რა ოცნება ვერ აისრულა ვანო ჯავახიშვილმა და რატომ დაეწყო მას მოჩვენებები
ცხოვრება პატარ-პატარა გამოცდას ყველას უწყობს, ზოგჯერ სასიამოვნოს, ზოგჯერ – უსიამოვნოს. ყველაზე რთული კი მაშინ არის, როცა შენგან საყვარელი ადამიანი მიდის და მონატრებით გამოწვეულ გრძნობას ვერაფერს შველი. ვანო ჯავახიშვილის ცხოვრების დღიურის ერთ-ერთი გვერდი სევდიანია – მამა უდროოდ გარდაეცვალა და ერთი დიდი საფიქრალი გაუჩნდა – როგორ შეშველებოდა დედას ფინანსურად. დღეს თბილისში ყველაზე წარმატებული, დიდი იუმორისტული პროექტის ავტორი და წამყვანი ცხოვრების სირთულეებს კარგად ართმევს თავს, თუმცა ამისთვის უზომოდ დიდი ენერგიის დახარჯვა უწევს. ის ცოლ-შვილთან ერთად ახალაშენებულ ბინაში გადავიდა. თემქაზე დარჩენილ დედას, ძმას, რძალსა და ძმისშვილს კი ყურადღებას შეძლებისდაგვარად აქცევს. ვანოს დედა, ქალბატონი იზო, ცხოვრების განვლილ ეტაპზე გიამბობთ.
– შვილების დაბადება ყველაზე დიდი ბედნიერება და ცხოვრების მთავარი აზრია. ამდენად, ეს შთამბეჭდავი მოვლენა მეხსიერებიდან არასოდეს იშლება. თქვენ როგორ გახსენდებათ თქვენი შვილების დაბადება?
– ვანო 4 კილოგრამი დაიბადა, ძლივს გადარჩა, წუთები იყო დათვლილი. კახა ვანოზე ექვსი წლით უფროსია. ძალიან გვინდოდა, მეორე მაინც ყოფილიყო გოგო, მაგრამ მაშინ ექოსკოპია არ იყო და არ ვიცოდით, ბიჭი გაჩნდებოდა თუ გოგო, თუმცა, რომც გვცოდნოდა, სიცოცხლეს ვერ მოვსპობდი. მახსოვს, რამეს რომ ჭამდა, ვერ ძღებოდა. რაც კი სამშობიაროში ქალები იყვნენ, ყველას რძე მიირთვა. ამიტომ, ძალიან ბუთხუზა ბავშვი იყო. მერე უჭმელი გახდა. სოფელში რომ ჩამყავდა ბავშვები, ბებიამისს, ჩემს დედამთილს, არ უყვარდა ვანოს დატოვება, რადგან, გაწამებული ჰყავდა – თეფშით დავდევთ აქეთ-იქით, საერთოდ არაფერს ჭამსო. მე ძალიან დაკავებული ვიყავი, ვმუშაობდი და უმეტესწილად ბებიებთან იყვნენ. დედაჩემი უფრო მკაცრი იყო და ამიტომ, ჩემს დედამთილთან უფრო უყვარდათ წასვლა, ვიდრე დედაჩემთან, კახეთში. ის თავისუფლად უშვებდა ყველგან – ხან მდინარეზე მიდიოდნენ საბანაოდ, ხან წყაროზე ქეიფობდნენ ბიჭები. დედაჩემს ეშინოდა და სულ თან დასდევდა. ერთხელ, ადგა და ვანო ხეზე მიაბა, ის კი გამწარებული ყვიროდა, მეც გავიპარებიო. სახლის აივანზე რკინის ბადეებიანი საწოლი გვედგა, იმაზე ხტუნაობდა, გადმოვარდა, ქვის კიბეზე დაენარცხა და თავი გაუტყდა. ეტყობა, მაშინ შეიძინა იუმორის ნიჭი. მაგ დროს მე აქ ვიყავი, ვმუშაობდი. საავადმყოფოში დააწვინეს. ჩემი ძმა რომ ჩამოვიდა და სამსახურში მომაკითხა, ლამის გული გამისკდა. ვიფიქრე, ბავშვს რაღაც მოუვიდა და მიმალავენ-მეთქი. მთელი გზა ვტიროდი.
– სკოლა და სტუდენტობა ყველას ცხოვრებაში ნათელ კვალს ტოვებს. ბავშვები ამ პერიოდში ყველაზე უკეთ და თავისუფლად გრძნობენ თავს, მიუხედავად დამღლელი გაკვეთილებისა. ბიჭების მშობლებს უფრო ხშირად იბარებენ მასწავლებლები. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– ერთადერთი შემთხვევა იყო, დამრიგებელი სახლში ამოვიდა და ვანოს მეგობრების მთელი გუნდი მოჰყვა თხოვნით: გეხვეწებით, არ მიხვიდეთ, ხომ იცით, ვანო რა კარგი ბიჭიაო. მასწავლებელს იმაზე ჰქონდა პრეტენზია, რომ ბავშვები შატალოზე წასულან და ვანოსგან ამას არ ველოდიო.
– ვანომ იუმორის ნიჭი როდის გამოავლინა?
– მე საერთოდ ვერ ვამჩნევდი, თუ ხუმრობა შეეძლო, იმიტომ, რომ სახლში ძალიან სერიოზული იყო მაშინაც და ახლაც ასეთია. მისი თანატოლები რომ მხვდებოდნენ, მეუბნებოდნენ, ვანოს მიჰყავს მთელი ქეიფი, თქვენ არ იცით, როგორი ენაკვიმატიაო. გაოცებული ვიყავი. რაღაც პერიოდი გიტარაზე დაკვრას სწავლობდა, მასწავლებელთან დადიოდა. უნდოდა, ჯგუფი ჩამოეყალიბებინა, მაგრამ, არ გამოუვიდა. ზოგს როკი უნდოდა, ზოგს – სხვა რამე და თავი მიანება. როკი, მეტალიკა ძალიან უყვარდა.
– ვანოს რომ დიდი თავი ჰქონდა, ვერც ამას ამჩნევდით?
– მიშა ანდღულაძემ შეარქვა „თავგასიებული“ და შერჩა ეს სახელი. კახაც და ვანოც აკვანში გაზრდილები არიან. მართალია, ძველ დროში არ არიან დაბადებულები, მაგრამ აკვანს დიდ პატივს ვცემდი. თან, აკვანში უფრო ადვილი გასაზრდელები იყვნენ. მგონი, არა აქვს ისეთი დიდი თავი. მხრებიც განიერი აქვს, მამამისიც მხარბეჭიანი იყო.
– რით გარდაიცვალა ვანოს მამა და რამდენად რთული აღმოჩნდა მის გარეშე ოჯახის მართვა?
– ბიჭებს მამა მაშინ გარდაეცვალათ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. მაშინ ვანო 12 წლის იყო. კარგი ცხოვრება გვქონდა, მეც კარგი სამსახური მქონდა და მამამისსაც, მაგრამ ყველაფერი უცბად 180 გრადუსით შემოგვიტრიალდა. ჩემს მეუღლეს გულის მანკი ჰქონდა. მთელი ექვსი თვე საავადმყოფოში ვიყავით. გაჭირვება იყო, წამლები რთულად იშოვებოდა. თუკი რამე დანაზოგი გვქონდა ოჯახში, მის მკურნალობას შევალიეთ და მაინც არაფერი ეშველა. ოპერაციისთვის ვემზადებოდით, მაგრამ მისი გული მკურნალობას არ დაექვემდებარა – გულის კუნთი იყო გადაგვარებული.
– ვანო ყოველთვის მორიდებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვის ჰგავს?
– ჩემი უფროსი ვაჟიც ასეთი მშვიდია, მამას ჰგვანან. საერთოდ, ჩვენი ოჯახი ყოველთვის წყნარი იყო, სახლიდან ზედმეტი ხმა არასოდეს გასულა. ჩემს ქმარს შვილები უზომოდ უყვარდა. მეუბნებოდა, ბავშვები რომ გაიზრდებიან, მერე სოფელში წავიდეთ და იქიდან მოვეხმაროთო. ვანო თავიდანვე სულ იმის ძიებაში იყო, რომ რაღაც ეკეთებინა და დამოუკიდებელი ყოფილიყო. განსაკუთრებით, როცა უმამოდ დარჩა. ინსტიტუტში პირველი კურსიდან ბავშვებს ამზადებდა „კავეენისთვის“, რომ ერთი ორი კაპიკი გაეკეთებინა და შემშველებოდა. უბანში ბიჭები რომ შეიკრიბებოდნენ და სადღაც სიმღერის ხმა ისმოდა, ყველამ იცოდა, რომ ვანო მღეროდა. ახლა რომ ჰკითხოთ, სიმღერა არ იცის – არ უნდა, რომ აღიაროს. სადმე თუ ვართ წვეულებაზე, ჩემ უკან იმალება, იმდენად მორიდებულია. არ აქვს თავში ავარდნილი პოპულარობა. ვერც მე ვგრძნობ, რომ ასეთი პოპულარული შვილის დედა ვარ. ჩემთვის ის მაინც ჩვეულებრივი ადამიანია.
– ვანო თუ უკრავდა და მღეროდა, ნამდვილად არ ვიცოდი.
– თავის ოთახში კედლებზე უცხოელი როკშემსრულებლების სურათები ჰქონდა გაკრული. მერე მოლანდებები დაეწყო – ოთახში ვიღაც დადის, ზემოდან დამცქერის და ტანში ჟრუანტელი მივლისო. მე კიდევ, ვეუბნებოდი: ამდენი დაჭყეტილი ბიჭის სურათები რომ გაქვს გაკრული, იმიტომ გეჩვენება-მეთქი. რემონტი რომ გავაკეთეთ და აქედან რომ გადავიდა, მაშინ ჩამოვხსენი ყველაფერი, თორემ, არ გვახსნევინებდა.
– გარდატეხის ასაკში ბიჭები რთული დასამორჩილებლები არიან. არ გიჭირდათ მათი აღზრდა?
– ვანოს უფრო უყვარდა ქუჩაში დგომა, ვიდრე კახას. კახა უფრო დინჯი იყო. ვანოს უბანში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ყველასთან მეგობრობდა. არასდროს უთქვამს ის ცუდი ბიჭია და მასთან არ დავდგებიო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი, ჩემგან ყურადღება რომ არ ჰქონოდათ, ხომ ხელიდან წავიდოდნენ. ჩემი ძალიან დიდი ხათრი ჰქონდათ. ადვილი შესაძლებელი იყო, ქუჩას აჰყოლოდა, მაგრამ არ აჰყვა და თავისი გზა იპოვა.
– კახას და ვანოს ურთიერთობაზე რას იტყვით? როგორც ვიცი, ძმები ერთად მუშაობენ.
– ძმებს ერთმანეთის საოცარი სიყვარული აქვთ, მაგრამ, რომ დასხდნენ ერთად, ილაპარაკონ ან დალიონ – ასე არ ხდება. სახლში არ უყვართ ლაპარაკი. კახა ვანოსთან დეკორაციებზე მუშაობს. ავტოსაინჟინრო აქვს დამთავრებული, მაგრამ სამსახური არ ჰქონდა. ერთგან ჰქონდა განცხადება შეტანილი, დაურეკეს და უთხრეს, მობრძანდითო, მაგრამ მადლობა გადაუხადა და უთხრა, უკვე ვმუშაობო. ვანო ძალიან წუხდა, რომ უმუშევარი იყო და თავისთან წაიყვანა. ბოლოს და ბოლოს, კახამაც იპოვა თავისი ადგილი. ჩხირკედელაობა უყვარს, რაც ვანოს არანაირად არ ეხერხება. სოფელშიც ყველაფერს კახა აკეთებს. ვანოს ამის ინტერესი საერთოდ არ აქვს. იმდენად არის გადაღლილი თავისი საქმით, ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს. ხომ ასეთი პოპულარულია, მაგრამ ძალიან მორიდებულია.
– როცა თქვენი მეუღლე გარდაიცვალა, ალბათ, ფინანსურადაც გაგიჭირდათ. როგორ ართმევდით თავს ყოფით პრობლემებს?
– როგორც გითხარით, იმდენად შეიცვალა ყველაფერი, რომ ნულზე დავრჩით. ჩემი ქმარი კუპონების პერიოდში გარდაიცვალა. ვიბრძოლე, რომ ჩემს შვილებს შიმშილი არ ეგრძნოთ, ოჯახში რამის შეძენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო – რაც გვქონდა, დღესაც ის გვაქვს. მანქანა გვყავდა, ცოტა ოქრო გვქონდა, ყველაფერი გავყიდე და პატარა ბიზნესი წამოვიწყე. ოქროს ბირჟაზე დაახლოებით რვა წელი ვიმუშავე. იმდენს მაინც ვახერხებდი, რომ ბავშვებს პურის და გზის ფული ჰქონოდათ. ხანდახან ორი ლარის ნაცვლად, ლარ-ნახევარს ვაძლევდი. ახლა, ზოგჯერ, წამალი ან რაღაც რომ მჭირდება, ვანო მეხმარება. ამას წინათ ვუთხარი, რაც მაშინ დაგახარჯეთ, ახლა მიხდით. უნდა გადამიხადოთ, აბა რა, როგორი გაჭირვება იყო და ყოველდღე ორ ლარს გაძლევდით-მეთქი. ხანდახან ლარ-ნახევარს მაძლევდიო, – მიპასუხა. მრცხვენოდა, ბირჟაზე რომ ვმუშაობდი. იმხელა გაერთიანების გამგე ვიყავი და უცებ იქ აღმოვჩნდი. ფაბრიკიდან ხალხი მცნობდა და ვინმე, ნაცნობი რომ შემხვდებოდა, ვიმალებოდი. ასე გავიტანეთ ცხოვრება.
– თუ იცოდით, თქვენს ბიჭებს ვინ მოსწონდათ?
– სხვათა შორის, არაფერს მიმალავდნენ. ვინც მოსწონდათ, ყველას შესახებ ვიცოდი. კახა 28 წლის იყო, რომ დაქორწინდა, ვანო კი – 25-ის. ბავშვები აღარ იყვნენ. ვანოს ყოველ ახალ წელს ახალ-ახალი გოგო მოჰყავდა სახლში. ნამდვილად უყვარდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, გამაცნობდა – ჩემი მეგობარიაო. თაკო რომ გაიცნო, მითხრა, საქმე სერიოზულად არისო. ორი წელი მეგობრობდნენ და მერე შეირთო. რძლებს არ ვემდური, გაუნათლებლები და უზრდელები არ არიან.