არაკონტროლირებადი ამომრჩევლის ხმების განეიტრალების რა მეთოდები აქვს ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
ის, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება გახურდა, თვით ყველაზე პესიმისტი და პასიური ამომრჩევლისთვისაც კი ცხადია. ჯერჯერობით თითქმის უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტია თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობის გარკვევითაა დაკავებული, შესაბამისად, არც რაიონები ახსოვს არავის და არც საარჩევნო კანონმდებლობა. ამიტომაც იურისტთან, ორგანიზაცია „კანონი ხალხისათვის“ თავმჯდომარესთან, ზაქარია ქუცნაშვილთან, ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, რა წესით ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არა მხოლოდ დედაქალაქში, მთელ, უფრო ზუსტად, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დარჩენილ საქართველოში.
ზაქარია ქუცნაშვილი: საქართველოს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები განსხვავებულად ტარდება, საქართველოს დასახლებული პუნქტების სტატუსებიდან გამომდინარე. არის სამი კატეგორიის სტატუსი: მუნიციპალიტეტები, თვითმმართველი ქალაქები და დედაქალაქი. ეს სტატუსები განსხვავდება დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბუნების მიხედვით. მუნიციპალიტეტებს უწოდებენ რაიონებს; თვითმმართველ ქალაქებს უწოდებენ იმ ქალაქებს, რომელთაც არ აქვთ რაიონული დაყოფა და თავის მხრივ არის რომელიმე რაიონის შემადგენელი ნაწილი. თვითმმართველი ქალაქი შვიდია: რუსთავი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ცხინვალი და სოხუმი; და მესამეა – დედაქალაქი. მარტივად რომ ვთქვათ, საარჩევნო სისტემა დამოკიდებულია იმაზე, არჩევნები ტარდება რაიონში, თვითმმართველ ქალაქში თუ დედაქალაქში.
– ესე იგი, ერთ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს განსხვავებული საარჩევნო წესით ვირჩევთ?
– საარჩევნო წესი ეს ძალიან ფართო ცნებაა და გულისხმობს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემებს, არამედ ასაკობრივ ცენზსა თუ სხვა შეზღუდვებს. მაგალითად, მუნიციპალიტეტებში, ანუ ყოფილ რაიონებში საკრებულო აირჩევა შერეული სისტემით: პროპორციულით და მაჟორიტარულით, სადაც 10 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო დანარჩენი პირები – მაჟორიტარული წესით, ამ რაიონში შემავალი თემებიდან და დაბებიდან აირჩევენ თითო-თითო მაჟორიტარს.
– საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა რაოდენობის საკრებულოებს ვირჩევთ?
– თუ რაიონში, ანუ მუნიციპალიტეტში შედის 5 დაბა, აიჩევა 5 მაჟორიტარი; თუ 15 თემი შედის, აირჩევა 15 მაჟორიტარი და ასე შემდეგ. ანუ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი თემისა და დაბისგან შედგება ეს რაიონი. თუმცა ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოს 10 წევრს ირჩევენ პროპორციული წესით. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს: თვითმმართველი ქალაქები ორ კატეგორიადაა დაყოფილი, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ქალაქებში, სადაც ცხოვრობს 75 000-ზე მეტი ამომრჩეველი, საკრებულოში 15 წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 10 წევრი – მაჟორიტარული სისტემით; ხოლო იმ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, ათი წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 5 წევრი – მაჟორიტარული სისტემით. ანუ მრავალრიცხოვან თვითმმართველ ქალაქებში უნდა აირჩეს 25-წევრიანი საკრებულო, მცირერიცხოვან თვითმმართველ ქალაქებში – 15-წევრიანი საკრებულო. დედაქალაქში განსხვავებული თანაფარდობაა: 25 წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 25 – მაჟორიტარული სისტემით. შესაბამისად, თბილისის საკრებულო იქნება 50-წევრიანი. თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ეს 25 მაჟორიტარი დედაქალაქში აირჩევა არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში.
– ანუ მაჟორიტარების არჩევნების წესიც სხვადასხვანაირია?
