სად დაუპატიჟა მეგობრები დაბადების დღეზე თამუნა რცხილაძეს ესპანელმა მეუღლემ და როგორ ატარებენ ისინი საღამოებს მონსერატის მთასთან
მომღერალ თემო რცხილაძის შვილი, თამუნა რცხილაძე, რამდენიმე წელია, ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს. სულ ახლახან კი ის ესპანელ რალისტს გაჰყვა ცოლად. თითქმის ყველა სფეროში, რომელშიც ძალები მოსინჯა, წარმატებებს მიაღწია და რაც მთავარია, ის სასიამოვნო და კარგი ადამიანია.
თამუნა რცხილაძე: სამ წელიწადზე მეტია, რაც ბარსელონაში ვცხოვრობ, ვმუშაობ და სწავლის დაწყებასაც ვგეგმავ. რაც შეეხება ჩემს სამსახურს, ეს არის ინგლისური ტანსაცმლის ძალიან ცნობილი მარკა „ოლსენტსი“ და მათთან ვმუშაობ. თავიდან ბარსელონაში ჩამოვედი, როგორც ჩოგბურთელი, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი და, თან, ვთამაშობდი, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო, ვეღარ გავაგრძელე მუშაობა. შემდეგ „ოლსენტსი“ დაინტერესდა ჩემით და ახლა უკვე მათთან ვთანამშრომლობ. ამ კომპანიას თავისი ოფისები, მაღაზიები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, თითოეულ მათგანს კი თავისი მენეჯერი ჰყავს. სანამ იქ დავიწყებდი მუშაობას, მანამდე მენეჯმენტის კურსები დავამთავრე. როდესაც ბარსელონაში მათი ოფისი და მაღაზია იხსნებოდა, ქასთინგი ჩაატარეს, ამიყვანეს სამსახურში და კონტრაქტი დამიდეს. ახლა მთავარი მენეჯერი ვარ.
– ძალიან დატვირთული ხარ?
– დღეში რვა საათი სახლიდან გასული ვარ, ხანდახან სამსახურიდან ინგლისში ან საფრანგეთში მიწევს წასვლა; ზოგჯერ ეს ერთ დღეს გრძელდება, ზოგჯერ ერთ კვირას ან ერთ თვესაც – გააჩნია, რა საქმე მაქვს.
– შენც, ალბათ, მათ სამოსს ატარებ.
– კონტრაქტში შედის, რომ უნდა გვეცვას ამ მარკის სამოსი და ამისთვის თანხაც არის გამოყოფილი. ხშირად მიწევს სხვა ქვეყნებში წასვლა-წამოსვლა, შემიძლია, სხვა მარკის სამოსი ვატარო, მაგრამ, ისეთი კარგია ამ მარკის ტანსაცმელი, რომ, მირჩევნია ეს მეცვას. ჩვენი მარკის სამოსს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იცვამს, მომღერლები, მსახიობები... მაგალითად რიჰანა ატარებს ჩვენს სამოსს, ფეხსაცმელს.
– ჩოგბურთს ბავშვობიდან თამაშობ?
– 6 წლიდან ვთამაშობ ჩოგბურთს. მამას ძალიან მოსწონდა სპორტის ეს სახეობა, მან შემიყვანა იქ და სულ მას დავყავდი. ხშირად დავდიოდი შეჯიბრებებზე რუსეთში და მეც ძალიან შემიყვარდა ჩოგბურთი, ის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ამ მხრივ სერიოზული წარმატებებიც მქონდა. ალიკა მეტრეველის კორტებზე დავდიოდი, რამდენჯერმე ავიღე პირველი ადგილი, მეტრეველის თასი და, ჩემზე ერთი წლის უფროსებთან შეჯიბრებაშიც პირველ ადგილზე ვიყავი.
– როგორც მივხვდი, ბავშვობიდან საკმაოდ დამოუკიდებელი იყავი.
– დედას და მამას არასდროს არაფერი აუკრძალავთ ჩვენთვის, არაფერზე უთქვამთ უარი, თუმცა, არც ჩვენ ვიყავით ცუდი ბავშვები. მამა ყოველთვის ყველგან მიშვებდა. 17-18 წლის ვიყავი, როდესაც შრი-ლანკაში, პირველად გავემგზავრე მარტო, კონკურსზე „მის ტურიზმ ინტერნეიშენალი“. მაშინ სოფო ჭყონიას სააგენტოში დავდიოდი და ქასთინგზე გავედი. კონკურსის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსული, ფოტოები გადამიღეს და მე ამირჩიეს. სულ მარტო გავემგზავრე, ძალიან კარგი კონკურსი იყო, სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ გოგონები. მე გავხდი „მის ფოტოგენურობა“. შემდეგ სააგენტოდან რამდენიმე გოგონა ვიმყოფებოდით ფლორენციაში – ერთ-ერთი აკადემიის 20 წლის იუბილე იყო და ჩვენებები გვქონდა. ამის შემდეგ, როგორც მოდელს ხშირად მიწევდა, იტალიაში ჩასვლა, გადაღებები მქონდა, გერმანიაშიც ვიყავი რამდენიმე თვის განმავლობაში, სულ ასე ვმოგზაურობდი იტალია-გერმანიაში და ბოლოს ესპანეთში ჩამოვედი.
– ყველა საქმეს, რასაც ხელი მოჰკიდე, წარმატებული აღმოჩნდი.
– ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, რომ სულ ვცდილობ, ბევრი რამ გავაკეთო, მოვასწრო, საინტერესო რაღაცეებით დავკავდე.
– ბარსელონაშიც ხომ არ აგრძელებ მოდელობას?
