანების „გატარება“. კაცები არ არიან იდეალურები და მათ ზოგჯერ მართლაც აუტანელი ჩვევები აქვთ, მაგრამ, მარტო იმიტომ, რომ ვერაფრით ისწავლა კბილის პასტის ტუბს თავსახური დააფაროს და ისე არ მიაგდოს, ალბათ, არ ღირს ფართომასშტაბიანი სკანდალის მოწყობა. კიდევ ვიმეორებ: ნამდვილად არ არის ადვილი, ასეთი ნერვების მომშლელი წვრილმანები მშვიდად „გაატარო“, მაგრამ, ისიც ხომ არ შეიძლება, ამით ცხოვრება გაამწარებინო?! მოთმინებით და მოფერებით უფრო მიიღებ სასურველ შედეგს. როგორ გგონიათ, ცხოველები ადვილად იწვრთნებიან?! ასევეა კაციც – შენ უნდა აღზარდო. მაგრამ, თუ შენც აღსაზრდელი ხარ და ბევრი რამე გაქვს სასწავლი?! მე ამდენი არ ვიცოდი კი არა, ნახევარზეც არ მქონდა წარმოდგენა. საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე. შემთხვევით მოვუსმინე ჩემი ქმრის საუბარს ტელეფონით ამ „სხვა ქალთან“.

– ანუ, ეს „სხვა ქალი“ მაინც არსებობდა?

– ყოველთვის არსებობენ მსგავსი „სხვები“, დამიჯერეთ, ყველა კაცის გვერდით ყოველთვის არსებობს ქალი, „სხვა ქალი“, რომელიც საჭირო მომენტში მხარზე თავს დაადებინებს და შეიბრალებს.

– სჭირდება კაცს შებრალება?

– როგორ არ სჭირდება?! ძალიან სჭირდება, დამიჯერეთ. ისინიც სუსტები და ჩვეულებრივი ადამიანები არიან და, სხვათა შორის, ძალიან ითრგუნებიან ყოველდღიურობასთან ჭიდილში.

– ნუ გვაცოდებთ მამაკაცებს. არც ჩვენ გვილხინს ყოველდღიურობასთან ბრძოლაში.

