კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის უფროსად დანიშნეს თამთა ძლიერიშვილი და რა გამოცდებს აბარებს ის ყოველ ღამით მეუღლეს


გადაცემა „საპნის ქაფის“ წამყვანმა, მომხიბლავმა თამთა ძლიერიშვილმა, ახლახან ახალი ამპლუა მოირგო – ის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისი ¹3 ქორწინების სახლის (რომელსაც „უზნაძის ქორწინების სახლსაც“ ეძახიან) უფროსი გახდა. თამთა ახალ სამსახურში თავს მშვენივრად გრძნობს და ცდილობს თანამშრომლებთან ერთად, წყვილებს დაუვიწყარი საღამო მოუწყოს.


თამთა ძლიერიშვილი: ახალი სამსახური ძალიან მომწონს, საინტერესოა, ეს სწორედ ის სამსახურია, რომელიც სწორედ მე მჭირდებოდა. ვფიქრობთ, შემოქმედებითად ვუდგებით ყველაფერს, ქორწინება ლამაზი და ინდივიდუალური რომ იყოს. მთელი ჯგუფი ვმუშაობთ იმაზე, რომ ახლო მომავალში ბევრი სიახლე გვქონდეს, რამდენიმე სახის რიტუალი გავაკეთოთ. მოკლედ, ჩვენთან ხელის მოწერა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.

– ეს შენთვის ახალი ამპლუაა, განსხვავებული სტილი...

– ახალი ამპლუაა და ამ სფეროსთან არასდროს მქონია კავშირი. თუმცა, ეს საქმეც შემოქმედებას უკავშირდება, ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში და ყველას უნდა, რომ ის განსაკუთრებით ლამაზი იყოს. ვცდილობ, გამოვიყენო ჩემი ტელევიზიაში დიდი ხნის მუშაობით მიღებული გამოცდილება, თუნდაც, იმ სერიალებიდან გადმოვიტანო მომენტები, რომლებზეც გადაცემაში ვლაპარაკობდი. მინდა, რომ ყველას გავულამაზოთ ეს დღე და, რაც მთავარია, ამაში ყველა მიწყობს ხელს.

– როდესაც ახალდაქორწინებულ წყვილებს ხელს აწერინებ, ალბათ, შენი ქორწინებაც გახსენდება.

– სულ მახსენდება ჩემი ხელის მოწერა, კონკასთან მოვაწერეთ, იმიტომ, რომ მაშინ ჩვენი ქორწინების სახლი დაკეტილი იყო. მართლა სიზმარივით, ზღაპარივით იყო, ტკბილად ვიხსენებ. კარგად მახსოვს ძალიან ლამაზი გოგონა, რომელსაც ახლა უკვე პირადად ვიცნობ. როდესაც ის გამოვიდა, რომ დაერეგისტრირებინა ჩვენი ქორწინება, უცებ ჩემი ქმრის მეგობრები გაჩუმდნენ და ყველამ ერთხმად მხოლოდ ერთი რამ თქვა – რა ლამაზიაო. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ერთ-ერთი კითხვა იყო, ხომ არ გაასაჩივრებთ, კარგად დაფიქრდითო.

– ბევრი იფიქრე?

– არა, ნამდვილად არ მიფიქრია ბევრი, დათოს ხომ – საერთოდ. თან, ჯვარი უკვე დაწერილი გვქონდა. მეთერთმეტე წელია, რაც ერთად ვართ.

– როგორი უფროსი ხარ?

– ჯერჯერობით, ახალი უფროსი ვარ და, როგორც ამბობენ, ახალი ცოცხი კარგად გვისო. მთავარია, როგორ გარემოცვაში გიწევს მუშაობა, ვისი თანამშრომელი ხარ – ამას აქვს მნიშვნელობა და არა უფროსობას. აქ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ, რასაც დავისახავთ მიზნად, ყველას ერთად მიგვყავს ბოლომდე.

