რომელმა ქართველმა მეფემ დაუდო დასაბამი საქართველოში სამედიცინო აცრებს
ერეკლე მეორე ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანი მამა იყო ქართველ მონარქთა შორის. მას სამ ცოლთან 28 შვილი ჰყავდა. ცნობილია, რომ მეფე მოსიყვარულე მამა გახლდათ, თუმცა, განსაკუთრებით ნაბოლარა ქალიშვილს – თეკლეს ანებივრებდა. ისტორიამ დღემდე შემოგვინახა მათი სახალისო მიმოწერებიც. ერეკლე მეორის სახელთან ბევრი პარალელებია გავლებული ჩვენს ისტორიაში, რომელთა უმრავლესობა ჩვენი მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. თუმცა, ალბათ, ბევრისთვის სიახლეა, ის ფაქტი, რომ მეფე ერეკლე ერთ-ერთი პირველი ნოვატორია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში. ერთ-ერთი პირველი, ვინც მისი ინიციატივით აიცრა იყო, მისი ვაჟი – იულონი. ამ ამბების შესახებ ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.
– ერეკლე მეორე იყო თეიმურაზ მეორის ძე, ქეთევან წამებულის შვილიშვილი. ქართლ-კახეთის ეს სახელოვანი მეფე უფრო ცნობილია, როგორც მეომარი, სარდალი, ასევე, როგორც ავადსახსენებელი გეორგიევსკის ტრაქტატის ავტორი და შემოქმედი, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი ერეკლეს ის თვისებები, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში წარმოჩნდებოდა. კერძოდ, ერეკლე, როგორც მოსიყვარულე მამა და ოჯახის უფროსი. თავისთავად ძალიან საინტერესოა ამ კუთხით მისი პიროვნების განხილვა. საბედნიეროდ, შემორჩა რამდენიმე წერილი, მისი შთამომავლების მიერ შემონახული რომელიც შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნეში გადაეცა არქივს.
– რა არის ცნობილი ერეკლე მეორის ოჯახსა და ოჯახურ ურთიერთობებზე?
– ერეკლე მეორეს ჰყავდა საოცრად ბევრი შვილი. მისი პირველი მეუღლე იყო ქეთევან მხეიძე, ან ზოგიერთი ცნობით ყაფლანიშვილი, რომელთანაც მეფეს შეეძინა ერთადერთი ვაჟი – ვახტანგი. რატომღაც ქეთევანს ერეკლე მეორე მალევე გაეყარა. ამის შემდეგ ეს ქალბატონი მონაზვნად აღიკვეცა. იგი 1745 წელს გარდაიცვალა და სვეტიცხოველშია დაკრძალული.
როგორც კი პირველ მეუღლეს დაშორდა, ერეკლე მეორემ, თითქმის მაშინვე იქორწინა მეორედ. მისი მეორე მეუღლე გახდათ ანა აბაშიძე. მასთან ერეკლე მეფეს შეეძინა გიორგი მეთორმეტე, თამარი და ასევე კიდევ ერთი ასული, რომლის სახელიც არ ვიცით. ანა აბაშიძე გათხოვებიდან საკმაოდ მალე გარდაიცვალა და ამის შემდეგ, ერეკლე მეორემ იქორწინა, თავის ყველაზე ცნობილ და განთქმულ მეუღლეზე, კაცია დადიანის ასულ დარეჯანზე. მან ქართლ-კახეთის მეფეს ძალიან ბევრი შთამომავალი აჩუქა: ლევანი, იულონი, ვახტანგი, ალმასხანი, მირიანი, ფარნაოზი, მარიამი, თეკლე და კიდევ ექვსი ძე, რომლებიც ადრე გარდაიცვალნენ.
– ანუ სულ რამდენი შვილი ჰყავდა ერეკლე მეორეს?
– ერეკლე მეორეს ჰყავდა 28 შვილი. შვილებიდან ერეკლეს განსაკუთრებით უყვარდა თეკლე, რომელიც იყო მისი ნაბოლარა ქალიშვილი და ყველაზე დიდი სიყვარული მეფისა სწორედ მას ერგო წილად.
