კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი შიში აქვთ „ნარკომანებს“ და რას ვერ ანებებს თავს გუგა კოტეტიშვილი


გუგა კოტეტიშვილის პირველმა კინოროლმა მაყურებელსა და კრიტიკოსებში ძალიან დიდი მოწონება და სერიოზული შეფასებები დაიმსახურა. ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, იქნებოდა თუ არა საინტერესო კიდევ ერთი ფილმი ნარკომანიაზე, მაგრამ „ქუჩის დღეებმა“ დაამტკიცა, რომ ეს პრობლემა ისევ საშიშად აქტუალურია. თუმცა, ფილმში, გარდა ამისა, ბევრი სხვა პრობლემაც არის წარმოჩენილი. გუგა კოტეტიშვილს ერთ-ერთ კაფეში, მის როლზე სასაუბროდ შევხვდით.


გუგა კოტეტიშვილი: არანაირი მსახიობური გამოცდილება არ მქონია. კინოსთან შეხება მქონდა, მაგრამ როგორც მხატვარს. ეს იდეა ფილმის პროდიუსერს გაუჩნდა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. თავიდან მერაბ ნინიძეს უნდა ეთამაშა, რომელმაც სხვა პროექტის გამო ჩამოსვლა ვეღარ მოახერხა. შემომთავაზეს და დავთანხმდი.

– რატომ დათანხმდით? ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო თუ ფინანსების გამო?

– ექპერიმენტი ნაკლებად მაინტერესებდა. რაღა დაგიმალოთ და, ფინანსების გამო (იცინის). ძალიან პრაგმატული და მარტივი მიზეზით. თან ძალიან მალე დამამტკიცეს – მხოლოდ ერთი სინჯის შედეგად. გადაღების დაწყება ეჩქარებოდათ. მეც უცებ დავთანხმდი. მერე კი დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ამისგან გამოსულიყო. რეჟისორს, ლევან კოღუაშვილს, ვუთხარი კიდეც, ახლა რასაც ვაკეთებ, ეს ჩემი მაქსიმუმია, მეტს ვერ შევძლებ. თამაშის ამ სტილს შემოგთავაზებ, და სხვას ვერაფერს, გადაწყვეტილება თავად შეგიძლია მიიღო-მეთქი.

– იდეალურად იყო თქვენი გმირი მორგებული ფილმს თუ თქვენ მოერგეთ გმირს?

– ეს ალბათ, უფრო რეჟისორის დამსახურებაა. ძალიან იოლი იყო მასთან მუშაობა, საერთოდ არ დავძაბულვარ და არ მინერვიულია. არ მაქვს ინტერვიუს მიცემის, კამერასთან ყოფნის პრობლემა და ამანაც ალბათ, გარკვეულწილად, განაპირობა ეს ამბავი. როლიც ისეთი იყო, ის ამბები, რაც ჩემ გმირს გადახდება, ასე თუ ისე, ყველას გამოვლილი, ნანახი აქვს – ქალაქელი ხარ და იცი რა ხდება. ამ ქალაქში გავიზარდეთ და „მოვიხარშეთ“ ჩვენც. ამიტომ, არანაირი წინასწარი მზადება არ ყოფილა როლისთვის. სახლში მსახიობები ალბათ, რაღაც სცენებს გადიან, არც ვიცი, ეს როგორ ხდება, განიცდიან რაღაცეებს. ალბათ, ისევე, როგორც მე ვიღელვებდი, დიზაინის კონკურსში რომ მიმეღო მონაწილეობა – მაშინაც კი, რომ მცოდნოდა გავიმარჯვებდი. რაც არ იცი, იმაზე ვერ იღელვებ. ამიტომ, პირდაპირ კადრშივე ხდებოდა ფიქრი ამა თუ იმ სცენის განვითარებაზე. ზურა ყიფშიძეს ვესაუბრებოდი, კომპლიმენტებს მეუბნებოდა და რამდენიმე ეპიზოდი ამოარჩია, მათ შორის, მანქანაში ბიჭთან დიალოგი. ამისთვის არ მოვმზადებულვარ. იქვე, ლოგიკიდან გამომდინარე, მიდიოდა თამაში. ვაფასებდით სიტუაციას და რეალურად როგორიც იქნებოდა, ისე ვთამაშობდით.

