რა კავშირი აქვს თენგიზ გაჩეჩილაძის შვილს ბუშის მილიარდერი სპონსორის – მეილის შვილთან და სად დაუმეგობრდა მისი ქალიშვილი პამელა ანდერსონს
მოცეკვავე შორენა გაჩეჩილაძე და მისი მეუღლე გოჩა ჩერტკოევი, უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. მათ უცხო მხარეში საკუთარი შრომით ადგილიც დაიმკვიდრეს და ელიტურ წრეებშიც სასურველი სტუმრები არიან. როგორც შორენას მამა ბატონი თენგიზ გაჩეჩილაძე ამბობს, შორენამ და გოჩამ დალასის ცენტრში ბინაც აიშენეს, ძვირფასი მანქანებიც ჰყავთ და სულ ახლახან ჰოლივუდშიც მოახერხეს საკუთარი საცხოვრებლის ყიდვა. ბატონი თენგიზი ახლახან დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც ის შვილის დაბადების დღეზე იყო.
თენგიზ გაჩეჩილაძე: ერთი თვეა, რაც ამერიკიდან ჩამოვედი. ჩემი ქალიშვილის, შორენას დაბადების დღეზე ვიყავი იქ. უკვე ცხრამეტი წელია უცხოეთშია, ველოდე, ველოდე მის ჩამოსვლას და რომ ვეღარ დააყენა საშველი, ისევ მე ჩავაკითხე (იცინის). საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ მის დაბადების დღეზე ჩავიდე, მივულოცო და აქედან ქართული მწვანილი, სუნელები და საჩუქრები ჩავუტანო. ახლაც ასე მოვიქეცი, მაგრამ ტარხუნა არ გამატანეს. აეროპორტში ამერიკელმა მებაჟეებმა ვერ გაიგეს რა ბალახი იყო. ატრიალეს ხელში, ყნოსეს, აკვირდებოდნენ. ვუთხარი, ხალხნო, ქართულ მიწაზე მოყვანილი მწვანილია, შვილს ჩამოვუტანე, ამხელა გზაზე ვატარე და ახლა აქ აღარ მატანთ-მეთქი? მეტი დამაჯერებლობისთვის, ავდექი და ვჭამე, მაგრამ მაინც ვერ დავარწმუნე სიმართლეში. ეტყობა იფიქრეს, ეს პლანის ახალი ჯიშიაო, შეახვიეს საგულდაგულოდ, მიარტყეს ბირკა და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს. დღესაც პასუხს ველოდებით (იცინის). ამის გარდა, ორი მეტრი ერთ მეტრზე, ზეთის საღებავებში დახატული სურათიც წავუღე საჩუქრად. სპეციალურად დავახატვინე ერთ ნიჭიერ მხატვარს. მასზე ჩემი გოგონაა გამოსახული ცეკვის პროცესში. იმხელა სურათია, როგორ გინდა, თვითმფრინავში შეტენო?! ჩემმა ცოლმა ქსოვილებში შეახვია, რომ არ დაზიანებულიყო. დავიჭირე ხელში და ამაზეც გადაირივნენ მებაჟეები, ეს ამხელა რა მიგაქვსო. ვუთხარი, ხალხნო, ხელოვნების ნიმუში ხომ არ არის, ჩვეულებრივი ნახატია-მეთქი. ყველა მე მიყურებდა. თან, ხელს არ ვუშვებდი, მეშინოდა, არ დამეკარგა სადმე. ჩურჩხელა რომ აღმომიჩინეს, ხომ სულ გაგიჟდნენ, ეს რაღა არისო. ერთმა მებაჟემ სანთებელა დააძრო, მოვუკიდო ერთი ეს სანთელი როგორ იწვის, ვნახოო. გადამრიეს კაცი. არადა, შორენა სულ მიკვეთავს, მამა ჩურჩხელა, ჩირი, სულგუნი, ტარხუნა და სუნელები ჩამომიტანეო. მოკლედ, როგორც იქნა, ჩავედი ამერიკაში ჩემი ბარგი-ბარხანით. დამიჯერეთ, იქ სხვანაირი ცხოვრებაა. შრომობ, წვალობ, შენს საქმეს აკეთებ და ეს საქმე გიფასდება კიდეც, მაგრამ, მე ყოველთვის ვამბობ, იქ ვერ ვიცხოვრებ. ერთი სული მაქვს ხოლმე როდის წამოვალ. ჩემი მეგობრები იცინიან, შენ გიჟი პატრიოტი ხარო. რა ვქნა, ვაღიარებ, რომ ვარ.
– შორენამ და მისმა მეუღლემ ცეკვით დიდ წარმატებას მიაღწიეს და მილიონერებიც გახდნენ ამერიკაში. მართლა ჰყავთ შეუფასებელი ავტომობილი, რომელიც მსოფლიოში ორად ორი დადის?
