რატომ აგონებს ვლადიმირ სოლოვიოვს მიხეილ სააკაშვილის საქართველო ბორის ელცინის რუსეთს
ნაწილი რუსი პოლიტოლოგ-პოლიტიკოს-ჟურნალისტებისა არ მალავს, რომ რფ-მ საქართველოსადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა; მეორე ნაწილის აზრით, საქართველო მაინც იქ მივა, საიდანაც 20 წლის წინათ წამოვიდა. რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ამჯერად რუს ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად მიმოვიხილავთ.
– ვლადიმირ, თქვენ ვის მხარეს იხრებით: რუსეთმა დაკარგა ინტერესი საქართველოსადმი თუ, უბრალოდ, იცდის?
– სიტუაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, არანორმალურია, თუმცა საქართველოში არის რაღაც პოზიტიური მომენტები, რომელთა გადმოღება არ გვაწყენდა. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების უნარი, მოეგვარებინა კრიმინალური ავტორიტეტების, სახელმწიფო ავტოინსპექციის პრობლემები, ეს, რა თქმა უნდა, პლუსებია, მაგრამ, ნებისმიერი რუსისთვის მინუსია ძმათამკვლელი ომი, რომელიც ამერიკელებმაც კი აღიარეს, რომ ბატონმა სააკაშვილმა დაიწყო და ამით სულ სხვა ელფერი შესძინა ვარდების რევოლუციას. მან ჯერ კიდევ არ მოუხადა ბოდიში თავის ხალხს იმ დამცირებისთვის, რომელიც მიაყენა თავისი გამოხდომით, ანუ ეგრეთ წოდებული მოდელირებული გადაცემით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი ძმური თანაცხოვრების განმავლობაში სხვადასხვაგვარი პერიოდები იყო, ეს პერიოდიც გავა.
– დღეს არსებული მდგომარეობა რომელ ისტორიულ ეტაპს გაგონებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?
– უშუალოდ ასეთი რამ არასდროს ყოფილა, მაგრამ, უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთს არასდროს დაუპყრია საქართველო, რუსეთთან შეერთება იყო ქართული არისტოკრატიის თავისუფალი ნება და უშუალოდ ქართველი მეფის სურვილი. ამიტომ, ძალიან უცნაურია ისტორიის გადაწერის მცდელობა.
– რადგან ისტორიას შევეხეთ: ისტორიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის იმპერატორმა არ შეასრულა გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება ერეკლე მეორის სიცოცხლეში და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოგზავნა საქართველოში ჯარი, ისიც იმიტომ, რომ ქართლ-კახეთის სამეფო და ეკლესიის ავტოკეფალია გაეუქმებინა, რასაც გეორგიევსკის ტრაქტატი საერთოდ არ ითვალისწინებდა.
– ისტორიკოსებმა ამის წერა ახლა დაიწყეს. როდესაც ისტორიკოსებს უცბად აეხილებათ ხოლმე თვალები რამდენიმე საუკუნის წინანდელ მოვლენაზე, ჩნდება კითხვა: მანამდე სად იყვნენ?!
– მე, რაც თავი მახსოვს, ქართველი ისტორიკოსები სულ ამას ამბობდნენ.
– ეს ისეთივე იდიოტიზმია, რომ იძახო, სტალინი იყო ქართველიო, შემდეგ ამტკიცო, რომ ქართველი კი არა, მეგრელი იყოო და ასე შემდეგ. ეს სრულიად დესტრუქციული მიდგომაა. დიდხანს შეიძლება, ვიდავოთ იმაზე, იარსებებდა თუ არა დიდი ქართველი ხალხი და საქართველო, რომ არ ყოფილიყო გეორგიევსკის ტრაქტატი.
– იგივე ისტორიკოსები იმასაც ამბობენ, რომ რუსეთის იმპერიამ თავის იმპერიაში გააერთიანა სპარსეთისა და თურქეთის იმპერიებს შორის დანაწევრებული ქართული მიწები.
– შესაძლოა, ოსმალეთის იმპერიაში გათქვეფილიყო ის, რასაც დღეს საქართველო ეწოდება. ასე რომ, ეს რთული თემაა და ამაზე მსჯელობა უაზრობაა. თუ საქართველო გაუბრაზდება რუსეთს, არ მინდა არავის წყენინება, მაგრამ, რუსეთში ამას ვერავინ შეამჩნევს.
