კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოინი მოუწყო ვახტანგ რჩეულიშვილმა რუსუდან კერვალიშვილს იერუსალიმში და როგორ ცხოვრობს ერთ ოჯახში ორი ვიცე-სპიკერი

რუსუდან კერვალიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან და, შესაბამისად, ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. ცხოვრების კარგი პერიოდების გარდა,  ერთად ბევრი ტკივილის გადატანაც მოუხდათ, რის გამოც დღეს მათი ურთიერთობა  იმაზე განსხვავებულია, ვიდრე სიძე-ცოლისდას შორის შეიძლება იყოს. მათ უკან მოიტოვეს ის პერიოდიც, როცა ერთმანეთის ხასიათის შეცვლას ცდილობდნენ და ამ „ბრძოლაში“ გამარჯვებული ქალბატონი რუსუდანი დარჩა... ახლა, როდესაც პარლამენტის ყოფილი და მოქმედი ვიცე-სპიკერები მხოლოდ შვილებსა და შვილიშვილებს ვეღარ „იყოფენ,“ ღიმილით იხსენებენ წარსულს და იმასაც  გვიმხელენ, როგორ ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ ყველაზე მკაცრი ვიცე-სპიკერის „მორჩილ უმრავლესობაში“...


ვახტანგ რჩეულიშვილი: რუსუდანი მაშინ გავიცანი, როდესაც მაია მოვიყვანე ცოლად. დაოჯახებამდე რუსუდანმა ისეთი შემოწმება მომიწყო და ისე დამათვალიერა, გასათხოვარ გოგოს რომ ამოწმებენ (იცინის). კერვალიშვილების ოჯახში პანიკა იყო, ვინ არის ეს ხულიგანი ტუიო, – კითხულობდნენ. ამიტომაც ჩემს გასაცნობად წამოვიდა კომისია, რომელშიც შედიოდნენ: ზაზა დარასელი, რუსუდანი და ამათი ნათესავი ნუგზარ ხაჭაპურიძე. კომისიას ზაზა ხელმძღვანელობდა, მაშინ არც მას ვიცნობდი, თუმცა ბევრი რამ ვიცოდი მის მეგობრებზე. უშუალო კონტაქტი არ გვქონია, ზაზა სპორტით იყო გატაცებული, წერდა კიდეც. მე ქართულ მწერლობაშიც მოვიკოჭლებდი, იმის მიუხედავად, რომ გურამ რჩეულიშვილი ჩემი ბიძა იყო; ფეხბურთში, მით უმეტეს, მაგარი არიფი ვიყავი ყოველთვის. ჩვენი შეხვედრა შედგა რესტორან „მუხამბაზში“, სპეციალურ „სმატრენიაზე“. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, როგორ დასკვნას დადებდა „კომისია“ (იცინის). სუფრასთან მე და ზაზამ უცებ გამოვნახეთ საერთო ენა, ის პატიოსანი ექიმი ხაჭაპურიძე კი, რომელსაც გინეკოლოგიური სავარძლის გარდა არაფერი ჰქონდა ნანახი, ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდა. რუსუდანი იყო წყნარად, როგორც სჩვევია, მშვიდად და ნაზად მათვალიერებდა, ეტყობა მოვეწონე, რადგან ცოტა ხანში გზა გამეხსნა და ოჯახშიც მიმიპატიჟეს.

– ქალბატონო რუსუდან, მომავალი სიძის ვინაობა ასე ძალიან განერვიულებდათ?

რუსუდან კერვალიშვილი: ძალიან, ძალიან განვიცდიდი. დელეგაციის სამივე წევრს სხვადასხვა „პუნქტი“ გვებარა, ჩემი დეიდაშვილი ყველაზე კრიტიკულად იყო განწყობილი, მაგრამ ბოლოს მაინც სწორი დიაგნოზი დასვა – თქვა, რომ არ იყო ცუდი კანდიდატურა. მაიას წინასწარ ვყავდით გაფრთხილებული: თქვენ რა ამბავიც არ უნდა მოიტანოთ სახლში, ჩემგან კომპრომისი არ იქნება და მაინც გავყვები ცოლადო. იმ საღამომ, რომელიც არასდროს დამავიწყდება, მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენები ვახტანგზე.

– თქვენ თავიდანვე ცხოვობდით ერთად, როგორც ერთი დიდი ოჯახი. სხვადასხვა მენტალიტეტის ადამიანებს ერთად თანაცხოვრება არ გაგიჭირდათ?