– თუ რაიონში ერთი თემი და ერთი დაბა ირჩევს ერთ მაჟორიტარს, ქალაქებში ნებადართულია მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა, – ასეთია კანონის მოთხოვნა, მაგრამ ეს საკითხი გარდამავალი დებულებებით სხვანაირად დარეგულირდა. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში უნდა შეიქმნას 5 და 10, დედაქალაქში კი 25 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი. რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვებს: ყველა დასახლებაში, მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველ ქალაქებსა თუ დედაქალაქში, საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის ერთნაირი ასაკობრივი ცენზია დაწესებული – 21 წელი. გამონაკლისია მხოლოდ მერობის კანდიდატი: მერად შეიძლება, აირჩეს პირი, არანაკლებ 25 წლის ასაკისა.
– როგორც თბილისის მერის შემთხვევაში, მაჟორიტარებისთვისაც 30-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერია დაწესებული?
– დიახ და ორივე შემთხვევაში ბათილი ბიულეტენი არ ითვლება არჩევნებში მონაწილედ.
– ადგილობრივ არჩევნებში პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერია 4 პროცენტი. უფრო ნათელი რომ იყოს მკითხველისთვის, დავითვალოთ, რამდენი პროცენტი უნდა დააგროვოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ მუნიციპალიტეტებში პროპორციული წესით ასარჩევი 10 ადგილიდან იმდენი მაინც მოიპოვოს, რომ რაღაც ფრაქციისმაგვარი შექმნას?
– პროპორციული სისტემით არჩეული 10-წევრიანი საკრებულოსთვის 4-პროცენტიანი ბარიერი ნიშნავს, რომ პარტიას დასჭირდება ხმების 10 პროცენტი, ერთი კაცი მაინც რომ გაიყვანოს საკრებულოში. ანუ, რეალურად, ბარიერის გადალახვა ერთი მანდატის ეკვივალენტიც კი არ არის. თბილისის 25-კაციანი პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოში კი ბარიერის გადალახვა ნიშნავს ერთ წევრს. დაკარგული ხმების შემთხვევაში – მაქსიმუმ ორს. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში ყველა პარტიაა კონცენტრირებული, ხუთასი ათასი ამომრჩევლის გამოსვლის შემთხვევაში და ეს თბილისისთვის მაქსიმალური მაჩვენებელია, 10 პროცენტი 25 000 ხმაა. ამდენი ხმის მოგროვება კი რთული არ არის, რადგან თბილისში დაკარგული ხმების ოდენობა არ იქნება მაღალი. ჩემი ვარაუდით, თბილისში 4-პროცენტიან ბარიერს გადალახავს „ნაციონალური მოძრაობაც“, „ალიანსიც“, პრაიმერისტებიც, თარგამაძის პარტიაც და თოფაძის პარტიაც. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ ბევრი ხმა დაიკარგება, ძალიან დაბალია. თბილისში, როგორც ჩანს, მთავარი აქცენტი გაკეთდება ისევ მაჟორიტარებზე, იმიტომ რომ პარტიული თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ პოპულარული არ არის. ანუ ხელწერა იგივეა, რაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს: ხელისუფლებამ 2008 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ კონსტიტუცია იმის გამო შეცვალა, რომ საქართველოს პარლამენტში პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულთა თანაფარდობა 100-50-იდან დაეყვანა 75-75-ზე. ზუსტად იგივე გააკეთეს ახლაც: დედაქალაქში პროპორციული სიითა და მაჟორიტარული წესით არჩეულთა თანაფარდობა გახადეს 25-25-ზე.
– ესე იგი, სახელისუფლო სურვილია, რომ თბილისის საკრებულოშიც ისევე, როგორც პარლამენტში, მაჟორიტარებით მიიღონ ხმების სასურველი რაოდენობა?
– დიახ, როგორც პარლამენტში, ისე დედაქალაქის საკრებულოში, ცდილობენ, ავტორიტეტული პიროვნებების ხარჯზე შექმნან უმრავლესობა. აი, ეს არის ამ ხელწერის არსი, რადგან პარტიის ავტორიტეტის ხარჯზე უმრავლესობას ვეღარ ქმნიან და ბიზნესმენებისა თუ ყალბი საზოგადო მოღვაწეების ავტორიტეტისა და მახინჯი საარჩევნო სისტემის ხარჯზე ინარჩუნებენ პოლიტიკურ უმრავლესობას.
– გამოდის, რომ თბილისის საკრებულოში პარტიული სიჭრელის უფრო მეტი ალბათობაა, ვიდრე მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში?
