გადარჩენილი სვანი, ბიბლიოთეკაში დახეული გაზეთები, ძველი გაგების ბებო, შვილის დამცველი დედა და ნაქეიფარი ნაღდი თბილისელი ინსპექტორები
უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ნათქვამიცაა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო კაცმაო. გია ნიკოლაძე ის ადამიანია, ვისთვისაც თბილისი და თბილისელობა ცალკე ფენომენია, ვისთვისაც ამ ქალაქში ცხოვრება და მოღვაწეობა ერთგვარი პასუხისმგებლობაა. მან აქ ყველაფერი გამოსცადა, თავისი სიტყვაც თქვა და ადგილიც დაიმკვიდრა.
ავარდნილი შვილის დამცველი დედა და ქალიშვილის ქცევით გაწიწმატებული ქალი
თბილისის კიდევ ერთი კოლორიტი გახლდათ ადამიანი, სახელად გია. მას ყველა პატივს სცემდა და აფასებდა. მისთვის ყველა თბილისელის სახლის კარი ღია იყო და გოგონები მასზე აფანატებდნენ. ერთ დღესაც, მის სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილი დედამისმა აიღო. უცხო ქალმა უთხრა, რომ მისი ნახვა უნდოდა და მათთან სტუმრად აპირებდა მისვლას. გიას დედა მიხვდა, შეხვედრა თბილად არ ჩაივლიდა. რასაკვირველია, იმ ქალს მისვლის ნება მისცა და წინასწარ დაიმშვიდა თავი. მოკლედ, არ გავიდა ნახევარი საათი და გიას დედას მიადგა გადაპრანჭული ქალბატონი. პირდაპირ საქმეზე გადავიდა და შესვლისთანავე მიახალა მასპინძელს – ქალბატონო, ჩემი გოგონა რამდენიმე დღეა, სახლში არ მოსულა, დამიბარა დაქალთან მივდივარო და თურმე, როგორც მითხრეს, თქვენს ბიჭთან ერთად ყოფილა ის დღეები. ძალიან გთხოვთ, როგორც მშობელი მშობელს, მიხედოთ თქვენს შვილს და სათანადო ყურადღება მიაქციოთო. გიას დედას გაღიმებია და უთქვამს: ქალბატონო, მე როგორ მივხედო ჩემს ბიჭს, როცა მე და ჩემი მოხუცი დედაც კი ლიფტში ვიმალებით მას რომ ქალი მოუნდება. ერთს კი გირჩევთ, თქვენ მიაქციეთ სათანადო ყურადღება თქვენს ქალიშვილსო. ის გადაპრანჭული ქალი სულ მთლად გადარეულა, წნევააწეული გავარდნილა სახლიდან და კიბიდან ყვიროდა თურმე, ამ ხალხს რა უნდა ველაპარაკო, დედა შვილზე უარესი ყოფილაო.
ნაქეიფარი „გაიშნიკები“ და „პახმელიაზე“ ნასესხები ფულით გამოსული საძმაკაცო
ერთ დილას, მაგარ პახმელიაზე გავიღვიძე. გავიხედე, მეგობარი მირეკავს, თუმნიანი მაქვს და რამე ვქნათ, სახინკლეში დავსხდეთ და თუ ცოტა მაყუთს შენც დაითრევ, მაგარი ჩავუსხდეთო. მოკლედ, ხუთი მანეთი მეც ვიშოვე და მანქანა მოვქოქე. მაგარი ნამთვრალევი მივუჯექი საჭეს, თან ბენზინიც ცოტა მქონდა, ვიფიქრე, გზას მოვჭრი სახინკლემდე-მეთქი და მოძრაობის წესები დავარღვიე. გავიხედე, არ გაჩნდა იმწუთას „გაი“? ბედი რომ არ გექნება კაცს. რაღას ვიზამდი. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და ვუხსნი: ძმაო, მაგარ პახმელიაზე ვარ, თბილისელი კაცი არ ხარ? გამიგე, სახინკლეში მელოდება ძმაკაცი და გამიშვი-მეთქი. გაეცინა მილიციელს. მითხრა, კარგი, მართვის მოწმობა მომეციო. მივიჩხრიკ-მოვიჩხრიკე ჯიბეები, სად მაქვს „პრავა“. ვუთხარი, ძმაო, მოტყუებას აზრი არ აქვს, ალალად გეტყვი, არც „პრავა“ მაქვს, სამაგიეროდ, მაგარ ხაშზე დაგპატიჟებ, ფული კი ნასესხები მაქვს, მაგრამ გვეყოფა-მეთქი. გადახედა ორმა მილიციელმა ერთმანეთს, მერე მე შემომხედეს და მითხრეს, კარგი ძმაო, თბილისელი კაცი ხარ, ჩვენც ამ ქალაქში დავიბადეთ და გავიზარდეთ და თუ ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, აბა, სხვა ვინ გაგვიგებს, რომელ სახინკლეში მიდიხარ გვითხარი და ჩვენც მოვალთო. ვუთხარი, სადაც უნდა მოსულიყვნენ და დავშორდი. მივედი სახინკლეში. იქ ორი ჩემი ძმაკაცი დამხვდა. ვუთხარი, ძმებო, ორ ადამიანს ველოდები კიდევ, ფული არ მაქვს, მაგრამ პასპორტი მაქვს, დავტოვებ და იქნებ, ნისიაზე წავუქეიფოთ, იმ ხალხთან ვერ შევრცხვები-მეთქი. არ მითქვამს ვის ველოდებოდი. მოკლედ, დავსხედით. უცებ, გაიღო კარი და შემოვიდა ორი მილიციელი. მე რომ დამინახეს ჩვენკენ წამოვიდნენ, ჩემმა ძმაკაცებმა ფერი დაკარგეს, გამოშტერდნენ. იფიქრეს, გიამ რაღაც დააშავა და ამ ინსპექტორებმა ახლა არ ჩაგვაშხამონ ქეიფიო. რა იცოდნენ, რისთვის მოვიდნენ. სუფრას რომ მიუსხდნენ, მერე მოვყევი ჩემი და ამ ინსპექტორების ამბავი. მაგრად ჩავუქეიფეთ. ხუმრობდნენ, მერე რა, რომ ინსპექტორები ვართ, ჩვენც თბილისელები ვართ და კაი კაცი ყველა სტრუქტურაშიაო. ბოლოს ისე ჩამიძმაკაცდნენ, მეუბნებოდნენ, შენი გამჩერებელი ამ ქალაქში, ძმაო, ჩვენი გამჩერებელიაო. ნამდვილი ქალაქელი, თბილისელი ინსპექტორები იყვნენ, თავისი გაგებით და შეგნებით. ასე რომ, ბევრი ამბავი დადის „გაიშნიკებზე“, მაგრამ მათშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც კაცურობით, გაგებით და ნაღდი ქალაქელობით გამოირჩეოდნენ.
„ძველი გაგების“ ბებია და დამფრთხალი სამართალდამცავები
სკოლის პერიოდში, შატალოზე გავიპარეთ და მთელი სასტავი მთაწმინდაზე ავედით. საღამოს რომ დავბრუნდით, გოგებაშვილის ქუჩაზე „აბლავა“ დაგვხვდა, მილიციელებს უნდოდათ ვიღაცეების აყვანა. ამ გაუგებრობაში ჩვენც მოვყევით. დავიბენით, გავიქეცით ეს ოცი კაცი და ვერ მივხვდით, საით წავიდეთ. ზევით დავაპირეთ გაქცევა, მილიციელები გაიჩითნენ. მოკლედ, მივხვდით შარში ვართ. გოგებაშვილზე ბებიაჩემი ცხოვრობდა. უცებ, გვესმის ქალის ჩახლეჩილი ხმა: ბიჭებო, ბიჭებო, „პადიეზდისკენ“ გაიქეცით, იქ „სკვაზნოია“ და გაძვრებითო. ხმა მეცნო, ავიხედე და... ბებიაჩემი და მისი და არ გადმომდგარან ძველი ბიჭებივით აივანზე. მეც არ დავიბენი და ავძახე: ვა, ქეთო და თამარ, როდიდან გაძველბიჭდით-მეთქი. მახსოვს, სიცილით დაიხოცნენ. სამართალდამცავები კი კვდებოდნენ სიცილით, ნახე, როგორი დამცველები გამოუჩნდათ ამ ბიჭებსო. მერე ხუმრობდნენ, ამ უბანში ისეთი გარჩევები ხდება, ამ ასაკიან ხალხსაც კი დაგვაწყებინეთ ძველბიჭურად საქმეების გარჩევაო. ჩემს ახალგაზრდობაში, მართლაც ბევრი გარჩევა და გაწევ-გამოწევა ხდებოდა უბნებში და ბებოებიც კი გამოვწვრთენით ჩვენი შემხედვარე. იმ დღის შემდეგ, ბებიაჩემს ვეუბნებოდი, „მალადეც“ ბებო, ნაღდი თბილისელივით მოიქეცი, გადაგვარჩინე მთელი საძმაკაცო-მეთქი. ისიც სიცილით მპასუხობდა, აბა რა, ეს ისეთი ქალაქია, თუ ერთმანეთი არ გავიტანეთ, სხვანაირად არაფერი გამოვაო.
