რა სიხშირით მოვრწყათ გაზაფხულზე ჰიმნოკალიციუმი და რომელი მცენარე მრავლდება გაზაფხულზე
– ბატონო თენგიზ, მოგვიყევით ჰიმნოკალიციუმის შესახებ. როგორც ვიცი, ის ძალიან ლამაზი კაქტუსია...
– კოლექციონერებისთვის ჰიმნოკალიციუმი ერთ-ერთი ღირებული, უპრეტენზიო, ლამაზად მოყვავილე, მრავალფეროვანი კაქტუსის სახეობაა. ის გამოირჩევა მრგვალი, ბრტყელი, ბურთისებური, ძლიერი ეკლებით. მისი საყვავილე ღერო საკმაოდ სქელია.
– რამდენ ხანს ყვავილობს ეს კაქტუსი?
– მისი ყვავილი დღის განმავლობაში საკმაოდ ფართოდ იშლება და ძალიან ლამაზია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყვავილი მხოლოდ რამდენიმე დღე ხარობს. როგორც წესი, მისი ყვავილი თეთრია ან ვარდისფერი, იშვიათად შეიძლება ყვითელიც იყოს.
– რა ზომის იზრდება ეს კაქტუსი და შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში მისი გახარება?
– გახსოვდეთ ერთი რამ: სინათლის უკმარისობის დროს, მცენარე მიდის სიგანეში და არანაკლებ ლამაზია. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ, რომ ჰიმნოკალიციუმი დაბალი და განიერი გაიზარდოს, მოარიდეთ სინათლეს და თქვენთვის სასურველ ფორმას მიიღებს. არსებობს ამ მცენარის სხვადასხვა სახეობა – არის მინიატურული ზომისაც და გიგანტურიც. ეს საშუალებას აძლევს ყველა თქვენგანს, თქვენი სურვილისამებრ აირჩიოთ შესაფერისი ზომის ჰიმნოკალიციუმი. ეს მცენარე არაჩვეულებრივად ხარობს ბინაში. გამოირჩევა თავისი უპრეტენზიო თვისებებით. მაგალითად, მას არ სჭირდება უხვი სინათლე, იტანს მშრალ ჰავას და არც ნიადაგის მიმართაა მომთხოვნი.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე სეზონურად და, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკვე ტემპერატურამ მაღლა აიწია?
– ჰიმნოკაქტუსი ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მცენარეა. როგორც უმრავლესობას, ამ მცენარესაც მორწყვა თბილი, 10-12 გრადუსი ტემპერატურის წყლით სჭირდება. ახლა შედარებით მოუმატეთ წყლის დასხმას. ზამთარში იშვიათად სჭირდება მორწყვა, გაზაფხულსა და ზაფხულში კი – პირიქით.
– როგორ გავამრავლოთ ჰიმნოკალიციუმი?
– ეს მცენარე მრავლდება შვილობილი ამონაყარით, რომელიც ფრთხილად უნდა მოაცილოთ და ცალკე გადარგოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუბსტრაქტის მიმართ ის მომთხოვნი არ არის, მაგრამ მოზარდი მცენარისთვის მაინც სასურველია შემდეგი შემადგენლობის ნიადაგი: ორ-ორი წილი ფოთლოვანი და ნაკელიანი მიწა, ერთი წილი მსხვილი სილა და ცოტაოდენი ნახშირი.
ეს მცენარე, ასევე, შეიძლება, გამრავლდეს თესლით, თუმცა ეს ძალიან ხანგრძლივი და უფრო რთული ხერხია მის გასამრავლებლად.
– რით შეიძლება დაავადდეს ეს კაქტუსი და როგორ ავაცილოთ თავიდან ეს დაავადება?
– მცენარე ავადდება „ფესვის ჭიებით“. მათი შემჩნევა ძალიან რთულია, რადგან ისინი ფესვებზეა და შეუმჩნევლად აზიანებს მას. ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს, ბოლოს კი მცენარე ზრდას აჩერებს. ასეთ შემთხვევაში, უნდა ამოიღოთ მცენარე ქოთნიდან და დაუთვალიეროთ ფესვები. თუ მათზე თეთრი ნადები შეამჩნიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაზიანებულია ამ ტიპის ჭიების მიერ. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მცენარის ფესვებს ჩაუტარდეს ცხელი აბაზანა. ამისათვის აიღეთ მოზრდილი ჭურჭელი, წყალი მალე რომ არ გაგრილდეს. ის უნდა გაცხელდეს 55 გრადუსზე და ფესვები 15-20 წუთის განმავლობაში უნდა ჩადოთ ამ წყალში. ამ პროცედურის მერე, ერთი დღის განმავლობაში, ეს ფესვები უნდა გააშროთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, ჩარგოთ ახალ ქოთანში, შესაბამისად – ახალ მიწაში. თუ თქვენ მალევე შეამჩნევთ დაავადებას და მალევე მიიღებთ შესაბამის ზომებს, თქვენი კაქტუსი კვლავ ჩვეულ რიტმში ჩაჯდება და მშვენივრადაც გაიზრდება.
– როგორ გავახაროთ ოთახის მეორე მცენარე – პატარძალა?
– პატარძალა ძალიან იოლად გასაზრდელი მცენარეა, ის კარგად ხარობს ოთახის პირობებში. არსებობს ამ მცენარის სხვადასხვა სახეობა. მე გირჩევდით, მათი სახეობები ჯგუფურად გაგეზარდათ და ასე უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. თუ გსურთ, რომ მცენარემ ბუჩქის ფორმა მიიღოს, მისი ღეროები რეგულარულად დაამოკლეთ ხოლმე. ამ მცენარის ნებისმიერი სახეობა შეგიძლიათ ქოთანში ჩარგოთ და ლამაზ ბუჩქად აქციოთ, რომელსაც რაფაზე ან ოდნავ დაჩრდილულ გრილ ოთახში დადგამთ.
– როდის ყვავილობს პატარძალა და უნდა ველოდოთ თუ არა ამ სეზონზე მის აყვავებას?
– როგორც კი გაზაფხული გავა, მცენარე ყვავილობას დაიწყებს. ის ადრე ზაფხულში იწყებს გაყვავილებას და მისი ყვავილობა გვიან შემოდგომამდე გრძელდება, ხოლო, თუ სათანადო სინათლე და ტემპერატურა აქვს, შეიძლება, ზამთარშიც იყვავილოს.
– როგორია მისთვის სასურველი პირობები?
– პატარძალას უყვარს კაშკაშა სინათლე, მაგრამ, არა შუადღის მწველი მზე, ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს, ხოლო ზამთარში ნაკლები წყალი სჭირდება. უყვარს სიგრილე, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. წლის ამ პერიოდში, რომ იყვავილოს, მისთვის აუცილებელია სინათლე და სითბო.
– როგორ მრავლდება მცენარე და ოთახის რომელ ადგილას გვირჩევთ მის დადგმას?
– ამ მცენარის გამრავლება შეგიძლიათ ახლა. პატარძალა გაზაფხულზე 3-4 სანტიმეტრი სიგრძის, წყალში დაფესვიანებული ყლორტებით მრავლდება. მისთვის კარგია, თუ დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში მოათავსებთ.