– რა თქმა უნდა, მაგრამ, ხომ გითხარით, ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს. თუ არ გაეცი, სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებ. რომელ კაცს გაუჩნდება სურვილი, მოეფეროს ცოლს, რომელიც მუდმივად უკმაყოფილოა და მუდმივად ჯაჯღანებს? რამდენი დღე აიტანს ამას? დამიჯერეთ, როგორი დიდი სიყვარულიც უნდა ჰქონდეს, აუცილებლად იტყვის წადი, შენი დედაცო და დამნაშავე ამაში შენ იქნები, შენ, ანუ მისი ერთ დროს საყვარელი ცოლი, ქალი, რომელიც ყველაზე ახლობელი უნდა იყოს მისთვის და რომელმაც გულის გადაშლის სურვილი უნდა გაუღვიძო. შეიძლება, ძალიან ცუდად გამომდის, ქალებს რომ ვადანაშაულებ ყველაფერში, მაგრამ, მე ისევ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ ამას. ვცდილობ, დაგანახვოთ, სად არის დამარხული ძაღლის თავი. ნერვები ყველას გვაქვს, ჩვენც ვიღლებით და მართლა ძალიან ბევრი ტვირთის, პასუხისმგებლობის აკიდება გვიწევს საკუთარ მხრებზე, მაგრამ თუ გვინდა, ოჯახი შევინარჩუნოთ, მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. დრო მოვა და ეს მსხვერპლი აუცილებლად დაგვიფასდება. მამაკაცი დაინახავს და დააფასებს ჩვენს თავგანწირვას. ურთიერთობაში დივიდენდები უნდა ჩაიდოს, რომ სარგებელი მიიღო, სხვანაირად არაფერი გამოდის. გავიხსენოთ, როგორები ვიყავით შეყვარებულობის პერიოდში. ეს ხომ ისევ ის კაცია, რა შეიცვალა?! რატომ უნდა მივცეთ უფლება ყოფით პრობლემებს, ჩვენი სიყვარული შეიწიროს? ჩვენმა ურთიერთობამ კინაღამ სრული კრახი განიცადა. ერთ საღამოს ქმარმა მითხრა, უკვე პიკს მივაღწიეთ, ამის იქით აღარაფერია, მალე ხელით შევეხებით ერთმანეთსო. იმის მაგივრად, რომ უკან დამეხია და ერთად მოგვეძებნა გამოსავალი, ისეთი ისტერიკა ავტეხე, ჩემმა ქმარმა სინანულით შემომხედა და ხელი ჩაიქნია. მთელი ხმით ვუყვიროდი, ლაჩარი ხარ, საყვარელი გყავს და გამბედაობა არ გყოფნის, რომ აღიარო. პირდაპირ მითხარი, რომ განქორწინება გინდა, რომ გაქცევაზე გიჭირავს თვალი-მეთქი. რა უნდა გელაპარაკო, შენთან უკვე შეუძლებელი გახდა ურთიერთობა, შეურაცხადივით იქცევიო. არც ეს აღმოჩნდა ჩემთვის გამაფრთხილებელი სიგნალი. მაინც განვაგრძობდი წივილ-კივილს. დარწმუნებული ვიყავი, რომ საყვარელი ჰყავდა და ჩემში ყველაფერი ამიტომ აღიზიანებდა. ის კი აღარ ვიფიქრე, რომ მართლა შეიძლებოდა, აუტანელი ვყოფილიყავი. ის სატელეფონო საუბარი რომ არა, მართლა საკუთარი ხელით დავინგრევდი ოჯახსაც და ბედნიერებასაც. მომდევნო დღეებში თითქმის არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, პირველი მე რატომ უნდა დაველაპარაკო, როცა დამნაშავე ის არის-მეთქი. ცოლ-ქმარს შორის დამნაშავის ძებნა და ასეთი უაზრო პრინციპულობა, არაფრით არ შეიძლება. ვინ ზარალდება? – რა თქმა უნდა, მხოლოდ შენ. ჩემი ქმარი დილაუთენია წავიდა სახლიდან, ისე რომ, არც გამომმშვიდობებია. ისევ ვუთხარი საკუთარ თავს, არაფრის დიდებით არ დაველაპარაკები. კისერიც უტეხია, ვისთანაც უნდა, იმასთან წაეთრიოს. თვითონვე ინანებს, როცა მიხვდება, რა დაკარგა-მეთქი. მერე, ცოტა რომ დავწყნარდი, წარმოვიდგინე, როგორ ვიცხოვრებდი ჩემი ქმრის გარეშე და შემეშინდა. სერიოზულად ვამბობ, მართლა ძალიან შემეშინდა. მივხვდი, რომ ვერ ვიცხოვრებდი მის გარეშე. ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი არსების ნაწილთან შელევა. ათი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ერთ მთლიანობად ვიქეცით. უბრალოდ, მე დამავიწყდა ეს. მაშინვე ჩავიცვი და ჩემს ქმართან გავქანდი სამსახურში. მინდოდა, მეთქვა, რომ მიყვარდა, ძალიან მიყვარდა და მზად ვიყავი, ოღონდ ის არ დამეკარგა, ბევრი რამეც ამეტანა, და საკუთარი შეცდომებიც მეღიარებინა. მივედი და იქ არ დამხვდა. მითხრეს, ამ წუთში სადღაც გავიდაო, მობილურზე დავურეკე და გამორთული ჰქონდა. გულგასიებული წავედი სახლში. საშინელ გუნებაზე ვიყავი, დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ქმარი ახლა სხვა ქალის მკლავებში ნებივრობდა, ვფიქრობდი, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და ვსლუკუნებდი. ბავშვებსაც არ გაუგიათ, რომ სახლში ვიყავი. სააბაზანოში დავაპირე შესვლა, პირი რომ დამებანა და ჩემი ქმარი ჰოლში იდგა, ვიღაცას მობილურით ელაპარაკებოდა. როდის მოვიდა, არ გამიგია. დავიმალე და ყური მივუგდე. ახლაც არ ვიცი, ვის ესაუბრებოდა, აღარ დავინტერესებულვარ იმ ქალის ვინაობის გამორკვევით. საკმარისი იყო, რაც გავიგონე: გადავწყვიტე, ერთი შანსი კიდევ მივცე ჩემს ცოლსაც და საკუთარ თავსაც. ვხვდები, რომ ისევ გვიყვარს ერთმანეთი. ყველაფერი გაცილებით რთულად არის, ვიდრე გვეგონა. შენთვისაც აჯობებს, თუ ჩემთან დროს ტყუილად არ დაკარგავო.

– არ გაინტერესებთ, ჰქონდა თუ არა იმ ქალთან რამე?

– არა. ფაქტია, რომ არჩევანი ჩემ სასარგებლოდ გააკეთა. ქექვა და ძიება რომ დავიწყო, ისევ გავამწვავებ სიტუაციას. ჩემმა ქმარმა შანსი მომცა და ამ შანსს გამოვიყენებ – აუცილებლად შევინარჩუნებ ოჯახს.


скачать dle 11.3