– თვითმმართველი ქალაქებიდან, თუ დღევანდელ საარჩევნო კამპანიას დავაკვირდებით, არაფერი ისმის და მრჩება შთაბეჭდილება, რომ რესურსების სიმწირის გამო, მთავარი ოპოზიციური გაერთიანებები, როგორებიცაა: „ალიანსი“, პრაიმერისტები, „ქრისტიან-დემოკრატები“, აქცენტს აკეთებენ დედაქალაქზე. ყველა აცნობიერებს, რომ პირდაპირი წესით არჩეული მერი, პოლიტიკური წონის თვალსაზრისით, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის ფიგურა იქნება. ამიტომაც ცდილობენ, რომ აქცენტი დედაქალაქზე გააკეთონ. დედაქალაქი, გარდა იმისა რომ მრავალფეროვანია, პოლიტიკური პლურალიზმის მხრივ; უფრო მეტად თავისუფალია და, რაც მთავარია, დედაქალაქმა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, უკვე დაადასტურა, რომ ოპოზიციური ქალაქია. ამდენად, ოპოზიციის გადაწყვეტილება, აქცენტი გაკეთდეს თბილისზე და არა მუნიციპალიტეტებზე, პრაგმატულია.
– პირადად მე არ მომწონს ოპოზიციის მიჯაჭვულობა მხოლოდ თბილისზე. გარდა ზემოჩამოთვლილისა, კიდევ რა ხვრელები აქვს ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობით?
– ხელისუფლებას დაუდგა ახალი ამოცანა: გაიხანგრძლივოს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა, ამისთვის კი აუცილებელი იყო საარჩევნო კანონის ისე აწყობა, რომელიც გააადვილებდა ხელისუფლების შენარჩუნებას. ამის პირველი გამოხატულება იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება და დაადგინეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა დგინდება არა საქართველოს ამომრჩეველთა ნახევრით, არამედ არჩევნებში მონაწილეთა ნახევრით, რაც ნიშნავს, მთელი საქართველოს მასშტაბით 300 000 ამომრჩეველიც რომ გამოვიდეს, ამ ციფრიდან აითვლება გამარჯვებული, მაშინ, როდესაც გვეუბნებიან, რომ სამ-ნახევარი მილიონი ამომრჩეველი გვყავს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქმე კიდევ უფრო გაიმარტივეს და მონაწილეთა ნახევრის პრინციპი მესამედზე დაიყვანეს. ამას დაემატა მესამე ფაქტორიც: ბათილ ბიულეტენებს აღარ თვლიან არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაში და მეოთხე, 2009 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებებით, სამხედრო ნაწილებისა და პოლიციური ქვედანაყოფების მოსამსახურეებს მისცეს უფლება, რომ ხმა სამსახურის ადგილის მიხედვით მისცენ. ყველაზე დიდი სამხედრო ნაწილი ჰყავს თბილისს, ვაზიანის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა თბილისშია განლაგებული და ამ ბაზის ჯარისკაცები და ოფიცრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი 80 პროცენტი არათბილისელია და, შესაბამისად, არ იცნობს თბილისის პრობლემატიკას, ხმას მისცემს თბილისში.
– კიდევ რა მოიაზრება გაყალბების საშუალებებად, გარდა ბათილი ბიულეტენებისა, რომლის გაბათილებაც კომისიის ნებისმიერ წევრს შეუძლია, მასზე პასტით წერტილის დასმითაც კი?
– საარჩევნო სისტემის მინიმალური ზღურბლი ამ ბათილი ბიულეტენების გათვალისწინებით; საარჩევნო კომისიებში სახელისუფლო წევრების დომინირება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება... იცით, რა წერია კოდექსში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ? თანამდებობის პირებს და რიგით საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ, გამოიყენონ საჯარო დაწესებულებები, როგორც შენობები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები, თუ ის ხელმისაწვდომი იქნება სხვებისთვისაცო. ესე იგი, თბილისის მერს შეუძლია, იაროს მერისთვის განკუთვნილი მანქანით საარჩევნო საქმეებზე და ოპოზიციას უთხრას, მოგეთხოვათ და თქვენც მოგცემდითო.
– მერედა მოითხოვონ მანქანაც და სხვა რამეც?