ვახტანგ რჩეულიშვილი: გაგვიჭირდა და მერე როგორ! იმის მიუხედავად, რომ საქართველოში პატრიარქატიაო, ვამბობთ, სინამდვილეში მატრიარქატი მაინც არსებობს. როცა ახალი ოჯახი იქმნება, მამაკაცი მაინც მიდის ქალის ოჯახში და, შეძლებისდაგვარად იქაურ ჩვევებს იღებს. შეიძლება, ჩვენს შემთხვევაში ეს იმიტომაც მოხდა, რომ მაიას და რუსოს ძმა არ ჰყავდათ და მეც და ზაზაც გავხდით ამ ოჯახის წევრები. ეს საკმაოდ რთული იყო. მე პატარა ოჯახში ვიყავი გაზრდილი, ოთხნი ვიყავით. დედა და მამა მუშაობდნენ, დედა სახლში დაბრუნებამდე ბაზარში გაივლიდა, „თათარიახნად“ გააკეთებდა საჭმელს, ვისაც როდის უნდოდა, მაშინ ვჭამდით. ამ ოჯახში კი ისეთი წესები დამხვდა, გავოცდი. სუფრასთან 8-10 კაცი იჯდა ყოველდღე, ღვინოს მოიტანდნენ და სიმბოლურად, ერთი ჭიქა უნდა დაგელია, თითო ჭიქაზე სად შემეძლო გაჩერება, ბოლომდე მიყვარდა დალევა (იცინის). ჩემს ოჯახში ყველა ვისვენებდით წამოწოლილები, თან წიგნს ვკითხულობდით ხოლმე, ამათ ოჯახში რომ შემოვედი, თუ ღამე არ იყო, წამოწოლილ ადამიანს ვერ ნახავდი. თავიდან მაიას ვეუბნებოდი: ეს რა ხდება, რა მთელი დღე ცხენებივით დადიხართ, წამოწოლა არ იცით, რა არის-მეთქი?! (იცინის) ესენი რაჭველები არიან და ძალიან უყვართ განსაკუთრებული, ზრდილობიანი საუბარი: „შენ გენაცვალე“, „უდიდესი ბოდიში“, „გეთაყვა“... მე კახელი კაცი ვარ და, გინებაც ვიცოდი და უხამსი სიტყვებიც. ამათი ქცევები უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა, ჟუჟუნა სულ ბოდიშებით მელაპარაკებოდა, სადილის მოტანას თუ დააგვიანებდა ორი წუთით. ერთხელ, ახალი სიძე ვარ, ტაქსიში ჩავჯექი და ჩემთან უბანში წავედი. ტაქსის მძღოლს „უდიდესი გეთაყვა“ და „ბოდიში“ რომ ვეძახე, კაცმა ისე შემომხედა, ეტყობა, იფიქრა, პედერასტი ხომ არ არისო. დროზე „დავატორმუზე“ (იცინის). მერე ნელ-ნელა მეც შევეჩვიე ამათ წესებს, თავის ჭკუაზე გადმომიყვანეს. თუმცა, ერთი უჩვეულო რამეც დაგვემართა: ერთხელ მე და მაიას ქუჩაში ერთი ქალი მოგვვარდა და გვეუბნება: როგორ მიყვარხართ, ეს დები რჩეულიშვილებიო. თურმე მაია და რუსუდანი არიან დები რჩეულიშვილები, მე საერთოდ არ ვარსებობ, ვინ გავხდი, არ ვიცი (იცინის). ასეა, სინამდვილეში, ყველაფერს მართავენ ქალები, მხოლოდ შედეგს ჰქვია ჩვენი სახელი.

რუსუდან კერვალიშვილი: ვახტანგის შემოსვლა ჩვენს ოჯახში ძალიან საინტერესო იყო. როდესაც ის ნიშნობაზე მოვიდა ჩვენთან, მაიას აკოცა. ეს რომ ბებიამ დაინახა, ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახა. მაია არავის გვაბედვინებდა, რომ ვახტანგზე რაიმე გვეთქვა, ის გვერდიდან არასდროს შორდებოდა ქმარს, მისი ნამდვილი მეორე ნახევარი გახდა.

ვახტანგ რჩეულიშვილი: რუსუდანი, თავისი სიწყნარის მიუხედავად, ძალიან პრინციპული და შეუვალი ქალია. ღიმილით ისე გვაკონტროლებდა ხოლმე, ვერაფერს გახდებოდი მასთან. ვიყვირე, ვიყვირე ბევრი, მაგრამ მერე შევურიგდი იმ აზრს, რომ რუსუდანთან „ბრძოლაში“ არაფერი გამომივიდოდა. ძალიან მშვიდად და წყნარად ახერხებდა ჩემი და ზაზას „მორჯულებას“. ერთხელ დაგვიმალა შამპანური, რაზეც დიდი ჩხუბი მოვაწყვე. მე, ზაზა და რუსუდანი ტრამვაით მოვდიოდით, არც კი მახსოვს, საიდან, მერე ჩემთან მივედით სახლში – მე და ზაზას დალევა გვქონდა გადაწყვეტილი. რუსუდანმა ტრამვაიშივე გააქრო ჩვენი შამპანური, მე და ზაზამ დიდი ამბავი ავტეხეთ, მაგრამ არ გამოგვიჩინა. მაშინ ფანჯარაც კი გავიტანე თავით, მაგრამ რუსუდანთან ვერაფერს გავხდი...

