კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მამაკაცებს არ იცნობს გოგიჩა და რატომ არ უნდა მას სახლში სულელი ქალი


გოგიჩა – გიორგი გოგიჩაიშვილი სახლში გენდერულ უმცირესობაშია, მაგრამ ბედს არათუ უჩივის, მადლობელიც კია, რომ ამდენი მშვენიერი ქალბატონის წინაშე აკისრია პასუხისმგებლობა. მამაკაცის დანიშნულებაც კარგად ესმის და დარწმუნებულია, რომ ვინ ვის „ტყავშიც“ დაიბადება, იმ ვალდებულებებით უნდა იცხოვროს, რასაც უფალი აკისრებს ადამიანს. მისი აზრით, არც ქალობაა უპირატესობა და არც მამაკაცად ყოფნა, თუკი ეს ორი სქესი შეთანხმებულად არ იცხოვრებს და საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებათ.


გოგიჩა – გიორგი გოგიჩაიშვილი: ისეთი საუბრების წინააღმდეგი ვარ, სქესთა შორის დაპირისპირების პროვოცირებას რომ ახდენს. მე ვარ მამაკაცი და ამიტომ ბუნებრივად მიმაჩნია, რომ მამაკაცად ყოფნა ჩემთვის უპირატესობაა. ამაში არაფერია არაჩვეულებრივი. დავიწყოთ სულ თავიდან – ადამით და ევათი. ღმერთმა ჯერ გააჩინა მამაკაცი, ხომ მართალია და ამით ყველაფერია ნათქვამი. მერე, მარტო რომ არ ყოფილიყო, ქალიც გაუჩინა.

– ყოფილიყო მარტო, თავს ვერ მიხედავდა, თუ მოიწყენდა?!

– ეს ფემინისტური შეკითხვაა. (იცინის) მე ამ საკითხს ძალიან იუმორით ვუყურებ და მიმაჩნია, რომ ქალები ტყუილად ცდილობენ, ყველაფერი აურიონ. ჯერ იყო და საქმიანი ქალები გამოჩნდნენ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში და მას შემდეგ, ქალების გარკვეული ნაწილი, სულ ცდილობს, მამაკაცს რაღაც დაუმტკიცოს. არადა, არ სჭირდება ეს ქალს, მართლა, არაფერში სჭირდება. მამაკაცს ისედაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. დედამ გააჩინა, მეუღლე და ქალიშვილი ჰყავს და რატომ იკლავს ზოგიერთი ქალი თავს, ოღონდაც კი მამაკაცს ყველაფერში გაეჯიბროს, ვერ გამიგია. „შტანგას“ სწევენ, ჭიდაობენ, ჰოკეის თამაშობენ... ამით რისი დამტკიცება უნდათ, არ მესმის. ჰოკეისტი ქალი არ არის უბედურება?! მოჭიდავე და ჰოკეისტი ქალი როგორ უნდა მოგეწონოს მე არ ვიცი. ქალი იმიტომ არის პატივსაცემი და მოსაფერებელი, რომ ნაზია, სუსტი. თუ კაცზე ძლიერი გახდა, მაშინ აღარ იქნება განსხვავება ჩვენს შორის და ეს სამყაროს დაღუპავს. ქალს თავისი, მშვენიერი ადგილი აქვს ამ ცხოვრებაში და არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. ეს კარგს არაფერს მოიტანს. კაცი ძლიერი უნდა იყოს და იზრუნოს სუსტ ქალზე. დაიცვას ის, მოუაროს... კაცისთვის იმის მტკიცება, არიქა, მე შენზე ძლიერი ვარო, ისევ ქალებს შეიყვანს ჩიხში. აბა, რა! მე ვიცი ქალები, სადმე რომ დაპატიჟებ, თავის დანახარჯს თვითონ იხდიან. აი, ამას რა ჰქვია, თუ მეტყვი...

– ევროპელობა.

