მიუშვირეთ კაბინებს!
ვიდეოთვალთა გასაჭირი
ამ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო რეჟიმში უკვე გადავიდნენ: შესაბამისად, საქმე მათაც მიეცათ და ამომრჩეველსაც (სხვა თუ არაფერი, სანახაობით მაინც ისიამოვნებს და წინასაარჩევნო დაპირებებს მაინც მოისმენს).უსაქმოდ არც ცენტრალური საარჩევნო კომისიაა: აბა, როგორ იქნება, როდესაც საარჩევნო სიები აქვს გადასამოწმებელი (ან რით ვერ გადაამოწმეს)?! თუმცა, არა მხოლოდ ამ მიმართულებით შეიმჩნევა აქტივობა: უკვე დანამდვილებით ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვიდეოკამერები მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საარჩევნო ოლქებში დამონტაჟდება. მართალია, არ აუხსნიათ, რატომ გამოარჩიეს ეს სამი ქალაქი, სამაგიეროდ, არ დაგვიმალეს, რომ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ვიდეოთვალთა რიცხვი 200-ით შემცირდება. როგორც ჩანს, ყურად იღეს ბ-ნი ბარუზოს გაფრთხილება, თუ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდა, სექტემბერში ჭოგრიტიან ევროკომისრებს დაემშვიდობეთო (ლოგიკა მარტივია: დარღვევის ყველაზე თვალსაჩინო ნივთმტკიცება ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული კადრია, – თუ კადრი არ იქნა, არც დარღვევა იქნება). თუმცა ისიცაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის უფროსი ამ შემცირებას შემდეგნაირად ხსნის: „ჩვენ ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა და ვენეციის კონვენციის რეკომენდაციებით ვმოქმედებთ, რომლის მიხედვითაც, არ არის სასურველი, საარჩევნო უბანზე იყოს ვიდეოკამერა იმ შემთხვევაში, თუ ის საარჩევნო კაბინისკენ არ არის მიმართული.“ – მერედა, ვინ უშლით?! მიუშვირონ კაბინებს!