– ამჟამად ერთ-ერთ სააგენტოში ვმუშაობ. როდესაც ქასთინგები, ჩვენებებია, მირეკავენ და მონაწილეობას ვიღებ. მაგრამ, ძირითადად, უფრო მაქვს ფოტოგადაღებები, ჟურნალების, კატალოგების, ავტომობილების რეკლამებში ვარ დაკავებული, რადგან აქ ჩვენებები ხშირად არ იმართება.
– ბარსელონაში ცნობილ ადამიანებთან თუ მეგობრობ, თუ ხვდები მათ?
– ვიცნობ რამდენიმე ცნობილ მსახიობს – ისინი ჩემი ახლობლები არიან, ხშირად დავდივარ სხვადასხვა პრეზენტაციაზე, სადაც ცნობილი ადამიანებიც იმყოფებიან. ერთი-ორჯერ გადაცემაშიც მიმიწვიეს როგორც მოდელი და როგორც პიროვნება.
– ვიცი, რომ გათხოვდი. მომიყევი, როგორ გაიცანი შენი მომავალი მეუღლე.
– 22 ივლისს გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ესპანელია – ენრიკე ალკაინა მუნიოსი, მაგრამ კიკეს ეძახიან. ჩვენ ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით: მე და ჩემი დაქალი გასართობ ცენტრში წავედით, იქ დანარჩენ მეგობრებს ველოდებოდით, იმ დროს მოვიდა ისიც, თავის ძმაკაცთან ერთად. ბოლოს ყველანი ერთ ბარში შევედით. როდესაც იქიდან წასვლა დავაპირეთ, აღმოჩნდა, რომ გასასვლელი კარი დაკეტილი იყო და უკანა კარიდან უნდა გავსულიყავით. იატაკი სველი იყო, ფეხი ამიცურდა და მისმა მეგობარმა ხელი მომკიდა, რომ არ წავქცეულიყავი. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, მაგრამ ისე დავემშვიდობეთ ნომრები არ გაგვიცვლია. გასართობ ცენტრში ძალიან ბევრი გასასვლელია და გამოსვლისას კიდევ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ უკვე გავცვალეთ ნომრები. მერე რამდენჯერმე შევხვდით და ასე ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. აქ ახლობლების წრეში აღვნიშნეთ ჩვენი დაქორწინება, ჯვარს კი თბილისში დავიწერთ.
– ანუ, შენი მეუღლე მართლმადიდებლად მონათვლას აპირებს?
– რატომაც არა!
– მამაშენი ინტერვიუში წერდა, რომ შენი მეუღლე ხასიათით ქართველს ჰგავს.
– მთლად ქართველს არ ჰგავს, მაგრამ, ბევრი ესპანელისგან განსხვავდება. აქ ესპანელებს აქვთ ისეთი ჟესტიკულაცია, ქცევა, რასაც ქართველი არასდროს გააკეთებს და ჩემი მეუღლეც არასდროს აკეთებს.
– ანუ, გაუმჯობესებული ქართველია?
– კი, ნამდვილად.
– რას საქმიანობს?
– რალისტია, ხშირად იღებს რალიში მონაწილეობას. კატალონიაში რამდენჯერმე აქვს თასი აღებული და, ვნახოთ, რა იქნება მომავალში. უყვარს ექსტრემი, ადრენალინი, მოტოთი სიარული და ეს ყველაფერი მეც ძალიან მომწონს.
– მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები ხართ, ალბათ მაინც ახერხებთ გასართობად წასვლას, დასვენებას.
– კვირის განმავლობაში, როდესაც საღამოს სამსახურის შემდეგ დრო გვაქვს, ჩვენს საყვარელ ადგილებში გავდივართ. ძალიან გვიყვარს იტალიური რესტორანი, სადაც ვვახშმობთ ხოლმე – ბარსელონას გარეუბანში, მონსერატის მთასთან არის ერთი რესტორანი, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და იქ დავდივართ ხშირად. შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მივდივართ, საფრანგეთში გადავდივართ, ვალენსიაში, პოტრუგალიაში, ზაფხულში კი ზღვაზე დავდივართ, ანუ, ვცდილობთ, თავისუფალი დრო მრავალფეროვნად გავატაროთ. კიდევ დისკოთეკებზე, კლუბებში დავდივართ მეგობრებთან ერთად.
– ახლახან დაბადების დღე გქონდა. მეუღლემ სიურპრიზი ხომ არ მოგიწყო?
– ჩემს დაბადების დღეზე მუშაობა მომიწია და სახლში ისეთი დაღლილი მივედი, არაფრის თავი არ მქონდა. მეუღლემ მითხრა, წამოდი, სადმე წავიდეთ, საჭმელი ვჭამოთო. იტალიურ რესტორანში წავედით. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ იქ მთელი მეგობრები შეუკრებია და ყველანი მე მელოდებოდნენ, ძალიან გამიხარდა, კარგი სიურპრიზი გამოუვიდა.
– შენც გიყვარს სიურპრიზების გაკეთება?
– დიახ, ძალიან მიყვარს სიურპრიზების მოწყობა, საჩუქრების გაკეთება, მიხარია, როდესაც ადამიანს სიხარულს ვანიჭებ.
– თქვენს ოჯახში ყველა მღერის, შემთხვევით სიძესაც ხომ არ აღმოაჩნდა სიმღერის ნიჭი?
– არა, ჩემი ქმარი არ მღერის. არც მე ვმღერი. ჩემთვის კი ვმღერი, მაგრამ, ადრე სიმღერისთვის არასდროს მიმიქცევია ყურადღება. ახლა კი, ვფიქრობ, რომ შემეძლოს სიმღერა, რატომაც არა, დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ, ნიჭი უნდა გქონდეს.