რა საერთო აღმოაჩინა „ილუზიონის“ წამყვანმა ოთარ სეფიაშვილმა ამერიკაში ებრაელ მხატვარსა და ფიროსმანს შორის
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს 80-იან წლებში საქართველოს პირველ არხზე გადაცემა „ილუზიონი“, რომელსაც თექვსმეტი წლის განმავლობაში არც ფორმატი შეუცვლია და არც წამყვანი. ოთარ სეფიაშვილი ფილმის დაწყების წინ მაყურებელს ძალიან სასიამოვნო ხმით ესაუბრებოდა ეკრანიდან ქართული თუ უცხოური ფილმების გადაღებებისა და მსახიობების კადრს მიღმა ისტორიებზე.
კინომცოდნე და ჟურნალისტი ოთარ სეფიაშვილი ახლა ოთხმოცი წლის გახლავთ. ის საქართველოდან ამერიკაში შვილთან ცამეტი წლის წინათ წავიდა იმ პირობით, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდებოდა, სადაც ბევრი ახლობელი, მეგობარი და თავისი კინოარქივი დარჩა.
– ბატონო ოთარ, როგორ ცხოვრობთ ამერიკაში, რას საქმიანობთ?
– ჩემი ქალიშვილი ისრაელში ცხოვრობს. იქ გათხოვდა, ორი შვილი ჰყავს. ვაჟი ონკოლოგია, თბილისში, ონკოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. შემდეგ ნიუ-იორკში მიიწვიეს, რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი აქვს. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მე და ჩემი მეუღლე აქ მათი დაჟინებული თხოვნით ჩამოვედით. რასაკვირველია, ჩემი ასაკის კაცს აღარ შეეფერებოდა ის, რომ სამსახური მომეძებნა. ენის ბარიერიც არსებობდა. როცა ჩამოვედი, უკვე 12 წიგნის ავტორი ვიყავი. ახლა, ქართულ და რუსულენოვან პრესაში ვმოღვაწეობ. ნახეს, რომ პროფესიონალის ნამუშევრებია და დღესაც სიამოვნებით იღებენ ჩემს სტატიებს. აქაც დავწერე წიგნები. ერთ-ერთი ხუთასგვერდიანია – „ჩემი ცხოვრების წიგნი“ ვუწოდე, რომელიც საზოგადოებამ აქ და ისრაელშიც კარგად მიიღო. მეორე ბიბლიურ თემაზეა. ამჟამად საინტერესო თემაზე ვმუშაობ. ეს არის, ფაქტობრივად, პირველი წიგნი ქართველ-ებრაელ მხატვარ შალომ კობოშვილზე. როგორც იცით, ებრაელობაში მხატვრობა ყოველთვის პრობლემა იყო, იმიტომ რომ რჯულით აკრძალული ჰქონდათ ხატის შექმნა. აი, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან ტაბუ დაირღვა: დაიწყო და გამოჩნდა კაცი, რომელსაც ხშირად ფიროსმანს ადარებენ. ადამიანი, რომელმაც ეს მხატვარი აღმოაჩინა და მასზე ნარკვევი დაწერა და გამოაქვეყნა, ჩემი ახლობელი იყო. მისგან ბევრი რამ გავიგე. საბედნიეროდ, მეხსიერება ყოველთვის კარგი მქონდა და დღემდე შემომრჩა წლოვანებისა და ამდენი სიგარეტის წევის მიუხედავად. არ მინდა, ეს ყველაფერი თან წავიღო სამუდამოდ და არაფერი დარჩეს ამ უიშვიათეს მოვლენაზე. ებრაელი ერი ერთადერთი ერია, რომელმაც სულიერი სიახლოვე გამოავლინა ქართველების მიმართ, სწორედ მაშინ, როცა ეს საჭირო იყო. ჩემი შეხედულება მაქვს ფიროსმანზეც. მისი შემოქმედება ჩემებურად მესმის.
– როცა ამერიკაში თქვენი გამგზავრება გადაწყდა, ალბათ, ფიქრობდით, როგორ იცხოვრებდით უცხო ქვეყანაში, როგორ შეეგუებოდით გარემოს, უცხო მენტალიტეტის მქონე ხალხს, რა საქმეს წამოიწყებდით...
