ვინ აიძულებდა „ელესდეს“ აბების მიღებას ჯეისონ მრაზს და როგორ აპირებს იგი ჰომოსექსუალებისა და ჰეტეროსექსუალების უფლებების გათანაბრებას
2010 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების პრიზიორი, საუკეთესო მამაკაცი პოპ-შემსრულებლის ნომინაციაში, ჯეისონ მრაზი, თანამედროვე მსოფლიო ესტრადის ყველაზე მოხერხებული „პოპმზარეულია“. თავის სიმღერებში იგი გემოვნებით ურევს ერთმანეთში პოპს, როკს, ჰიპ-ჰოპს, ფოლკს ჯაზსა და ქანთრის და, მსმენელს საკუთარი ვოკალით შეზავებულ მზა პროდუქტს სთავაზობს. მრაზის სიმღერები მსოფლიო ჩარტებში მოწინავე პოზიციებზეა, ხოლო მისი თაყვანისმცემლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ჯეისონ მრაზი 1977 წელს ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში დაიბადა. მისი დიდი ბაბუა 1915 წელს ჩეხეთის რესპუბლიკიდან იყო გადმოსახლებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვარი „მრაზ“ ჩეხურ ენაზე „ყინვას“ ნიშნავს. გიტარაზე დაკვრა ჯეისონმა 18 წლის ასაკში ისწავლა და ამ მუსიკალური ინსტრუმენტით მოხიბლულმა მომავალმა ვარსკვლავმა, რომელიც სწავლის პერიოდში აქტიურობით გამოირჩეოდა სკოლის ბეისბოლის გუნდის ქომაგობის დროს, თავისი მომავალი მუსიკას დაუკავშირა. სკოლის დასრულების შემდეგ მუსიკალური თეატრის ხელოვნების შესწავლა დაიწყო ნიუ-იორკის მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში, რომლის დამთავრებისთანავე სან-დიეგოში გადაბარგდა. კალიფორნიის ზღვისპირა ქალაქში ჯეისონმა სხვადასხვა კლუბში დაიწყო გამოსვლა და მალე იქაური მსმენელის ყურადღება მიიქცია. მუსიკალური ნიჭი, აუდიტორიის „დაქოქვა“, სცენაზე დგომის ტალანტი, ძლიერი ხმა და პოზიტიური რომანტიკული სიმღერები იყო ის, რითაც ჯეისონ მრაზმა მოხიბლა სანდიეგოელი მაყურებელი. სხვათა შორის, სანდიეგოში ცხოვრების პერიოდში ჯეისონი დაქორწინდა გოგონაზე, სახელად შერიდანზე, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის გაცნობილი ჰყავდა. მართალია, ისინი მალევე დაშორდნენ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა მათ დღემდე აკავშირებთ.
2002 წელს ჯეისონმა კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდია „ელექტრო რეკორდსთან“ და პროდიუსერ ჯონ ალაგიასთან ერთად პირველ სტუდიურ ალბომზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც „უეითინგ ფორ მაი როქეთ თუ ქამ“ ერქვა. ალბომი 2003 წელს გამოვიდა, მანამდე კი იყო მისი პირველი ჰიტური სინგლის რელიზი. სიმღერა „აი დონთ უორი“ კალიფორნიის რადიოების ეთერში ტრიალებდა, ხოლო ვიდეოკლიპი ამერიკულ მუსიკალურ ტელევიზიებზე – „ემტივისა“ და „ვიეიჩუანზე“ თითქმის ყოველდღიურად გადიოდა. პირველი ალბომის გამოსვლის შემდეგ მრაზმა რამდენიმე კონცერტი გამართა. ძირითადად, ის ცნობილი შემსრულებლების, ალანის მორისეტის ან როლინგ სთოუნზის სცენაზე გამოსვლამდე მაყურებლის გახურებაზე ზრუნავდა.
