როდის აკეთებენ სასწაულებს ცხოველები და როგორ ასწავლა ვირებს ვალსი რამაზ გარშაულაშვილმა
ალბათ, ძნელია, რაიმე ახალი თქვა ცირკ „შაპიტო-ანტრეს“ დირექტორზე, ცირკის ოსტატ რამაზ გარშაულაშვილზე, რომელმაც ნაწილობრივ მოახერხა თავისი შესაძლებლობების გამოვლენა პროექტ „ნიჭიერში“. მან ჯერ ბაგირზე თვალდახუჭულმა გაიარა, შემდეგ ზიგზაგისებური შამფური გადაყლაპა. თუმცა, ის კიდევ ბევრ ტრიუკს ასრულებს, რომელთა შესახებაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
რამაზ გარშაულაშვილი: საკუთარი ცირკი მაქვს, რომლის დირექტორიც გახლავართ. სახელად მას „შაპიტო-ანტრე“ ვუწოდე. სიტყვა ანტრე ნიშნავს დამოუკიდებელ, თავისუფალ გამოსვლას. ამიტომაც, თავისუფლების მოყვარულმა კაცმა, შევურჩიე ეს სახელი და ხსენებული ცირკიც ჩამოვაყალიბე. საქართველოში, სამწუხაროდ, თბილისის ცირკი უკვე მერამდენე წელია, დახურულია. იქ 20-25 წელი ვმუშაობდი, ჯერ უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, მერე პედაგოგად და ხალხს საცირკო ხელოვნებას ვასწავლიდი. ჩვენ, ხელოვანი ხალხი, არ ვართ პოლიტიკოსები და ვერც ჩავერევით, რა ხდება დღეს დიდ პოლიტიკაში. თუმცა, ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს, გაიგოს ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომაა დღეს თბილისის ცირკი დახურული. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ტრადიციებს. მაგალითად გამოდგება ჩემი გამოსვლა პროექტ „ნიჭიერში“. იქ მე სახალხოდ განვაცხადე, რომ გასამარჯვებლად არ მივსულვარ. მეტი რაღა უნდა გავიმარჯვო. მონაწილეობა იმისთვის მივიღე, რომ საცირკო ხელოვნება შემეხსენებინა ხალხისთვის და გამეხადა უფრო პოპულარული. ამ პროექტში მონაწილეობით ჩემს მიზანს მივაღწიე. მართალია, ფინალში ვეღარ გავედი, მაგრამ ერთ-ერთ საიტზე ყველაზე პოპულარული ვიდეო ჩემი ნომერია. როცა ქუჩაში გამოვდივარ არ არსებობს, ვინმემ არ მიცნოს. ჩემკენ თითს იშვერენ და ამბობენ, ეს ის კაცი არ არის, ბაგირზე რომ გაიარა და შამფური ჩაყლაპაო.
– გეთანხმებით, თქვენი გამოსვლა, მართლაც შთამბეჭდავი იყო. ალბათ, მიიღებდით მიწვევებს უცხოეთის რომელიმე ქვეყნიდან...
– მე მსოფლიო მაქვს მოვლილი. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს უნდა ვიყო თურქეთში, მაგრამ იქ წასვლისგან თავი შევიკავე. ხელშეკრულება დავარღვიე იმის გამო, რომ საქართველოში პროექტ „ნიჭიერში“ მიმეღო მონაწილეობა. ვერ წარმოიდგენთ ამით რამდენი ათასი დოლარი დავკარგე. ამას ვერავინ დამიჯერებს. თუმცა, ეს უკვე ჩემი პრობლემაა. არის ხალხი, საცირკო საქმეს რომ ემსახურება, მაგრამ ისინი ვერ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. დღეს საქართველოში საცირკო საქმის კულტურა არ არსებობს. ცირკი მკვდარია. ის გათანაბრებულია ლუდის, სიგარეტისა და არყის ბიზნესთან. ხელოვნებისა და არყის ბიზნესის გაიგივება დასაშვებია?! ასეთი არასახარბიელო სიტუაცია რომ არის შექმნილი ჩვენს სფეროში, ძალიან განვიცდი.