– აქ რომ მოვდიოდი, არც ბინა გამიყიდია და არც ჩემი არქივი წამომიღია. ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო, ჩემს შვილს ცოტას წავეშველები რამეში, მხარში ამოვუდგები-მეთქი. თან საქართველოში არეული პერიოდი იყო. ვიფიქრე, ქვეყანა დამშვიდდება, ბევრი რამ მოგვარდება, ამასობაში ჩემი ოჯახური მდგომარეობაც გაირკვევა და სახლში დავბრუნდები-მეთქი. მით უმეტეს, რომ არასდროს არც მთავრობასთან და არც სამსახურში ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი არ მქონია. იმ დროს ტელევიზიის შეფი არჩილ გოგელია იყო და მკითხა: მითხარი, ვინ დავნიშნო შენ ადგილზე დროებითო. რომ ჩამოხვალ, ჩვეულებრივად განაგრძობ მუშაობასო. ეს სიკეთე და სითბო არ დამვიწყებია. ეს კიდევ თავისებურად მაძლებინებდა. ემიგრაცია ყველა ადამიანისთვის უბედურებაა. რა არაჩვეულებრივი პირობებიც უნდა ჰქონდეს, მილიონერიც რომ იყოს, საშინელი განცდები აქვს. ამერიკა მართლაც უიშვიათესი ქვეყანაა. ყველანაირ პირობებს გიქმნის იმისთვის, რომ იცხოვრო, მით უმეტეს, ხანში შესულმა ადამიანმა. ძალიან უმადური უნდა ვიყო, რასაც ამერიკა მიკეთებს, ეს ყველაფერი რომ არ დავინახო. ყველა და ყველაფერი მომენატრა, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს. ჯანმრთელობის მხრივ ძალიან მიჭირს. რაც ათი, თუნდაც რვა წლის წინ შემეძლო, დღეს აღარ შემიძლია. თავიდან გამიჭირდა ის, რომ აქ სულ სხვა მენტალიტეტი არსებობს ადამიანებთან დამოკიდებულებაში. აქ შვილის გარდა ახლობელი არავინ მყავდა. ამიტომ წერამ გადამარჩინა. ჩემს თავში ვიკეტებოდი და ვწერდი იმას, რაც მსურდა, იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მიყვარდა, 66 წლის ვიყავი, როცა წამოვედი. არავინ თქვას, რომ ამ ასაკში უცხოეთში წავა და ისე ისწავლის ენას, როგორც პროფესიონალი. ამ ასაკში პროფესიონალურ ინგლისურს ნამდვილად ვერ ვისწავლიდი და არც მომიკლავს თავი. ისიც საკმარისი იყო ჩემთვის, რასაც ურთიერთობებით შევიძენდი.
– ჩვენი ქართული, ტრადიციული სუფრა და მოლხენა არ გენატრებათ?
– ქართული კერძები იმდენად არ მენატრება, რადგან ისეთი მეუღლე მყავს, რომელიც არც სულგუნს მაკლებს, არც გუდის ყველს და არც ღომს. აქ კვება არ არის პრობლემა, სულიერი ურთიერთობებია პრობლემა.
– მახსოვს, თქვენი გადაცემის დაწყებას ყველა როგორ მოუთმენლად ველოდით. სწორედ იმიტომ, რომ თქვენი სასიამოვნო ხმის ტემბრი, საუბარი მოგვესმინა. თავად თუ გრძნობდით ამ სიყვარულს და სითბოს?