– სხვათა შორის, არავინ დახმარებიათ, საკუთარი შრომით მიაღწიეს წარმატებას, დიდ პატივს სცემენ. საკუთარი ფეშენებელური სახლიც ააშენეს დალასის ცენტრში და რამდენიმე მანქანაც ჰყავთ. ხოლო, მათ შორის, ერთ-ერთი მართლაც შეუფასებელი ავტომობილია, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ორია. შორენას, მის მეუღლეს და მათ შვილსაც, სამივეს „მერსედესის“ ფირმის მანქანები ჰყავთ, ხოლო ანტიკვარული, უნიკალური მანქანა იშვიათად გამოჰყავთ ავტოფარეხიდან. რამდენჯერაც ამ მანქანით გავედით ქუჩაში, იმდენჯერ კინაღამ უამრავი ავარია მოხდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ულამაზესი, ოვალური ფორმის, სამსართულიანი სახლი აქვთ. ჩემი სიძის დაპროექტებულია, თავისივე ლამაზი ეზოთი და ავტოფარეხით. დღესაც სთავაზობენ მილიონებს ამ სახლში, მაგრამ გაყიდვას არ აპირებენ. მაშინ 180 ათასი დოლარი გადაიხადეს მიწაში, ახლა კი ალბათ, მილიონ-ნახევარი ეღირება. ჩემს სიძეს მოტოციკლიც უყვარს. ბოლოს 18-ათასიანი მოტოციკლი ჰყავდა, მაგრამ ავარია მოუვიდა და ახლა თავს იკავებს ამ ტრანსპორტით მგზავრობაზე. რა დასამალია, კარგი შემოსავალი აქვთ. უამრავი მოსწავლე ემზადება მათთან, მათ შორის მოყვარული მილიონერებიც. იქ რომ ვიყავი, შორენამ წარუდგინა მათ ჩემი თავი, ეს მამაჩემია, საკუთარი სტუდია აქვს და 500 მოსწავლე ჰყავსო, გადაირივნენ, მილიარდერი ვეგონე ყველას (იცინის). იქ ერთი საათით ერთი მოსწავლის მეცადინეობა 120 დოლარი ღირს. არიან მდიდარი ამერიკელები, რომლებიც დიდ ფულს იხდიან სამეჯლისო ცეკვის შესასწავლად. შემდეგ კონკურსებზე გამოდიან და მასწავლებლებიც მიჰყავთ, თან კარგად აფინანსებენ, თავისი ჩაცმა-დახურვით. მაგალითად, შორენას ერთ-ერთმა მილიონერმა მოსწავლემ მაგარი მანქანა, მეორემ კი უძვირფასესი, ათიათასდოლარიანი კაბა აჩუქა. ყველა ცნობს შორენას და გოჩას დალასის ქუჩებში.
– გავიგე, ორი საკუთარი თვითმფრინავიც ჰყავთო. ესეც მართალია?
– არა, ეს არ არის მართალი. ეს ჭორი მეც გავიგე. ჩემი ბიჭი იყო იქ, ისიც მოცეკვავეა. მისი პარტნიორი გოგონაა მილიარდელის შვილი. ეს კაცი, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ბუშის სპონსორი გახლდათ. მათ ჰყავთ ორი საკუთარი თვითმფრინავი და სწორედ იმით დადიოდნენ ხშირად კონკურსებზე. ის მილიარდერი ურიცხავდა ჩემს ბიჭს დიდ თანხებს და მანქანაც კი აჩუქა. გვარად მაილები არიან. საკუთარი ცათამბჯენიც კი აქვთ ამერიკაში, რომელსაც მაილების სახლს ეძახიან. ასევე ჰყავდათ საკუთარი გემი და რამდენიმე იახტა. ძალიან ლამაზი გოგონა იყო ლუსი, ნიჭიერიც, სხვათა შორის, ჩემი ბიჭი ძალიან უყვარდა. მათ ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ ამან თავიდანვე გამოგვიცხადა, მე ქართველი ცოლი მინდაო და ახლა ძალიან კარგ, ქართველ გოგონაზეა შეყვარებული. აქედან წამოვიდა სწორედ ეს ჭორი, რომ თითქოს ჩემს შვილს ჰყავდა ორი თვითმფრინავი.
– პამელა ანდერსონი თქვენს ქალიშვილთან მეგობრობს. როგორც გავიგე, შორენას და გოჩას ჰოლივუდშიც შეუძენიათ საცხოვრებელი ბინა და თქვენი სიძე, გარდა ცეკვისა, სამსახიობო კარიერაშიც საკმაო წარმატებებს აღწევს.
– მართალია, გოჩა კარგი მსახიობიც არის და რამდენიმე ფილმსა და სერიალშიც გადაიღეს. მეცინება, ყველა ფილმში კრიმინალია. ვეხუმრები ხოლმე, ასეთი ცუდი კაცის სახელი რომ გაქვს და სულ გიჭერენ, სად გავამხილო, კრიმინალი სიძე მყავს-მეთქი. ასე გარიეს ჩემი სიძე ქურდულ სამყაროში (იცინის). სპეციალური სამსახიობო კურსებიც გაიარა და დიდ წარმატებებსაც უწინასწარმეტყველებენ ჰოლივუდში. ვნახოთ, ახალგაზრდაა, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და მომავალი წინ აქვს. ხშირად უწევთ ჰოლივუდში ჩასვლა. ამიტომ, გადაწყვიტეს, იქ ბინის ყიდვა. იყიდეს კიდეც საკუთარი სახლი და კარგი რემონტიც გააკეთეს. პამელა ანდერსონი კი შორენას „პრიამოი“ დაქალია. ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, სხდებიან კაფეში და ჭიქა ყავასთან „ჭორაობენ“. ხომ იცით, ქალების ამბავი, რა გამოლევს მათთვის სალაპარაკოს. შორენამ მითხრა, პირველად რომ ჩავედი ამერიკაში პამელა გავიცანი და ძალიან დავახლოვდით, კარგი ადამიანიაო.