– არ არის ეს ევროპელობა და სიმართლე რომ გითხრა, მე მეცოდებიან ასეთი ქალები. მეცინება მათზე. ქართულ რეალობაში ასეთი ქალი ვერასოდეს იქნება მამაკაცის აღფრთოვანების და აღტაცების „ობიექტი.“ არ შეიძლება ასეთი რაღაც. ამით ქალი ამბობს, მე მაგარი ვარ და შენ არაფერში მჭირდებიო. ასეთი ქალების გასაგონად ვამბობ, ხომ იცით, რომ მამაკაცს მაინც ვერ მოუგებთ. ვერც ჭიდაობაში, ვერ სირბილში და ვერც ჩხუბში. მამაკაცი, მაინც მამაკაცია და ამ რეალობას უნდა შეეგუოთ. დააგდეთ კაცო, ეს „შტანგა“ ხელიდან. (იცინის) ქალი რომ მამაკაცზე მუშტით საცემად გაიწევს, მე თუ მკითხავთ, მასში მამაკაცი ცხოვრობს და არა – ქალი. იმისთანა უნდა მოსდო, რომ სამუდამოდ დაეკარგოს ჩხუბის სურვილი. არ უნდა დაინდო. იმიტომ, რომ ის უკვე მამაკაცია. ქალი მუშტების ქნევას არ იკადრებს. მე ძალიან ბევრი ქალბატონი მყავს სახლში – დედა, მეუღლე, ორი ქალიშვილი და და. მირჩევნია, ისინი იყვნენ ჭეშმარიტი, ნაზი ქალები, ვიდრე მამაკაცებივით შემართულნი. არ მინდა, რა – ასეთი ქალი.

– მაშ, რა ქნას ქალმა, რომელსაც მამაკაცმა თავისი ტვირთიც აჰკიდა?

– ეს სხვა პრობლემაა და გეთანხმები, რომ ბევრი ქალი დღეს ნამდვილად აკეთებს კაცის საკეთებელ საქმეს. ცხოვრებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა, თორემ იმ ქალს კი არ უნდა, რომ იკაცოს. იძულებულია და აკეთებს. ქართველი ქალი ყოველთვის იყო შვილებისა და ოჯახისთვის თავდადებული, მაგრამ, მამაკაცთან გათანაბრებისთვის ბრძოლა სხვა რამეა და ასეთი ქალები, მერე ქალებთან მიდიან. ცხოვრობენ ქალებთან.

– კაცებიც ცხოვრობენ კაცებთან.

– ეს ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო თემაა და არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ანომალიებზე ნუ ვისაუბრებთ. ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ნორმალურია, რაც უფლისგან მოდის და არ არის სიმახინჯე. მე გეთანხმები, რომ ქალმა არ უნდა ზიდოს მძიმე ტვირთი, არ უნდა წყდებოდეს წელში. ესეც უბედურებაა და მამაკაცებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათი შრომა რომ შეამსუბუქონ. თუ ვერაფერს აკეთებ, სიგარეტს მაინც დაანებე თავი, რომ ამით რაღაცნაირად შეეხიდო ოჯახს. მე არ ვამბობ, რომ მამაკაცი არ უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე, მაგრამ ფემინიზმი, როგორც მოვლენა, საქართველოში ვერასოდეს დამკვიდრდება. ეს არის ტრაგედია. მოვუსმინოთ პატრიარქს, ეკლესიას და მერე ვილაპარაკოთ ქალის და მამაკაცის თანასწორობაზე. ქალს თავისი ადგილი აქვს, მამაკაცს – თავისი. სამწუხაროდ, დღეს ამ ადგილებში რაღაც არევა მოხდა, მაგრამ ეს ნორმად არ უნდა გადავაქციოთ.

– ვფიქრობ, არც ერთ ქალს არ უნდა გვერდით თავისზე სუსტი მამაკაცი ჰყავდეს.