როგორც ჩანს, თეკლე სათუთად უფრთხილდებოდა მამის გამოგზავნილ წერილებს და ისტორიამ შემოგვინახა ისინი. თავიდანვე ჩანდა, რომ თეკლე, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად მომხიბვლელი ყოფილა, ვაჟკაცური თვისებებითაც გამოირჩეოდა. მას თურმე უყვარდა ცხენით ჯირითი, ნადირობა და არის დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც გაუხედნავ ცხენს, რომელსაც მამაკაცები ერიდებოდნენ, სრულიად ახალგაზრდა თეკლე შეახტა და მოათვინიერა. თითქოს არ იყო ეს თვისებები მაინცდამაინც ქალური, მაგრამ საქართველოში ისინი ყველას და ყოველთვის სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მამის მხრიდან თეკლე მხოლოდ წაქეზებული იყო ამ თვისებების გამო. სწორედ ამ თვისებას უკავშირდება მეფის სახუმარო ბრძანებაც, რომელიც 1780 წელსაა დაწერილი, მაშინ როდესაც თეკლე მხოლოდ 4 წლის იყო. ერეკლემ ასეთი ბრძანება გამოსცა: „გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს – თეკლა ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველას შენს ძმებსა და დებს ამიერიდან გიწოდონ – თეკლა ბიჭი.” გარდა იმისა, რომ ამ სახუმარო ბრძანებას მეფე თვითონ აწერდა ხელს, ამასთან ერთად კათალიკოსი ანტონი, რომელიც ერეკლეს ძმა იყო და იულონ ბატონიშვილი, ანუ თეკლეს უფროსი ძმა ამტკიცებდნენ ამ სიგელს. ეს წერილი მეტყველებს, თუ როგორი იუმორის გრძნობა ჰქონდა ერეკლე მეორეს.
– ამ წერილით დაიწყო მეფის განსაკუთრებული გრძნობების გამოვლენა უსაყვარლესი ქალიშვილისადმი?
– ერეკლე არ ღალატობს თავის სტილს და ქალიშვილთან კიდევ ერთ წერილს აგზავნის. ის დაწერილია 1781 წელს. როგორც ჩანს, საქართველოს აღმოსავლეთით, ან სამხრეთით იმყოფებოდა მისი წერისას მეფე, რადგან ბროწეულებს უგზავნის თეკლას. „თეკლას, მამისა და დედის სიხარულს”, – წერს ერეკლე მეორე ქალიშვილს, – „მადლი, წყალობა და მშვიდობა. თეკუნავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი, (ანუ წერილი) მომივიდა, რომელისგანაც შენ ხომ იცი, რა გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მეამებოდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა. მეტი სიღრმისაგან ვეღარ აღმოვიკითხეთ რა. შენთვის ახლა პირს კოცნა მიბრძანებია და ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ ღვთით, კიდევ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს (ანუ დაშაქრულ ნუშს) და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნებაც იქნება, ჩვენც წამოვალთ”. ამ წერილში უკვე ყველაფერია ნათქვამი. კარგად ჩანს, თუ როგორი მოსიყვარულე ბუნების ყოფილა მეფე ერეკლე. მიუხედავად დაუსრულებელი ომებისა, სისხლისა და ბოლო დროს მომრავლებული აჯანყებებისა და შეთქმულებისა მის წინააღმდეგ, ერეკლე მაინც ძალიან ტკბილი და ალერსიანი დარჩენილა ოჯახის წევრთა მიმართ. კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ფაქტი მინდა აღვნიშნო. ფაქტობრივად, ერეკლემ კანონიც კი დაარღვია, თუ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ამ სახუმარო წერილს სახელმწიფო ბეჭდები დაუსვა ბავშვის გასართობად. კერძოდ, დაუსვა ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭედი – ერთი ლათინურ, ერთი ბერძნულ, ერთი სპარსულ, ერთიც სომხურ ენებზე. ბეჭდები გარშემო შემოუყვება წერილს, რაც დამეთანხმებით, ბავშვისთვის საკმაოდ მიმზიდველია.