– თუ რუსეთისთვის სულერთია, მაშინ, რატომ გაბრაზდა საქართველოს მიერ „გრუს“ აგენტების გამოვლენასა და გადაცემაზე?
– „ნე ნადო ხამიტ“!
– ჩუმად რომ გამოეძევებინათ, არ გაბრაზდებოდით?
– არა. ეს რომ გონივრულად გაკეთებულიყო, საპასუხო რეაქციაც გონივრული იქნებოდა, მაგრამ, როდესაც ცდილობ დათვის მუდმივად გაღიზიანებას, შესაბამის რეაქციასაც უნდა ელოდო. უნდა გითხრათ, რომ რუსეთმა გაცილებით ადეკვატურად ირეაგირა თავისი სამშვიდობოების დახვრეტაზე, ვიდრე ამერიკელებმა, რომლებიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის აღმოსაჩენად ჩავიდნენ და ვერაფერიც ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ ჩამოეხრჩოთ სადამ ჰუსეინი. თბილისში რუსეთის ჯარები არ შესულან და საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდების არანაირი მცდელობაც არ ყოფილა.
– რატომ არ შემოვიდნენ რუსული ჯარები თბილისში, თუკი ისინი მისდევდნენ ამერიკელების ერაყულ გამოცდილებას? არ მგონია, ქართული ჯარის შეშინებოდათ.
– ვერ შეგეშინდება იმის, რაც არ არის. აქ ძალიან არათანაზომადი მდგომარეობაა: რუსეთის არმიას კარგი დრო არ უდგას, მაგრამ, რაღაც მომენტში ქართული ჯარი სადღაც აორთქლდა. თბილისში კი იმიტომ არ შემოვიდა, რომ რუსულ ჯარს ასეთი მიზანი არ ჰქონია.
– ვიცი, რომ არ ჰქონია და, მაინტერესებს, რატომ არ ჰქონია.
– მიზანი არ იყო სააკაშვილის გაძევება.
– თუმცა, რუსეთის ჯარი საკმაოდ ღრმად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
– როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოვიდნენო, უცნაურად ჟღერს.
– რა ვქნათ? ზომით პატარაა ჩვენი ქვეყანა და ჩვენთვის თბილისთან მოსვლა თუ ფოთში ჩადგომა, საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოსვლას ნიშნავს.
– პატარა, მაგრამ მშვენიერი ქვეყანაა. რუსეთის ხელისუფლება არასდროს აღიარებდა აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობას, რომ არა საქართველოს პრეზიდენტის ბრიყვული გამოხდომა. თუ გახსოვთ, რუსეთის ხელისუფლება მუდმივად ამბობდა, რომ აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემი აზრით, ჩვენ ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც ცოტა უნდა ვილაპარაკოთ და სერიოზულად დავკავდეთ ეკონომიკით. არ არის საჭირო ახალი სისულელეების მოგონება და მტყუან-მართლის გარჩევა. როდესაც პოლიტიკოსების სიბრიყვე გავა, შემდეგ ისინი დაფიქრდებიან, რომ რეალურად რუს და ქართველ ხალხებს აქვთ საერთო წარსული. კერძოდ, ისინი არიან გამარჯვებული ხალხები. საერთოდ, მეოცე საუკუნის ისტორია მარტივად ფასდება: ანტიჰიტლერულ კოალიციაში მონაწილეობის მიხედვით და ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხები. ჩვენ მაშინ ერთად ვცხოვრობდით ერთ დიად ქვეყანაში და, რასაც უნდა ამბობდნენ ახლა იმ ქვეყანაზე, ნაცისტური ბოროტების ფონზე, ყველაფერი დანარჩენი იყო სიკეთე.
– ჰიტლერს გაუთეთრებია საბჭოთა კავშირი.
– მე ვიტყოდი, გვაჩვენა ბოროტების სხვა სიღრმე. ამიტომაც, რუსებისთვის გაუგებარია „დიდების მემორიალის“ აფეთქება, რადგან, ეს ხომ არ იყო რუსი ჯარისკაცის დამცირება?!
– ეს ფაქტი ძალიან ადეკვატურად აღიქვა და შეაფასა საზოგადოებამ, ასე რომ, არც ღირს ლაპარაკი.
