კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ უყვარს დათო კირკიტაძეს და სად დაბრუნებაზე ფიქრობს მისი მეუღლე


გუბერნატორ დათო კირკიტაძის მეუღლე, მშვენიერი სალომე წაქაძე, რომელიც ამჟამად შოკოლადის ქარხანა „ბარამბოში“ ფიარმენეჯერად მუშაობს, საოცრად თბილი, ლამაზი, საინტერესო და ემოციური ადამიანია. აქვს დიდი, მოსიყვარულე გული, განიცდის ბევრ რამეს, უყვარს, ენატრება, ტელევიზიაში მუშაობის ნოსტალგია აქვს და ზოგჯერ დაღლას და დაძაბულობას მუსიკის მოსმენით, სეირნობითა და ფოტოების გადაღებით იქარვებს.


სალომე წაქაძე: მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მივედი და დაახლოებით, რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდი სტაჟიორად. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, არასდროს ვიცოდი – როდის გავიდოდი სახლიდან და როდის დავბრუნდებოდი. ფაქტობრივად, დასვენების დღეებიც არ მქონდა. თუმცა, ამ რვა თვის განმავლობაში ვიღვწოდი იმისთვის, რომ ტელევიზიაში დავრჩენილიყავი. ბავშვობიდან ვოცნებობდი ტელევიზიაში მუშაობაზე, წამყვანობაზე. ხშირად ვჯდებოდი სარკის წინ და ვითომ გადაცემები მიმყავდა. რვა თვის შემდეგ მქონდა ტესტირება და 15 სტაჟიორიდან, ორი დაგვტოვეს. ისე მოვიწამლე ტელევიზიით, რომ უკვე ვეღარ წარმომედგინა, როგორ მეცხოვრა მის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ვერც მეგობრებთან შეხვედრას და ვერც სახლში მშობლების ნახვას ვახერხებდი. რვა თვის შემდეგ, როდესაც „მოამბეში“ ჟურნალისტად ამიყვანეს და თითქმის ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, დღეში შეიძლება, 13 გადაღებაზე წავსულიყავი. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დამღლელი იყო, მაგრამ იმდენად სასიამოვნო, რომ დრო როგორ გადიოდა, საერთოდ ვერ ვიგებდი. დილით მაღვიძარა არასდროს დამიყენებია, პირიქით, სიხარულით ვიღვიძებდი, მივდიოდი სამსახურში და მიხაროდა, რომ არ ვიცოდი, იმ დღეს რა მელოდა და რაც მთავარია, სულ მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი.

– მაგრამ მერე შენ გათხოვდი, მეუღლესთან ერთად წახვედი კემბრიჯში სასწავლებლად და შენს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო.

– კი, მე და დათო კემბრიჯში გავემგზავრეთ. კოლეჯში ვსწავლობდით. იქ, დაახლოებით, რვა თვის განმავლობაში ვცხოვრობდით. როდესაც თბილისში დავბრუნდი, დავიწყე მუშაობა „სახალხო ბანკში“ და ვიყავი კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი. ბანკში დაახლოებით, ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიმუშავე, მაგრამ ძალიან დავიღალე. იქ ჩემთვის, ტელევიზიასთან შედარებით, დახურული სივრცე იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეში შეიძლება, ხუთ შეხვედრაზე წავსულიყავი, მივხვდი, რომ ბანკიდან უნდა წამოვსულიყავი, შინაგანად თავს ვერ ვგრძნობდი კარგად. ხუთი თვე დავისვენე და თან, სამსახურს ვეძებდი, ოღონდ ისეთს, საიდანაც მალე არ წამოვიდოდი და რომელიც ტელევიზიასთან ახლოს იქნებოდა. შესაბამისად, გადავწყვიტე, ფიარის კუთხით მემუშავა. ამ სფეროდან უფრო ადვილია ტელევიზიაში მიბრუნება, ვიდრე სხვა სფეროდან. ამ დროს გამოჩნდა შოკოლადის ქარხანა „ბარამბო“, სადაც ძალიან საინტერესო, იმავდროულად ტკბილი გარემოა. დავიწყე მუშაობა. ახლა უკვე მაქვს ჩემი ტკბილი სამყარო და იქ თავს კარგად ვგრძნობ. ვაფიარებ პროდუქტს, რომლის ხარისხსა და გემოში დარწმუნებული ვარ.