ბიბლიოთეკაში
დახეული გაზეთების დასტა
ერთხელ ნასვამი ნიაზ დიასამიძე მისულა ბიბლიოთეკაში და უთხოვია წინა დღის გაზეთ „თბილისის“ ყველა ეგზემპლარი მომიტანეთო. გადარეულან, რად გინდათ მთელი შეკვრა გაზეთიო. მოკლედ, ვერ გამოუტეხავთ, ჯიუტად ითხოვდა ნიაზი გაზეთებს. თან დამუქრებიათ, თუ არ გამომიტანთ, აქ რომ პროფესორები სხედან და თავები აქვთ ჩაყოფილი წიგნებში, ისეთ ამბებს ავუტეხავ, სულ დაგიფრთხობთო. რაღას იზამდნენ, გამოუტანეს დასტა გაზეთები. ნიაზმა აიღო, დაჯდა, დაიწყო წინ „თბილისის“ გამოცემები, აიღებდა ერთს, დახევდა და თან დედის გინებას მიაყოლებდა. ასე დაკუწა მთელი წინა დღის გამოცემა. ბოლოს მიუტრიალდა ბიბლიოთეკარს და უთხრა: ბოდიში ქალბატონო, აღელვებული ვიყავი და თქვენს მკითხველებსაც ბოდიშს ვუხდიო. უკითხავთ, რა ეწერა შიგ ასეთი, რომ გაცოფდიო. ნიაზსაც უპასუხია: რა ეწერა და ჩემს მეუღლესთან განქორწინების განცხადება იყო გამოქვეყნებული, ახლა დავდივარ ასე ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკაში და ვანადგურებ ამ გაზეთს, რომ შთამომავლობას არ დავუტოვო ეს ინფორმაციაო. მაშინ, ასეთი წესი იყო, განქორწინების შემთხვევაში განცხადება გაზეთ „თბილისში“ უნდა გამოქვეყნებულიყო. ნიაზმა კი თავის მეუღლესთან განშორება ასეთი პროტესტით გამოხატა და გულისტკივილიც თან დააყოლა.
ბრეჟნევის სურათიდან მოკიდებული სიგარეტი და გაოგნებული კომკავშირის ცეკას მდივანი
კომკავშირის ცეკას მდივანს ხშირად აკითხავდნენ სამსახურში მეგობრები. ერთ დღესაც მიაკითხა ძმაკაცმა, ცეკას მდივანმა მოუბოდიშა და უთხრა: ცოტა ხნით დაჯექი და დამელოდე, უცხოეთიდან სტუმრები მყავს, დაველაპარაკები და მერე ერთად წავიდეთ საქეიფოდო. მეგობარი, კაბინეტში იქვე, კუთხეში დაჯდა, მაგიდისგან მოშორებით. სტუმრები შემოლაგდნენ, მიუსხდნენ მაგიდას და დაიწყეს საუბარი. გავიდა დრო, აღარა და აღარ დამთავრდა უცხოელი სტუმრების და კომკავშირის ცეკას მდივნის შეხვედრა-საუბარი. სტუმრად მისული მეგობარი დაიტანჯა, დაიღალა და იფიქრა, ახლა რამე თუ არ მოვიმოქმედე, ესენი დღეს არ დაიშლებიანო. ადგა, ამოიღო ჯიბიდან სიგარეტი, მიუახლოვდა ცეკას მდივანს და მოუბოდიშა, ასანთი მინდა და მომეციო. მას არ ჰქონდა ასანთი. უცხოელმა სტუმრებმა ვერ გაიგეს, რა უნდოდა ამ კაცს და რას ეჩურჩულებოდა მათ მასპინძელს. უცებ, მასპინძლის ძმაკაცი მივიდა კედელთან, სადაც დიდ ჩარჩოში ჩასმული, ბრეჟნევის სურათი ეკიდა. ფოტოზე ბრეჟნევს ხელში მოკიდებული სიგარეტი ეჭირა. მიუახლოვდა ეს კაცი და ხმამაღლა უთხრა: თუ შეიძლება გადავუკიდებ სიგარეტსო. შეუმჩნევლად ამოიღო ჯიბიდან სანთებელა, მიადო სურათზე ბრეჟნევის სიგარეტს თავისი და ვითომ იქიდან გადაუკიდა. მაგარი ნაფაზი დაარტყა, გააბოლა და ხმამაღლა მადლობა გადაუხადა ლეონიდ ილიჩს დახმარებისთვის. უცხოელი სტუმრები გაოგნდნენ, ვერ მიხვდნენ, რა მოხდა და როგორ გადაუკიდა სიგარეტს ამ კაცმა სურათიდან. გაშტერებულები უყურებდნენ ხან სურათს, ხან ამ კაცს. ყველაზე მეტად კი კომკავშირის ცეკას მდივანი გაოგნდა. ენა ისე ჩაუვარდა, შეხვედრა ვეღარ გააგრძელა და ოფიციალურ სტუმრებს მალევე დაემშვიდობა.