– სააკაშვილს ჰგონია, რომ წინ მიდის, არადა, უკან ბრუნდება, დაახლოებით იქ, სადაც რუსეთი გასული საუკუნის 90-იან წლებში იმყოფებოდა. ჩვენთანაც იყო გატაცება ამერიკით, სხვადასხვა ფონდებით, მეტი ლაპარაკისა და ცოტა საქმის კეთების მსურველი პოლიტიკოსი, რაღაც მომენტის შემდეგ, ცოტას უნდა ლაყბობდეს და ბევრს აკეთებდეს.
– თვითონაც თქვით: პოლიცია, კრიმინალური ავტორიტეტების ალაგმვა...
– მაგრამ, ამასთან ერთად, გაჩნდა გიგანტური პრობლემებიც. არაფერს ვიტყვი იმ კერძო საუბრებზე, რასაც სააკაშვილზე ამბობენ მისი ქალებით გატაცების შესახებ და, იმასაც ამატებენ, გაცოცხლებული ბერიააო – ბერიასაც არ შეეძლო გულგრილად არც ერთი „იუბკის“ გვერდით ჩავლა, მაგრამ, ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა ორი ხალხის ბედი და ეს დამოკიდებულია პოლიტიკოსზე, რომელმაც უფრო უკეთ დაიწყო, ვიდრე ამთავრებს. მე მისგან 2004 წლის არჩევნებისთანავე ავიღე ინტერვიუ. მახსოვს, რას ლაპარაკობდა რუსეთზე.
– მაინც, რას?
– რომ რუსეთი არის უდიდესი და ნომერ პირველი ქვეყანა, რომლის გარეშეც ვერ წარმოუდგენია არსებობა და მომავალი; რომ გაზრდილია რუსულ კულტურაზე; პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც ვისოცკის სიმღერა მოვისმინეო. მოკლედ, ძალიან ბევრი კეთილი და სასიამოვნო სიტყვა თქვა, რომ არა ერთი „მაგრამ“: დღის 12 საათზე, ჩაის ნაცვლად კონიაკს გვთავაზობდა.
– გულწრფელი იყო? ჟურნალისტმა თითქმის ყოველთვის იცის, მისი რესპონდენტი გულწრფელია თუ დაყენებულ და სწორ პასუხებს იძლევა.
– გულწრფელობაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, რადგან ის იმ ადამიანთა ფსიქოტიპს მიეკუთვნება, რომელმაც არც კი იცის, როგორ იწერება სიტყვა „გულწრფელობა“. მე ვუყურებ ბატონ სააკაშვილს და არ მყოფნის სამედიცინო განათლება, რომ ზუსტად შევაფასო მისი მოქმედებები. მეორე მხრივ, ესეც არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი ისაა, რომ, ვერც ერთი პრეზიდენტი, ათი, ოცი თუ ოცდაათი წლის განმავლობაში, ვერ შეძლებს იმ კავშირების დამსხვრევას, რომელიც ხალხებს შორისაა, ამიტომ, ხალხი კიდევ ერთხელ უნდა იყოს თავის ხელისუფლებაზე გონიერი.
– მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება მესმის, მაგრამ ქართველი ხალხი დიდ ჩიხშია…
– იცით, რა არის ქართული ელიტის მთავარი პრობლემა? არ არის საჭირო ვინმეს ხელის საკოცნელად სირბილი. არ შეიძლება, ერთი ბატონიდან მეორესთან გაქცევა. საერთოდ, ბატონი ცუდი რამაა.
– ეს არის კითხვათა კითხვა: შესაძლებელია, ცხოვრობდე ისეთ ადგილას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და არ გყავდეს ბატონი?
– რა თქმა უნდა!
– და, როგორ?
– ისრაელს ჰყავს ბატონი?!
– იქ სხვა გეოპოლიტიკური სიტუაციაა.
– სიტუაცია იმიტომაც გახდა სხვანაირი, რომ ისრაელი არ ეძებდა ბატონს. ეს არის თვითპატივისცემის საკითხი. ვერ წარმომიდგენია დიადი ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა, რომ ვიღაცის ლაქია იყოს. მე სხვანაირი საქართველო მახსოვს – ეს, უპირველესად, არიან ამაყი მამაკაცები და ლამაზი ქალები და, უეცრად, ვიგებ, რომ საქართველოში იწყება გარჩევები ქართველებსა და საქართველოს მოქალაქე სომხებს შორის.
– მე არაფერი მსმენია ამ გარჩევების შესახებ, რას გულისხმობთ?
– ორი წლის წინათ გავიდა ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთში და შემდეგ მთელი სერიოზულობით მითხრეს, სააკაშვილი სინამდვილეში სომეხიაო.
– ეს საუბრები პირადად მე ყოველთვის მაღიზიანებდა და არასერიოზული მგონია.
– რა თქმა უნდა. გავიხსენოთ, რა მოუვიდა მრავალეთნიკურ ბაქოს იმ საშინელი მოვლენების შემდეგ. იგივე ხომ არ უნდა მოხდეს თბილისშიც?!
– თბილისში, იმედი მაქვს, ეს არასდროს მოხდება.
– მეც იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. ჩემთვის ეს პიროვნული ტრაგედიაა: ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ორი მართლმადიდებელი ხალხი, ოსები და ქართველები, ერთმანეთს ეომებოდა და მართლმადიდებელი ოსები გადაარჩინეს ჩეჩენმა მებრძოლებმა.
– თქვენ ხომ ჩემზე უკეთ იცით, ვლადიმირ, რომ ეს ჩეჩენი მებრძოლები არიან მართლმადიდებელი რუსეთის მოქალაქეები და არავისაც არ „დაიცავდნენ“ თავიანთი ხელისუფლების ნების გარეშე? და არ არის საქმე ასე სწორხაზოვნად, რომ სააკაშვილმა პირველმა ისროლა და მუსულმანმა ჩეჩნებმა გადაარჩინეს მართლმადიდებელი ოსები მტარვალი მართლმადიდებელი ქართველებისგან?!
– ეს ასე სწორხაზოვნად არ არის, მაგრამ, როდესაც ამ ამბავს სამასი წლის შემდეგ წაიკითხავენ, გაოგნებულები დარჩებიან, როგორ შეიძლება, ასეთი რამ მომხდარიყოო.
– სამასი წლის წინათ ჩეჩნები საერთოდაც ჩვენნაირი მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ.
– ჩეჩნები სხვადასხვანაირები იყვნენ სამასი წლის წინათ, მაგრამ, მესმის, რასაც ამბობთ.
– ვლადიმირ, ვერ დავასრულე შეკითხვა. ქართველი ხალხი ჩიხშია: თქვენ ფიქრობთ, რომ ქართულმა მხარემ გაისროლა პირველმა, ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობთ, მაგრამ, როგორც უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ და ვისაც არ უნდა ესროლა პირველს, ქართველი ხალხი ვერ იმეგობრებს რუსულ სახელმწიფოსთან, რომელმაც აღიარა ისტორიული ქართული მიწის ორი ნაწილი.
– რა საჭიროა რუსულ სახელმწიფოსთან მეგობრობა?! ხალხმა უნდა იმეგობროს.
– როგორ უნდა უთხრას ნებისმიერმა ქართველმა პოლიტიკოსმა თავის ხალხს, რომ, მართალია, რუსულმა სახელმწიფომ წაგვართვა მიწები, მაგრამ რუს ხალხთან ვიმეგობროთო?
– ჩუმად უნდა ვიყოთ, როგორც გაყრის დროს: გაყრამდე გაყრაზე არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ვნებები დაცხრება, ყველაფერი მშვიდად ხდება.
– ესე იგი, ჩუმად უნდა ვიყოთ, სანამ არ შევეგუებით, რომ დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი?
– ვინ იცის, რა და რამდენ ხანს დაკარგა?!
– ზოგადად, არავინ.
– ვის შეუძლია, თქვას, რა იქნება ათი ან ოცი წლის შემდეგ?! თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, შეიძლება, ოსებმა და აფხაზებმა თქვან, შევქმნათ ერთობლივი კავკასიური სახელმწიფოო. საერთოდ, საერთაშორისო სამართლის მუდმივი თემაა, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და, მეორე მხრივ, ერთა თვითგამორკვევის უფლება. მე იმის მომხრე ვარ, რომ აღარ ვიომოთ, ვიცხოვროთ წყნარად, ეკონომიკური კავშირები განვავითაროთ და ვივაჭროთ. ისეთი ომები, როგორიც იყო ევროპაში, კავკასიაში არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა ყველანი ერთად ცხოვრობენ ევროკავშირში და არავის ახსოვს საზღვრები.
– ის ევროპაა, ეს – კავკასია.