– ქალბატონო რუსუდან, სიძემ, პოლიტიკის წყალობით, ალბათ, ბევრი სანერვიულოც გაგიჩინათ.

რუსუდან კერვალიშვილი: ჩვენ ერთმანეთის გამო ძალიან ბევრი ტკივილი გვაქვს გადატანილი, მაგრამ ოჯახის მთავარი პრინციპი ხომ ეს არის. მე მახსოვს, რა ხდებოდა ჩვენს ოჯახში, როდესაც დაიჭირეს ვახტანგის მამა, შალვა რჩეულიშვილი. ეს მოხდა ჩემს დაბადების დღეზე. წყნეთში სტუმრების მისაღებად ვემზადებოდით, როცა ეს ამბავი გაგვაგებინეს. ეს იყო დიდი ტრავმა ჩვენთვის. იმ პერიოდმა დაგვანახვა, ვინ იყო ჩვენი ერთგული და ვინ შემოგვეცალა გვერდიდან. მერე მახსოვს, როცა ერთმა ჩვენმა მეგობარმა მოახერხა და ციხიდან შალვას წერილი გამოგვიტანა. წერილი იყო დაწერილი ლექსად. დავსხედით მე, ზაზა, მაია, ვახტანგი, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანეთ. გადავირიეთ, მანამდე შალვას ლექსი არ ჰქონდა დაწერილი. მახსოვს, იმ მეგობარმა, წერილი რომ მოგვიტანა, დამწუხრებული სახით გვითხრა, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ შალვა ბიძია გაგიჟდაო.

ვახტანგ რჩეულიშვილი: ლექსი იწყებოდა ასე: „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ, ჩემი სამშობლო ის არის. სამმა ძმამ დავდეთ პირობა, მოწმე აღმოჩნდა აიდა...“ და რაღაც ასეთი სტრიქონები... ლამარა უკვე ტიროდა, ჩვენც გამოვიტირეთ შალვას „გაგიჟება“, თუმცა, მერე გავშიფრეთ წერილი და მასში თურმე დაცვის სტრატეგია იყო გადმოცემული.

რუსუდან კერვალიშვილი: მთელი ეს წლები „ვებრძოდი“ ვახტანგის ემოციურობასა და აგრესიას... თუმცა, ჩვენ უფრო მშვიდი ხასიათის ხალხი ვართ, ჩემი გაბრაზება ცუდია – გული თუ გამიტყდა, იქ მთავრდება ყველაფერი. ვახტანგს ეს თვისება არ აქვს, წამიერად შეიძლება აფეთქდეს, მაგრამ მერე აღარ ახსოვს არაფერი. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა ჩვენს ოჯახში, როცა ვახტანგი პოლიტიკაში იყო, მის ყველა სატელევიზიო გამოსვლაზე. მე და მამა მისვენებულები ვისხედით სავარძელში და ისე ვნერვიულობდით, რომ ვახტანგის საუბრის შინაარსი არ გვესმოდა. როცა ბორჯომის შესხმის ცნობილი ინციდენტი მოხდა, მე ძირს დავსვი ჩემი ახალდაბადებული შვილიშვილი და ისე დამავიწყდა ბავშვი, რომ მგონი, იმ დღეს აიდგა ფეხი (იცინის). ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ვახტანგს პოლიტიკური დაპირისპირებები არ ჰქონდა და ყველასთან კარგად იყო.

ვახტანგ რჩეულიშვილი: მე და ზურაბ ჟვანია, ძალიან რთულ პერიოდში აქ, ამ სახლში შევხვდით. ესენი სულ ცდილობდნენ, რომ ჩემი „ცეცხლის კერები“ ჩაექროთ (იცინის). სხვა ლიდერებთანაც ასე იყო, გია ჭანტურიაც იყო ჩვენთან საკმაოდ მძიმე დაპირისპირების დროს. მე მახსოვს ამერიკის ელჩის სიტყვები, რომელიც გადაირია ჩვენი შემხედვარე. ის დრო იყო, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთს ვამხობდით თავზე ყველაფერს. საღამოს დავპატიჟე ჩემთან კაკო ასათიანი, გია ჭანტურია, ზურა ჟვანია... ელჩებიც იყვნენ სტუმრად. გვიყურა ამერიკის ელჩმა, გვიყურა და გვითხრა: ხალხო, ისეთ დღეში ხართ, ჩემოდნებზე ვსხედვართ ყოველდღე, ჩხუბს რომ დაიწყებთ, არ ვიცით სად გავიქცეთ, აქ, სუფრასთან, ასე როგორ გიყვართ ერთმანეთიო (იცინის).

