კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ჩემს მომავალზე ხელი მაქვს ჩაქნეული

ხომ იბადებიან ამქვეყნად ადამიანები, რომლებსაც არასდროს არაფერში უმართლებთ? სწორედ ასეთ უიღბლოთა რიცხვს მივეკუთვნები მეც. ყოველთვის ძალიან მორცხვი, მორიდებული და მეოცნებე გოგო ვიყავი. დედაჩემს სულ კალთაზე გამობმული დავყავდი და მარტოს ფეხს არ მადგმევინებდა, ყველგან თან დამყვებოდა – თანაკლასელების დაბადების დღეებზეც კი. სანამ პატარა ვიყავი, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. რომ წამოვიზარდე, უკვე მრცხვენოდა დედაჩემის საქციელის. ბავშვები დამცინოდნენ ამის გამო და, ბოლოს ისე დავკომპლექსდი, საერთოდ ავკრძალე მეგობრებთან სიარული. საკუთარ თავში ჩავიკეტე, რომანტიკულ წიგნებს მივეძალე და ვოცნებობდი მშვენიერ პრინცზე, რომელიც ამ ცხრაკლიტულიდან დამიხსნიდა. ასე დავამთავრე სკოლა.

სტუდენტი რომ გავხდი, პირველივე დღეს სრულიად შემთხვევით გავიცანი მეხუთეკურსელი ბიჭი, რომელიც, რატომღაც, სწორედ ის პრინცი მეგონა. ერთ კვირაში კი გავიპარეთ. დიდი წიოკისა და აყალმაყალის შემდეგ ჩემები შეგვირიგდნენ, მაგრამ ჩემი ქმარი ნარკომანი აღმოჩნდა. თავიდან ამ ამბავს ვმალავდი და ყველაფერს ვითმენდი, მაგრამ, როცა ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი სამკაული მოუპარავს და წამლის საყიდლად გაუყიდია, ჩავალაგე ჩემი ნივთები და სახლში დავბრუნდი. შვილი არ გვყოლია. სამი წლის შემდეგ ისევ გავთხოვდი. ჩემი მეორე ნახევარი ჩვენი ლექტორი იყო, ჩემზე 13 წლით უფროსი. ერთი შეხედვით ნორმალური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ავადმყოფურად ეჭვიანი გამოდგა. ჩაფიქრებული რომ დავენახე, შარს მდებდა, საყვარელი გყავს და იმაზე ფიქრობო. ერთი სიტყვით, სისხლი მქონდა გამშრალი, მაგრამ, ფეხმძიმედ ვიყავი და ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია. თან, იმედი მქონდა, ბავშვი რომ გაჩნდებოდა, მისი ეჭვიანობა, უარეს შემთხვევაში, შემცირდებოდა მაინც. მაგრამ, ერთ დღეს, არ ვიცი, რა მოელანდა, ამიხირდა, გამოტყდი, ვისგან ხარ ორსულადო. თავიდან ვცდილობდი, წყნარად ამეხსნა და დამეწყნარებინა, რომ ასე არ იყო და სრულიად უსაფუძვლოდ მდებდა ბრალს, მაგრამ რომ აღარ გაჩერდა, მეც ისტერიკულად ავყვირდი. ბოლოს და ბოლოს, თუ ასე არ მენდობი, გავეყაროთ-მეთქი. ითაკილა ვაჟბატონმა, – როგორ დამიყვირეო და, ისეთი გამილაწუნა სახეში, წონასწორობა დავკარგე და იატაკს მთელი ძალით დავასკდი. ამის შედეგად მუცელი მომეშალა და ძლივს გადამარჩინეს. რა თქმა უნდა, საავადმყოფოდან მასთან აღარ დავბრუნებულვარ. თუმცა, ხან ვის მიგზავნიდა და ხან – ვის, რომ შევრიგებოდი. ბოლოს დედაჩემი დაემუქრა, თავს თუ არ დაანებებ ჩემს შვილს, შენ თავს დავაჭერინებო. იმასაც, შეეშინდა და შემეშვა.

