როგორ დაიპყრო ფეხმძიმე გვანცა კილასონიამ ჩინეთის კედელი და რომელ ქვეყანაში მოგზაურობაზე ოცნებობს ის
რადიო „ფორტუნას“ პროგრამების მენეჯერი, გვანცა კილასონია, ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, მოგზაურობა რომ ძალიან უყვარს; უცხო ქვეყნის მონახულებისას დიდ სიამოვნებას რომ იღებს და ამით არასდროს იღლება. ქვეყნები, სადაც ის არის ნამყოფი, ძირითადად მივლინებებსა და ტრენინგებს უკავშირდება. ასევე, სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებზე იყო იქ.
გვანცა კილასონია: მოგზაურობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებული შეგრძნებაა. არც ისე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და რამდენიმე ისეთიც ვნახე, რომლის ნახვაზეც არ ვოცნებობდი. უფრო მივლინებების გამო მომიწია რამდენიმე ქვეყნის ნახვა, სადაც ტრენინგებს ვესწრებოდი. ასე რომ, თან საქმეს ვაკეთებდი და თან სიამოვნებას ვიღებდი.
– რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი?
– თურქეთში, ფინეთში, ჩინეთში, გერმანიასა და სერბეთში. გერმანიაში თითქმის ერთი თვე ვცხოვრობდი. ბოლოს, მეგონა, გერმანელი გავხდებოდი. გერმანიამ მართლა ძალიან მომხიბლა თავისი ხალხის პუნქტუალობით, წესრიგით და კიდევ უამრავი რამით. ბონში, ბეთჰოვენის ქალაქში ვცხოვრობდი, სადაც ყველაფერი ბეთჰოვენით სუნთქავდა. გერმანიით მართლა ძალიან დავტკბი, სადაც სიამოვნებით დავბრუნდებოდი. იქ ყველაფერია იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო.
– ბოლოს სად იყავი?
– ბოლოს ჩინეთში ვიყავი ორ კვირაზე მეტი. პეკინში ტრენინგებზე ჩავედი, რაც ჩემი კომპანიისგან დიდი საჩუქარი იყო.
– პეკინში ყოფნისას, როცა ჩინეთის კედელზე ახვედი, თურმე ფეხმძიმედ იყავი და ეს მაშინ არც კი იცოდი.
– სულ რამდენიმე კვირის ორსული ვიყავი. ალბათ, ფეხმძიმობის პირველი პერიოდი ყველაზე სათუთია ქალისთვის და ამ დროს ყველა უფრთხილდება თავს, მე კიდევ სწორედ ამ დროს დავლაშქრე ჩინეთის დიდი კედელი, მოვიარე აკრძალული ქალაქი და ორი კვირა არ გავჩერებულვარ. სხვათა შორის, ჩინეთის კედელი მარტივი დასაპყრობი არ ყოფილა. როგორც მათი სათაყვანებელი მაო ძედუნი ამბობდა: „გმირია და მედალი ეკუთვნის მას, ვინც კედელს დაიპყრობს და მასზე ავა“. კედელი კი იმსიმაღლეა, რომ არ მთავრდება. თითოეული მონაკვეთი კოშკურათი სრულდება. რომ გგონია, ახვედი, ამ დროს კიდევ არაერთი კოშკურაა წინ.
– სულ რამდენი კოშკურა დაიპყარი?
– 4 ან 5. ძალიან ძნელია ასვლა, რადგან კიბეს საკმაოდ დიდი საფეხურები აქვს. თან ოქტომბრის ბოლოს ვიყავი, ციოდა და თოვლიანი ამინდი იყო. კიბე მოყინული გახლდათ. ასვლა ხომ ძნელი იყო, მაგრამ ჩამოსვლა – უარესი. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ჩინეთის კედელზე ასვლით. ბოლოს და ბოლოს, როგორც ამბობენ ეს ის ადგილია, რომელიც მთვარიდან ჩანს.
– როგორც ვიცი, „ევროვიზიაზეც“ ხარ ნამყოფი.
– „ევროვიზიაზე“ ორჯერ ვიყავი. პირველად – ფინეთში, როცა საქართველო პირველად წარდგა ამ კონკურსზე და სოფო ხალვაში გამოდიოდა. ჰელსინკი კარგად მახსენდება, რადგან ერთ-ერთი პირველი მივლინება იყო ჩემთვის და პირდაპირ მუსიკალურ ეპიცენტრში აღმოვჩნდი. შემდეგ ვიყავი ბელგრადში, ანუ სერბეთში, როცა დიანა ღურწკაია გადიოდა საქართველოს სახელით. არ შემიძლია არ ვახსენო იურმალის ფესტივალი, სადაც დუეტმა „ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. ყველა იქ მყოფი ქართველისთვის, ეს ძალიან დიდი სიხარული და წარმატება იყო.
– რომელ ქვეყანაში ოცნებობ მოგზაურობას?
– იტალიაში არ ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა წასვლა. ხელოვნებათმცოდნე ვარ და ამ ქვეყნის შესახებ საკმარისზე მეტი ვიცი. ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში მოვიწამლე იტალიის სიყვარულით. იტალიაში არა მხოლოდ რომის ნახვა მინდა, არამედ მინიმუმ 7 ქალაქის მაინც, რათა სრულფასოვანი სიამოვნება მივიღო.