– ზოგადად, ეს თემა ისე აქტუალურია, რომ ისევ ღირს ამაზე ლაპარაკი?

– აუცილებლად ღირს. სხვათა შორის სულ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ ისევ ეს ნარკომანია, ისევ ამაზეა კინო?! – ეს სანამ ნახავდნენ. მერე აზრს ყველა იცვლიდა, რადგან ამ ფილმში აბსოლუტურად სხვაგვარად არის დანახული ეს პრობლემა და სხვა თემებიც არის წამოწეული. არ არის მარტო ნარკომანიაზე საუბარი, ნაჩვენებია მთელი საზოგადოების პრობლემა, ადამიანური მომენტები, სიკეთე. ზუსტად ასეთი შეფასება მისცეს ფილმს ამერიკაში, რადგან ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სატკივარი, მთელ მსოფლიოსაც ძალიან აწუხებს.

– მაგრამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა ამ სენმა თქვენ თაობას, რომელსაც „დაკარგულ თაობასაც“ კი უწოდებენ.

– ჩემი თაობიდან დაიწყო და პრინციპში, ბუმი ჩემს შემდეგ თაობაში მოხდა, ანუ, ეს პრობლემა უკვე მასობრივი გახდა. პირველი ომის – აფხაზეთის ომის შემდეგ წამლის მოხმარება ჩემზე უფროსმა თაობამ დაიწყო. მაშინ ჩემი ასაკის ხალხი სვამდა, მოქეიფეები იყვნენ. გამოუვალი სიტუაცია იყო, დეპრესიული ფონი და ხსნა ამაში ნახეს. რადგან პირველი, რასაც წამალი აკეთებს, დეპრესიული ფონის მოხსნაა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, დარჩნენ ყველაფრის გარეშე და იმ პრობლემების დავიწყება, რომლებიც აგიჟებდათ, ამ გზით მოახერხეს. შემდეგ ამას უკვე გართობის მიზნით იწყებდნენ და ახლა კი მესმის, ძალიან ბევრი გოგოც არის წამლის მომხმარებელიო. მე, რაც მახსოვს, ჩემი ბიჭობის დროიდან, თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ ნარკომანები. მერე გახდა ეს მასობრივი. გაჩნდა სხვა ტიპის, მძიმე ნარკოტიკები – სუბოტექსი, მეტადონი, მეტი ტოქსიკომანია, ბავშვები რაღაცეებს ყნოსავენ.

– ამის ფონზე კი ხდება ადამიანის პიროვნული დეგრადაცია? ფილმშიც კარგად ჩანს ეს მომენტი, როგორ კარგავენ ნარკომანები ყველა ადამიანურ ღირსებას.

– ღირსებას აკარგვინებს და საბოლოოდ, რაც მაგალითად, ჩემს გმირს რჩება – მიდის და თავს იკლავს. მიდის ძალიან ცუდ ფინალამდე, რომელიც ალბათ, ყველაზე არასწორი გამოსავალია. იცი რა, მერე უკვე ზღვარის დაჭერა ძნელია. ვიღაცეებს შეუძლიათ, რომ თავი შეიკავონ, რაც სამწუხაროდ, ძალიან იშვიათია.

– თუმცა, მომხმარებლებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება არ ახასიათებთ, ალბათ, მათთვის გამოსავალი წამლის სახით, ყოველთვის არსებობს.