– როგორც ვხვდები, დღემდე გაქვს ტელევიზიის ნოსტალგია.

– კი, და ხან ისეთი დოზებით შემომიტევს, რომ ტელევიზორს გამოვრთავ ხოლმე და აღარ ვუყურებ. როცა ჩართულია, მახსენდება ჩემი სამსახური და ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა, ახლა მეც იქ ვყოფილიყავი და ამის გამო, რამდენჯერმე ჩუმად მიტირია. დღესაც ძალიან ხშირად ვფიქრობ, როგორ შეიძლება, დავბრუნდე ტელევიზიაში. იმდენ ხანს ვოცნებობდი იქ მუშაობაზე, იმხელა ენერგია დავხარჯე ტელევიზიაში, ისე შემიყვარდა იქაურობა, რომ დღემდე მიმაჩნია, იქიდან არც წამოვსულვარ.

– როგორ ცხოვრობდი კემბრიჯში? ტელევიზიის დაძაბული რიტმის შემდეგ არ გაგიჭირდა წყნარ, მთლიანად სწავლაზე გადართულ რეჟიმთან შეგუება?

– კვირა დღე იყო, როდესაც კემბრიჯში ჩავედით და პირველად ქუჩაში რომ გამოვედი, საერთოდ არ დადიოდა ხალხი. საოცარი სიცარიელე იგრძნობოდა... ერთნაირი, პატარ-პატარა სახლები. ქაოსური თბილისის შემდეგ, აღმოვჩნდი სრულიად უცხო გარემოში და შემეშინდა, ვიფიქრე, აქ, ალბათ, მაქსიმუმ, ერთი კვირა თუ დავრჩები-მეთქი. მეორე დილით, როდესაც კოლეჯში მივედი, მივხვდი, იქ ყოფნა საინტერესო იქნებოდა. ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა: დღეში შვიდი გაკვეთილი, შემდეგ, იმდენ დავალებას გვაძლევდნენ, წიგნებზე მეძინებოდა. მე და დათო სხვადასხვა ჯგუფში ვსწავლობდით და შესვენებაზე რამდენიმე წუთით ვნახულობდით ერთმანეთს. ვსადილობდით და გაკვეთილების შემდეგ ერთად მივდიოდით სახლში. იქაც განვაგრძობდით სწავლას. შაბათ-კვირას თუ ვახერხებდით სადმე, კაფეში წასვლას. იქ გართობისთვის, კლუბებში სიარულისთვის ნამდვილად არ გვქონდა დრო.

– საკუთარი თავის მიმართ თუ ხარ კრიტიკული?

– კი, იმიტომ, რომ ყოველთვის ვწუწუნებ – ეს ისე ვერ გავაკეთე, ეს ისე ვერ არის. ანუ, როგორც გარეგნობის მხრივ, ასევე საქმეში, საჭმლის მომზადებაშიც კი კრიტიკული ვარ.

– მეუღლის კრიტიკა თუ დაგიმსახურებია, მაგალითად, საჭმელთან დაკავშირებით?

– არა, საჭმელთან დაკავშირებით არა. სამსახურიდან, რომ დამგვიანებია, უთქვამს, რა არის, არ გინდა ასეთი სამსახურიო. ტელევიზიიდან წამოსვლაც, ვფიქრობ, ამიტომ მომიწია. ჩემს ასეთ რიტმს ვერ შეეგუებოდა და სულ კრიტიკაში ვეყოლებოდი. შეიძლება, ამ დროს ის სამსახურში იყოს დაკავებული, მაგრამ, რომ იცის, მე სახლში არ ვარ, ვმუშაობ, ვერ ისვენებს, მოუსვენრად არის ხოლმე.

– შენ თუ გაგიკრიტიკებია მეუღლე ან მიგიცია რჩევები, თუნდაც ჩაცმასთან დაკავშირებით?

– რაც „ბარამბოში“ ვმუშაობ, დილით დათოზე ადრე მიწევს სახლიდან გასვლა. 9 საათზე უკვე ნატახტარში ვარ და როდესაც საღამოს მოდის სახლში, მაშინ ვნახულობ, რა ეცვა. საღამოს თუ სადმე მივდივართ, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ყოველთვის მეკითხება, რა ჩაიცვას და მეც ვურჩევ. ისევე, როგორც, როდესაც სადმე მივდივარ, რამის საყიდლად... ჩემთვისაც მოუცია რჩევა. საერთოდ, ეზარება მაღაზიებში სიარული, მე დავდივარ და ის მელოდება.