– მამაკაცს კი სულელი და კაცივით ძლიერი ქალი არ უნდა გვერდით. სულელი ქალი, ნამდვილი უბედურებაა. ღმერთმა დამიფაროს, ქათამი მყავდეს სახლში, ქალის ნაცვლად.

– აბა, ლამაზ ქალს ჭკუა არ სჭირდებაო?

– ქალს არ სჭირდება ჭკუა? რას ამბობ, კაცო. როგორი ლამაზიც უნდა იყოს, ჭკუა როგორ არ სჭირდება. სულელ ქალს მოჰყვება სულელი შვილები და ნეტავი რომელ მამაკაცს უნდა, ოჯახში ამდენი სულელი ჰყავდეს. ვინ აიტანს ამას. მე ასეთ მამაკაცს არ ვიცნობ. ჭკვიანი ქალი ყოველთვის ლამაზია. არ არის აუცილებელი თოჯინა იყოს. მეტისმეტი სილამაზე დამღლელიც არის.

– ახლახან მოვისმინე მოსაზრება, რომ შეიძლება, ქალი სულაც არ იყოს გაჩენილი კაცის ნეკნიდან...

– არ ვიცი ეგ მოსაზრება და არც მაინტერესებს. ორიათასი წელია იმას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოება, რომ ქალი იშვა მამაკაცის ნეკნიდან. მე ამის მჯერა.

– ისე, მგონი, მამაკაცებს ერთი ნეკნით ნაკლები მართლა გაქვთ.

– (იცინის) ჰო? სამაგიეროდ, ტვინი გვაქვს ასი გრამით მძიმე. იმ ერთი ნეკნის ამბავი კი, გაპატიეთ უკვე დიდი ხანია. არც ბოღმა ჩაგვიდვია გულში. ამიტომ, არ გინდათ, ნუ გვეჯიბრებით. ხომ იცით, რომ მამაკაცებს მაინც ვერ გვაჯობებთ. მეცნიერებაშიც მამაკაცები სჭარბობენ, ხელოვნებაშიც. ამას საწყენად არ ვამბობ. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მან უნდა დაბადოს და გაზარდოს ეს გენიოსები. უდიდესი მისია აკისრია, მამაკაცი სახლში რომ დაბრუნდება გამარჯვებული, ვინ უნდა გაიზიაროს მისი სიხარული თუ არა ქალმა. (იცინის) ამიტომაც, თუ სახლში არის ჭკვიანი ქალი, მაშინ მის გვერდით მამაკაციც ვაჟკაცია – ჭკვიანი და გაბედული. საერთოდ კი, მამაკაცი და ქალი ერთი მთლიანის ორი ნაწილია. მათი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია. გურულად გავბრაზდი ქალის „შტანგის“ აწევაზე. (იცინის) ჰოკეისტ ქალებზე ხომ ძალიან ცუდი აზრის ვარ.

– ისე, რატომ უნდა გაუჩნდეს ქალს ჰოკეის, ან თუნდაც ფეხბურთის თამაშის სურვილი. რა ხდება?

– ჰო, ჩემო კარგო. მეც სწორედ მაგას ვამბობ. რატომ უჩნდებათ მამაკაცებს სურვილი, რომ კაბა ჩაიცვან?! თქვენთანაც არიან ასეთები და ჩვენთანაც არიან. პრობლემა ის არის, რომ არსებობენ ასეთები. მე მაგალითად, ვერაფრით შევალ იმ ავტოგასამართ სადგურში, სადაც ქალი ჩაძვრება „იამაში“ და დაუწყებს ქვემოდან ჩემს მანქანას ჩხიკინს. რა ვქნა, არ შემიძლია.

– იცოდეთ, რომ შემოგვედავებიან და იტყვიან, არანაირი შრომა არ არის დასაძრახიო.

– ...ვიცი, რომ შრომა არ არის დასაძრახი, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია: არ შევალ იმ პროფილაქტიკაში, სადაც „იამაში“ ქალი დამხვდება. შეიძლება, მართალი არ ვარ, მაგრამ მე სხვანაირად ვიფიქრებ.