– რა თქმა უნდა, ფილმში ბევრი სიტუაცია გამძაფრებული, მეტი რომანტიზმია. ეს არ არის დოკუმენტური კინო – მხატვრული ფილმია, სადაც სცენები გამძაფრებულია. მაგალითად, როდესაც მამა ვარდება, იქ ბარიგასთან მივარდება... ეს კინოა და შევთანხმდეთ, რომ ეს კინოს სჭირდება. რაც შეეხება, ჩემ პირად დაკვირვებას, რა თქმა უნდა, ნარკოტიკი სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე და აბოლუტურად ცვლის მას, მის ხასიათს. დამოკიდებული ხარ, რა მნიშვნელობა აქვს ეს წამალი იქნება, თუ ვთქვათ, სასმელი. ყველაფერზე მიდიან ალკოჰოლიკები, რომ ერთი ჭიქა სასმელი მოიპოვონ, რაც უფრო იაფი და იოლად მოსაპოვებელია. გაცილებით რთულია ნარკოტიკის მოპოვება. ამბობენ, რომ ნარკომანია უსაქმურებს უფრო ერევა, რომლებმაც არ იციან, რითი დაკავდნენ. ამ აზრს არაფრით ვეთანხმები, რადგან ის, რისი გამოვლაც მომხმარებელს უწევს ნარკოტიკის მოსაპოვებლად, ძალიან დიდ შრომასთან და რისკთან არის დაკავშირებული. ჯერ ერთი, უნდა იშოვოს ფული, მერე – იპოვოს ადგილი, სადაც წამალს იყიდის, გადალახოს დაჭერის შიში. ანუ, იმდენი სტრესია ამ გზაზე, რომ ბოლოს წამალს გაიკეთებენ და ეშვებიან. ამდენი სტრესის ფონზე ბევრი ფსიქიკური აშლილობაც იჩენს თავს. მძიმე, დატვირთული დღის შემდეგ, ეშვებიან. პოლიციის ბრძოლის მეთოდებს, შედეგი, რა თქმა უნდა, მოჰყვა – გამსაღებლები, მომხმარებლები შემცირდნენ, მაგრამ, დამოკიდებულება მათ მიმართ საშინლად შეიცვალა. შევთანხმდეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავადმყოფობა. მისი ციხეში ჩასმა, ოთხ კედელში ჩაკეტვა, მერე სახლის გაყიდვა იმისთვის, რომ ჯარიმები გადაიხადოს, ცოტა არასწორი მიდგომაა. პოლიციის მხრიდან შოკური თერაპია იყო ეს, მაგრამ ცოტა „ჟოსტკი“. მას, როგორც ავადმყოფს, არ უყურებენ. ეს იგივეა თუ C ჰეპატიტი გაქვს, ვუმკურნალოთ, მაგრამ თუ კაიფის გამო – გაქვს, არა! მოკვდი, მერე რა.

– დარჩა კი ამ ქალაქში რომანტიზმი, თუ ფილმში ეს ცოტა გაზვიადებულია?

– მგონია, რომ დარჩა. იცი რა, ამ ბოლო დროს ერთი საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე. ჯერ კიდევ „ზასტოის“ პერიოდიდან, როდესაც საუბარი იყო ქალაქის ესთეტიკაზე, მორალზე და სხვა... როგორც მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობდით, ისე ფიქრობდა დიდი ნაწილი. ახლა მივხვდი, რომ ასე არ არის. მე რომ რაღაცეები მგონია, ისე მხოლოდ ორი პროცენტი ფიქრობს. ეს ყველაზე მძიმედ აფხაზეთის ომის შემდეგ განვიცადე. მივხვდი, რომ თითქმის არავინ ფიქრობს ჩემნაირად. ადამიანებში ვიღაცას ძალიან უჭირს და შენ კიდევ უფრო მეტად აჭერ წიხლს; ვიღაცა კუბოს სახურავებს იპარავს და მერე ამაში ფულს ითხოვს... ეს ძალიან მასიურად გამოვლინდა. არადა მეგონა, ქართველებს ასეთი რამ არ გვახასიათებდა. მიუხედავად ამისა, ვიტყვი, რომ ჩემს გარშემო მაინც არის რომანტიზმი. ვიღაცას შეიძლება, ეს სიტყვები სასაცილოდაც არ ეყოს. ამიტომ, მიჭირს საზოგადოების სახელით ვილაპარაკო. ჩემს წრეში რომანტიზმი, მორალი, ესთეტიკა დარჩა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი, როცა ტელევიზორს ვუყურებ. მაგალითად იუმორი – ვერაფრით ვიგებ, რაზე ვიცინით. მარტოსაც კი რომ შეგრცხვება ტელევიზორის ყურებისას, ხომ წარმოგიდგენია, რა დონეა. ამაზე ოთხმოცდაათი პროცენტი სიცილით იხოცება და მათ საყურებლად ბილეთს ვერ იშოვი. გამცინებია რაღაცეებზე – ადამიანი რომ მაიმუნობს გეცინება, მაგრამ მაინც მგონია, რაღაც არასწორი ტალღაა შემოჭრილი.