კიდევ ორი წელი ეიფორიაში ვცხოვრობდი, რაღაც უცნაურ გაურკვევლობასა და სიცარიელეში. მყავდა ორი უახლოესი მეგობარი, რომლებმაც ეს ტკივილი გადამატანინეს. მერე კი, ერთ-ერთის დაბადების დღეზე გავიცანი მისი დეიდაშვილი. სწორედ ამას ერქვა ერთი ნახვით შეყვარება (თანაც ორივე მხრიდან). მეგონა, როგორც იქნა, მეც მომაგნო ბედნიერებამ-მეთქი, მაგრამ აჩი ცოლიანი აღმოჩნდა. მართალია, ჩემ გაცნობამდეც ცუდი ურთიერთობა ჰქონიათ და გაყრას აპირებდნენ, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც ვერ გადადგეს. მე კი მისი ცოლის არსებობის შესახებ ძალიან გვიან გავიგე. იმას კი სცოდნია ჩემ შესახებ და ისეთი ბინძური ჭორები დამიყარეს მთელ ქალაქში, ვინმესთან თავის მართლებასაც კი აზრი არ ჰქონდა. მისმა მშობლებმა კი შემომითვალეს, თავი დაანებე ჩვენს შვილს, ოჯახს ნუ უნგრევ. ახლა კი არა, უცოლოც რომ იყოს შენისთანა ნაგულავებ და ცხრაჯერ განათხოვარ ქალს სახლში მაინც არ შემოვუშვებთო. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ აჩის დავურეკე და ვუთხარი. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. ძალიან კი გადამეკიდა – მიზეზი მითხარიო, მაგრამ ერთხელაც აღარ დამირეკავს. ხანდახან სადმე თუ შემხვდება, თვალს მარიდებს. იმდენჯერ არ გამიმართლა, რომ ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი. მომავალზე საერთოდ აღარ ვფიქრობ, მაგრამ, აღარც ის ვიცი, ამის შემდეგ როგორ ვიცხოვრო.

ლალი, 29 წლის.



ჩემმა გაზრდილმა

ძმამ შვილი მომტაცა

მშობლები ადრე გარდაგვეცვალა და დავრჩით მე და ჩემი უმცროსი ძმა ღვთისა და ერთმანეთის ანაბარა. მე 17 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 9 წლის. ბებია-ბაბუა არ გვყავდა, ბიძა რუსეთში ცხოვრობდა და ხანდახან გვიგზავნიდა მცირეოდენ თანხას. პრაქტიკულად, მე თვითონ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ძმის მიმართ პასუხისმგებლობამ ნაადრევად დამასერიოზულა. პირველივე წელს ჩავაბარე უმაღლესში, მაგრამ მერე იძულებული გავხდი, დაუსწრებელზე გადავსულიყავი, რომ ჩემი ძმა უპატრონოდ არ ყოფილიყო. 25 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემმა ქმარმა იკა საკუთარ შვილად მიიღო და ბევრი მზრუნველი მამა ვერ დაიტრაბახებს, ისე ჰყვებოდა თან. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩემი მეუღლე ავარიაში დაიღუპა და დავრჩი პატარა ბავშვით ხელში. იკა უკვე დიდი იყო, მეორე კურსზე სწავლობდა. მალე მუშაობაც დაიწყო და შვილის გაზრდაში კაცივით მეხმარებოდა, მაგრამ, უნივერსიტეტის ბოლო კურსზე რომ იყო, ჯერ ტოტალიზატორში დაიწყო სისტემატურად თამაში, მერე კაზინოში გადაინაცვლა და ისე ჩაითრია ამ ჭაობმა, სხვაზე აღარაფერზე ფიქრობდა. თავიდან მიმალავდა, მერე კი ერთმა მეზობელმა მითხრა, ირაკლი თურმე სულ კაზინოში დადის და ყურადღება მიაქციეო. სახლში რომ მივედი, ერთი ამბავი ავუტეხე. ჯერ უარზე იყო, მერე თავის მართლება დაიწყო, ბოლოს კი მითხრა, შენ არავინ გეკითხება, ეს ჩემი პირადი ცხოვრებააო. არც არავინ მყავდა ისეთი ახლობელი, რომ დახმარება მეთხოვა. ძალიან ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.