– იტალიაში რა მიზნით ინატრებდი წასვლას?
– ალბათ უფრო სამოგზაუროდ, მაგრამ რომელიმე მივლინება თუ დაემთხვევა არც მაგაზე ვიტყოდი უარს.
– ჩინელებმა როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს შენზე?
– ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი ხალხია. ძალიან კეთილმოსურნე, შრომისმოყვარე. სტუმარმასპინძლობაც კარგი იციან. საოცარი ტრადიციები აქვთ, განსაკუთრებით ჩაისთან დაკავშირებით.
– ჩინური კერძები მოგეწონა?
– რადგან რამდენიმე კვირის ფეხმძიმე ვიყავი, ჩინური კერძები საშინლად ვერ ავიტანე. ჩემი მდგომარეობის გამო ძირითადად, „მაკდონალდსში“ ვიკვებებოდი. ხალხი მეუბნებოდა, რა დრო დაგიდგა, პეკინში ხარ და „მაკდონალდსში“ დადიხარ საჭმელადო. ერთადერთი, ჩინური იხვი გავსინჯე, რაც მათი დელიკატესია.
– ჩინურმა რადიომ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?
– ტრენინგის თანახმად, მათი ცენტრალური სატელევიზიო არხი, რადიო და სხვადასხვა დეპარტამენტები უნდა გვენახა. „სისიტივი“ მათი ცენტრალური არხია, რომელსაც თავისი რადიოსადგური და ძალიან ბევრი არხი აქვს. ჩინელების რადიოსადგური რომ ვნახე, მივხვდი, ისინი ჩვენ, პრინციპში, ახალს ვერც ვერაფერს გვასწავლიდნენ. რაც შეეხება მათი ტელევიზიის ტექნოლოგიებს, მართლა საოცარი იყო. ძალიან კარგად გაფორმებული სტუდიები ჰქონდათ. ყოველივე ამის ნახვამ ძალიან გაგვაოცა, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ეს საზოგადოებრივი არხი იყო. უფრო ფინანსურად უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. პრინციპში, ჩინეთში ტელევიზიები უფრო მომეწონა, ვიდრე რადიო. რადიოსადგურები უფრო მაო ძედუნის დროში ჩარჩენილებს ჰგავდნენ. საერთოდ, ჩინეთში მაო ძედუნით ცხოვრობს ხალხი. ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს – ფულის კუპიურიდან დაწყებული, სადაც გაიხედავ, ყველგან ბიძია მაო გიყურებს.
– ცნობილი ფაქტია, როცა რომელიმე ქვეყანაში ბევრი ქართველი ერთად ჩადის, იქ ყოველთვის ხმაური და მხიარული სიტუაციაა. შენ თუ გახსენდება რამე ამასთან დაკავშირებით?
– ჩინეთის ტრენინგზე შეკრებილი ვიყავით პოსტსაბჭოთა ქვეყნების თითქმის ყველა რესპუბლიკა. ასე მეგონა, საბჭოთა კავშირი აღდგა-მეთქი. ყველა რომ შეიკრიბებოდა ავტობუსში, სულ იმის ძახილი იყო – „კანიეშნა გრუზიი ნეტუ!“ ჩვენ დაგვიანებით ავბოდიალდებოდით. მართალია, საქართველო აგვიანებდა, მაგრამ საქართველოს ყველა ელოდებოდა და ნაბიჯს ვერ დგამდა ვერავინ. აქაც „სტოსი“ მიგყავთ და ქედმაღლურად გვალოდინებთ დანარჩენ რესპუბლიკებსო, გვსაყვედურობდნენ. ფინეთში, „ევროვიზიაზე“ ყოფნისას, სოფო ხალვაში ნახევარფინალში რომ გადავიდა, იმ დღეს, სასტუმრო მართლა ავიკელით ქართველებმა. ქართული ღვინო ჰქონდათ წამოღებული და სასწაული ჟრიამული იყო. წინასწარ რომ ვიცით ტაშ-ფანდური და ჟრიამული, ეგ დაგვემართა. მოვიპატიჟეთ სხვებიც, ყველა გადავრიეთ, მთელი ღამე ვგუგუნებდით და სოფო ხალვაშის სადღეგრძელოებს ვსვამდით.
– თვითმფრინავში რა ხდებოდა?
– რა თქმა უნდა, სიმღერა და ცეკვა გვქონდა გახურებული, რაც წესით იკრძალებოდა. გერმანიიდან ვბრუნდებოდით, სადაც ბერლინსა და ბონში „დოიჩე ველეს“ მიწვევით ვიყავით ჩასული რადიო და ტელემენეჯმენტის კურსებზე. დაემთხვა, რომ ჩვენთან ერთად ანსამბლი „თბილისიც“ ბრუნდებოდა. „თურქიშ აინლაინმა“ ლამის განცხადება დაგვაწერინა და დაგვატოვებინა თვითმფრინავი. ისე კარგი დრო ვატარეთ, აღარც მახსოვს, სიმღერ-სიმღერით როგორ ჩამოვფრინდით.