– ბატონო რამაზ, ახლა ის აგვიხსენით, როგორ ყლაპავთ იმ სიგრძე შამფურს ისე, რომ ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნით?
– საქართველოში მარტო მე ვარ, ვინც მაგ ნომერს აკეთებს. მე ამ ნომრით უცხოეთში ბევრი მიცნობს და მაფასებს, მხოლოდ აქ არ მაქცევენ სათანადო ყურადღებას. რაც შეეხება შამფურის ჩაყლაპვას, მაგას როგორ ვაკეთებ ისე, რომ კუჭი არ მეხვრიტება ეს ჩემი საიდუმლოა. მხოლოდ იმას გავუმხელ, ვისაც შევასწავლი და ჩემს გზას გააგრძელებს. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ ნომერს. როცა ხანჯლები და შამფური გადავყლაპე, არ დამიჯერეს. ამიტომ, რენტგენიც გადამიღეს, სადაც დაფიქსირდა, რომ შამფური კუჭამდე ჩავიყვანე, ოღონდ ის არ მეხვრიტება. როცა საცირკო ხელოვნება ვისწავლე, მაშინ წავიკითხე, რომ ჯერ კიდევ ფარაონების დროს იყვნენ ისეთები, ხანჯლებს რომ ყლაპავდნენ. მე კიდევ ყველანაირ შამფურს ვყლაპავ. ეს იქნება ზიგზაგისებური, დაგრაგნილი თუ სწორი ფორმის.
– ამას გარდა, გადიხართ ბაგირზე ისე, რომ მხარზე 2 ან 3 ადამიანი გიზით, ამას როგორ ახერხებთ?
– მე გავდივარ ბაგირზე, ბეჭზე მიზის ჩემი მეუღლე, მას კი მხარზე – ჩემი ძმისშვილი. 13- მეტრიან ბაგირზე ვდებ ტაშტს, ჩავდგამ შიგ ფეხს, თავზე გადავიფარებ შავ ნაჭერს, რომ არაფერი დავინახო და ასე გავდივარ თოკზე თვალდახუჭული. რაც მაყურებელმა ნახა ნიჭიერში, ის არის თამაში. დამერწმუნეთ, მეტის გაკეთება შემიძლია, რასაც ხელის შეწყობა და ფინანსები უნდა.
– ბარემ ის კურიოზული სიტუაციაც გაიხსენეთ, როგორ ასწავლეთ ვირებს ვალსი. მაინც, საიდან მოგივიდათ ასეთი უცნაური იდეა?
– მართლაც სასაცილო ამბავია. ერთ დღეს ცირკში პრემიერა გვაქვს და მაშინდელი ცირკის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანა მელქაძემ რეკომენდაცია გაგვიწია კულტურის სამინისტროში – მოვამზადეთ ნომერი, თუ როგორ ცეკვავენ ვირები ოსურ ნაციონალურ ცეკვას. გავიდა ნახევარი საათი და მეძახის, კულტურის სამინისტროდან მოვიდა დირექტივა, რომ ოსებთან ისედაც დაძაბული ვითარებაა და ახლა ვირები რომ იცეკვებენ მათ ეროვნულ მუსიკაზე, უფრო დაიძაბება მდგომარეობა ორ ერს შორისო. ამიტომ ნომერი უნდა მოხსნაო. შეგახსენებთ, მაშინ 1991-1992 წლები იყო, მეც იძულებული გავხდი, ოსური ცეკვა ვალსად გადამეკეთებინა.
– არ გაგიჭირდათ ვირების მოთვინიერება?