რადგან უკვე ვიცოდი და დასამალავიც აღარაფერი ჰქონდა, უფრო გათამამდა. მალე შევნიშნე, რომ სახლიდან ნივთების გატანა დაიწყო. ყველაფერი ღირებული რომ გაყიდა, ბინას მიადგა – ერთ დღესაც, მითხრა, ძალიან დიდი თანხა წავაგე და თუ არ გადავიხადე, მომკლავენო. მე ჩემი ქმრისგან არაფერი დამრჩენია, თბილისში ბინაც კი არ ჰქონდა. ამიტომ, მშობლების დანატოვარი ბინა, რომელშიც მე, ჩემი შვილი და იკა ვცხოვრობდით, თანაბრად გვეკუთვნოდა ორივეს. რომ მივხვდი, შეიძლებოდა, მართლა მოეკლათ, ვუთხარი, ეს ბინა „დავახურდავოთ“, შენი წილი, თუ გინდა, გაყიდე, მე კი ჩემს შვილს ქუჩაში ვერ დავტოვებ-მეთქი. ეწყინა, მაგრამ მაინც დამეთანხმა. ბინა დავშალეთ. ჩემი წილი ბინა ჩემს სახელზე გავაფორმე. რა თქმა უნდა, ისევ ერთად ვცხოვრობდით. ხან ვეხვეწე, ხან დავემუქრე, დაანებე თავი კაზინოს, თორემ, ამ ორ ოთახს, რაც დაგვრჩა, ვერავის გამო ვეღარ გავყიდი-მეთქი. მშობლების საფლავი დაიფიცა, რადგან ახლა გადავრჩი, იქით გამხედავი აღარ ვარო. თითქმის ერთი თვე მართლაც ასრულებდა პირობას. მიხაროდა, ვფიქრობდი, ჭკუას მოეგო-მეთქი, მაგრამ, ერთი თვის შემდეგ, ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ისევ დაიწყო თამაში. ორი კვირის მერე ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, თუ თქვენი ძმა ერთ კვირაში 20 ათას დოლარს არ მოიტანს, სახლში მკვდარს მოგისვენებენო. ისე გადავირიე, ვუთხარი, რაც გინდათ, ის უქენით, მე კაპიკი არ მაქვს-მეთქი. იმ დღეებში ირაკლი სახლში არ მოსულა. კი შემეშინდა, მაგრამ, გავუძელი და ძებნა და რეკვები არ დამიწყია. სამი დღის შემდეგ მობრძანდა ვაჟბატონი და ზედაც არ შემომხედა, ისე გავიდა თავის ოთახში. მთელი დღე სახლიდან არ გასულა. იჯდა სავარძელში და ტელევიზორს უყურებდა. საღამოს ჩემი შვილის კერძო მასწავლებელმა დამირეკა, დღეს რატომ არ მოვიდა გაკვეთილზეო. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე – როგორ თუ არ მოვიდა, ზუსტად საათ-ნახევრის წინ გამოვუშვი-მეთქი. ის მასწავლებელი გვერდითა კორპუსში ცხოვრობდა და ამიტომ ბავშვს მარტოს ვუშვებდი. შევყარე ქვეყანა, მომეხმარნენ მეზობლები და დავიწყეთ ძებნა. ჩემი ძმა ყველაზე მეტად აქტიურობდა და ზემოთ-ქვემოთ დარბოდა შეშლილივით, მაგრამ ბავშვი ვერ ვიპოვეთ. განვაცხადე პოლიციაში. სანამ ისინი მოვიდოდნენ, უცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, ან ოცი ათასს მოიტან ხვალ დილით, ან შვილს ვეღარ ნახავო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ისეთ დღეში ჩავვარდი, ვეღარ მაკავებდნენ. პოლიცია რომ მოვიდა და ყველაფრის დაწვრილებით გამოკითხვა დაიწყო, ირაკლი უცნაურად აწრიალდა. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკმაოდ ჭკვიანი პოლიციელი შემხვდა – გამოკითხვა რომ დაამთავრა, პირდაპირ ჩემს ძმას დაადო ხელი – ბავშვს მოიყვან თუ ციხეში წაგიყვანოთო. ჯერ ახტა-დახტა – ამას როგორ მიბედავთო, მაგრამ პოლიციელი არ მოეშვა და ბოლოს ისიც გამოტყდა. გამომძიებელმა ჩაისვა მანქანაში ჩემი ძმა და წავიდნენ. ნახევარ საათში ჩემი შვილი სახლში იყო. აღმოჩნდა, რომ ირაკლის წაუყვანია და თავის საყვარელთან დაუმალავს. მუქარის ზარიც იმ ქალს ეკუთვნოდა. ბავშვი ვერც კი მიხვდა, რომ მოტაცებული იყო, რადგან ბიძამისს უთქვამს, საღამომდე ამ დეიდასთან დარჩი, რაღაც საქმეებს მოვაგვარებ და კინოში წაგიყვან, დედაშენს კი მე გავაფრთხილებო.