– ეს ცვლილება სხვა ამოცანას ემსახურება: იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მთელი პარტიული რესურსი ამომრჩევლის მომხრობაზეა მიმართული, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, რესურსის სიმწირის გამო, არ შეუძლიათ, სდიონ ხელისუფლების კანდიდატებს და უღონ სურათები, რა ავტომანქანებით მოძრაობენ და ამოწმონ, ნომრების მიხედვით, ეს სახელმწიფო ავტომანქანაა თუ კერძო. თქვენ ხომ იცით, რომ აღარ არის სახელმწიფო ნომრები და, თუ არ მიმართე შსს-ში არსებულ სპეციალურ დაწესებულებას, ინფორმაციას ავტომანქანის მესაკუთრის შესახებ ვერ მოიპოვებ. ესე იგი, გადამოწმებას, სულ მცირე, 7-10 დღე დასჭირდება და, თუ აღმოაჩენ და დაადასტურებ, გეტყვიან, არ მოგიმართავს, თორემ ამ ავტომანქანას შენც მოგცემდითო. ამდენად, კანონი ორიენტირებულია იმაზე, რომ, თუ ვერ აღმოაჩენ, ხელისუფლებას აქვს საშუალება, ისარგებლოს ადმინისტრაციული რესურსით. როგორ დავადასტურებ, რომ კანდიდატი პარტიულ თათბირებს მერიის შენობაში ატარებს? იქ, რა, ჟურნალისტებს შეუშვებენ და სურათების გადაღების ნებას დართავენ თუ რიგითი მოქალაქე შევა მერიის შენობაში საშვის გარეშე და ფოტოების გადაღებას დაიწყებს?! ამიტომაც ეს ნორმა არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ლეგალური საშუალება.
– როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი, რომ მინიმალური იყოს გაყალბების საშუალება, თუმცა, თუ ბიულეტენის გაფუჭება უნდათ, ამომრჩეველი სულაც ყურებზე რომ დადგეს, მაინც ვერ აიცილებს ამას თავიდან?
– ამომრჩეველზე მართლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ ამომრჩეველი ირწმუნებს, რომ მიზანი – ხელისუფლების შეცვლა – მიიღწევა არჩევნებით და არ იქნება პასიური ადგილობრივი არჩევნების მიმართ, ეს, მინიმუმ, გამოიწვევს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას. შესაბამისად, ეს თავისთავად ართმევს სახელისუფლო კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, პირველი თხოვნა, რაც უნდა დაუსვას ამომრჩეველს საარჩევნო სუბიექტებმა, არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მეორე თხოვნა: ისინი აქტიურები უნდა იყვნენ იმ თვალსაზრისითაც, რომ სახელისუფლო კანდიდატმა ვერ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი: ამომრჩეველს თავად შეუძლია ფოტოგრაფირება, ჩაწერა, ყველა მობილურ ტელეფონს აქვს აუდიოჩაწერისა და ფოტოგადაღების სერვისი. თქვენ იცით, რომ ჩვენთან სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი „ჩაშვების ინსტიტუტი“ და ხელისუფლება ამისკენ მოგვიწოდებდა. თუ ხელისუფლება აქეთკენ გვიბიძგებს, მაშინ მან თავად უნდა აწარმოოს ასეთი კამპანია: მოქალაქეებო, თუ დაინახავთ, რომ ჩინოვნიკები დადიან სამსახურებრივი ავტომანქანებით, საჩუქრებს არიგებენ კანდიდატები, გადაუღეთ, ჩაიწერეთ და გამოგვიგზავნეთო. ამას გარდა, ამომრჩევლები უნდა დაეხმარონ დამკვირვებლებს ამომრჩეველთა სიის დახვეწაში; ხმა უნდა ამოიღონ, თუკი შეესწრებიან ამომრჩევლების მოსყიდვის ან შეშინების ფაქტებს.
– გამოდის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ამომრჩევლის იმ სეგმენტზე, რომელიც არ აძლევს ხმას ხელისუფლებას, რადგან ხომ გამორიცხულია, რომ პოლიციელებმა ან სამხედროებმა რაიმე ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოავლინონ? იმავეს თქმა შეიძლება საჯარო მოსამსახურეებზეც?