2005 წელს ჯეისონ მრაზის რიგით მეორე სტუდიური ალბომი „მისტერ ა-ზ“ გამოვიდა. გასაყიდად გამოტანიდან პირველი კვირის თავზე ალბომის 90 ათასი ასლი იყო გაყიდული, რამაც ეს ფირფიტა „ბილბორდის“ 200 საუკეთესო ალბომს შორის მე-5 პოზიციაზე მოახვედრა. ამ ალბომის პროდიუსერი სტივ ლალიუაიტი იყო და იგი 2006 წლის „გრემიზე“ იყო ნომინირებული ამ ალბომზე მუშაობისთვის. სწორედ ლალიუაიტის სახელს უკავშირდება ერთი საინტერესო ფაქტი: 2005 წლის ოქტომბერში ჟურნალ „ჰაი თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მრაზმა აღიარა, რომ ალბომზე მუშაობის დროს, პროდიუსერი აიძულებდა მას და სხვა მუსიკოსებს „ელესდეს“ აბების მიღებას, რათა მუშაობის პროცესში ისინი უფრო პროდუქტიულები ყოფილიყვნენ. იმავე წლის შემოდგომაზე ჯეისონი ალბომის მხარდასაჭერ საკონცერტო ტურში იმყოფებოდა, როდესაც იგი კომპანია „გეპმა“ თავის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
2006 წელი მუსიკოსმა მსოფლიო ტურნეთი გახსნა. მისი კონცერტები პლანეტის თითქმის ყველა კონტინენტზე სრული ანშლაგით ჩატარდა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ფილიპინებზე და სინგაპურში გამართული შოუები. 2007 წელს მრაზმა კონცერტები ჩაატარა ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე ქალაქსა და დიდ ბრიტანეთში. შემდეგ სტუდიაში ჩაიკეტა, სადაც მუშაობა დაიწყო ახალ ალბომზე. შემოდგომაზე გამოვიდა პირველი სინგლი ახალი ალბომიდან „ზი ბიუთი ინ უგლი“, რომელიც პოპულარული ამერიკული სერიალის – „უშნო ბეტის“ საუნდთრეკად იქცა. მესამე ალბომი, სახელად „უი სინგ“, 2008 წლის მაისში გამოვიდა და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სინგლმა „აი ემ იორსმა“, რომელიც 2009 წლის „გრემის“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში. მაგალითად, ვიდეოპორტალ „იუთუბიზე“ განთავსებულია ვიდეო, რომელშიც 4 წლის ბავშვი ამ სიმღერის აკომპანირებას აკეთებს უკულელეზე (ოთხსიმიან ჰავაიურ გიტარაზე). ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჰიტაღლუმების მაღალი პოზიციები მიისაკუთრა ჯეისონ მრაზისა და ქოლბი ქაილეთის დუეტმა სიმღერაზე „ლაქი“. 2009 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ ჯეისონი ახალი ალბომის ჩასაწერად კვლავ სტუდიაში ჩაიკეტა და, მუსიკოსთან დაახლოებული პირების თქმით, ახალი ალბომი მზად 2010 წლის ივნისის დასაწყისისთვის იქნება.
ჯეისონ მრაზი ცნობილია იმით, რომ იგი ჰეტეროსექსუალებისა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების თანასწორი უფლებებისთვის იბრძვის. მისი თქმით, ჰომოსექსუალები და ლესბოსელები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ის და მათაც ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალებს, ანუ, მათ უნდა მიეცეთ კანონიერი ქორწინების, ბავშვების აყვანისა და სხვა უფლებები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე, რომელიც ელტონ ჯონისა და მისი ბოიფრენდის, დევიდ ფერნიშის ორგანიზებული იყო და რომელიც „შიდსით“ დაავადებული ადამიანების დასახმარებლად იმართებოდა, ჯეისონმა წინადადებით მიმართა ელტონს, რომ მათ ერთობლივი დუეტი ჩაეწერათ და ამით მხარდაჭერა გამოეცხადებინათ ჰომოსექსუალებისთვის და ლესბოსელებისთვის. ჯეისონმა სიმღერაც კი შესთავაზა ელტონს, რომლის შესრულებაც უნდა დუეტში – ეს არის სტივ უანდერისა და პოლ მაკარტნის 1982 წელს ჩაწერილი ჰიტი – „ებონი ენდ აივორი“. მრაზი დარწმუნებულია, რომ ამ სიმღერით ის შეარიგებს ჰომოსექსუალებსა და მათთან დაპირისპირებულ ჰეტეროსექსუალებს. სხვათა შორის დიდი ხანია, ჯეისონ მრაზი „ბლექ აიდ ფისის“ სოლისტზე, სექსუალურ ფერჯიზეა შეყვარებული. მას არაერთხელ აქვს აღიარებული, რომ გიჟდება მასზე, მაგრამ, მისთვის სამწუხაროდ, ფერჯი გათხოვილია და მრაზს მისი გულის დაპყრობის არანაირი შანსი არ აქვს. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს, ვნახოთ, რით დასრულდება მრაზის სიყვარულის ისტორია და შეძლებს თუ არა ის ჰომოსექსუალებისა და ჰეტეროსექსუალების უფლებების გათანაბრებას.