ჩემი ძმა და მისი საყვარელი დააპატიმრეს. მალე სასამართლო იქნება, მაგრამ ვერაფრით წავალ. ადვოკატს უნდა ვთხოვო, რამე მოიფიქროს. სიმართლე გითხრათ, არც ის მაინტერესებს, რამდენს მიუსჯიან ჩემს სიმწრით გაზრდილ, უსინდისო ძმას. მე ის სამუდამოდ ამოვირეცხე გულიდან, თუმცა, როგორც ადამიანი, მაინც მეცოდება.

საწყალი ჩემი მშობლები! ამ უსინდისო ადამიანმა მათი პატიოსანი სახელი ლაფში ამოსვარა და მთელ ქვეყანაზე მარტო დარჩა.

ანი, 36 წლის.

ჩემი შეყვარებული ჩემი მაზლი გახდა

მიჭირს ჩემი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამომზეურება, მაგრამ, რატომღაც, გულის გადაშლა მომინდა და ამიტომ გადავწყვიტე წერილის დაწერა. სტუდენტობის პერიოდში სერიოზული სიყვარული მეწვია, რა თქმა უნდა, არ ვთვლი წარსულის გატაცებებსა და პატარა სიმპათიებს. ბესო ჩემი ჯგუფელი იყო. პირველი დანახვისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება. გარეგნობით სიმპათიური ბიჭი იყო და, რა თქმა უნდა, ბევრ გოგოს ეჭირა მასზე თვალი, მაგრამ მე ვიაქტიურე და თავი შევაყვარე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის საკმაოდ მორცხვი ბიჭი იყო, თავისი ინიციატივით იშვიათად გადადგამდა ნაბიჯს. ვერ მიბედავდა იმის თქმას, რომ მოვწონდი, მე კი, არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვუთხარი, ვიცი, რომ მოგწონვარ და აღიარე-მეთქი. მერე გამოვუტყდი, რომ მეც მომწონდა. იმ დღის მერე შეყვარებულები გავხდით. უზომოდ მიხაროდა, რადგან ბევრ გოგოს შურდა ჩემი და შემომნატროდნენ კიდეც. სამწუხაროდ, ჩემი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ვაღიარებ, რომ მე და ბესოს დაშორება ჩემი ბრალი იყო. თუმცა, ახლა შეცდომის გამოსწორებაზე ლაპარაკი გვიანია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, სულ მეგონა, რომ ბესოს სხვა უყვარდა და გულცივი გახდა ჩემდამი, მერე ამას უყურადღებობაც დაემატა, მაგრად ვეჩხუბე და მქონდა თუ არა საბაბი, სულ ვეჭვიანობდი, ხან ვისთან ვაბრალებდი რომანს, ხან – ვისთან. ჩემმა კაპრიზებმა სისტემატური ხასიათი რომ მიიღო, ბესომ მითხრა, მძიმე ხასიათი გაქვს, ამიტომ, მე შენ ვერ გაგიგებ და, აჯობებს, აქვე დავშორდეთ, რომ სიცოცხლე არ გავუმწაროთ ერთმანეთსო. მე არ მოველოდი მისგან ასე უკმეხად ლაპარაკს, მაგრამ, ვითომ არ მეწყინა ეს ამბავი, მინდოდა, ეეჭვიანა და ვუთხარი: კარგია, რომ დამასწარი თქმა, მეც მივხვდი, რომ სხვა მიყვარს და ჩემგან აწი თავისუფალი ხარ-მეთქი. მოკლედ, დიდხანს რომ აღარ გამიგრძელდეს სიტყვა, იმ დღეს ვიჩხუბეთ და დავშორდით ერთმანეთს. ვერ ვისვენებდი, მინდოდა ბესოსთან შერიგება, თუმცა, პირველი ნაბიჯის გადადგმას არ ვჩქარობდი. ამ ცდაში გავიდა ორი თვე. ერთ დღესაც, გავიგე, რომ მას ცოლი მოუყვანია – მშობლების დაჟინებული თხოვნით, მათი ოჯახის ახლობლის შვილი შეირთო. ეს ამბავი რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი, იმდენი ვიტირე. რამდენიმე დღის მერე ბესოს შევხვდი და ავუხსენი ყველაფერი – მაშინ მინდოდა, რომ გეეჭვიანა ჩემზე და იმიტომ გითხარი, რომ ვითომ სხვა მიყვარდა, თორემ, დღემდე შენზე ვფიქრობ და ვერ გივიწყებ-მეთქი. მან უხეშად მომიშორა თავიდან და დაამატა, კიდევ კარგი, რომ დაგშორდი, შენი ხასიათის გამო მაინც ვერ შეგეწყობოდი. მე გადასარევი ცოლი მყავს და დაივიწყე, რაც ჩვენ შორის იყო, ბევრიც რომ ეცადო, მაინც ვერ დამიბრუნებო.

თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, როგორ, რა გზით დამებრუნებინა ბესო, თუმცა გულბოროტი ნამდვილად არ ვიყავი, რომ უკადრისი საქციელი ჩამედინა, არ მიფიქრია არც მისი და არც მისი ცოლის გამწარება, მაგრამ ვერ ვისვენებდი, მინდოდა, ხშირად მენახა, თუმცა ამის საშუალება არ მეძლეოდა. ამ ამბის მერე ერთი წელი გავიდა, როცა შემთხვევით ბესოს ნახევარძმა გავიცანი. ისინი მამით იყვნენ ძმები, ამიტომ ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მართალია, იკა არ მომეწონა, მაგრამ უარი არ მითქვამს, როცა მოულოდნელად ცოლობა მთხოვა, ამ ნაბიჯს იმიტომ ვდგამდი, რომ ბესოს ხშირად ნახვის შანსი მომცემოდა. სხვა თუ არაფერი, მისი ოჯახის წევრი ვხდებოდი. რა თქმა უნდა, იკას არ ვუთხარი, რომ წარსულში მისი ძმის შეყვარებული ვიყავი, ავჩქარდი და ბესოს ჯინაზე გავყევი ცოლად. ძალიან გამიჭირდა იმ კაცისთვის გამეწია ცოლობა, ვინც არ მიყვარდა, მაგრამ სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს! იკამ თავისი ძმა რომ გამაცნო, ისე ჩამოვართვი ხელი, თითქოს აქამდე არც კი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. მე არა, მაგრამ ბესოს რომ ცივმა ოფლმა დაასხა, ეს მაშინვე შევნიშნე. მერე ცალკე ოთახში განვმარტოვდით და ვუთხარი, შენი ძმა არ მაინტერესებს, მას შენ გამო გავყევი ცოლად, მინდოდა, ხშირად მენახე და, იცოდე, სანამ შენი არ გავხდები, მანამდე არ მოვისვენებ-მეთქი. ისეთი კატეგორიული და შეუვალი ვიყავი, რომ ბესოს არ მოვეშვი და მასთან ინტიმური ურთიერთობა დავამყარე. სექსის მერე მის მიმართ უფრო გამიძლიერდა გრძნობა, სულ მასთან ყოფნა მინდა. არ ვიცი, შემდეგში რა იქნება, გახდება თუ არა ეს ჩვენი ოჯახების დანგრევის მიზეზი, მაგრამ მე ამჟამად კმაყოფილი ვარ, ჩემსას მაინც რომ მივაღწიე. თუმცა, ეს ურთიერთობა ცეცხლთან თამაშს უფრო ჰგავს და სადამდე მიგვიყვანს ორივეს, ძნელი სათქმელია. იმდენს კი ვხვდები, რომ მაზლის საყვარლად გაჩენა ამორალობაა, თუმცა, მე, ალბათ, ნაწილობრივ მეპატიება, რადგან ბესო ჩემი ყოფილი შეყვარებული და ერთადერთი სიყვარულია, რომლის გარეშე ჩემი ცხოვრება აზრს კარგავს.

თიკო, 26 წლის.