– ცხოვრების სტილიც შეგეცვალა?

– ვცდილობ, ამ სტილზე გადავეწყო. დილის ათის ნახევრიდან საღამოს შვიდის ნახევრამდე არასდროს ვყოფილვარ ტელევიზიაში, მთელი დღის განმავლობაში ხან სად გავრბოდი, ხან კიდევ – სად, ხანაც ღამეებს ვათენებდი მონტაჟის დროს. აწყობილი სამუშაო გრაფიკი არასდროს მქონია, თუმცა, აქაც არის მომენტები, როდესაც ღამის 10 საათამდე უნდა ვიყო სამსახურში, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის უცხო ხილი. ანუ, აქ უფრო აწყობილია ყველაფერი, ტელევიზიაში კი ყველაფერი გიჟურად ხდებოდა, სულ გადარბენებზე ვიყავი. ახლა უფრო მშვიდად ვარ და მიიოლდება მუშაობა.

– მოგწონს ასეთი თამთა? ცოტა აკადემიურიც ხომ არ გახდი?

– კი, ძალიან მომწონს, აკადემიური არ ვარ, პირიქით, ძალიან თავისუფალი ვარ. ვცდილობ, ქორწინების შესახებ კანონები და საჯარო სამართალი უკეთესად შევისწავლო, გავიმეორო, ამიტომ, ღამით, ძილის წინ წიგნი მიჭირავს ხელში, ძალიან საინტერესოა.

– ალბათ, შენი მეუღლეც გეხმარება. როგორც ვიცი, მას ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

– კი, განსაკუთრებით ძილის წინ მეხმარება. ამ მხრივ მქონდა ცოდნა, მაგრამ პრაქტიკულად არ მიმუშავია, ამიტომ მისი გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყოველ საღამოს ვაბარებ გამოცდებს რამე ხომ არ შემეშალა, ხომ სწორია-მეთქი.

– როგორი გამომცდელია?

– ძალიან მკაცრია, სისხლს მიშრობს, არაფერს მპატიობს. როდესაც გამომეტყველებას შეიცვლის, უკვე ვიცი, რომ ცუდადაა ჩემი საქმე. ჯერჯერობით მისი მხრიდან შექება არ დამიმსახურებია.

– ძველი ცხოვრების ნოსტალგია გაქვს?

– დიახ, განსაკუთრებით ჩემი მეგობრები მენატრებიან, ისინი მხოლოდ ჩემი თანამშრომლები არ იყვნენ, ჩვენ ერთმანეთთან სხვა ურთიერთობა გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ, სამუშაო გარემო მომენატრა, „იმედი“, ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლი იყო, შვიდი წელი ცოტა არ არის.

– ხშირად, ადამიანები ამბობენ, რომ ქორწინებაში, თანაცხოვრების დროს, არსებობს კრიზისული წლები. შენსა და დათოს ურთიერთობაშიც თუ დამდგარა ასეთი პერიოდი?

– ყოფილა შემთხვევები, როდესაც გვიჩხუბია, გვიკამათია, მაგრამ, არ გვქონია ისეთი კრიზისული მომენტები, რომ მერე მეთქვა – ვაი, ეს წელი, ეს დრო არ გამახსენო-მეთქი. ანუ, ჩვენი კამათი, გაბუტვა დიდხანს არასდროს გაგრძელებულა. მე არ მიყვარს გაბუტვა და, თუ რამეა სათქმელი, პირდაპირ ვეუბნები. განსაკუთრებით რთული იყო ჩემთვის ქორწინების პირველი წელი, თუმცა, არა დათოსთან ურთიერთობაში. უბრალოდ, დილით, რომ ვიღვიძებდი, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიყავი სხვაგან. თან, ორსულად ვიყავი და მაშინვე ტირილს ვიწყებდი დედიკოსთან მინდა-მეთქი. მომკიდებდა დათო ხელს, პარალელურ ქუჩაზე გადამიყვანდა და მიმიყვანდა დედიკოსთან. მერე ვხვდებოდი, რომ არც იქ მინდოდა ყოფნა და ისევ ვიწყებდი ტირილს – სახლში მინდა, წამიყვანე-მეთქი. დათოც იჯდა თავისთვის წყნარად, წამიყვანდა-წამომიყვანდა და მთელი წლის განმავლობაში ასე დავდიოდით წინ და უკან. სულ მეტირებოდა და დათო მოთმინებით იტანდა ყველაფერს – რა უნდა ექნა, უკვე მისი კანონიერი ცოლი ვიყავი!