– ერთი ოჯახიდან ორი ვიცე-სპიკერი იშვიათი შემთხვევაა, სპიკერატის კულისები და ხეზე ასვლის წესები ასწავლეთ ცოლისდას?

– ეს მართლაც იშვიათი შემთხვევაა. არაფერი არ იკარგება ამქვეყნად. როგორც მე გავაგრძელე ზაზას გზა, ასე გააგრძელა რუსუდანმა ჩემი საქმიანობა. როდესაც რუსუდანი ვიცე-სპიკერი გახდა, მე ვიხუმრე: სააკაშვილმა თავისი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა, თითოეულ ქართულ ოჯახს მინიმუმ ორი ვიცე-სპიკერი ჰყავს-მეთქი. რუსუდანისთვის ხეზე ასვლის წესები არ მისწავლებია, თუმცა ეს მაინცდამაინც არ სჭირდება. პოლიტიკას ისეთი ბინძური წესები აქვს, ჯობია, არც იცოდეს. ერთადერთი, რასაც ვურჩევ, არის ის, რომ უწყების პირველ პირობას არ დათანხმდეს.

– სახლში რომელი ხართ ვიცე-სპიკერი?

– სახლში ჩვენი ვიცე-სპიკერია ლამარა, ჩვენ ვართ მისი მორჩილი უმრავლესობა. მას არ აინტერესებს, ვინ რომელ თანამდებობაზე ვმუშაობთ. თუ გინდა, რომ მოიგო ლამარას გული, არ უნდა შეეკამათო – გუკასგან ვისწავლე ეს. როცა ვერევი დების კამათში და ხან ერთის მხარეს ვიჭერ, ხან კი – მეორესას, ბოლოს ორივე უკმაყოფილო რჩება ხოლმე. გუკა კი ორივეს ეუბნება: შენც მართალი ხარ და შენცო. ახლა მეც ასე ვიქცევი. სიდედრთანაც ასე ვარ – როგორც კი ლამარა რამის თქმას დააპირებს, სანამ პირს გახსნის, ვამბობ: ხო, ლამარა, ნამდვილად ასეა-მეთქი (იცინის).

რუსუდან კერვალიშვილი: დედას შეუძლია, დამიქნიოს თითი ნებისმიერ დროს. მითხრას, რომ, თუ კიდევ დავაგვიანებ, სახლში აღარ შემომიშვებს.

– ქალბატონო რუსუდან, სიძე სიურპრიზებით განებივრებთ?

– დიახ, არასდროს გამორჩენია არც ერთი დღესასწაული. ქართველ მამაკაცებს უჭირთ ყვავილების მირთმევა, მაგრამ ეს არ ეხება ვახტანგს. ყველაზე დიდი სიურპრიზი მომიწყო იერუსალიმში, როცა მოულოდნელად დამხვდა იქ.

ვახტანგ რჩეულიშვილი: ევროპიდან მოვფრინავდი თბილისში, მაიამ დამირეკა და მითხრა, რუსუდანი ცუდ ხასიათზეა, იქნებ ჩახვიდე იერუსალიმში და სიურპრიზი მოუწყოო. მარშრუტი შევიცვალე და იქ ჩავფრინდი. მაიამ თავისი „შპიონაჟური ქსელი“ აამუშავა და მითხრა, როდის მივიდოდა რუსუდანი მაცხოვრის ტაძართან. გავაკეთე „მასკიროვკა“: ვიყიდე ქუდი, სათვალე, დიდი ფურცელი რომ ვერ ვიშოვე, ვიყიდე პლაკატი, რომელსაც რუსულად დავაწერე: „ქართველებისთვის ტაძარში შესვლა აკრძალულია – მოსკოვის საპატრიარქო“. ის პერიოდი იყო, როცა რუსულ-ქართული ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. რუსუდანმა ეს ლოზუნგი რომ დაინახა, ფერი ეცვალა. ძლივს დაიჯერა, რომ პლაკატის უკან მე ვიდექი, სულ „აი, სადამდე მივიდნენ ეს რუსებიო“, – ასე იძახა (იცინის).

– ასეთ ოინებს უბედავთ პარლამენტის ვიცე-სპიკერს?

– ახლა ყველაფერი შეიძლება... ახლა ცხოვრების ყველაზე მშვიდი პერიოდი მაქვს – არც ბიზნესში ვერევი და არც პოლიტიკაში, ვკითხულობ წიგნებს, ვუვლი ბავშვებს. მე და რუსუდანი ვეღარ ვიყოფთ შვილიშვილებს. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. ვარ ნამდვილი ბაბუა. ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ამპლუა აღმოჩნდა (იცინის).



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3