– როცა სოფლიდან ვირები ჩამოვიყვანე, ყველა ჩამჩიჩინებდა, ვირები არიან და მაგათ რა უნდა ასწავლოო, მაგრამ, ვერ წარმოიდგენთ, რა ჭკვიანი ცხოველია, ცხენზე ნაკლები არ არის. ბევრ ნომერს ცხენზე უკეთაც კი აკეთებს. რაც შეეხება პითონს, იგი დიდია, მაგრამ ანაკონდას ვერ შეედრება. ორი მყავს, ერთის სიგრძე ორ-ნახევარი მეტრია, მეორის – ოთხ-ნახევარი. თუ პითონი მშიერი არაა, არაფერსაც არ გიზამს. რაც მთავარია, შხამიანი არაა და არ გიკბენს. წელზე შემოგეხვევა და ისე იკლაკნება სხეულზე. ვერონიკა დაშევსკაია ცეკვავს პითონთან ერთად, მართლაც საუცხოო სანახაობაა. 10 აპრილიდან ისინი სიღნაღში მიგვყავს, წარმოდგენებს ვაწყობთ. თქვენი ნებართვით, მადლობა მინდა, გადავუხადო ტურიზმის დეპარტამენტს. მათ შეაფასეს ჩვენი შრომა, თავის პროგრამაში ჩაგვსვეს და გვაფინანსებენ. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
– თუ დაუზარალებია რომელიმე ცხოველს ან ქვეწარმავალს ადამიანი?
– კი. ასეთი სიტუაციებიც ყოფილა, რა თქმა უნდა. როცა პითონი ნადირობს ადამიანზე – მიცურავს მისი თავისკენ. გკრავს თავში, ჩაგკბენს, შეუძლია, გაგგუდოს. თუ ფეხებზე შემოგეხვია, ვეღარ გადაადგილდები, ყელზე კი – სუნთქვა შეგეკვრება. პითონი და დათვი საშიში ცხოველია. ვერ გათვლი, რისი გაკეთება შეუძლიათ. ყოფილა შემთხვევა, დათვს, ისე ლამაზად შემოუხედავს და მერე სცემია მომთვინიერებელს, თითი მოუჭამია. სასწრაფოდ გააქანეს ის კაცი და თითი მიაკერეს. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ მე ადრე ლურჯი „ჟიგული“ მყავდა. თავზე გალია ედგა და შიგ კავკასიური მურა დათვი იჯდა. სადაც გავივლიდი, ყველა ჩვენ გვიყურებდა. პოლიცია კი „ჩესტს“ იღებდა და ისე გვატარებდნენ. მერე ის დათვი ტყეში გავუშვი. ნებისმიერი ცხოველი, როცა სექსუალური მომწიფების დრო დაუდგება, მაშინ ხდება საშიში – სასწაულებს აკეთებს და აგრესიულია. ის დათვი წითელ წიგნში იყო შეყვანილი და საქართველოდან ვერსად გავიყვანდი. ამიტომ, ისღა დამრჩენოდა, ტყეში გამეშვა, თავისუფლად. ზოგს, წარმოდგენაზე რომ მოდის ცირკში და ხედავს მრავალნაირ ცხოველს, ჰგონია, ისინი სულ ჩვენ გვეკუთვნის. არა, ბატონო, ის ცხოველები მოწვეულები არიან. უნდა მოიწვიო მთელი მსოფლიოდან, რომ კარგი შოუ დადგა.
– თუ ყოფილა შემოთავაზება, რომ გინესის წიგნში შეეყვანეთ?
– არ დაგიმალავთ და ამაზეც იყო საუბარი, მაგრამ არ მინდა, ვინმემ ხელშეკრულება დამიდოს და დირექტივები მომცეს ან პროფესიულად რამეში შემზღუდოს. გარდა იმისა, რაზეც უკვე ვილაპარაკე, არაერთ საუცხოო ტრიუკს ვფლობ. ასევე, ვარ ილუზიონისტიც. შემიძლია, მაგალითად, თქვენ ექვს ნაწილად დაგჭრათ და მერე ისევ თავიდან აგაწყოთ.
– არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებით ჩემთვის. ბოლოს რას გვეტყვით, თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ?
– მე სხვა მიზანი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ საცირკო საქმე გავხადო პოპულარული და ყველასთვის საყვარელი. თუ ამას მივაღწევ, ბედნიერი ადამიანი ვიქნები. ახლა მივემგზავრებით სიღნაღში, სადაც სამი თვის განმავლობაში ვიქნებით და იმედია, ხალხს თავს მოვაწონებთ. ამას გარდა, გეგმაში მაქვს, გავაკეთო შოუ მდინარე მტკვარზე, გავჭიმავ ბაგირს და გავალ ერთი ნაპირიდან მეორეზე. ეს იქნება მართლაც საუცხოო სანახაობა და ამაში ყველა დარწმუნდება.