– თქვენ, ალბათ, იმ ტაქსიშიც არ ჩაჯდებით, რომლის მძღოლიც ქალია.

– ჯერ ერთი, ტაქსიში იმიტომ არ ჩავჯდები, რომ საკუთარი მანქანით დავდივარ. ასეც რომ არ იყოს, ვინც უნდა იმან დამძრახოს, მართლაც არიან ქალები, რომლებსაც ძალიან კარგად დაჰყავთ მანქანა, მაგრამ მძღოლ ქალს მაინც ვერ ვენდობი. ხომ გეუბნები, ვიცი, რომ ბევრს ძალიან გავაბრაზებ ამით, მაგრამ ფაქტია – ქალები მამაკაცებზე ცუდი მძღოლები არიან.

– ქალბატონები ამაზე ძალიან ბრაზდებიან.

– ვიცი, მაგრამ თავად ქალბატონებს ჰკითხეთ, რა პრობლემებს უქმნიან მათ მძღოლი ქალბატონები. უმრავლესობამ საერთოდ არ იცის ტარება. ალოგიკურად დადიან. კაციც შეიძლება, ცუდი მძღოლი იყოს, მაგრამ ქალივით ალოგიკურად არ იმოძრავებს. ძალიან მთვრალიც ვერ შეძლებს ამას. ამაში ტვინის მარცხენა და მარჯვენა სფეროებია დამნაშავე. ქალს აქვს უფრო გაფანტული ყურადღება, მამაკაცს კონკრეტული. ის იყურება პირდაპირ. რატომ არის, მამაკაცი ვერაფერს რომ ვერ პოულობს. შეიძლება ცხვირის წინ ედოს ნივთი, მაგრამ ვერ ხედავდეს. ქალებს შეუძლიათ, ერთდროულად ილაპარაკონ, ტელევიზორს უყურონ, იფიქრონ, კიდევ რაღაც აკეთონ და პასუხიც გაგცენ შეკითხვაზე. მამაკაცისთვის ასეთი რამ, წარმოუდგენელია.

– ბევრი ქალბატონი რომ გყავთ სახლში, არ ხართ განებივრებული?

– მე არ ვარ ის კაცი, ნებივრობა რომ შეუძლია. იქით ვანებივრებ ყველას. უმცირესობაში რაოდენობით ვარ, თორემ მე მამაკაცი ვარ და ეგღა მაკლია, წამოვწვე და მოვითხოვო. რატომ არ უნდა შევიდე სამზარეულოში და რატომ არ უნდა მოვუმზადო ჩემს შვილს და მის მეგობრებს რამე გემრიელი, თუკი შემიძლია. თუ მოინდომებ, ნამდვილად არ არის ძნელი. მე შემიძლია, ბედნიერი ვიყო იმით, რაც მაქვს. საკმაოდ რთული პერიოდებიც მქონია ცხოვრებაში, მაგარამ მაშინაც არ მიგრძვნია თავი უბედურად. გაიღვიძე? – უკვე ბედნიერი ხარ. მით უმეტეს, თუ ოჯახის წევრებიც კარგად გყავს. კაცის მთავარი ღირსება კი ის არის, როცა საკუთარ თავთან ხარ მართალი. საერთოდაც, მართალი უნდა იყო. ყველაზე მწარე სიმართლეც კი ტყუილს გაცილებით ჯობია. ამიტომ ვერ გეტყვი, ქალის და მამაკაცის გათანაბრება-გათანასწორების მომხრე ვარ-მეთქი. თუ გინდა, გავმართოთ შერიგების მატჩი ჰოკეიში (იცინის). დამიჯერე, ისე მოვახერხებ, ქალების გუნდი სტადიონზე არ მოვა. წინასწარ შევხვდები, ყვავილებს ვაჩუქებ, დაველაპარაკები, მათში ქალს გავაღვიძებ და უარს იტყვიან თამაშზეც და საერთოდ, ჰოკეიზეც.


скачать dle 11.3