შემდეგ წერილში, რომელსაც 1782 წელს ბრძოლიდან უგზავნის მეფე უსაყვარლეს ქალიშვილს, მას ასე მიმართავს: „ჩემო შინაგან გულის ნათელო თეკლავ, შენს ლამაზ პირს კოცნას მოვახსენებ“. შემდეგ, იგი ბოდიშს უხდის საყვარელ ასულს, რომ ამჯერად ვერა გამოგიგზავნე რა და ნუ დამემდურებიო. ამ წერილთან დაკავშირებით, იმის აღნიშვნაც შეიძლება, თუ რა მოკრძალებულად ცხოვრობდა მეფე. ის იმდენად შეზღუდული იყო საშუალებებში, რომ ყველაზე საყვარელ შვილს, ერთხელ ექვს ბროწეულს უგზავნის და მეორედ საერთოდ ვერაფერს.
გარდა ამ წერილებისა, მინდა, შევეხო კიდევ ერთ საინტერესო მომენტს ერეკლე მეორის ბიოგრაფიიდან, რომელიც ასევე მისი ოჯახის წევრებს ეხება და რომელიც ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის.
– კონკრეტულად რომელ მომენტს გულისხმობთ?
– 1772 წელს საქართველოში და კერძოდ, თბილისში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელებულა და ძალზე მასობრივი ხასიათი მიუღია. საინტერესოა, რომ ერეკლე მეორეს გამოუჩენია ნოვატორობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დიდი რისკიც კი გაუწევია და ნება დაურთავს კათოლიკე პატრებისათვის, ფაქტობრივად, პირველად მისი ძისთვის აეცრათ ყვავილის წინააღმდეგ. ეს იმისთვის, სხვებს ერწმუნათ, რომ ყოველივე ეს არ იყო საშიში, არამედ პირიქით, სასარგებლო იყო. მოგეხსენებათ, აცრასთან დაკავშირებით, დღესაც დიდი ამბავია ოცდამეერთე საუკუნეში, ამიტომაც მეფეს ნება დაურთავს კათოლიკე პატრებისთვის, რომ ერთ-ერთი პირველი აცრა მისი შვილისთვის გაეკეთებინათ. შემორჩენილია მეფის წერილი, მის მოხელე რევაზ ამილახორთან, სადაც ვკითხულობთ: ჩვენს შვილს – იულონს ყვავილი აუჭერითო. ესეც საინტერესო ტერმინია. მაშინ ბუნებრივია, არ არსებობდა ტერმინი „აცრა“. ერეკლე მეორემ შემოიღო ამის აღმნიშვნელად – ტერმინი „აჭრა“. პირველი სამედიცინო ტერმინი, რომელიც ერეკლე მეფემ იხმარა აცრასთან დაკავშირებით, ეს არის – „ყვავილი აუჭერით“ და „დიახ, გაცხელებული არის“, ანუ სიცხე აქვს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. შემდეგ ამბობს იმასაც, რომ ქალაქში მრავალი ყვავილი გაჩნდა და გახიზვნასაც ვაპირებთო. როგორც ჩანს, მასშტაბურად ყოფილა ეპიდემია გავრცელებული. საინტერესოა, რომ ამ წერილის გარდა, რომელიც არქივშია დაცული, არსებობს ჩანაწერებიც გერმანელი მოგზაურის, იოჰანეს გულდენშტედტისა, რომელიც რუსეთის სამეფო აკადემიამ დაიქირავა კავკასიის შესასწავლად. იგი ცნობილი მოგზაური იყო. გულდენშტედტმა დაწვრილებითი აღწერილობა დაგვიტოვა საქართველოსი და ჩრდილოეთ კავკასიისა. ძალიან საინტერესოა, რომ ერთი პატარა საკითხი ეხება ყვავილის ეპიდემიასაც, სადაც იოჰან გულდენშტადტიც აღნიშნავს, რომ ერეკლემ გარისკა და ნება დართო, კათოლიკე პატრებს, ყვავილის აცრები ჩაეტარებინათ მისი შვილისთვისო.
ასე რომ, ერეკლე მეორე ერთ-ერთი პირველი ნოვატორია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში.