აღდგომა რომში
ქართული ეკლესიის ისტორიაში, იტალიის დედაქალაქ რომში, მართლმადიდებლური წესით აღდგომის ლიტანიობა წელს პირველად ჩატარდა. რომის ისტორიულ უბანში, წმიდა კალისტოს ტაძარში აღდგომის ლოცვა მღვდელმონაზონმა მამა იოანე ხელაიამ აღავლინა. ღვთისმსახურებას რომში და იტალიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ხუთასამდე ქართველი დაესწრო. ემიგრანტები საოცრად მონატრებულები იყვნენ მსგავს დღეებს და ეს აღდგომა მათთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. თუმცა, გარდა იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისა, მამა იოანეს მრევლი სხვადასხვა ქალაქებიდანაც ჩავიდნენ რომში. მათ შორის იყო, ბერის დიდი ხნის მეგობარი და ახლა უკვე მისი სულიერი შვილი, მაკა ასათიანი, რომელიც დიდი ხანია ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს. მაკამ აღდგომის ღამეს აღსარება ჩააბარა, რაც მისთვის ძალიან ემოციური და ამაღელვებელი მომენტი იყო. მაკა რომში ოჯახთან, ქმართან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
აღდგომას წინ იმავე ტაძარში ბზობის დღესასწაულის აღნიშვნა უძღოდა, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი მოინათლა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მამა იოანე, მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი არა მარტო საეკლესიო, არამედ საზოგადო ქართველი მოღვაწის, კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას შთამომავალია. როგორც მამა იოანე ამბობს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უდიდესი მართლმადიდებლური დღესასწაულების სრულფასოვნად აღნიშვნის საშუალება მიეცათ. ეს მომავალშიც გაგრძელდება.
რომში, მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარი აიგება.