– ყოველთვის მორიდებული კაცი ვიყავი. სიყვარულს როგორ არ ვგრძნობდი! ქუჩაში რომ მიდიხარ, მანქანას გიჩერებენ და გთავაზობენ – დაბრძანდით, საით მიდიხართ, წაგიყვანთო. ან ბაზარში შედიხარ და გამყიდველი გეუბნება: ჩემგან წაიღე, როგორიც გინდა. უფასოდ წაიღე, ოღონდ წაიღეო. ეს სიყვარულია, აბა, რა არის?! ამას ხომ სხვაგან ვერსად გაიგებ? „ილუზიონი“ ჩემს ცხოვრებაში მართლა ილუზიასავით აღმოჩნდა. ძალიან პოპულარული იყო, ხალხს შეუყვარდა, იმათაც კი, ვინც ამბობდა, რომ „ილუზიონი“ ქაჯების გადაცემააო. გადაცემებს კასეტებზე იწერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემოსული იყო კასეტებზე ფილმები. მეტსაც გეტყვით, ჩვენთან ოჯახში გერმანიიდან სტუმრად იყო ჩამოსული ერთი საკმაოდ მომხიბვლელი ქართველი ქალბატონი და მან ასეთი რამ მითხრა: თქვენს გადაცემებს ვიწერდი და მერე ვშიფრავდი. ეს ყველაფერი გერმანიაში წავიღე, როცა გავთხოვდი. რაღაც პერიოდის განმავლობაში დათრგუნული ვიყავი, რომ საქართველოდან შორს ვიმყოფებოდი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და საშინაო „ილუზიონი“ გავხსენი. ბევრს გაუჩნდა სურვილი, ჩემთან სახლში მოსულიყო და ეს გადაცემა ენახა. თქვენ გადამარჩინეთო – ასეთი უამრავი ქართველი მხვდება აქ. მახსოვს, ქუჩაში რომ მივდიოდი, გოგონებს გული მისდიოდათ. არც მოშურნეები დამკლებია, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, ვინ რით სუნთქავდა. ცხოვრება ცხოვრებაა, ჩემო კარგო. ტელევიზიაში რომ მივედი და მხატვრული გადაცემების მთავარ რედაქტორად დამნიშნეს, 39 წლის ვიყავი. 27 წლის განმავლობაში ვიმუშავე. „ილუზიონი“ ეკრანზე 16 წლის განმავლობაში გადიოდა. ხანდახან სიზმარშიც ვხედავდი. ადამიანი თუ ხარ, ადამიანად დარჩები, თორემ პირუტყვი ყველგან ბევრია.
– რეალურად რომ მოგეცეთ საშუალება, რა გადაცემას გააკეთებდით სიამოვნებით მანდ, ამერიკაში?
– ამერიკა ისეთი ქვეყანაა, რომ არანაირი „ილუზიონი“ არ სჭირდება. იქ დამხვდა ის, რაც გაცნობიერებული არ მქონდა და რისთვისაც ბევრჯერ მიბრძოლია. როდესაც კინოზე წერა დავიწყე, რასაკვირველია, არქივებს მივმართე და რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, ის იყო, რომ კინოფირებზე დოკუმენტური მასალა აღარ იყო დარჩენილი. მაგალითად, არ არსებობდა ნატო ვაჩნაძის სიცოცხლეში გადაღებული კადრები, რომელიც მაშინ ძალიან მჭირდებოდა. მერე, ტელევიზიაში რომ მოვხვდი და კინოსაზოგადოებაში ასე თუ ისე უკვე ავტორიტეტი მქონდა, რამდენჯერმე შევკრიბე კინოოპერატორები და ვუთხარი: ხომ ვიცი, რამდენ ფირს ხარჯავთ. სამასი მეტრი ფირი ერთი კოლოფია. ნუ გაყიდით კაპიკებში ამ ფირს, ხელში კამერა გიჭირავთ, თქვენი დავალებაც შეასრულეთ და ზოგჯერ ეგ კამერა მოაბრუნეთ და ან რეპეტიცია, ან საუბარი, ცხოვრებისეული მომენტები დააფიქსირეთ, რომ კინოს მატიანე დარჩეს-მეთქი. არ დამიჯერეს. აი, ამაზე მტკიოდა ყველაზე მეტად გული. აქ რომ ჩამოვედი და ვნახე, რომ ამერიკის კინოსტუდიებს ეს განძი უდევთ, აღფრთოვანებული დავრჩი. თავად ათი დოკუმენტური ფილმი მაქვს გადაღებული.
– პირად ცხოვრებაში თუ გიგრძნიათ თავი უიღბლო ადამიანად?
– რამდენი გოგო შემყვარებია ახალგაზრდობაში და უარი უთქვამთ, ყველაფერი უიღბლობა ხომ არ იყო?! პროფესიულ ცხოვრებაში კი, რამდენიც გნებავთ, იმდენჯერ მიგრძნია უიღბლოდ თავი.