– მე ასე დავსვამდი საკითხს: ჩვენ არ ვსაუბრობთ ბიუროკრატიაზე სრულად, რადგან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა საჯარო მოსამსახურე ხელისუფლებას მისცემს ხმას. საჯარო სამსახურების საშუალო და პირველადი რგოლების თანამშრომლები ძალიან უკმაყოფილო არიან თავიანთი მდგომარეობით. მინდა ვთქვა, რომ საშუალო და პირველად რგოლებს არავინ ემუქრება სამსახურიდან დათხოვნით. ეს თემა უფრო ხელისუფლების მიერ იქნება შემოგდებული: თუ ჩვენ არ დავრჩებით, როგორც ჩვენ მოვექეცით წინა ხელისუფლების წევრებს, ისევე მოგექცევიან თქვენცო. არადა რატომ უნდა მოექცნენ ასე?! თუმცა დამნაშავე ჩინოვნიკებს მართლაც ასე უნდა მოექცნენ, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან. მე არც არმიის ნაწილში ვარ პესიმისტურად განწყობილი, რადგან, ჩემი აზრით, ყველა რიგითი და ოფიცერი არ დაუჭერს მხარს ხელისუფლებას.
– მაგრამ, როგორც ცნობილია, მათ სთხოვენ, რომ ამომრჩევლის კაბინაში სურათი გადაუღონ თავიანთ ბიულეტენებს, რომ ხმის მიცემა გაკონტროლდეს?
– ხმის მიცემის კონტროლის რამდენიმე საშუალება არსებობს: მობილურით გადაღება, შევსებული ბიულეტენის გარეთ გამოტანა და ასე შემდეგ. ამის არა მხოლოდ მცდელობა იქნება, არამედ სპეციალური აპარატიც იმუშავებს ხმის მიცემის გაკონტროლებაზე. ხელისუფლება მთავარ იმედს ამყარებს ბიუროკრატიასა და ძალოვანებს პლუს მოსყიდულ ადამიანებზე. ასე რომ ამ ორი თვის განმავლობაში ტოტალურად გააკონტროლებენ ამ ადამიანებს. ყველა იქნება აღრიცხული. ყველას ტელეფონის ნომერი ექნება ჩაწერილი პარტიულ კოორდინატორებს, ყველასთან გააგზავნიან მანქანას, რომ მიიყვანონ არჩევნებზე, ყველას მოსთხოვენ იმის გარანტიას, რომ სახელისუფლო კანდიდატს ხმას მისცემენ მათი ოჯახის წევრებიც. ტოტალიტარული რეჟიმი სწორედ იმას ნიშნავს, რომ მისი ძალადობა ტოტალური ხასიათისაა.
– კონკრეტული მაგალითით ავუხსნათ მკითხველს, რატომ ამცირებს გაყალბების შესაძლებლობას არჩევნებზე მისული ამომრჩევლის დიდი რაოდენობა?
– რატომ დართეს სამხედრო მოსამსახურეებსა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებს ბაზირების ადგილას ხმის მიცემის ნება?! ეს შეიძლება იქცეს სერიოზულ რესურსად, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს გარანტირებულად მოიპოვო ხმები. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მსახურობს, ოჯახის წევრებიანად ეს ციფრი შეიძლება, ავიდეს 15 000-20 000-ზე. ესე იგი, ამ რაოდენობის ამომრჩევლის მობილიზებაა შესაძლებელი. ერთ დღეს შესაძლოა, 700-კაციანი ნაწილი 1 500-კაციანი გახდეს და ეს მხოლოდ მეთაურის ბრძანებაზეა დამოკიდებული. როგორ გინდა გააკონტროლო, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იყო ბაზაზე მშვიდობიან პერიოდში და რამდენი გახდა არჩევნების დროს?! რაც შეეხება იმას, როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი: არაკონტროლირებადი ამომრჩევლების აქტივობა კონტროლირებადი ხმებით, სასურველი შედეგით მიღების ალბათობას ამცირებს. ამიტომ ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლების შეცვლის გზა გადის არჩევნებში მონაწილეობაზე; რომ მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ გულისხმიერება და გამოავლინონ კანდიდატების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის და დაშინების ფაქტები და ეს გააკონტროლონ ფოტოგადაღებით, აუდიოჩაწერით, მხილებით და, რაც მთავარია, არჩევნების დღეს მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება იმას, რომ არც ხმის მიცემის კონტროლი განხორციელდეს, არც მოსყიდვა და არც ამომრჩევლის შეშინება.