კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით გააკვირვა ქართულმა პუბლიკამ მოდის კვირეულის უცხოელი სტუმრები



„ქართული მოდა ახლა ზრდის პროცესშია და ამ ყველაფრის თვალყურის დევნება ძალიან საინტერესოა,“ – ეს სიტყვები ქართული მოდის კვირეულის ფარგლებში ჩამოსულ სტუმარს, „ოფისიელის“ ჟურნალისტს ეკუთვნის. ქართულმა მედიასაშუალებებმა ფართოდ და დეტალურად გააშუქეს კვირეულზე მიმდინარე ჩვენებები, ის წარმატებები, რომლებიც ამა თუ იმ დიზაინერს ხვდა წილად. ჩვენ კი გიამბობთ იმის შესახებ, რაც კულისებს მიღმა ხდებოდა.

მოდის კვირეული „ფეშენ გრუპის“ ხელმძღვანელობით ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ამას განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი, რადგან მოუთვინიერებელი ქართული პუბლიკის დამორჩილება არცთუ ისე მარტივი საქმეა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ყველა ყველას მეგობარია, ყველა მაღალი წრის საზოგადოებიდანაა და ყველას აქვს პრეტენზია, ჩვენებას მაინცდამაინც პირველი რიგებიდან ადევნოს თვალყური. გარწმუნებთ, ორგანიზატორები არანაირი გავლენის ქვეშ არ მოექცნენ, შეძლეს ძალიან ცნობილი ქართველი სახეების ამბიციების დაშოშმინება და მათი მეორე რიგში დასმა. ეს მომენტი განსაკუთრებით მძაფრად გახსნის პირველ დღეს იგრძნობოდა, როდესაც მსგავს „დამცირებას“ ჯერ კიდევ არ ელოდნენ ჩვენი მეგავარსკვლავები. მათი ასეთი ქცევა ორგანიზატორებისთვისაც მოსალოდნელი იყო. ფრანგმა სტუმრებმა, კრიტიკოსებმა და „ბაერებმა“ დაიგვიანეს და, აღმოჩნდა, რომ მათთვის ადგილები აღარ დარჩა. ნინო დარასელისა და ირმა ცქიტიშვილის გადაწყვეტილებას – ამდგარიყვნენ და ადგილი დაეთმოთ სტუმრებისთვის, უკანა რიგებში მსხდომი სტუმრებისგან ტაში მოჰყვა. ძალიან ბევრს კი ადგილიდან დაძვრა არც უფიქრია. ის კი არა, მომდევნო დღეებში ერთ სკამზე სამი ადამიანი იჯდა. ვინაიდან უცხოელი სტუმრების დიდი უმრავლესობა ბეჭდური მედიის წარმომადგენლები იყვნენ – ქართველი ჟურნალისტებიც დაფასებულ იქნენ – ჩვენებაზე უცხოელების შემდეგ სწორედ ჟურნალისტები შედიოდნენ და ისეთ ადგილებს იკავებდნენ, საიდანაც კოლექციის დანახვა და შეფასება მაქსიმალურად ადვილი იქნებოდა. გახსნის დღეს აუცილებელი მოთხოვნა იყო „დრეს კოდი“, გრძელი კაბები, რაც სტუმართა ძალიან დიდმა ნაწილმა გაითვალისწინა და საღამოზე შეკრებილი ქალბატონების უმრავლესობას „ავთანდილის“ ჰაეროვანი, აბრეშუმის კაბები ემოსა. მართალია, კაბები ულამაზესი იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა დიზაინერის ხელწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ქალბატონებს აკლდათ ინდივიდუალიზმი. „ავთანდილის“ კაბა ეცვათ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლესა და მის ქალიშვილებსაც. მარგალიტები და ძვირფასი თვლები ქსოვილის ქვეშ იყო განთავსებული. ამ სტილის შესრულება იყო კვირეულის ბოლო დღეს ავთანდილის კოლექციაშიც. თუმცა, მომდევნო დღეებში, როდესაც უკვე ყველა სამუშაო ფორმაში იყო, ქართული პუბლიკის განსაკუთრებული გადაპრანჭულობა ღიმილსაც კი იწვევდა. რაც შეეხება „ავთანდილის“ მამაკაცების კოლექციას, კრიტიკოსებს ის განსაკუთრებით მოეწონათ და აღნიშნეს, რომ კომერციული და საინტერესო ხაზი იყო შექმნილი, რომელიც ზუსტად პასუხობდა პრეტ-ა-პორტეს სტანდარტებს. სხვათა შორის, „ფეშენ ინსაიდერის“ მთავარმა რედაქტორმა, რომელსაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს კარლ ლაგერფელდმა უთხრა, ყველაზე კარგად ჩაცმული ჟურნალისტი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავსო, „ავთანდილის“ კოლექციიდან ძალიან ბევრი სამოსი შეიძინა და ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ სიამოვნებით ჩაიცმევდა ამ კოლექციიდან ყველაფერს. თუმცა, რადგან „ავთანდილს“ შევეხეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დიზაინერ თეონა ელიზბარაშვილის კოლექციას, რომლის ჩვენებაც „ავთანდილის“ ქალების კოლექციის ჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა, ძალიან ეტყობოდა ავთო ცქვიტინიძის გავლენა. თეონა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ავთოს სახელოსნოში და გავლენა ისედაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს ძალიან ზედმეტი იყო. ქსოვილების ხარისხი, ჰაეროვნება, რომანტიზმი – ავთოს კოლექციებიდან იყო აღებული, რაც კრიტიკოსებმაც აღნიშნეს.

გახსნაზე წარმოდგენილი იყო ირაკლი ნასიძის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელსაც უფრო მეტი მოწონება ჰქონდა უცხოელ სტუმრებს შორის, რადგან ისინი განსაკუთრებით აფასებენ ირაკლის ქარგვის უნიკალურ ნიჭს, კოსტიუმის შექმნის საოცარ ტექნიკასა და არაორდინარულობას. ბევრ სტუმარს კი კოლექცია საერთოდ არ მოეწონა. მეორე დღეს დაიწყო აქტიური სამუშაო პროცესი. დღის 2 საათიდან საღამოს 8 საათის ჩათვლით, საათში ერთხელ, გვიჩვენებდნენ ახალ კოლექციებს. განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურეს ახალგაზრდა, დამწყებმა, ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობმა დიზაინერებმა.

აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსებისა და „ბაერების“ ძალიან დიდი ჯგუფიდან თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნება ჰქონდა და არჩევანი სხვადასხვა დიზაინერზე შეაჩერეს. თუ, მაგალითად, ონლაინ-ჟურნალის – „ფეშენ ინსაიდერის“ მთავარ რედაქტორს, რომელსაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სატელევიზიო შოუებიც აქვს მოდის შესახებ, ძალიან მოეწონა ულამაზესი ფერებითა და აბსოლუტურად განსხვავებული სილუეტის მქონე „ატელიე ინფორმალი“; „ოფისიელის“ ჟურნალისტმა მოდის სახლი „დალოოდი“ სიმონიკო მაჩაბელთან ერთად, და ქეთი ჩხიკვაძის შავი, თეთრკოპლებიანი კოლექცია გამოყო; „ატელიე ინფორმალმა“ – ლელა ელოშვილმა და თეო გარდაფხაძემ ბევრ სტუმარზე მოახდინეს დადებითი შთაბეჭდილება. ბაერები დაინტერესდნენ ანუკა ქებურიას ფეხსაცმელებისა და ჩანთების კოლექციებით, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ასეთი საქართველოში კი არა, ჯერ მსოფლიო მოდაშიც არ უნახავთ. ალბათ, იცით, რომ 17 წლის უნიჭიერესი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის კოლექცია ერთ-ერთმა ფრანგმა „ბაერმა“ შეიძინა. როდესაც მასთან ბაერი მივიდა და ჰკითხა გინდა თუ არა, რომ შენი სამოსი ფრანგულ ბუტიკში იყიდებოდესო, ირაკლი ძალიან დაიბნა. „ბაერმა“ უთხრა, თუ რამდენიმე რჩევასა და შენიშვნას გაითვალისწინებდა, შესაძლებელი იქნებოდა, რომ მათი თანამშრომლობა გაგრძელებულიყო. აღსანიშნავია, რომ „ბაერმა“, ირაკლი რუსაძის კოლექციასთან ერთად, ამ ჩვენებისთვის სპეციალურად შექმნილი ეკა ჩანჩიბაძის, იგივე „ჩანჩიკას“ აქსესუარებიც იყიდა. დიდი მოწონება დაიმსახურა ბათუმელმა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ – მის მიმართ სიმპათიები თითქმის ყველა სტუმარმა გამოთქვა. რამდენიმე მათგანმა გოგას სავიზიტო ბარათიც დაუტოვა მომავალი თანამშრომლობისთვის. ქართველი ჟურნალისტები ველოდებოდით, რომ ყველა დიზაინერს, ვინც კი მოეწონებოდათ, უცხოელები სამუშაოდ საფრანგეთში წაიყვანდნენ ან კოლექციებს დაუკვეთდნენ, მაგრამ, აქაც ქართულმა სულსწრაფობამ გვძლია, რეალურად კი ასე არ ხდება. როგორც „ბაერებმა“ აგვიხსნეს, მათი მხრიდან სისულელე იქნებოდა ამა თუ იმ კოლექციის შესყიდვა და დიზაინერებთან სერიოზული ურთიერთობების დაწყება, რადგან ეს მათი პირველი შეხება იყო ქართულ მოდასთან. „ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ დიზაინერების განვითარებას. მონიშნული მყავს ყველა ის დიზაინერი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე: ირაკლი რუსაძე, თეონა და ნინო, „ატელიე ინფორმალი“, გოგა ნიქაბაძე და სხვები, რომელთა მომავალ კოლექციებს აუცილებლად ვნახავ. არ მინდა, რაღაცეები ერთი შთაბეჭდილებით გადაწყდეს. მათ დონე უნდა შეინარჩუნონ“, – თქვა ერთ-ერთმა „ბაერმა“, რომლისგანაც კომენტარი ავიღეთ. ხოლო, როგორი შეფასებები აქვთ კრიტიკოსებს, ამას ნელ-ნელა გავიგებთ. ჩემგან განსხვავებით, რომელმაც კვირეულის შეფასება ორ დღეში უნდა მოვახერხო, „ოფისიელის“ ჟურნალისტი ამ ყველაფერზე რამდენიმე თვე იფიქრებს და შემდეგ დაწერს. არ ვწუწუნებ, ჩვენს და „ოფისიელს“ შორის განსხვავებას აბსოლუტურად ობიექტურად აღვიქვამ.

კვირეული ყველა დღის შემდეგ, „ავთერ ფართი“ კლუბ „ბამბა რუმსში“ ინაცვლებდა, სადაც სტუმრები, კრიტიკოსები, ორგანიზატორები, დიზაინერები და ვიპ-სტუმრები არაჩვეულებრივად ერთობოდნენ ერთად. ფაქტი ისაა, რომ „ფეშენ გრუპი“ მომავალ მოდის კვირეულს შემოდგომაზე ჩაატარებს, რომელზეც დიზაინერები მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს აჩვენებენ.


скачать dle 11.3