საუკეთესო დაქალმა ჩემს შვილს უთხრა, რომ აყვანილია

ახალგაზრდობაში ცუდი გოგო ნამდვილად არ ვიყავი. ნორმალური ფიზიკური მონაცემები მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა, ამიტომაც ცუდის გაყოლას, ვარჩიე, გაუთხოვარი დავრჩენილიყავი. 42 წლის ასაკში აღარც დედა მყავდა ცოცხალი და აღარც მამა, ერთი ძმა კი ოჯახთან ერთად სოფელში ცხოვრობდა. არ მინდოდა, მათ ზედმეტ ტვირთად დავწოლოდი და ვიყავი ჩემთვის. ფაქტობრივად, მარტო დავრჩი. მაშინ კარგი სამსახური მქონდა, მატერიალურად არ მიჭირდა, დაფასებული სპეციალისტი ვიყავი და გადავწყვიტე, ბავშვი ამეყვანა. ეს ვარიანტი მერჩივნა, რადგან საყვარლის გაჩენა ვერ გავბედე. დიდი ალბათობა იყო, რომ ჩემს ასაკში აღარც დავფეხმძიმებულიყავი და, ისედაც, ზედმეტი პრობლემები არ მჭირდებოდა. ამიტომ, საუკეთესო დაქალს გავუმხილე ჩემი გულისნადები და ვთხოვე, დამხმარებოდა შვილის აყვანაში. როგორც იქნა, ბევრი რჩევის შემდეგ, გოგონა ვიშვილე. გამიმართლა, ზნეკეთილი ბავშვი აღმოჩნდა ნინო. ისე გავზარდე, პრობლემები არ შემქმნია. ბავშვმა არ იცოდა, აყვანილი რომ იყო და, შესაბამისად, ნამდვილი დედა ვეგონე. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ვიყავით ბედნიერად, რაც ზოგიერთებს, ალბათ, შეშურდათ. ჩემი დაქალი, რომელმაც ბავშვი ამაყვანინა, ადრე გათხოვდა, ორი შვილი გაუჩნდა, მაგრამ ქმარი მალე დაეღუპა. დარჩა ორი მცირეწლოვანი ბიჭის ამარა. ხან დედა ეხმარებოდა, ხან ქმრის მშობლები, მაგრამ სხვის კმაყოფაზე როდემდე იქნებოდა? ცხადია, მატერიალურად ძალიან უჭირდა, ამას დაემატა ისიც, რომ მუქთახორა ბიჭები გაზარდა, დედას უყურებდნენ ხელებში. იმდენი ვალი დაედოთ, რომ იძულებულნი გახდნენ, სამოთახიანი ბინა გაეყიდათ და ერთოთახიანში გადასულიყვნენ... ბიჭებმა ფული უყაირათოდ ხარჯეს და როცა თანხა მთლიანად გაფლანგეს, ერთმანეთს დაერივნენ. საბოლოოდ, დედას ცუდ დღეში აგდებდნენ. ლანძღვა-გინებას რომ არ დასჯერდნენ, მერე ხელითაც შეეხნენ. საწყალმა ქალმა ვეღარ აიტანა სახლში ამდენი უსიამოვნება და ჩემთან გამოიქცა. ატირებულმა მიამბო რა დღეშიც ჩააგდეს შვილებმა, მთხოვა, შენთან ვიცხოვრებ ცოტა ხნით, შვილების ნახვა აღარ მინდაო. მეც დავამშვიდე, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს, იყავი ჩემთან რამდენ ხანსაც გინდა-მეთქი. დასავით ვექცეოდი, ვარჩენდი, სახლის საქმეებითაც კი არ ვტვირთავდით მე და ჩემი შვილი, ქალბატონივით ვანებივრებდით და, იცით, რით გადამიხადა სამაგიერო?! ერთ დღეს, როცა სახლში არ ვიყავი, ჩემს შვილს უთხრა, ნათელა შენი დედა არაა, ჩვენ ორივემ აგიყვანეთ ბავშვთა სახლიდანო. ნინიკო მაშინ მეცხრე კლასში იყო. ეს ამბავი გვიან გავიგე... თურმე, დააფიცა ყველაფერი, დედაშენს არ უთხრაო. ხომ შეიძლებოდა, ბავშვს ტვინი გადაბრუნებოდა და შევძულებოდი! ჩვენ ირგვლივ ამის უამრავი მაგალითია, მაგრამ ღმერთმა დამიფარა.

გავიდა ხანი. ნინიკომ საიდუმლო გულში ვეღარ შეინახა, სიმართლის გაგება გადაწყვიტა, უნდოდა, პირადად ჩემგან შეეტყო, აყვანილი იყო თუ არა. ძალიან გავნერვიულდი და შევშფოთდი, რატომ მეკითხები, ასეთი აზრი საიდან მოგივიდა თავში-მეთქი – ვიუარე თავიდან. თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ, დღეს თუ არა, ხვალ, გაიგებდა და დამალვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ყველაფერში გამოვუტყდი. მერჩივნა, ჩემგან სცოდნოდა სიმართლე, ვიდრე კიდევ ვინმეს ეტკინა მისთვის გული. ნინიკოს ამ ამბის გაგების მერე თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, გულში ჩამეხუტა და მითხრა, რადგან სხვისი გადაგდებული ბავშვი წამომიყვანე, გამზარდე და ცივ ნიავს არ მაკარებ, ამიერიდან ორმაგად მეყვარებიო. ამ საუბრის მერე ჩემ აწ უკვე ყოფილ დაქალს ვთხოვე, ჩემი სახლი დაეტოვებინა და სამუდამოდ დავევიწყებინეთ მეც და ჩემი შვილიც.

ნათელა, 62 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3