– თქვენ წრეში ხართ ჩაკეტილი?

– მაქსიმალურად ვცდილობ ჩემ წრესთან ახლოს ვიყო. ამ მძიმე პერიოდში, გირჩევნია, ურთიერთობა იმ ადამიანებთან გქონდეს, ვისთანაც უკვე ყველაფერი გარკვეულია და ერთ ენაზე ლაპარაკობ.

– როგორია ოცდამეერთე საუკუნის თბილისი?

– შეცვლილია, ქალაქური მენტალიტეტი მოიშალა. რუსთაველზე სეირნობის სურვილი აღარავის აქვს. ახლა იქ ხალხის უზარმაზარი ტალღა ძალიან ჩქარა დადის. იცი, როგორ მიკვირს, როდის და როგორ დავდიოდით უმობილუროდ, როგორ ვპოულობდით ერთმანეთს მხოლოდ სახლის ტელეფონით და ვაკეთებდით საქმეს. ახლა ტუალეტშიც კი მობილურით შევდივარ. მეშინია, ვინმემ არ დამირეკოს. ეს არანორმალურია. თუმცა, მე მაინც ნაკლებად შემცვალა ამ დრომ. მართალია, ტელეფონი მაქვს, მაგრამ კომპიუტერის ჩართვაც კი არ ვიცი. ამიტომ, სულ ვამბობ, მეოცე საუკუნის ადამიანი ვარ, – იმ რიტმით, შეხედულებებით, რომელიც იმ დროს იყო. შეიძლება, ეს უკეთესი იყოს ჩემი ბიზნესისთვის. არ მაქვს საიტი, არ ვნახულობ იმეილს. ვიღაცას შეიძლება, უნდა და ვერ მპოულობს.

– ძალიან ბევრი ბავშვი ისევ ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობს, არ იღებენ შესაბამის განათლებას.

– კი, და ეს ძალიან მტკივნეულია. მერე რაღაც გართობა მოუნდება. პირველად ნარკოტიკს გასინჯავს, მერე ხედავს რომ – ვა, რაღაც განსხვავებულია და იწყებს მის სისტემატურ მოხმარებას.

– გაგისინჯავთ ოდესმე ნარკოტიკი?

– კი. ძალიან რომ არ გავიპრანჭო, გეტყვით, გასინჯული მაქვს, ისევე როგორც ძალიან ბევრს ჩემი თაობიდან. ამიტომაც გამოჩნდა ფილმში, რომ ვიცი და რაღაცეებს ბუნებრივად ვთამაშობ. თუმცა, შევძელი, რომ ამ სიტუაციიდან გამოვსულიყავი. მართლა ძალიან ბევრი საქმე მქონდა, დაკავებული ვიყავი. რომ გასინჯო და შემდეგ მასზე დამოკიდებული არ გახდე, არ მოჰყვეს სირთულეები, გასინჯავ, რატომაც არა. ღვინოს რომ სინჯავ, ხომ არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლიკი ხდები, მაგრამ ის გაცილებით მოკლე დროში გხდის დამოკიდებულს. ჩათრევის დიდი ძალა აქვს, მიეჩვევი და ცუდად ხარ. სიგარეტი აიღე, ვიცი, გვნებს, გვკლავს, მაგრამ დღეში სამ „პაჩკას“ ვეწევი, ვერ ვანებებ თავს. ბევრად უფრო რთული გადასალახავია ნარკოტიკზე დამოკიდებულება. ამიტომ ჯობია, არ გასინჯოს არავინ. ვფიქრობ, ეს კინოც ამისკენ მოუწოდებს და თუ ერთ ბავშვს მაინც გადავაფიქრებინებთ ნარკოტიკის გასინჯვას, მაშინ საქმე გაკეთებულია. იმედი მაქვს, უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი.


скачать dle 11.3