– რა არის მთავარი იმისთვის, რომ მეუღლეებმა ოჯახური თანაცხოვრება, ურთიერთპატივისცემა შეინარჩუნონ?

– მთავარი მაინც სიყვარულია, თუ ეს გრძნობა არსებობს, მაშინ ყველაფერს, იმ რთულ პერიოდებსაც, იოლად გადალახავ. საერთოდ, არსებობს ორი განსხვავებული ხასიათის ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთი უნდა გაიცნონ, უნდა იცოდნენ, ვინ ვინ არის, იმიტომ რომ, ქორწინება მხოლოდ ფურცელზე ხელის მოწერა არ არის. ფაქტობრივად, მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დგება და ცხოვრებას იმ წუთიდან იწყებ თავიდან, როდესაც ქორწინებას არეგისტრირებ. ქორწინებამდე მხოლოდ საკუთარი თავი გაბარია, საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი, ქორწინების შემდეგ კი უკვე სხვა ადამიანზეც იწყებ ზრუნვას. ასეთ დროს, თუ სიყვარული არ არსებობს, ორივეს გაუჭირდება ერთად ყოფნა. მეგონა, მიყვარდა და აღარ მიყვარსო – ასეთი რაღაცეები აღარ არსებობს. თუ ადამიანი შეგიყვარდება, ესე იგი, ის გიყვარს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და არ გავიწყდება. თანაცხოვრების დროს ადამიანები ერთმანეთს უკეთ იცნობენ და ორივე მხარე ცდილობს, ერთმანეთისთვის ყველაფერი გააკეთოს. როცა მეც კარგად ვარ და ისიც, როდესაც ორივე კარგად ვართ ემოციურად, საბოლოო ჯამში, დგება იდილია და ეს იდილია, ერთმანეთისთვის ზრუნვა – ყველაზე დიდი ნეტარებაა.

– სიყვარული ცვლილებებს, ეტაპებს გადის?

– თავიდან სხვანაირად გიყვარს, მერე უფრო ღრმად გიყვარდება, მასზე სხვანაირად იწყებ ზრუნვას, დარდს, შეყვარებულობის პერიოდში კი ეს უფრო ზედაპირულია. უხეში შედარებაა, მაგრამ, ვიტყვი, რომ აიღებ ცომს, ხელში გიჭირავს, ფაფუკია, გინდა, რომ ჩაეხუტო, მაგრამ ეს ზედაპირულია, ხოლო, როდესაც მოზელას იწყებ, გემრიელად მოზელას, გსიამოვნებს ეს პროცესი. სიყვარულიც დაახლოებით ასეთია.

– ამბობენ, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც დაეტევაო.

– ცულის ტარი და ერთი საბანი არ ვიცი მე, იმიტომ რომ, მე და დათო სულ საბანზე ვჩხუბობთ, შესაბამისად, ცულის ტარიც არ გვაქვს, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. სიყვარულში მთავარი თავისუფლებაა, არ უნდა შეიზღუდო. ვისაც სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია, ის ყოველთვის კომპლექსდება და იზღუდება. თუმცა, ნებისმიერი ადამიანი, როდესაც თავის მეორე ნახევარს შეხვდება, აუცილებლად გაიხსნება და აღარ დაკომპლექსდება.


скачать dle 11.3