– კაცებს არ უყვართ ლოდინი და ამას ყოველთვის აპროტესტებენ.

– დათოს მაღაზიებში სიარულს ლოდინი ურჩევნია. საერთოდ არ მიყვარს, როდესაც ვინმეს ვალოდინებ და ამ დროს ძალიან დაძაბული ვარ. შესაბამისად, ყველაფერს მალე ვაკეთებ.

– როგორი დიასახლისი ხარ? მთელი დღე მუშაობ, იღლები და მაინც შეგიძლია, რომ სახლში მოსულ მეუღლეს გემრიელი კერძი დაახვედრო?

– არის დღეები, როცა ისეთი დაღლილი ვარ, არაფრის გაკეთება არ შემიძლია. სახლში მივსულვარ და სავარძელში დამძინებია, მაგრამ, ზოგჯერ მეორე სუნთქვა მეხსნება, ვისვენებ და მერე თითქოს თავიდან ვიბადები, მინდა, ვიფუსფუსო, რაღაცეები გავაკეთო.

– შენ თქვი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში არ მუშაობდი. მოგწონდა ასეთი სალომე, რომელიც სახლში სახლის საქმეებით არის დაკავებული და არ მუშაობს?

– კი, რატომაც არა, ვისვენებდი, ვდიასახლისობდი, იმ ადამიანებს ვნახულობდი, რომლებიც ჩემი მოუცლელობის გამო ხშირად მსაყვედურობდნენ. ჩემს ნათლულებთან ვატარებდი ბევრ დროს. „ჯიპაში“ ფოტოს გადაღებას ვსწავლობდი და როცა არ ვმუშაობდი ფოტოებსაც ვიღებდი.

– მეუღლეს არ უღებდი ფოტოებს?

– მეუღლეს არ უყვარს, როდესაც ფოტოს ვუღებ, თუმცა მისთვის გადამიღია.

– რას აკეთებ განტვირთვისთვის?

– როდესაც ცუდ განწყობაზე ვარ, ძალიან მიყვარს ბევრი სიარული – ფეხით ან ავტომობილით, ოღონდ მარტოს. ბოლოს ვხვდები, რომ იმდენი გავიარე, გადამიარა ცუდმა განწყობამ. მიყვარს ჩანახატების წერა, ოღონდ ფურცელზე. თითქოს ამ დროს ვიცლები ყველაფრისგან. ძალიან მიყვარს მუსიკა, შეიძლება დაღლილი ვიყო, ჩავრთო მუსიკა, ჩემთვის ვიცეკვო და მოვიხსნა დაღლილობა.

– შენი აზრით, სიყვარული ქალს უფრო ძლიერს ხდის და დიდ სტიმულს აძლევს?

– თუ შეყვარებული ხარ, ეს უკვე შენთვის დიდი სტიმულია. ამ დროს სხვანაირად ხარ დამუხტული, ცდილობ, უფრო კარგად გამოიყურებოდე, შენი საქმე უკეთ გააკეთო. თუ ის ადამიანი კარგი და წარმატებულია, გინდა, შენც, წარმატებული იყო. დიდი სტიმულია, როდესაც შეყვარებული ხარ და გვერდით ის ადამიანი გყავს, რომელიც გიყვარს.

– დაბოლოს, რთულია პოლიტიკოსის მეუღლეობა?

– ძალიან რთულია. შეიძლება, შვიდ საათზე დაამთავროს მუშაობა, ფიზიკურად არ იყოს სამსახურში, მაგრამ ის ამ დროსაც არ ამთავრებს მუშაობას. სულ სატელეფონო ზარებს პასუხობს, საქმეებს აგვარებს და ფიქრით სულ აქ არის. ანუ, არასდროს ამთავრებს მუშაობას. ეს კი ძალიან რთულია.

– მერე ეგუები ამას?

– არის პერიოდი, როდესაც იცი, რომ ამას უნდა შეეგუო. ასე უნდა იყოს. ხელი უნდა შეუწყო, მაგრამ არის მომენტი, როდესაც ეს გიჭირს.


скачать dle 11.3