– რა თქმა უნდა. მაგრამ, ვიმეორებ, ისეთი ომები, როგორიც ევროპაში იყო, კავკასიაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, კავკასიელები ცხელი ხალხია, მაგრამ, ყველა ხალხი ცხელია, ამიტომ, ხშირად გონიერება ისაა, რომ დაკავდე ყოველდღიური პრობლემებით, ეკონომიკით, დაარეგულირო ნორმალური სამუშაო ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. დღევანდელ მსოფლიოში საზღვრები არ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
– ესე იგი, რეალურია, რომ ქართულ პროდუქციას გაუხსნან რუსეთის ბაზარი?
– ეს გონიერების საკითხია.
– რომელი მხარის – ქართულის თუ რუსულის?
– მომლაპარაკებლების. რუსეთი ვერც კი იგრძნობს ქართული ბაზრის გახსნას.
– გასაგებია. ვიცით, რატომაც დაკეტა რუსეთმა თავისი ბაზარი. რადგან გახსნას არ აქვს ეკონომიკური მოტივი, ესე იგი, მოტივი პოლიტიკურია?
– მე ასე ვიტყვი: ქართველმა მეღვინეებმა თავად უნდა შექმნან თავიანთი ღვინის ისტორია. ამერიკელები ბლოკავდნენ კუბურ სიგარებს, მაგრამ კუბური სიგარები მაინც საუკეთესოდ მიიჩნევა. საქმე ის კი არ არის, ვინ რას აკეთებს, არამედ ის, თქვენ რას აკეთებთ თქვენი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. არავინ არაფერს არ მოგცემთ, თქვენ თავად უნდა აიღოთ.
– რა თქმა უნდა და, იმიტომაც გეკითხებით, რა მოტივით აპირებს რუსეთი თავისი ბაზრის გახსნას ჩვენი პროდუქციისთვის?
– ყოველთვის არ უნდა ვეძებოთ რაღაც აზრი. რუსეთი ცივილიზებული ქვეყანაა, თუ ადამიანებს უნდათ ვაჭრობა, მაშინ, ივაჭრონ!
– რას მეუბნებით, ვლადიმირ! რუსეთი ამბობს, ვაჭრობის სურვილი აქვთ ქართველ მეწარმეებსა და გლეხებს და, დაე, ივაჭრონ რუსეთის ბაზარზეო?! მე ამის არ მჯერა.
– როგორ წარმოგიდგენიათ, რუსეთის ხელისუფლება ზის და იმაზე ფიქრობს, როგორ გაუფუჭოს საქმე ქართველ გლეხებს?!
– მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ძალიანაც მისცემს ხელს, თუ იგივე გლეხები საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილო იქნებიან.
– არ მინდა, გაწყენინოთ, მაგრამ თქვენ სიტუაციას ძალიან „პერეოცენივაეტე“.
– ძალიან კარგი, მაშინ, გამარკვიეთ რეალობაში.
– რუსეთის ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად ფიქრობს სააკაშვილზე; ვენესუელაში ჩასვლა გაცილებით მნიშვნელოვანია პუტინისთვის, იქ დიდ ფულზეა ლაპარაკი.
– როგორც ამბობენ, რუსეთი თავადაც ხარჯავს დიდ ფულს აღიარებაში მომხრეების მოსაპოვებლად. პუტინს, ალბათ, არც დასჭირდებოდა ვენესუელაში ასეთი აქტიური ვიზიტები, ისეთი საქართველო რომ ჰქონოდა, როგორიც მას უნდა?
– საქმე ეს არ არის: ვენესუელას ვაწვდით იარაღს და ეს არის სახელმწიფო დონის კონტრაქტი, საქართველოდან შემოსული სოფლის მეურნეობის პროდუქცია კი არ არის სახელმწიფო დონის საკითხი. რუსეთის შიგნით საერთოდ არ ლაპარაკობენ საქართველოზე.
– ძალიან კარგი, ჩვენც ეს გვინდა.
– ეს არის ქვეყანა, რომლის მიმართ ხალხი ზოგადად კარგადაა განწყობილი. „დედა ზოიასთან“ და „გენაცვალეში“ ისევე დადიან, როგორც დადიოდნენ. პუტინი და მედვედევი არ გამოსცემენ ბრძანებას, ყველამ ახლავე შეწყვიტოს ქართულ რესტორნებში სიარულიო!
– რა თქმა უნდა, რადგან ეს სრული სიგიჟე იქნებოდა.
– ჩვენ საკუთარი პრობლემების ზღვა გვაქვს.
– ესე იგი, მოსკოვში მოსიარულე ქართველი პოლიტიკოსებიც დროს კარგავენ?
– ქართველი პოლიტიკოსები წყვეტენ თავიანთ პრობლემებს: ისინი ყოველთვის ივლიან, მაგრამ, თქვენ ხომ გესმით, რომ მათ ძალით არავინ ჩამოიყვანს რუსეთში?! ასეთი კონტაქტები ბუნებრივია, როდესაც გვერდით დიდი მეზობელია. შეიძლება, აქედან არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ყოველთვის ნებისმიერი ხალხის ბედი წყდება მხოლოდ იმავე ხალხის მიერ. ქართველი პოლიტიკოსები საქართველოდან რუსეთში ჩამოდიან არა რუსეთის ხელისუფლებასთან სასაუბროდ, არამედ იმისთვის, რომ დაანახვონ თავიანთ ოპონენტებს – ხედავთ, ჩვენ გვიღებენ კრემლშიო; დაანახვონ თავიანთ ხალხს – ხედავთ, თავიდან ვიცილებთ შემოჭრასო და, რაც მთავარია, ისინი ჩამოდიან ქართულ დიასპორასთან სასაუბროდ.
– ამბობთ, რომ რუსეთის შიგნით საქართველო არავის აინტერესებს, ჩვენი პრობლემების ზღვა გვაქვსო. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აინტერესებთ?
– მე არც კი ვიცი, სად არის ცხინვალის რეგიონი.
– შამილის სიტყვებს მოვიშველიებ: თუ ამხელა ქვეყანა გაქვთ, ანუ, თუ არ იცით, რა გინდოდათ ჩვენგან?
– მე კიდევ ერთხელ გეტყვით: მე არ მომწონს, დავისწავლო ადგილების სახელწოდებები საბრძოლო ადგილების მიხედვით. ჯერჯერობით ისე მოხდა, რომ სააკაშვილმა თავისი ამბიციურობის გამო დაკარგა ტერიტორიები და რუსეთის ხელისუფლება ვერასდროს დაელაპარაკება ისეთ ხელისუფალს, რომელმაც გასცა რუსი სამშვიდობოების დახვრეტის ბრძანება.
– რუსეთი რომ იყოს საქართველოს ადგილას, როგორ მოიქცეოდა? მისთვის რომ წაერთმიათ ორი ავტონომია, ჩუმად იქნებოდა და ეკონომიკურ ურთიერთობებს განავითარებდა?
– გააჩნია, როგორ მოხდებოდა ეს. 1991 წელს რუსეთმა ხომ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მიუხედავად სადავო ტერიტორიებისა?!
– რუსეთმა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აღიარა მაშინ.
– დიახ, კანონმდებლობის დარღვევით, რადგან ავტონომიურ რესპუბლიკებს ჰქონდათ თვითგამორკვევის უფლება.
– ჩვენ ხომ ვიცით, ეს ავტონომიური რესპუბლიკები იმიტომაც შეიქმნა, რომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემთხვევაში, რუსეთს რესპუბლიკების დაჭერის საშუალება ჰქონოდა?
– ვის მიერ შეიქმნა?!
– საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ, რომელთა შორის იყვნენ ეთნიკურად ქართველი ბოლშევიკებიც, რომლებსაც პირადად მე დასანახავად ვერ ვიტან.
– ამიტომ, ძალიან უცნაურია, როდესაც ამაში ბრალს სდებთ თანამედროვე რუსულ სახელმწიფოს.
– ისინი იყვნენ არა ქართველი, არამედ საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწეები, რუსეთი კი არის იმ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და იყენებს საბჭოთა დროს შექმნილ ბერკეტებს.
– მაგრამ, რადგან ვლაპარაკობთ საბჭოთა კავშირზე, უნდა ვილაპარაკოთ საბჭოთა საკანონმდებლო ნორმებზე.
– მე მაინც ვერ გავიგე, როგორ მოიქცეოდა რუსეთი საქართველოს ადგილას?
– ძალიან წყნარად. 1991 წელს ხომ არ მოგვიწყვია არანაირი აგრესიები: რატომ აჩუქა ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინასო; ხომ არ წავართვით ბალტიისპირეთს სადავო ტერიტორიები?! მე ვერ წარმომიდგენია, ვიპოვო მარტივი პოლიტიკური გამოსავალი 2 წუთში.